Plasmon
რა დროს წარმოადგენს ვაქცინაცია უკუჩვენებას და როგორც მოვემზადოთ აცრისთვის

თარიღი: 06 აპრილი, 2021

რატომ იმატა ანტივაქსერულმა კამპანიამ საქართველოში, რა დროს წარმოადგენს ვაქცინაცია უკუჩვენებას და როგორც მოვემზადოთ აცრისთვის, ამ თემებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრა.

ეკა, მინდა პირველი კითხვა იმ კვლევასთან დაკავშირებით დავსვა, რომელიც „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარდა. NDI-ის კითხვაზე „გაიკეთებთ თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას“ გამოკითხულთა 53% ამბობს რომ არა, 35% ამბობს რომ კი, ხოლო 12%-ს გადაწყვეტილი არ აქვს. რას იტყვით ამ შემაშფოთებელ სტატისტიკაზე, რომელსაც თენგიზ ცერცვაძემ სპეციალური განცხადებაც მიუძღვნა? რისი ბრალი შეიძლება იყოს ასეთი განწყობა, რამდენიმე დღის წინ დატრიალებული ტრაგედიის თუ ანტივაქსერული მოძრაობის გაძლიერების?
ეკა უბერი: ანტივაქსერობა ქართული მოვლენა არ არის. პირველი ანტივაქსერები პირველი ვაქცინების გამოჩენისთანავე გაჩნდნენ და ყოველი ახალი ვაქცინის გამოჩენისთანავე აქტიურდებიან. ცხადია, სხვადასხვა მოვლენებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ანტივაქსერულ კამპანიას. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ სკეპტიციზმი ნაჩქარევად შექმნილ ვაქცინებზე არის მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში. იმისათვის, რათა ეს სკეპტიციზმი დაიძლიოს, ადამიანებს სჭირდებათ მაგალითი. პირველი შემთხვევა, როდესაც სხვებისთვის მაგალითის მისაცემად საქართველოში ადამიანი აიცრა 1772 წლით თარიღდება. ამ დროს ქვეყანაში ყვავილის და შავი ჭირის ეპიდემია  მძვინვარებდა. ხალხის დასარწმუნებლად ერეკლე მეორემ თავისი შვილი, იულონი საჯაროდ ააცრევინა. ნდობის ასამაღლებლად მსგავს მეთოდებს მუდმივად მიმართავდნენ. მაგალითად შემიძლია გავიხსენო ელვის პრესლი, რომელიც საჯაროდ, რომელიღაც ტელეშოუში აიცრა 60-იან წლებში შექმნილი პოლიომიელიტის ვაქცინით.

თქვენ ბატონი თენგიზ ცერცვაძის ინტერვიუ ახსენეთ და მინდა ვისაუბრო ისრაელის მაგალითზეც, სადაც რასაკვირველია ასევე იყვნენ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები, მით უმეტეს რელიგიური მოსაზრებების გამო. ამის მიუხედავად ისრაელმა მკაცრი ზომები მიიღო და ნაწილობრივ აიძულა მოქალაქეები, აცრა გაეკეთებინათ. შედეგად დღეს ქვეყნის მოსახლეობის 60%-ზე მეტი უკვე ორივე დოზით არის აცრილი, ანუ სრულად ვაქცინირებულია.

რასაკვირველია მესმის, რომ ერთ წელიწადში შექმნილ ვაქცინაზე უამრავი კითხვა არსებობს, თუმცა  აქ ისევ პოტენციური რისკი და სარგებელი უნდა შევადაროთ ერთმანეთს და ვიკითხოთ, რას შეუძლია მეტი ზიანის მოტანა, კორონავირუსს თუ ვაქცინაციას? მე, როგორც ექიმს, ძალიან კარგად მახსოვს რა ხდებოდა მეორე ტალღის დროს არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოში, როცა ექიმები ადამიანებს ვეღარ ეხმარებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად ადგილი არ იყო კლინიკაში. პირველი ტალღის დროს უფრო მაღალი იყო სიკვდილობა, რადგან ექიმებს ცოტა ინფორმაცია ჰქონდათ. მეორე ტალღას ამ მხრივ მომზადებული შევხვდით, თუმცა სხვა პრობლემებმა იჩინა თავი. საქართველო მესამე ტალღას ვეღარ გადაიტანს. ამიტომ მე პირადად როგორც კი მომეცემა საშუალება, მაშინვე ავიცრები. აქამდეც ავიცრებოდი, თუმცა ინფიცირებულის კონტაქტი ვარ და საინკუბაციო პერიოდის გასვლას ველი.

მინდა დავსვა დღეისათვის ძალიან აქტუალური კითხვა ალერგიასთან დაკავშირებით. თუ ადამიანი არის ალერგიული და ეს გამოკვეთილია, ხომ არ უნდა შეიკავოს მან თავი ვაქცინაციისგან? არ აქვს მნიშვნელობა ის ალერგიულია საკვებზე, მედიკამენტზე თუ რაიმე სხვაზე, შეიძლება თუ არა ალერგიული ადამიანის ვაქცინაცია?
ეკა უბერი: დღესდღეობით მსოფლიოში და განსაკუთრებით დიდ ქალაქებში ძალიან ბევრი ალერგიული ადამიანი ცხოვრობს, ეს ბუნებრივი ამბავია. თუმცა საბედნიეროდ, ანაფილაქსიური რეაქციების მქონე ადამიანები არ არიან ბევრნი. ანამნეზის სწორი და დეტალური შეკრების შემდეგ შეიძლება უკვე გამოიყოს რისკის ჯგუფი, სადაც მაღალია ანაფილაქსიის განვითარების ალბათობა და შემდეგ შეიძლება ისინი არ აიცრან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ჯგუფი მინიმალური იქნება. საუბარია არა ზოგადად ალერგიულ ადამიანებზე, არამედ იმათზე, ვისაც ანამნეზში ჰქონია ანაფილაქსიური რეაქცია ან ანაფილაქსიური შოკის კლინიკა.

დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს ადგილი, სადაც ვაქცინაცია ტარდება. თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში ვაქცინაცია მხოლოდ მულტიპროფილურ კლინიკებში ჩატარდება, სადაც არის ინტენსიური თერაპიის განყოფილება და ყველა პროფილის მედიკოსი, ვისი ჩარევაც გართულების შემთხვევაში შეიძლება გახდეს საჭირო.  რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ადგილი, სადაც ტარდება ვაქცინაცია იმისათვის, რომ ასეთი უკუჩვენების შემთხვევაში დროული ჩარევა მოხდეს და პაციენტს დროულად გაეწიოს დახმარება?
ეკა უბერი: ანაფილაქსიური რეაქციები მასობრივი ვაქცინაციისას მსოფლიოში უკვე დაფიქსირდა, თანაც ათეულობით, თუმცა არცერთ შემთხვევაში ეს არ დასრულებულა ლეტალურად. იმ შემთხვევაში, თუ ანაფილაქსიური რეაქციის მართვა დროულად და სწორად ხდება, მინიმალურზე მინიმალურია ლეტალური გამოსავლის რისკი. ეს უიშვიათესი შემთხვევა შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ ადამიანს მიღებული აქვს გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ ანაფილაქსიის საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტურ მოქმედებას. ეს წინასწარ უნდა იყოს დეტალურად გამოკითხული და შეფასებული და შემდეგ გადაწყდება ჩატარდეს თუ არა ვაქცინაცია. ეს ყველაფერი იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს მაგრამ მაინც გადაწყდა ისეთ კლინიკებში ჩატარება რომლებიც მულტიპროფილურია და შესაბამისად ანაფილაქსიური შოკის მართვა არ წარმოადგენს პრობლემას .

თქვენ, როგორც პრაქტიკოსმა ექიმმა კარგად იცით, რომ არაერთი შეკითხვა არის სხვა გეგმიურ ვაქცინებზეც და საზოგადოების ნაწილში არის გარკვეული უნდობლობა თუნდაც წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაზე, რომელიც ერთი წლის ასაკში კეთდება. რა გამოსავალს ხედავთ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოების ამ ნაწილის თვითშეგნება ამაღლდეს და  ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ ვაქცინაცია აუცილებელია და აღნიშნული დაავადებების გართულების რისკი იმდენად მაღალია, რომ ვაქცინაციით სავარაუდო გართულების რისკი მასთან შედარებით მინიმალურია?ეკა უბერი: ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში ცოდნის გაღრმავებაა. ადამიანებს უნდა მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია. კარგი გამოსავალია ცნობადი ადამიანების საჯაროდ ვაქცინაციაც. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სამწუხაროდ, ვაქცინაციის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს. აუცილებელია ადამიანებმა იცოდნენ, რომ თუ გარკვეულ დროში არ მოხდა ვაქცინაცია, ეს პერიოდი შეიძლება ვირუსის მიერ იქნეს გამოყენებული და ახალი შტამები წარმოიქმნას, რომლებიც რეზისტენტული იქნება ვაქცინის მიმართ. შესაბამისად ვაქცინა ვერავის დაცვას ვეღარ შეძლებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანებს გავაგებინოთ, რომ გართულებები, რომლებიც უიშვიათეს შემთხვევებში ვაქცინაციას ახლავს, არ არის სასიკვდილო და ვირუსის მიერ მოტანილ მსხვერპლთან შედარებით მინიმალურია.

რაც შეეხება წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინას, რომლითაც ბავშვებს ერთი წლის ასაკში ცრიან, მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ მშობლების სკეპტიციზმი ამ ვაქცინისადმი ექიმების გარკვეული ჯგუფის მიერ, 1998 წელს გამოქვეყნებულმა სტატიამ გააღრმავა.

ექიმების ჯგუფმა, რომელსაც გარკვეული ფინანსური ინტერესები ამოძრავებდა, 1998 წელს ავტორიტეტულ ჟურნალ „ლანცეტში“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ეს ვაქცინა კავშირში იყო აუტიზმის განვითარებასთან. აღნიშნულ სტატიას დიდი სკანდალი მოჰყვა, საბოლოოდ დადგინდა, რომ ეს მტკნარი სიცრუე იყო და ეს ექიმები ლიცენზიებსაც გამოეთხოვნენ, თუმცა ამან მაინც შეძლო გარკვეული მავნებელი ზეგავლენის მოხდენა.

 

ვაქცინაცია 200 წელზე მეტია არსებობს და მის პარალელურად არსებობენ ვაქცინაციის  მიმართ უნდობლად განწყობილი ადამიანები, რაც სამწუხაროდ ნაწილობრივ ექიმების დამსახურებაც არის.

ამას თუნდაც დღევანდელი ვითარება ცხადყოფს. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალისათვის ვაქცინაცია დაწყებულია,  მათ დიდ ნაწილს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა არ სურს. დაიწია ასაკობრივი ზღვარიც 65 წლამდე და ალბათ უახლოეს ხანებში 55 წლამდეც ჩამოვა ეს ზღვარი. ქვეყანაში უკვე შემოვიდა „ფაიზერის“ ვაქცინა და უახლოეს ხანებში ალბათ „ჯონსონი და ჯონსონიც“ იქნება შემოტანილი. მაინც როგორ უნდა გააკეთონ ადამიანებმა არჩევანი ვაქცინებს შორის? რომელი ვაქცინაა უკეთესი?
ეკა უბერი: რატომღაც საუბარი მხოლოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ განვითარებულ ალერგიულ რეაქციებზე იყო და არავინ მიაქცია ყურადღება იმას, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის შემთხვევაში ალერგიული რეაქციები უფრო მეტჯერ დაფიქსირდა. რატომღაც „ფაიზერის“ ვაქცინის მიმართ უფრო არის ნდობა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს უფრო პოლიტიკური ამბავია და ფარმაცევტულ გიგანტებს შორის ფინანსურ დაპირისპირებას ასახავს. პირადად მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ოჯახის ერთ-ერთ წევრს რამდენიმე თვის წინ ანაფილაქსიური რეაქცია გამოუვლინდა, ამიტომ ამ შემთხვევაში არჩევანს „ასტრაზენეკაზე“ გავაკეთებთ.

ბოლო შეკითხვა მინდა დავსვა ვაქცინაციისთვის მომზადებაზე და ეს არ ეხება მხოლოდ კორონას ვაქცინას. ბიძინა კულუმბეგოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუნდაც „სუპრასტინი“ არ არის პრეპარატი, რომელიც ადამიანმა ვაქცინაციამდე ან შემდეგ უნდა მიიღოს. საერთოდ უნდა მივიღოთ თუ არა რაიმე ანტიჰისტამინური პრეპარატი ვაქცინაციამდე და თუ არის პრეპარატი, რომელიც შეამცირებს მწვავე ალერგიული რეაქციის განვითარების რისკებს?
ეკა უბერი: როდესაც მე ვიწყებდი საექიმო მოღვაწეობას, ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება საკმაოდ გავრცელებული იყო ნებისმიერი ვაქცინაციის წინ და დანერგილი იყო სამდღიანი ანტიჰისტამინური თერაპიის პრაქტიკა, თუმცა ეს აბსოლუტურად უეფექტო აღმოჩნდა.


წყარო: https://fortuna.ge/