თარიღი: 01 აპრილი, 2021
რა ასაკიდან მივცეთ ჩვილს მწყრის კვერცხი და რატომ არის ის განსაკუთრებული
სუპერმაკეტში მაცივრის დახლთან დგახართ და კვერცხს არჩევთ - თეთრი თუ მოყავისფრო, პირველი თუ მეორე კატეგორიის, სოფლის თუ ფერმის? და უცებ თქვენი მზერა პაწაწინა, მუქლაქებიან კვერცუკებზე ჩერდება. არასოდეს გიფიქრიათ მწყერის კვერცხზე არჩევანის გაკეთება?
ეს პაწაწინა კვერცხი იმდენ შეუცვლელ და ძვირფას ნივთიერებას შეიცავს, რომ აუცილებლად მოგინდებათ, განიხილოთ მისი ბავშვი კვების რაციონში მისი შეტანის საკითხი.
რატომაც არა?
» მოდი, ვიტამინებით და მინერალებით დავიწყოთ.
• მწყერის კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით A, D, E, B1 B2 PP ვიტამინებს, იგი მდიდარია კალიუმით, რკინით, კალციუმით, ფოსფორით, მოლიბდენით, მაგნიუმით, მანგანუმით, კობალტით. B ჯგუფის ვიტამინების შემცველობა ქათმის კვერცხისაგან განსხვავებით მწყერის კვერცხში 15-ჯერ უფრო მეტია.
• რაც შეეხება რკინას, ის მწყერის პაწაწინა კვერცხში 4-ჯერ უფრო დიდი რაოდენობითაა, ვიდრე ქათმის კვერცხში.
• საინტერესოა, რომ მწყერის კვერცხში ორჯერ უფრო დიდი რაოდენობითაა ცილები და სამჯერ უფრო ნაკლებია ქოლესტერინი და ცხიმები.
• მწყერის კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით შეუცველელ ამინომჟავებს - ლიზინს, მეთიონინს, ტრიფტოფანს, ცისტეინს, რაც აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.
• კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მწყერი ქათმისაგან განსხვავებით, იშვიათად ავადობს ინფექციური დაავადებებით, ამიტომ მას იშვიათად სჭირდება მედიკამენტები და არ უტარდება აცრები, რაც გამორიცხვას მწყერის ორგანიზმში და მის კვერცხში ამ ნივთიერებების მოხვედრას.
• საოცარი ნივთიერების, ოვომუკოიდის შემცველობის გამო მწყერის კვერცხს ანტიალერგიული თვისებები აქვს.
ახლა, მოდი, ვნახოთ, რა შეუძლია მწყერის კვერცხის სისტემატური მიღებას?
• A ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო ის მხედველობას აუმჯობესებს.
• ცილების განსაკუთრებული შემცველობის გამო აძლიერებს იმუნიტეტს, ცილა წარმოადგენს საშენ მასალას ორგანიზმისათვის და ხელს უწყობს ბავშვის ინტენსიურ ზრდა-განვითარებას.
• კალიცუმის, ფოსფორის და D ვიტამინის მაღალი შემცველობა რაქიტის პროფილაქტიკის და ძვლოვანი სისტემის სწორად განვითარებისათვისაა საჭირო.
ოვომუკოიდი მწყერის კვერცხს ჰიპოალერგიულ პროდუქტად აქცევს.
• განსაკუთრებული შემადგენლობის გამო მწყრის კვერცხი ხელს უწყობს თავის ტვინის განვითარებას, აუმჯობესებს დამახსოვრების უნარს ბავშვებში.
• რკინის მაღალი შემცველობა ანემიის განვითარებისაგან დაგვიცავს.
რამდენი?
ყველაფერს თავისი დოზა აქვს და ეს პაწაწინა კვერცხებიც დოზირებულად უნდა მივცეთ პატარებს. დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლებელია შეკრულობა, გაზების დაგროვება გამოიწვიოს.
• 6 თვიდან 1 წლამდე შეგძლიათ კარგად მოხარშული 1 კვერცის მხოლოდ გული მისცეთ.
• 1-დან 3 წლამდე პატარას 1-2 მთლიანი კვერცხი შესთავაზეთ
• 3 წლიდან 10 წლამდე -3 ცალი კვერცხი
• 10 წლიდან 3-4 ცალი კვერცხი საკმარისია.
როგორი ფორმით სჯობს?
ხშირად მწყერის კვერცხს უმად მიირთმევენ და სალმონელოზის შიში არ აქვთ, რადგან მწყერს ქათმისაგან განსხვავებით ეს დაავადება პრაქტიკულად არ ემართება. თუმცა არსებობს სალმონელოზისმაგვარი სხვა ინფექცია მწყრებში. ამიტომ სჯობს მისი კვერცხი მოხარშოთ.
ქათმის კვერცხისაგან განსხვავებით, მწყრის კვერცხი ძალიან სწრაფად, 5-6 წუთში იხარშება. თუ თქვენ ხანგრძივად გააგრძელებთ ხარშვას, კვერცხი გული უსიამოვნოდ გამუქდება, ცილა კი რეზინასავით გახდება. გარდა ამისა, სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილიც დაიშლება.
1 წლის ასაკის ზემოთ პატარას მწყერის კვერცხი შემწვარიც შეგიძლიათ შესთავზოთ.
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე