Plasmon
ცნობილი პედიატრის, ქეთი ნემსაძის რჩევები მშობლებს

თარიღი: 30 ოქტომბერი, 2016

ცნობილი პედიატრი ქეთი ნემსაძე იმ რეკომენდაციებს გვაძლევს, რომლებიც ყველა მოზარდის მშობელმა უნდა გაითვალისწინოს. მათ შორისაა მისი მოსაზრებები ისეთ თემებზე, როგორიც ანტიბიოტიკების გამოყენება და სეზონური გრიპის ვაქცინაციაა.

მშობლები ხშირად იწყებენ შვილების მკურნალობას თავად და დროულად არ მიმარტავენ ექიმს. რა არის ის სიმპტომები, რომელთა გაჩენისას აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი…

ქეთი ნემსაძე:
პირველ რიგში, მშობელი უნდა დააკვირდეს, ერთი წუთის განმავლობაში რა სიხშირით სუნთქვავს მისი პატარა. საგანგაშოა, როცა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი წუთში 50-ჯერ ან მეტჯერ სუნთქავს, ერთიდან ხუთ წლამდე კი – 40-ჯერ ან მეტჯერ. სუნთქვა ითვლება თვალით, ბავშვი უნდა იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში,  მშობელმა უნდა შეხედოს მუცლისა და მკერდის მდგომარეობას და დაითვალოს. მეორე სიმპტომი – ტემპერატურა 38,5 და ზევით, რაც სიცხის დამწევს არ ექვემდებარება. მესამე – როცა ბავშვი აღებინებს ან კუჭი აქვს აშლილი და სითხეს ვერ იღებს. გამოშრობა ძალიან საშიშია და შესაძლოა, გარდაცვალება გამოიწვიოს. ეს არის ოქროს სტანდარტი საშიშროების ნიშნებისა, რაც ყველა დედამ აუცილებლად უნდა იცოდეს.

თქვენ ანტიბიოტიკების მოწინააღმდეგე ხართ თუ მომხრე? ამ ბოლო დროს ანტიბიოტიკების საწინააღმდეგო კამპანია მიმდინარეობს…
საბედნიეროდ, ახლა ექიმის დანიშნულების გარეშე მშობელი ანტიბიოტიკს ვეღარ მისცემს, რადგან რეცეპტით გაიცემა. თუკი სადმე ვინმე უსინდისო ურეცეპტოდ ყიდის, ეს ძალიან ცუდია. დაავადების გამომწვევი ხშირად არის ვირუსი, იშვიათად – მიკრობი და ბაქტერია, თუ ვირუსული ინფექციის დროს დედა შვილს აძლევს ანტიბიოტიკს, ეს ნიშნავს იმას, რომ ვირუსი უფრო მეტად იმოგზაურებს ორგანიზმში, რადგან ანტიბიოტიკი იმუნიტეტს აქვეითებს. ექიმმა იცის ის დრო, როცა მკურნალობაში უნდა ჩაერთოს ანტიბიოტიკი.

მე არ ვარ ანტიბიოტიკების მოწინააღმდეგეთა რიცხვში. ანტიბიოტიკების ერამ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ მისი უარყოფითია ის, რომ ბრმა ტყვიასავითაა, ყველა მიკრობს კლავს, რაც ჩვენ არ გვჭირდება. როცა ორგანიზმში კატასტროფული სიტუაციაა და გააქტიურებულია მიკრობი, რომელიც აუცილებლად უნდა დაითრგუნოს, ინიშნება ანტიბიოტიკი, თუმცა მის პარალელურად, შესაძლოა, დაინიშნოს დამხმარე „მეგობარი ბაქტერიების“ შესანარჩუნებლად.

შეიძლება ითქვას, რომ ზამთარი უკვე დადგა. ბავშვები როგორ მოვამზადოთ გრიპების სეზონისთვის?
 ძალიან მნიშვნელოვანია ადეკვატური კვება, რომელიც ასაკობრივ ასპექტში განიხილება – არსებობს პირამიდა, რომლის თავშიც ადრე იდგა პურ-ბურღულეული, ახლა კი დგას წყალი, რაც ყველაზე მეტი უნდა მიიღოს ორგანიზმმა. ბავშვის შემთხვევაში – ერთ კილოგრამზე დაახლოებით 30-40 მილილიტრი. ჩვენ ვსაუბრობთ სუფთა წყალზე, ყოველგვარი დანამატების გარეშე. მის თეფშზე ყველა დიდ ადგილს უნდა იკავებდეს პროტეინები – ქათამი, თევზი, პარკოსნები. შემდეგ ადგილი ეთმობა ბურღულეულს, ყავისფერი მაკარონი, ყავისფერი ბრინჯი, ყავისფერი პური… პროტეინებისა და მსხვილად დაფქვილი მარცვლეულის შემდეგ მოდის ხილი, რამდენიმე ფერის,  სეზონური უკეთესია, რა თქმა უნდა. რძის პროდუქტები რომ დიდ ადგილს იკავებდეს, ერთი წლის ზევით, არ არის საჭირო. ძროხის ხორცი და ძროხის რძე არცთუ ისე სასარგებლოა მოზარდი ორგანიზმისთვის და ამას მშობლებმა უნდა მიაქციონ დიდი ყურადღება.

ბავშვების კვების რაციონში აქტიურად შედის გაზიანი სასმელი, შოკოლადები და სწრაფი კვების ობიექტების მენიუ…
ყოველდღე გამორიცხულია გაზიანი სასმელის გამოყენება ბავშვების მენიუში. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ, მოუწყოთ ზეიმი. კარტოფილი და ჭარხალი არ არის ბოსტნეული, კარტოფილი არის კრახმალი, ჭარხალი – ძირითადად, შაქარი, ბოსტნეული არის მწვანე და ყვითელი ფერის. კარტოფილი არის სწრაფი კვების ობიექტების ძირითადი მენიუს შემადგენელი ნაწილი და ის არ არის სასარგებლო. არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოში უამრავი ფხალეულობაა, ლობიო, ისპანახი, არაჩვეულებრივი პროდუქტებია. ტკბილის ნაცვლად შეიძლება, ბავშვებს შევთავაზოთ სხვადასხვა ხილის ჩირი.

რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ბავშვის ორგანიზმს ზედმეტად ტკბილისა და გაზიანის სასმელის მიღებამ?
სწრაფი კვების ობიექტებში გამოიყენება ტრანსცხიმები – ეს არის ის, რასაც ორგანიზმი ვერ გრძნობს, მან იცის ცხოველური და მცენარეული ცხიმი. ტრანსცხიმები იწვევს ცელულიტს. გაზიანი სასმელების ადგილი კი ორგანიზმში საერთოდ არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბავშვს ხშირად შესთავაზეთ წყალი. რაც შეეხება ცხიმებს, ძალიან კარგია მცენარეული ცხიმები, მაგალითად, ავოკადო, ნუში, კონკურსი რომ გამართოთ, ეს ორი პროდუქტი გაიმარჯვებდა (იღიმის). სასურველია, რომ კვების რაციონში დავნერგოთ. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი კვების ტრადიცია, ქართული სამზარეულო ძირითადად, ეყრდნობოდა ქათამს, ლობიოს, ღომს, აღვადგინოთ და ახალი კომპონენტები დავამატოთ.

მინდა გკითხოთ გრიპის ვაქცინაციაზე, რასაც მშობლები ხშირად არიდებენ თავს.
ძალიან ცუდადაც იქცევიან. მე ერთ-ერთი პირველი გახლდით, ვინც საქართველოში გრიპის ვაქცინა შემოიტანა. არსებობს ბავშვების კატეგორია, რომლებიც არ უნდა გახდნენ გრიპით ავად, მაგალითად, ის, ვისაც ტემპერატურაზე გულყრა უვითარდება და ან რაიმე ქრონიკული დაავადება აქვს, ექვსი თვიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვები, სამედიცინო პერსონალი, 65 წელს გადაცილებული ადამიანები და ასევე ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადება აწუხებს, აუცილებლად უნდა აიცრან!..

ახლა ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივაა, რომ C ჰეპატიტით დაავადებულები აცრან გრიპზე და ეს კარგი ინიციატივა გახლავთ, რადგან რისკ-ჯგუფია. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი ჯანდაცვის პროგრამები არასდროს ყოფილა საქართველოში და მათი არგამოყენება არ შეიძლება. უნდა ეხვეწო ადამიანებს, რომ აიცრან? რაც შეეხება ბავშვებს, ის, ვინც ბაღში არ დადის, სახლშია, შესაძლოა, მშობელმა არ აცრას. თუკი ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა და შინაა, რატომაც არა, შესაძლოა, ავარჯიშოს იმუნიტეტი და მოიხადოს ვირუსული ინფექციები, მაგრამ თუკი პატარა ხელოვნურ საკვებზეა, ნაადრევადაა ბაღში მიყვანილი, მაშინ აცრან მაინც…

რა არის ის რეკომენდაციები, რომლებსაც მშობლებს მისცემდით?
ჩემი რეკომენდაციაა, რომ ბავშვები სპორტით დააკავონ. ფიზიკური აქტივობა აუცილებელია. ამას ვამბობ, როგორც პედიატრი, როგორც დედა და ბებია, რომელსაც ბევრი სპორტსმენი ჰყავს გარშემო, ჯანსაღ კვებასა და ფიზიკურ აქტივობას შემცვლელი არ აქვს…

ნინო მურღულია
წყარო:http://fortuna.ge/