თარიღი: 07 ივნისი, 2021
რა იწვევს უშვილობის პრობლემას მამაკაცებში და მკურნალობის რა გზებს გვთავაზობს თანამედროვე მედიცინა – აქტუალურ საკითხებზე უროლოგი, ანდროლოგი ალექსანდრე ხელაია საუბრობს…
ბატონო ალექსანდრე, როგორც წესი, როდესაც უშვილობაზე ვსაუბრობთ, ანამნეზში იკვრება პრობლემები, რომლებიც ქალბატონებს ახასიათებთ და ასეთი პრობლემები ბევრია, თუმცა როგორც ირკვევა, მამაკაცებშიც საკმაოდ ბევრი პრობლემა შეიძლება იწვევდეს უშვილობას. თქვენს პრაქტიკაში რომელია პრობლემა, რომელიც მამაკაცებში უშვილობის გამომწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად ხდება?
ალექსანდრე ხელაია: ეს საკმაოდ მრავლისმომცველი საკითხია. საერთაშორისო სტატისტიკა მეტყველებს იმაზე რომ, წყვილთა 12-15% მიეკუთვნება უშვილო წყვილებს. უშვილობა – ეს არის დიაგნოზი, რომლის დასმაც ხდება მას შემდეგ, რაც წყვილს დაუცველი სქესობრივი ურთიერთობა აქვს ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ ორსულობა არ დგება. აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. თუ ქალბატონი 35 წლისაა ან უფროსია, ამ შემთხვევაში დიაგნოზს ვსვამთ ექვსთვიანი პერიოდის შემდეგ და არ ველოდებით ერთი წლის გასვლას. ზოგადად, როგორც წესი, უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს ქალის ან მამაკაცის პრობლემით გამოწვეული, შეიძლება ეს იყოს შერეული პრობლემა და რაღაც ნაწილში უბრალოდ მიზეზის დადგენა ვერ ხერხდებოდეს. რაც შეეხება მამაკაცებში ყველაზე გავრცელებულ პრობლემას, არსებობს რამდენიმე მოცემულობა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ამაზე. ეს შეიძლება იყოს აზოოსპერმია, ანუ მდგომარეობა, რომლის დროსაც სათესლე სითხეში საერთოდ არ არის სპერმატოზოიდები. მიზეზი შესაძლოა იყოს ორმხრივი კრიპტორქიზმი ან მძიმე ენდოკრინოლოგიური დაავადებების შედეგად სპერმის ხარისხის გაუარესება. გარდა ამისა, არსებობს გარდამავალი მდგომარეობები, როდესაც სპერმის ხარისხი მეტ-ნაკლებად ნორმალურია, მაგრამ წყვილი მაინც უშვილოა. აქ პირდაპირ მამაკაცის ფაქტორი ვერ დასახელდება მიზეზად, რადგან ეს პრობლემა მულტიფაქტორულია და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. წყვილი ამ დროს მიმართავს რეპროდუქტოლოგსაც და ჩვენ ბუნებრივია ვთანამშრომლობთ და ერთად ვეძებთ ამ სიტუაციიდან გამოსავალს.
პროსტატიტი მამაკაცებში საკმაოდ გავრცელებული დიაგნოზია. საინტერესოა ახდენს თუ არა ის გავლენას უშვილობაზე? ეს არის პრობლემა, რომელიც ცალკე უნდა განვიხილოთ და მას უშვილობასთან პრობლემასთან შეხება არ აქვს, თუ ხანდახან მაინც შეიძლება პროსტატიტმა გამოიწვიოს უშვილობა?
ალექსანდრე ხელაია: ჩემი აზრით, პროსტატიტი არ არის პირდაპირი მიზეზი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა. თუმცა გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია, რადგან პროსტატიტის არსებობისას სათესლე სითხეში გარკვეული ცვლილებები ხდება, ადგილი აქვს სხვადასხვა პარამეტრების დარღვევას. როდესაც ვიკვლევთ მამაკაცს, ქრონიკული პროსტატიტის ან სათესლე სითხეში ანთებითი პროცესის არსებობის ფაქტი აუცილებლად უნდა იქნეს კონსტატირებული და ეს დიაგნოზი უნდა დაისვას. აქედან გამომდინარე, ჯერ ამ მიმართულებით უნდა ჩატარდეს მკურნალობა და მერე ველოდოთ სპერმოგრამაში არსებული სურათის გაუმჯობესებას, შემდეგ კი ორსულობის დადგომას. ამ დიაგნოზს ცალკე სჭირდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპერმოგრამაზე გათვლილი მკურნალობა, თუ პროსტატიტი დარჩა მოუგვარებელი, შედეგს არ მოგვცემს. მარტივად რომ ავხსნათ, სათესლე სითხის მწარმოებელი არის როგორც წინამდებარე ჯირკვალი, ასევე სათესლე ბუშტუკები და სპერმატოზოიდები ამ სითხეში რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოჩნდებიან. პროსტატიტის დროს სპერმატოზოიდები შეცვლილი შემადგენლობის სათესლე სითხეში ხვდებიან, სადაც მალევე იღუპებიან.
როდესაც ვაკეთებთ პირველად მოკვლევას რომ დადგინდეს უშვილობა მამაკაცის მიერაა თუ არა გამოწვეული, რა ტიპის კვლევებია მამაკაცებში ჩასატარებელი პირველ რიგში ამ დროს?
ალექსანდრე ხელაია: ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვაა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ასეთ დროს მხოლოდ სათესლე სითხის ანალიზი უნდა ჩატარდეს. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ანალიზია, მაგრამ ამ ანალიზის პასუხზე დაყრდნობით ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, უშვილოა თუ არა მამაკაცი. სამწუხაროდ, სათესლე სითხის ანალიზი არ არის ამოსავალი წერტილი, ვინაიდან დადგენილია, რომ შვილის მყოლ მამაკაცებსაც შეიძლება სათესლე სითხეში ისეთი ცვლილებები ჰქონდეთ, როგორიც იმ მამაკაცებს, ვისაც არ ჰყავს შვილი. შესაბამისად, ეს არ არის გადამწყვეტი. კი, კვლევას ამით ვიწყებთ, მაგრამ ამაზე ბოლომდე არ ვაკეთებთ აქცენტს. აუცილებელია მამაკაცის სრული გამოკვლევა. ვგულისხმობ სათესლე ჯირკვლების გამოკვლევას, გასინჯვას, ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარებას, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და საშარდე გზების ინფექციების გამორიცხვას და ა.შ. მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში გადატანილი ინფექციების, თუნდაც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ისტორია. სპერმოგრამაში ეს ყველაფერი არ ჩანს და დამატებით გამოკვლევას საჭიროებს. შესაძლოა მეტ-ნაკლებად ნორმალური სათესლე სითხის მქონე მამაკაცს ჰქონდეს უშვილობის პრობლემა. თუ სახეზეა სიმსუქნე, ასეთ დროს კვლევებს ვაღრმავებთ. ასევე მაშინაც, თუ ენდოკრინული პრობლემაზე არის ეჭვი. თუ სახეზე გვაქვს სპერმის უკიდურესად ცუდი ხარისხი, შეიძლება გენეტიკური ფაქტორები იყოს ჩართული. ამის დასადგენად არსებობს სპეციალური გენეტიკური ტესტები. არსებობს ალგორითმები, რომელთა მიხედვითაც ისაზღვრება თუ სპერმის ხარისხის დარღვევიდან გამომდინარე რა განსხვავებული კვლევები უნდა დაინიშნოს კონკრეტულ მამაკაცთან.
აქვე ჩაგეკითხებით სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და შარდ-სასქესო სისტემის ინფექციების შესახებ. ამ ტიპის დაავადებები ყოველთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს თუ არა იმისა, რომ ამ მამაკაცთან უშვილობა გვექნება და რით იხსნება ის მომენტი, რომ არიან ადამიანები სხვადასხვა რისკ-ფაქტორებით, მაგალითად ჭარბი წონით, როგორც ქალები, ისევე მამაკაცები, რომლებსაც არ აქვთ უშვილობის პრობლემა?
ალექსანდრე ხელაია: ეს კომპლექსური და მულტიფაქტორული პრობლემაა. მარტივად რომ ვთქვათ, კედლის ასაშენებლად ბევრი აგურია საჭირო, შესაბამისად ბევრი სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის პათოლოგიური ფაქტორები მუშაობს ამ შემთხვევაში და ჩვენ ვდგავართ ამ ფაქტორების მიერ აგებული წარმოსახვითი კედლის წინაშე, რომელიც თავის მხრივ დგას ჩვენსა და ჩვენს მიზანს შორის, გვყავდეს შვილი.
მიუხედავად იმისა, რომ საშარდე გზების ინფექციებში და სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებში პათოგენეზური ფაქტორები, ანუ ბაქტერიები სხვადასხვანაირია, მათ მაინც შეუძლიათ მსგავსი პრობლემები შეგვიქმნან. მაგალითად, სქესობრივი გზით გადამდები ქლამიდიოზი ან საშარდე გზების ინფექცია, თუნდაც ნაწლავის ჩხირი შეიძლება გახდეს ქრონიკული პროსტატიტის ან სათესლე სითხის ანთებითი პროცესის გამომწვევი. თუ კიდევ უფრო შორს წასულ პროცესზე ვისაუბრებთ, ეს შეიძლება იყოს სათესლე ჯირკვლების დანამატების ანთება, რომელიც თუკი ორმხრივი იქნება, გამოიწვევს სპერმის ხარისხის კატასტროფულ რეგრესს, რასაც საბოლოო ჯამში შეუძლია აზოოსპერმიამდე, ანუ სპერმატოზოიდების აბსოლუტურ არარსებობამდე მიგვიყვანოს. ეს არ არის მარტივი მდგომარეობა და თუ ყურადღებას არ მივაქცევთ, შეიძლება სავალალო შედეგებამდე მივიდეთ. თუნდაც ცისტიტს თუ არ მივხედავთ და იგი პროგრესირებადი იქნება, ანთებითი პროცესი შარდის ბუშტიდან შეიძლება სხვა ორგანოებზეც, თუნდაც სათესლე ჯირკვლების დანამატებზე გავრცელდეს და სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ზოგ მამაკაცთან ეს სავალალო მდგომარეობა არ დგება, თუმცა თუ ვიცით, რომ პაციენტს ანამნეზში აქვს ეს პრობლემა ან მისკენ მიდრეკილება, ჩვენ ვიწყებთ მდგომარეობის ამ მიმართულებით მართვასაც. ასეთ დროს არ ხდება მხოლოდ სპერმატოზოიდების ხარისხის გასაუმჯობესებლად მუშაობა, რადგან თუ ამხელა ანთებითი პროცესი გვაქვს ორგანიზმში, მისი აღმოფხვრის გარეშე შედეგს ვერ მივიღებთ. თუ არ გაიშიფრა სპერმატოზოიდების დაბალი ხარისხის ან უმოძრაობის მიზეზები, პრობლემა ვერ მოგვარდება.
როცა რისკ ფაქტორებზე ვსაუბრობდით, იქნება ეს შარდ-სასქესო სისტემის ინფექცია თუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, საინტერესოა, არსებობს თუ არა ისეთი რისკ-ფაქტორები, რისი პრევენციაც შეიძლება? ასეთია თუნდაც ჭარბი წონა. კიდევ რა არის ისეთი რისკ-ფაქტორი, რისი თავიდან აცილებაც შეგვიძლია? არის თუ არა ეს, მაგალითად მავნე ჩვევები?
ალექსანდრე ხელაია: ესეც აქტუალური კითხვაა. მავნე ჩვევები ნამდვილად არის რისკ-ფაქტორი, რომელსაც შეიძლება გავექცეთ. ზოგადად, არის რისკ ფაქტორები რომელსაც ვერ გავექცევით,რადგან ის ჩვენს გენეტიკაში დევს მაგალითად მიდრეკილება ჭარბი წონისკენ, დიაბეტისკენ ან ანთებითი პროცესებისკენ. თუმცა არსებობს მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები, რომელთა პრევენციაც შეიძლება. ეს არის ზუსტად თქვენ მიერ ნახსენები მავნე ჩვევები, რომლებიც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს სპერმატოზოიდების ხარისხზე. ახლა ხშირად ისმის საუბარი იმაზე, რომ გამოიგონეს სხვა ტიპის, ნაკლებად მავნებელი სიგარეტები, თუმცა სიმართლე გითხრათ არსად შემხვედრია კვლევა იმის თაობაზე, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი სპერმის ხარისხზე. რაც შეეხება კლასიკურ თამბაქოს, მის გავლენაზე ბევრი რამ დაწერილა და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ის ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. პირადად მე ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვეკითხები, მოიხმარენ თუ არა თამბაქოს. თამბაქოს მოხმარება ძალიან ცუდია და შეიძლება ითქვას, რომ თუ მამაკაცი უშვილობაზე მკურნალობისას ვიტამინებსა და მედიკამენტების მიღებასთან ერთად თამბაქოს ეწევა, მკურნალობა შედეგს არ მოგვცემს.თუ ეწევით, დღე-ღამეში 5-10 ღერზე მეტს მაინც ნუ მოწევთ, რადგან ნიკოტინის კვამლში შედის უამრავი მავნე ნივთიერება, თუნდაც კადმიუმი, მძიმე მეტალი, რომელიც მოწევის შეწყვეტიდან 6 თვე კიდევ რჩება სათესლე სითხეში. ასე რომ, ბუნებრივია თამბაქო ძალიან მავნებელია, აღარაფერს ვამბობ სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე.
სამწუხაროდ, უშვილობა ძალიან გავრცელებული პრობლემაა და იგი ბევრ ისეთ მამაკაცსაც აწუხებს, ვისაც არ აქვს არანაირი მავნე ჩვევა. თუმცა ეს არის იმის საბაბი რომ ვიფიქროთ, რომ აი ადამიანს მაინც აქვს პრობლემა და ესე იგი მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენ მოვწევთ თუ არა. მოწევას ყოველთვის შეუძლია ცუდი გავლენა მოახდინოს სპერმოგრამის მაჩვენებლებზე და არა მხოლოდ.
სტრესი თუ შეიძლება გახდეს მამაკაცებში უშვილობის გამომწვევი?
ალექსანდრე ხელაია: სტრესი გარკვეულ გავლენას მართლაც ახდენს უშვილობაზე. სტრესი შეიძლება გამოწვეული იყოს უძილობით, ცხოვრების რეჟიმის არევით, რაც შემდეგ ხელს უწყობს ორგანიზმში ჰორმონალური დისბალანსის განვითარებას, თუნდაც ტესტოსტერონის დონის დაქვეითებას და ეს ყველაფერი ბუნებრივია გარკვეულ გავლენას ახდენს უშვილობის პრობლემაზე. ამ ყველაფერს შეუძლია იმოქმედოს სპერმატოგენეზზე, ანუ სპერმატოზოიდების წარმოებაზეც. ასეთ დროს ცხადია სპერმოგრამაში არ გვექნება მკვეთრი გაუარესება, თუმცა გარკვეული დარღვევები აუცილებლად იქნება სახეზე.
ბატონო ალექსანდრე, რას გვეტყვით ასაკზე, როგორც უშვილობის განმსაზღვრელ ფაქტორზე? შეიძლება იყოს თუ არა, რომ მამაკაცის ასაკი იყოს ეს ფაქტორი?
ალექსანდრე ხელაია: ცხადია, ასაკს აქვს მნიშვნელობა. ზოგადად, როდესაც პაციენტი ამ პრობლემით მოდის, კონსულტაციაზე მეუღლესაც ვიბარებ, რათა ერთად ვესაუბრო მათ ფერტილურ ფანჯარაზე და იმ ბიოლოგიურ ასაკზე, რომლის დროსაც ჯერ კიდევ შეიძლება ბიოლოგიური ორსულობის მიღება. რასაკვირველია, დღეს შესაძლებელია ორსულობა ხელოვნური გზითაც მივიღოთ, მაგრამ ყოველწლიური ასაკის მატება, განსაკუთრებით ქალბატონში, მკვეთრად აქვეითებს ალბათობას და იგივე შემიძლია ვთქვა მამაკაცზეც, რადგან შეიძლება მამაკაცთან ასაკის მატების ფონზე ისეთი დარღვევები განვითარდეს, რაც არ ჩანს სპერმოგრამაში. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სპერმატოზოიდის დნმ-ის ფრაგმენტაცია, ანუ მდგომარეობა, როდესაც სპერმატოზოიდში წარმოდგენილია პათოლოგიური გენეტიკური მასალა, კერძოდ, დარღვეულია მისი სტრუქტურული მთლიანობა. კვლევებით დამტკიცებულია, რომ სპერმატოზოიდის დნმ ფრაგმენტაცია ასაკთან ერთად მატულობს. მისი გამომწვევი შეიძლება გახდეს მავნე ჩვევებიც, მაგალითად თამბაქოს მოწევა, ან კონტაქტი გარკვეულ ქიმიკატებთან, პროფესიიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ასევე კვლევებითაა დამტკიცებული, რომ მამაკაცების გენეტიკურ მასალაში ასაკთან ერთად ფიქსირდება გარკვეული მუტაციები, რამაც შეიძლება ნაყოფში გენეტიკური დაავადებების განვითარება გამოიწვიოს.
თუ შეიძლება გვითხრათ, კონკრეტულად რა ასაკია ეს? ქალბატონებში მაგალითად ცნობილია, რომ 35 წელი არის ასაკი, რომლის შემდეგაც ფერტილობა იკლებს და პრობლემები იმატებს. რა ასაკია კაცებისათვის ასაკი, რომლის შემდეგაც ორსულობის მიღება პრობლემატურია?
ალექსანდრე ხელაია: ზოგადად, თუ ქალბატონი 35 წლის ან უფროსი ასაკისაა, მაშინვე იმედს ვერ გადავუწურავთ, ეს ასაკი იმას არ ნიშნავს, რომ ორსულობა გამორიცხულია, თუმცა თუ სტატისტიკაზე ვსაუბრობთ უნდა ითქვას, რომ როგორც წესი, 35 წლიდან უფრო რთულია დაორსულება. მამაკაცებში ეს ასაკი არის 45 წელი. 45 წლის ზემოთ უკვე შედარებით რთულია, რომ პაციენტი მამა გახდეს.
რამდენად შესაძლებელია, რომ დღეს არსებული ვაქცინები, თუნდაც კოვიდ-ვაქცინები მოქმედებდეს მამაკაცის რეპროდუქციაზე? გასაგებია, რომ ვაქცინაც ახალია და პანდემიაც, და ჯერჯერობით ამ მხრივ ვალიდური კვლევები არ არსებობს, თუმცა რაც არსებობს ამ ეტაპზე, იმის საფუძველზე როგორ პასუხს გასცემდით ამ კითხვას?
ალექსანდრე ხელაია: გამიჭირდება მიახლოებითი პასუხის გაცემაც კი. ყველაფერს დრო სჭირდება. დღეს არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ ვაქცინა უარყოფით გავლენას ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციებზე.
ვისაუბროთ ოპერაციებზე, რომელიც ტარდება უროლოგიის ცენტრში იმისათვის, რომ აღმოიფხვრას უშვილობის პრობლემა მამაკაცებში. რა ტიპის ოპერაციებია ეს, რა სიხშირით ტარდება, რა სირთულისაა ისინი და რა შედეგის მომცემია?
ალექსანდრე ხელაია: ვიდრე ოპერაციულ მკურნალობაზე ვისაუბრებდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა პაციენტი და წყვილი ინდივიდუალურია, ამიტომ პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ რანჟირება სხვადასხვა სახის მკურნალობის ქვეშ. შეიძლება წყვილს ჰქონდეს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია მედიკამენტოზური მკურნალობით. მაგალითად, თუ პრობლემა გამოწვეულია ანთებით, ანთებითი პროცესის საწინააღმდეგო მკურნალობამ შეიძლება მკვეთრად გააუმჯობესოს სპერმის ხარისხი და პრობლემაც მოგვარდეს. თუ კვლევამ არ დაადასტურა ანთებითი პროცესის არსებობა, მაგრამ არის გარკვეული ხარვეზები სპერმის ხარისხში, ყველაზე ხშირი გამოსწორებადი პრობლემა ასეთ დროს არის სპერმატოზოიდების დაქვეითებული მოძრაობა. აღნიშნული მაჩვენებლების გაუმჯობესება ჩვენ შეგვიძლია გარკვეული სუბსტრატების მიცემის შემდეგ. მაგალითად, სპერმატოზოიდების მოძრაობის გასაუმჯობესებლად ინიშნება სპეციალური ნივთიერება, კარნიტინი. თუმცა აუცილებელია დოზის სწორი შერჩევა, რადგან სათესლე სითხის ეს სტიმულატორი დაბალი დოზით შესაბამისად ვერ იმოქმედებს.
რაც შეეხება ოპერაციულ ჩარევებს, ყველაზე ხშირია ვარიკოცელეზის ოპერაცია, რომლის მთავარი მიზანიც სპერმის ხარისხის გაუმჯობესებაა. უკვე მრავალი წელია, სამედიცინო საზოგადოებაში მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, უნდა გაკეთდეს თუ არა ეს ოპერაცია უშვილობის დროს. არსებობს კვლევები, რომლებიც ამბობენ რომ ამ ოპერაციას აქვს აზრი და ის ეფექტურია და კვლევები, რომლებიც პირიქით, ამტკიცებენ რომ ოპერაციის გაკეთებას აზრი არ აქვს. ამ დროს პაციენტის მდგომარეობა ინდივიდუალურად ფასდება და გადაწყვეტილებას ასე ვიღებთ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ოპერაცია გარანტირებულ შედეგს ვერ იძლევა და ვერ ვიტყვით, რომ მისი ჩატარების შემდეგ აუცილებლად გაუმჯობესდება სპერმის ხარისხი და უშვილობის პრობლემა აღმოიფხვრება. რადგან ვარიკოცელეზის გარდა სხვა მიზეზებიც შეიძლება იყოს უშვილობის გამომწვევი.
რაც შეეხებათ იმ მამაკაცებს, ვისაც სათესლე სითხეში საერთოდ არ აქვს სპერმატოზოიდები, ასეთ შემთხვევაში წყვილს გამოსავლად რჩება სათესლე ჯირკვლებიდან აღებული სპერმატოზოიდების გამოყენება. ეს ოპერაცია რთული არ არის, ის დაახლოებით 20 წუთი გრძელდება, თუმცა არც მისი ჩატარების შედეგად მიღებული სპერმატოზოიდების გამოყენების შემთხვევაში არის გარანტია, რომ ორსულობა დადგება და ბოლომდე მივა.
როგორც ექიმს, მიმაჩნია, რომ ჩვენ თავიდანვე შეგვიძლია გავმიჯნოთ წყვილები, ვისაც აქვს შანსი ბუნებრივი გზით მიიღოს ორსულობა და წყვილები, ვისთანაც ყველაფერი, სხვა გარდა ინ-ვიტრო განაყოფიერებისა, დროის კარგვა იქნება. თუ ხელოვნური განაყოფიერება აუცილებელია, თავიდანვე უნდა დავაყენოთ ეს საკითხი პაციენტთან და ეგრევე უნდა ვურჩიოთ ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება. ასეთ დროს სწორად არ მიმაჩნია მიდგომა, რომ ” მოდი ჯერ სხვა გზები ვცადოთ”. როგორც წესი, წყვილები ხელოვნურ განაყოფიერებას ბოლო გამოსავლად მიიჩნევენ, თუმცა თუ სხვა გზა არ არის და ექიმმა ეს იცის, მან უნდა აცნობოს პაციენტებს, რათა დრო არ დაიკარგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ, როდესაც წყვილი უკვე ჩამოყალიბდება ხელოვნურ განაყოფიერებაზე, შეიძლება უკვე ქალბატონმა მიაღწიოს 35-37 წლის კატასტროფულ ზღვარს და უკვე დონორის კვერცხუჯრედის გამოყენება გახდეს საჭირო, რომ აღარაფერი ვთქვათ სუროგატის აუცილებლობაზე.
წყარო: https://fortuna.ge