თარიღი: 21 ივნისი, 2020
რა ასაკიდან შევთავაზოთ ბავშვს ხორცი, თევზი, კვერცხი და რომელი სასარგებლო თვისებებით ხასიათდება თითოეული მათგანი? ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ბავშვთა გასტროენტეროლოგი, ნათია ცირდავა გვესაუბრება.
ქათმის ხორცი (7 - 8 თვიდან) - ქათმის ხორცი А, В6, В12, D ვიტამინების, ასევე კალცის, რკინისა და მაგნიუმის წყაროა. თავდაპირველად უმჯობესია მივცეთ მცირე რაოდენობით 20-30 გრამი დღეში. კვირაში უნდა იყოს 3-4 დღე ხორციანი, დანარჩენი დღეები კი - ხორცისგან თავისუფალი.
ინდაურის ხორცი (7 - 8 თვიდან) - მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. ადვილად ასათვისებელია, არ შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, არ
იწვევს ალერგიულ მოვლენებს და გამოიყენება ჩვილ ბავშვთა კვებაში. ინდაურის ხორცი ეფექტურია კუჭ - ნაწლავის პრობლემების დროს. იგი მდიდარია A და E ვიტამინით, მასში ქოლესტერინის უმნიშვნელო რაოდენობაა. ინდაური მდიდარია მიკროელემენტებით: კალციუმით, რკინით და კალიუმით. ადამიანის ორგანიზმი ინდაურის ცილას უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე სხვა ხორცისას. ინდაურის ხორცი მდიდარია ფოსფორით, როგორც თევზი. ინდაურში, უფრო მეტი რკინაა, ვიდრე საქონლის ხორცში, იგი ასევე შეიცავს ფოლიუმის მჟავას და საუკეთესო პროდუქტია ორსულთათვის.
საქონლის ხორცი (7 - 8 თვიდან) - ბავშვებში რკინის ნაკლებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ანემია. ხორცი რეკომენდებულია ამერიკელ პედიატრთა აკადემიის მიერ, როგორც პირველი საკვები, რადგან ეს არის ცილის, თუთიის და რკინის დიდი წყარო. ხორცი წარმოადგენს სრულფასოვანი ცილების, ცხიმების, თუთიის, რკინის, ნატრიუმის, კალიუმის, ფოსფორის, მინერალური მარილების, აგრეთვე B ჯგუფის ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების უმნიშვნელოვანეს წყაროს.
კალმახი (8 თვიდან) - ბავშვისათვის აუცილებელი პროდუქტია, რომელიც შეიცავს სრულფასოვან ცილებს და ეს ცილები გაცილებით ადვილად ასათვისებელია, ვიდრე სხვა ძუძუმწოვართა ცილები. კალმახი შეიცავს A და D ვიტამინებს, აგრეთვე მიკროელემენტებს: სელენი, თუთია, ბრომი, იოდი.
ორაგული (8 თვიდან) - მდიდარია ფოსფორითა და კალიუმით. მასში დიდი რაოდენობით არის: მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნიკელი, მოლიბდენი, A, B1, B2, C, E D და PP ვიტამინები. A ვიტამინი, რომელსაც ორაგული შეიცავს, მონაწილეობას იღებს ბავშვის განვითარებაში და მნიშვნელოვანი როლი უჭირავს თვალის განვითარებასა და ფუნქციონირებაში.
კვერცხი (6 თვიდან) - კვერცხის გული შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას: ცხიმს - ადვილად ასათვისებელი სახით, ცილებს - სრულფასოვანი ამინომჟავების სახით, მინერალურ ნივთიერებათა ფართო ასორტიმენტს, მიკროელემენტების სრულ სპექტრს, 12 სახეობის ვიტამინს, მათ შორის - ჩვილის ორგანიზმისთვის საჭირო D ვიტამინსაც. კვერცხის გულში საკმაო რაოდენობითაა A და E ვიტამინები, აგრეთვე B ჯგუფის ვიტამინები: B1, B2, PP და B9 - ფოლიუმის მჟავა.