Nuk
რა არის დისკოზი და როგორია მისი სიმპტომები

თარიღი: 06 დეკემბერი, 2022

ხერხემლის მალთაშუა თიაქარი, იგივე დისკოზი, ოსტეოქონდროზის ყველაზე გართულებული ფორმაა და ამ დაავადების მე-4 სტადიას წარმოადგენს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ნეირომედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნეიროქირურგი ნუგზარ გურგენიძე ამბობს, რომ ხერხემლის ამ პათოლოგიით მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, თუმცა მიმართვიანობა ძირითადად დაავადების ბოლო სტადიებზე, უკვე გართულებულ ფაზაში ხდება, რაც ართულებს მკურნალობის პროცესს.

 

ბატონო ნუგზარ, რას ნიშნავს დისკოზი?
ეს არის ოსტეოქონდროზის დროს, ხერხემლის მალთაშუა დისკოში მიმდინარე დისტროფიულ-დეგენერაციული პროცესი. ამ დროს ხდება მალთაშუა დისკის გადაგვარება.

 

ხერხემლის ოსტეოქონდროზს აქვს რამდენიმე სტადია. პირველ სტადიაში პაციენტს გადატვირთვების ფონზე აღენიშნება ტკივილი კისრის ან წელის არეში, რომელიც პერიოდულად ვითარდება და ადვილად გადადის მარტივი მკურნალობით. 

 

მეორე სტადიაში უკვე საჭიროა ექიმის ჩარევა, რაც ნიშნავს მედიკამენტოზურ მკურნალობას, რადგან ტკივილის ინტენსივობა ამ სტადიაზე მატულობს და უფრო ხანგრძლივია. 

 

რაც შეეხება დისკის თიაქარს, იგივე დისკოზს, ის ყალიბდება ოსტეოქონდროზის მესამე სტადიაში, როცა მალებს შუა განლაგებული დისკი არის დაზიანებული.

 

დისკს აქვს ხრტილოვანი სტრუქტურა და ასრულებს ე.წ. ამორტიზატორის როლს. დისკს გააჩნია ფიბროზული რკალი, რომლის შიგნითაც მოთავსებულია პულპოზური ბირთვი. ამ ბირთვის სტრუქტურა ძალიან რბილია, შესაბამისად, დიდი დატვირთვისა და ზეწოლისას ის ბრტყელდება და ბოლოს სკდება, არღვევს დისკის რკალს, მისი შიგთავსი კი გამოდის ხერხემლის არხში. 

 

ყველაზე ხშირად ეს ხდება წელისა და კისრის მალების დონეზე. ამ შემთხვევაში ხშირად საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა.

 

რა იწვევს დისკოზს?
არაადეკვატური ფიზიკური დატვირთვა ხერხემლის სვეტზე – მძიმე ფიზიკური შრომა, ზედმეტი წონის აწევა, გადატანა და ა.შ.

 

ხშირად უვითარდებათ ძალოსან სპორტსმენებსაც.

 

ასევე, ჭარბი წონა, რომელიც არის ზედმეტი ტვირთი ხერხემლისთვის; გაციება – როცა ხშირად უცივდებათ დატვირთვის დროს გახურებული წელის არე, რადგან ამ დროს იწყება კუნთების დაჭიმვა; ხერხემლის არასტაბილურობა – ეს ძირითადად ახალგაზრდებში, ბავშვებში ხდება მიზეზი, როცა ხერხემალი არ არის ჯერ კიდევ გამაგრებული და ამ პერიოდში არასწორად ვსხედვართ, ვდგებით, ფიზიკურ დატვირთვებს ვასრულებთ; ბრტყელტერფიანობა – რადგან ასეთ დროს ადამიანი გადაადგილდება არასწორად და ხერხემალზე დატვირთვა მატულობს.

 

როგორც ყველა სხვა დაავადება ჩვენს რეალობაში, დისკოზიც ახალგაზრდავდება, 14-16 წლის ბავშვზეც გამიკეთებია ეს ოპერაცია, თუმცა ძირითადად 35-40 წლიდან იწყება შემთხვევები.

 

რას ნიშნავს როცა ამბობენ – “ნერვი მოიყოლა”?
რამდენიმე ნევრალური ფესვისგან კეთდება ერთი დიდი ნერვი. მედიცინაში კი ვამბობთ ფესვს, მაგრამ რეალურად ნერვია ზურგის ტვინიდან გამოსული. მაგალითად, ხერხემლიდან წელის არეში წამოსული რამდენიმე ფესვი ქმნის ერთ ნერვს.

 

თუ ნერვზე ზეწოლა ხდება კისრის არეში, იქ უფრო რთულია სიტუაცია, ზურგის ტვინზეა ზეწოლა და ამავდროულად – ფესვებზე, ამიტომ შეიძლება ჩამოყალიბდეს ზურგის ტვინის ნეიროპათია კისრის დონეზე, რაც თუ თავის დროზე არ იქნა ადეკვატურად ნამკურნალევი, ძალიან სერიოზულ უნარშეზღუდულობას იწვევს.

 

რაც შეეხება წელის არეს. აქ, ბოლოში, ზურგის ტვინი არ არის, არის მხოლოდ ფესვები. ამიტომაც ამ ნაწილში ზეწოლა აფუჭებს რომელიმე ფესვს და მის [ფესვის] შესაბამის კიდურში ხდება კუნთების ატროფია, მოძრაობების შეზღუდვა, ტერფი ჩამოკიდულია და აქაც, დროული და ადეკვატური ჩარევის გარეშე, არის რისკი მძიმე უნარშეზღუდულობის. 

 

სიმპტომები როგორია?
ეს დამოკიდებულია იმაზე თუ, რა დონეზე ვითარდება თვითონ დისკოზი.

 

კისრის მალების დონეზე ეს იწყება თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ხშირად არის დისკომფორტი გულის არეში, ახასიათებს დაბუჟებები ზედა კიდურებში, შემდეგ კიდურებში ქვეითდება ძალა და უკვე ძალიან შორს მიდის პროცესი.

 

წელის მალების დონეზე ახასიათებს ტკივილი წელის არეში, დასაწყისში ტკივილი შეტევითი ხასიათისაა, შემდეგ ეს ტკივილები გადადის, რომელიმე ქვედა კიდურში ან ორივეში. იწყება ფეხებში დაბუჟება, ფეხის კუნთების დასუსტება და თუ ძალიან შორს წავიდა პროცესი, ყალიბდება შარდის ბუშტის მოქმედების პათოლოგიებიც.

 

ამიტომ ტკივილების დროს, პაციენტმა დროულად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ წელიდან ტკივილი გადადის კიდურებში – უნდა მიმართონ ნევროლოგს ან ნეიროქირურგს.

 

მკურნალობის მეთოდები რას მოიცავს?
როცა არ არის თიაქარი, ანუ დისკის რკალი არ არის დაზიანებული, მაგრამ ხდება მალთაშორისი დისკის გადაადგილება ხერხემლის არხში, რაც ძალიან ნაკლებად აღიზიანებს ნერვს – ჩვენ ვნიშნავთ ფიზიოთერაპიას, მედიკამენტოზურ მკურნალობას (არასტეროიდული და სტეროიდული ჰორმონებით), ბალნეოლოგიურ მკურნალობას.

 

ახლახან დავიწყეთ დაზიანებული ნერვის ბლოკადის მეთოდი, რომელიც ძალიან ეფექტურია.

 

ისეთ შემთხვევებში, როცა მედიკამენტოზური, ფიზიოლოგიური, ბალნეოლოგიური მკურნალობითა და ბლოკადებით არ გვაქვს შედეგი, ვაკეთებთ უსისხლო ოპერაციებს. ეს არის ლაზერული ქირურგია, რადიოტალღებით აბლაცია კეთდება და მესამე მეთოდია ოზონის შეყვანა დისკში, რაც აღადგენს დისკს.

 

მაგრამ თუ მოხდა უკვე თიაქრის ისეთი გამოვარდნა ხერხემლის არხში, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებით მკურნალობას არ ექვემდებარება, მაშინ ვაკეთებთ ოპერაციულ ჩარევას.

 

დღეს ტარდება მიკროქირურგიული ოპერაცია – მიკროდისკექტომია. თუ შორს წასული პროცესი არ არის და პაციენტმა დიდი დრო არ დაკარგა, მეორე დღეს უკვე ფეხზე დგება და მესამე დღეს მიდის სახლში. რეაბილიტაციის პერიოდი თვე-ნახევარი – სამი თვე გრძელდება, გააჩნია ნერვის დაზიანების ხარისხს.

 

როგორია ხერხემლის დაავადებების პროფილაქტიკა?
საუკეთესო პროფილაქტიკაა ცურვა და ხერხემლის გაჭიმვისთვის ე.წ. ტურნიკზე ჩამოკიდება. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან გამოვრიცხოთ არაადეკვატური ზეწოლა ხერხემალზე, გავაკონტროლოთ წონა, დავსხდეთ და ვიაროთ სწორად, წელში გამართული.

წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge