თარიღი: 27 დეკემბერი, 2020
პირის ღრუს ჰიგიენა ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, ორსულობისას აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა ამ კუთხით, რათა თავიდან ავიცილოთ კბილებისა და ღრძილების მოსალოდნელი პრობლემები.
ორსულობის დროზე პირის ღრუს ჰიგიენისა და ჯანსაღი კბილების შენარჩუნების შესახებ „ავერსის კლინიკის“ სტომატოლოგი ქეთევან დავლაძე გვიამბობს.
ადამიანის ნერწყვი შედგება 99,0–99,4% წყლისაგან და 1,0–0,6% ორგანული და მინერალური ნივთიერებებისაგან. მინერალური ელემენტებიდან მნიშვნელოვანია: კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, ქლორიდები, ფოსფატები, ჰიდროკარბონატები, ფტორი, რომლებიც მონაწილეობენ მინანქრის გამაგრებაში და ხელს უშლიან კარიესის განვითარებას.
ორსულობის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კვების რაციონს. ცილოვანი დეფიციტი, ასევე ვიტამინების ნაკლებობა მოქმედებს ნერწყვის გამოყოფაზე და ამცირებს მას. შესაბამისად მცირდება პირის ღრუში მიკროელემენტების რაოდენობა და ირღვევა მიკროფლორა, რაც ზრდის კარიესის განვითარების რისკს. ორსულობისას ბალანსირებული, ვიტამინებით გაჯერებული საკვები რაციონი დიდ როლს ასრულებს როგორც დედის, ასევე მისი შვილის ჯანმრთელობაზე.
რეკომენდაციები კვების რაციონთან დაკავშირებით.
- იკვებეთ კალციუმით მდიდარი პროდუქტებით-რძის ნაწარმით
- მიიღეთ ვიტამინებით მდიდარი საკვები
- მიიღეთ ცილოვანი საკვები
ორსულებს ასევე ხშირად აწუხებთ ღრძილის მომატებული მგრძნობელობა და ანთებითი პროცესი - გინგივიტი, რომელსაც ჰორმონალური ცვლილებები იწვევს. აღნიშნული პრობლემა თითქმის ყველა ორსულს აწუხებს.
როდის მივიტანოთ ეჭვი გინგივიტზე
გინგივიტის განვითარების ერთ–ერთი ადრეული სადიაგნოსტიკო ნიშანია სისხლდენა ღრძილებიდან. გინგივიტის დროს სისხლდენა შეიძლება იყოს მექანიკურ გამღიზიანებლებზე (მაგარი საკვები, კბილების გამოხეხვა), ან უმიზეზო – სპონტანური სისხლდენა. გინგივიტის კიდევ ერთი ნიშანია ღრძილის ფერის შეცვლა. თუ ვასკულარიზაცია შემცირებულია ან ეპითელიუმი გარქოვანებულია – ის გაფერმკთალებულია, ხოლო სისხლის მკვეთრი მოდინების დროს ღრძილი წითელი შეფერილობისაა.
ორსულობის დროს კბილის ან ღრძილის ტკივილის არსებობისას აუცილებლად ეწვიეთ სტომატოლოგის კაბინეტს. მკურნალობის დაწყებამდე კი გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ გინეკოლოგთან ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად.
ორსულობის დროს პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ და გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
- გაიხეხეთ კბილები ხარისხიანად
- გამოიყენეთ პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლები
- გამოიყენეთ საწმენდი ძაფი ე. წ. ფლოსი
- დაშვებული ორსულობის ნებისმიერ ფაზაში კბილების პროფესიული წმენდა
სარძევე კბილების ჩასახვა და განვითარება იწყება ემბრიონული ცხოვრების მე–6–8 კვირიდან. კბილის ჩანასახების დიფერენციაცია იწყება ემბრიონული განვითარების მე–12–14 კვირიდან. კბილის მაგარი ქსოვილების ჰისტოგენეზი იწყება ემბრიონული ცხოვრების მე– 4 თვის ბოლოს. ამ დროს წარმოიქმნება ჯერ დენტინი და შემდეგ მინანქარი. შესაბამისად დედამ ორსულობის პერიოდშივე უნდა დაიწყოს ზრუნვა შვილის პირის ღრუზე.