თარიღი: 23 აგვისტო, 2018
კარაქი უძველესი პროდუქტია
ლეგენდა ამბობს, რომ პირველი კარაქი სრულიად შემთხვევით მიიღო ჩვენმა უძველესმა წინაპარმა, რომელმაც მოწველილი რძე ჭურჭელში ჩაასხა, ცხენზე ჩამოჰკიდა და გზას გაუდგა. დანიშნულების ადგილას მისულმა აღმოჩინა, რომ მგზავრობის დროს ჭურჭლის რყევის შემდეგ რძეს ცხიმის უცნაური ფანტელები წარმოექმნა.
კარაქი უძველესი დროიდან გავრცელებული ძვირფასი სამკურნალო და საკვები პროდუქტი გახდა.
ძველ რომში მას უპირატესად სამკურნალოდ იყენებდნენ - ექიმის დანიშნულებით ყლაპავდნენ ხველის დროს ან ისვამდნენ მტკივან სახსრებზე, ჯერ კიდევ 3000 წლის წინ ინდუსები კრიშნას სწირავდნენ კარაქით სავსე ქილებს. ძველი აღთქმა ამბობს, რომ აბრაამმა და სარამ სტუმრად მოსულ სამ ანგელოზს რძით, ხორცით და რძისგან მომზადებული ყვითელი კრემისებრი მასით უმასპინძლეს.
კარაქის ექსპორტი დანარჩენ ევროპაში ჩრდილოეთის ქვეყნებს სერიოზულ მოგებას აძლევდა. არც გასაკვირი იყო - სიცივის გამო ჩრდილოელები კარაქს უკეთ ინახავდნენ და აგროვებდნენ. ისტორიული წყაროების მიხედვით, მე-12 საუკუნის ნორვეგიაში სამეფო ბეგარა ყოველი ოჯახიდან 1 სათლ კარაქს შეადგენდა.
რისთვის გვჭირდება ცხიმები
- ცხიმები ორგანიზმის ენერგიის ძირითადი წყაროა
- ცხიმი არის საშენი მასალა უჯრედების მემბრანისათვის
- ცხიმები აუცილებელი ნივთიერებებია იმისათვის, რომ მოხდეს ცხიმში ხსნადი ვიტამინების სრულყოფილი გახსნა და ათვისება.
- ცხიმი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ ანთებით თუ ანთების საწინააღმეგო პროცესში.
ცხიმების სამყარო - ნაჯერი, უჯერი ცხიმები და ტრანსცხიმები
- ნაჯერი ცხიმები შედის ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა კარაქი, ცხიმიანი ხორცი, ნაყინი, არაჟანი, მაგარი ყველი.
- უჯერი ცხიმოვანი მჟავები კი ძირითადად მცენარეულ ზეთებშია, მაგალითად, დიდი რაოდენობითაა ზეითუნის ზეთში, ავოკადოში, თხილეულში, განსაკუთრებით უხვად – ნუშში. გამონაკლისია პალმის ზეთი, რომელიც ნაჯერ ცხიმებს შეიცავს.
დიდი რაოდენობის ნაჯერი ცხიმების მიღება ორგანიზმისთვის არ არის სასარგებლო, ვინაიდან ისინი იწვევენ სიმსუქნეს, შემდგომ ეტაპებზე - შაქრიან დიაბეტს, ასევე მატულობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკი, რადგან ქოლესტერინის დიდი რაოდენობა ხვდება ორგანიზმში. თუმცა თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ უნდა მივიღოთ ნაჯერი ცხიმები. მისი მიღება გარკვეული რაოდენობით აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მზარდ ორგანიზმს ეხება.
- ტრანსცხიმები თხევადი არანაჯერი ცხიმების გადამუშავების შედეგად მიიღება, ქიმიური რეაქციები თხევადი ცხიმების გამყარებას იწვევს, ასეთი ცხიმებია, მაგალითად, მარგარინი და მაიონეზი, რომელთა გამოყენება ბავშვთა ასაკში არ არის რეკომენდებული და არც მოზრდილებისათვისაა მაინცდამაინც ხშირი მოხმარება სასარგებლო.
- სპრედი ცხოველურ ცხიმთან ერთად მცენარეულსაც შეიცავს, შესაბამისად, ის კარაქი არ არის.
რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს კარაქი
კარაქი ვიტამინების წყაროა, შეიცავს ცხიმში ხსნად A, D, E, K ვიტამინებს.
A ვიტამინი მნიშვნელოვანია მხედველობის ორგანოს ფორმირებისა და ფუნქციონირებისთვის, D ვიტამინი მნიშვნელოვანია ძვალ-სახსროვანი სისტემის განვითარებისთვის, ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, K ვიტამინი სისხლის შედედების პროცესს უწყობს ხელს, მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლისთვის, ის ერთგვარი ბარიერიცაა ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსიკური ნივთიერებებისათვის.
კარაქი აგრეთვე შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორებიცაა თუთია, სელენი, სპილენძი, მანგანუმი.
კარაქის შემადგენლობაშია შეუცვლელი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები
რა ასაკიდან მივცეთ კარაქი პატარას?
ზოგადად, კარაქი 6 თვის ასაკიდან შეიძლება გაასინჯოთბავშვს შინ მომზადებულ ფაფებთან ან ბოსტნეულთან ერთად, ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი წესი - არ შეიძლება ის შეეხარშოს საკვებს - ცხიმი უკვე მომზადებულ საკვებს უნდა დაუმატოთ, რათა არ დაიშალოს ის სასარგებლო ნივთიერებები, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ და არ შეიძლება მისი გაზრდილი რაოდენობით მიწოდება.
ჩვილ ბავშვებში დღის ნორმა დაახლოებით 3-5 გრამია, მოზრდილ ბავშვებში - დაახლოებით 10 გრამი, ეს მცირე რაოდენობა საკმარისია ორგანიზმისთვის, რათა გამოავლინოს ყველა ის სიკეთე, რაც კარაქს ახასიათებს. უფროსებმა დაახლოებით 30 გრამამდე კარაქი უნდა მიიღონ.
ნუ მისცემთ დიდი რაოდენობის კარაქს ბავშვს, რომელსაც ჭარბი წონისაკენ აქვს მიდრეკილება.
ასაკის მატებასთან ერთად კი უპირატესობა უნდა მივანიჭოთ უჯერ ცხიმოვან მჟავებს.
რა შემადგენლობა უნდა ჰქონდეს ნამდვილ კარაქს?
ნამდვილ კარაქში რძის ცხიმისგან განსხვავებული რაიმე სხვა სახის ცხიმის არსებობა დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში ეს პროდუქტი კარაქი აღარაა.
საქარველოში 2015 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედებული რეგლამენტით, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია რძის ცხიმისგან არ არის დამზადებული, ეტიკეტზე წარწერის დატანა - მაწონი, არაჟანი, ხაჭო, კარაქი, აკრძალულია. ამიტომ, მაგალითად, კარაქის შეძენისას, მომხმარებელი კარგად უნდა დააკვირდეს, პროდუქტი ნატურალურია თუ არა. როდესაც ეტიკეტზე არის წარწერა: "სპრედი", "კომბინირებული ცხიმი", "კომბინირებული კარაქი", "შეიცავს მცენარეულ ცხიმს", ეს უკვე ნიშნავს, რომ პროდუქტი არ არის ნატურალური კარაქი, ხოლო თუ ეტიკეტს აწერია, რომ დამზადებულია რძის ცხიმზე, ესე იგი, პროდუქტი ნატურალურია. მისი
ცხიმიანობა 80%-დან 90%-მდეა. ზოგიერთი მწარმოებელი უფრო დაბალი ცხიმიანობის კარაქსაც აწარმოებს, რაც მასში რძის ცხიმის წილის შემცირების და წყლის მასის გაზრდის გზით ხდება.
ასე, რომ შეიტანეთ კარაქი თქვენი პატარას მენიუში, ოღონდ იმ დოზით, რაც მის სარგებლიანობას უზრუნველყოფს.
წყარო: https://www.facebook.com/pediatrician.blog/photos/a.456960744741593/529455954158738/?type=3&theater