ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში ოპერაცია ჩაატარა
თარიღი: 28 მაისი, 2026
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა — ისტორია დაწერილია
ქირურგი ემზარ ნადირაძე ჩინეთიდან, ქართველი პაციენტი თბილისში — ოპერაცია, რომელიც ორ კონტინენტზე ერთდროულად ჩატარდა.
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში განხორციელდა კავკასიის რეგიონში პირველი და მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი სირთულის ტრანსკონტინენტური ტელერობოტული ოპერაცია. ქირურგმა ემზარ ნადირაძემ, რომელიც იმყოფებოდა ჩინეთის ქალაქ უხანში, 6 000 კილომეტრის დაშორებით საქართველოდან, თბილისში მყოფ პაციენტს, დისტანციურად მართული ქირურგიული რობოტის მეშვეობით ოპერაცია ჩაუტარა.
საოპერაციო დრო:
ოპერაცია 8 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა.
კლინიკური უნიკალურობა და სირთულე
ტელერობოტული ოპერაციები — სადაც ექიმი და პაციენტი სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან — საერთაშორისო პრაქტიკაშიც კი იშვიათია და როგორც წესი, კლინიკური სირთულით არ გამოირჩევა.ქართველი პაციენტის დიაგნოზი იყო სწორი ნაწლავის სიმსივნე. ჩატარებული ოპერაცია, — ულტრა დაბალი წინა რეზექცია — კოლორექტალური ქირურგიის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკურად კომპლექსურ შემთხვევად ითვლება.
ანატომიური გამოწვევა:
ოპერაცია მიმდინარეობს მენჯის ღრმა ანატომიურ სივრცეში, სადაც ნერვული სტრუქტურები მილიმეტრებით ეხება ერთმანეთს.
ხანგრძლივობა:
ოპერაციის ხანგრძლივობა განაპირობა მისმა კომპლექსურობამ და პაციენტის ანატომიურმა აგებულებამ და არა ოპერატორის პაციენტისგან ათასობით კილომეტრით დაშორებამ.
ასეთი ხანგრძლივობისა და კლინიკური სირთულის ოპერაცია დისტანციურ ფორმატში მსოფლიო მედიცინის ისტორიაშიც კი გამონაკლისია.
ემზარ ნადირაძის საერთაშორისო გამოცდილება
ქირურგის მრავალწლიანი და შთამბეჭდავი გამოცდილება რამდენიმე ქვეყანას მოიცავს:
გერმანია: სტაჟირება მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში.
სამხრეთ კორეა: სპეციალიზებული გადამზადება რობოტულ ქირურგიაში წმინდა ვინცენტის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი ამ სფეროში).
ჩინეთი: მიმდინარე მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში.
ის ფაქტი, რომ ჩინელმა მხარემ ქართველ ქირურგს მიანდო ოპერაცია საკუთარ ტექნოლოგიურ ბაზაზე, კვალიფიკაციის ყველაზე ლაკონური მტკიცებულებაა. რაც ყველაზე მთავარია — პაციენტი, რომლის ირგვლივაც გაერთიანდა საუკეთესო ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსი, თავს ძალიან კარგად გრძნობს და უახლოეს დღეებში გაეწერება კლინიკიდან.
სამთვიანი მზადება და უსაფრთხოების გარანტიები
სანამ უშუალოდ ოპერაცია დაიწყებოდა, მოსამზადებელი პერიოდი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სიგნალის გადაცემის დრო ქირურგის ხელსაწყოსა და რობოტის მოძრაობას შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია.
მოდელირებული ჩარევები:
რეალური პაციენტის ოპერაციამდე, თბილისსა და უხანს შორის ჩატარდა რამდენიმე სიმულაცია კავშირის სტაბილურობის, სიგნალის პარამეტრებისა და გუნდური კოორდინაციის შესამოწმებლად.
სარეზერვო გეგმა:
ნებისმიერი ტექნიკური შეფერხების შემთხვევისთვის, პაციენტის უსაფრთხოების დამატებითი გარანტად, თბილისის საოპერაციო დარბაზში მობილიზებული იყო სარეზერვო ქირურგიული გუნდი.
პაციენტი რჩება სამშობლოში
ონკოლოგიურ-ქირურგიული პაციენტებისთვის საუკეთესო სამედიცინო სერვისის მიღება აქამდე ხშირად ერთადერთ ვარიანტს — უცხოეთში (გერმანია, ისრაელი, თურქეთი) გამგზავრებას ნიშნავდა. ამ პროცესს თან სდევდა ფინანსური ტვირთი, ოჯახისგან მოწყვეტა, ენობრივი ბარიერი და ფსიქოლოგიური სტრესი.
"ჩვენ ვცდილობთ შევცვალოთ მოსაზრება, რომ საუკეთესო სამედიცინო სერვისისთვის პაციენტი უნდა გაემგზავროს უცხოეთში. ჩვენ პაციენტი დავტოვეთ საკუთარ ქვეყანაში, მშვიდ გარემოში, ხოლო ექიმი გავგზავნეთ საუკეთესო ტექნოლოგიურ ბაზაზე. ეს არის პაციენტზე ორიენტირებული მედიცინის ახალი სიტყვა."
ნდობის დაბრუნება ქართულ ქირურგიაში
ქართველი პაციენტების გადინება საზღვარგარეთ ხშირად ემოციური გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით ონკოლოგიური დიაგნოზის დროს. ადამიანი ეძებს სანდო სახელს და გარანტიებს. ქართული სამედიცინო სისტემა ამ "ნდობის ომში" ხშირად მარცხდებოდა, ეს ოპერაცია კი ამ გამოწვევის კონკრეტული პასუხია.
"პაციენტების გადინება საზღვარგარეთ ხშირად ნდობის დეფიციტით არის განპირობებული. ჩვენ ვამბობთ: ენდეთ ქართულ მედიცინას, რადგან ჩვენ გვაქვს მაღალი კვალიფიკაცია და წვდომა ყველაფერზე, რაც საუკეთესოა მსოფლიოში. ჩვენთან პაციენტი იღებს არა ლოკალურ სერვისს, არამედ მსოფლიო მეცნიერების უახლეს მიღწევებს საკუთარ ქვეყანაში, ოჯახის სიახლოვეს."
დღეს ჩინეთიდან — ხვალ თბილისიდან რეგიონებში
კლინიკის სამომავლო ხედვით, ეს ოპერაცია საბოლოო მიზანი კი არა, მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ჩინეთი იყო ტექნოლოგიის ტესტი, ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი საქართველოს რეგიონებია.
"ჩვენი განვითარების სურვილი იმითაა ნაკარნახევი, რომ ხვალ საქართველო გახდეს ქვეყანა, სადაც ნებისმიერ წერტილში მყოფ მოქალაქეს შეეძლება მიიღოს საუკეთესო ქირურგის დახმარება. დღეს ჩვენ ეს გავაკეთეთ ჩინეთიდან — რათა ხვალ ეს რეალობა იყოს თბილისიდან რეგიონებში."
სიახლე, როგორც ეთიკური ვალდებულება
ნებისმიერ ახალ სამედიცინო ტექნოლოგიასთან დაკავშირებული შიში და კამათი ბუნებრივია. თუმცა, კლინიკა ამ გამოწვევას პირდაპირ ხვდება:
"ისტორიულად, მედიცინის ყოველი დიდი წინსვლა — იქნება ეს პირველი ნარკოზი თუ პირველი ექოსკოპია — დაკავშირებული იყო სიახლის შიშთან. თუმცა ეთიკური მედიცინა ნიშნავს პაციენტისთვის უახლესი და ყველაზე ეფექტური მეთოდების შეთავაზებას. ჩვენთვის განვითარება არ არის თვითმიზანი — ეს არის პასუხისმგებლობა, არ ჩამოვრჩეთ დროს, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება."
სამედიცინო ისტორიაში ახალი თავი ყოველთვის კონკრეტული ადამიანით იწყება, კონკრეტულ სივრცეში, კონკრეტულ დღეს. ეს, ალბათ, სწორედ ის დღე იყო.