Plasmon
რა იწვევს ართრიტს ბავშვებში?

თარიღი: 21 აპრილი, 2020

ართრიტი – ამ სიტყვის წარმოთქმისთანავე თვალწინ წარმოგვიდგება ხანდაზმული, სახსრებდეფორმირებული ადამიანი, რომელიც გამუდმებით ნესტიან ამინდებს უჩივის. თუმცა ართრიტისგან არც პატარები არიან დაზღვეულნი. დამახასიათებელი მიმდინარეობის გამო ბავშვებში ეს დაავადება ცალკე გამოყვეს და იუვენილური რევმატოიდული ართრიტი (ირა) უწოდეს.
ირა მეტად საყურადღებო დაავადებაა. ნებაზე მიშვების ან დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ბავშვი შესაძლოა დაინვალიდდეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მის შესახებ მოგიყვეთ – ინფორმირებული მშობელი ხომ გაცილებით მალე აღმოაჩენს პრობლემას და, შესაბამისად, გაცილებით უკეთესი იქნება მკურნალობის შედეგიც.

რა არის ირა
ცოტა რამ ტერმინებზე: ბავშვთა ასაკში ჩამოყალიბებულ ქრონიკულ ართრიტს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ. ტერმინოლოგიურმა მრავალფეროვნებამ არ დაგაბნიოთ – იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, იუვენილური იდიოპათიური ართრიტი ერთი და იგივე დაავადებაა.
ახლა – თავად დაავადებაზე: ირა არის 16 წლამდე გამოვლენილი ქრონიკული დაავადება, რომელიც სახსრების ანთებით მიმდინარეობს. განვასხვაოთ: სახსრების შეშუპება, ტკივილი, ანთება ბავშვს შესაძლოა ბანალურმა ინფექციამაც დაუტოვოს. ასეთ დროს ჩივილები ინფექციისგან განკურნების შემდეგ ნელ-ნელა გაივლის და არც შემდგომშია მოსალოდნელი რამე პრობლემა. სახსრების ასეთ დაზიანებას ირას ვერ მივაკუთვნებთ. ართრიტზე რომ ავლაპარაკდეთ, დაავადება, სულ მცირე, 6 კვირა უნდა გაგრძელდეს.


ირა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა სიცოცხლის პირველ 6 თვეს ძალიან იშვიათია. მან შეიძლება მოიცვას ერთი ან რამდენიმე სახსარი, გამოიწვიოს თვალის, კანის, შინაგანი ორგანოების დაზიანება. მიმდინარეობის ამ თავისებურებათა მიხედვით ირას რამდენიმე ტიპს გამოყოფენ. სტატისტიკური მონაცემებით, აშშ-ში ამა თუ იმ ტიპის ქრონიკული ართრიტი ათასიდან დაახლოებით ერთ ბავშვს ემართება. საერთო ჯამში, ეს 300 000-მდე ბავშვია.
სისტემური ფორმა – ეს დიაგნოზი აქვს დასმული ართრიტით დაავადებული ბავშვების მეათედს. დაავადება ვლინდება განმეორებითი ცხელებით, რომელიც 39.5 გრადუსს და ზოგჯერ მეტსაც აღწევს. ხშირად თან ახლავს გამონაყარი, რომელიც დროდადრო ქრება და ხელახლა ჩნდება (წესისამებრ, ცხელებასთან ერთად). არცთუ იშვიათად ზიანდება შინაგანი ორგანოებიც. ართრიტი შესაძლოა ცხელებისა და სხვა სიმპტომების გავლის შემდეგაც დარჩეს. არც ის არის გამორიცხული, ცხელებას სახსრისმიერი ცვლილებები არ ახლდეს თან და მათ ცხელების ეპიზოდიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ იჩინონ თავი.


სისტემური ფორმისთვის ასევე დამახასიათებელია ანემია (ერითროციტების, სისხლის წითელი უჯრედების, რაოდენობის დაქვეითება) და ლეიკოციტოზი (ლეიკოციტების, სისხლის თეთრი უჯრედების, მატება).
ოლიგოარტიკულური ფორმა – ამ შემთხვევაში დაზიანება ერთიდან ოთხამდე სახსარს მოიცავს. ეს ფორმა ართრიტით დაავადებულ ბავშვთა ნახევართან გვხვდება, უმეტესად – გოგონებთან. არ არის გამორიცხული, ოლიგოარტიკულური ფორმით დაავადებულ ბავშვს მოგვიანებით გავრცობილი ართრიტი განუვითარდეს, თუმცა ასეთი სცენარი ნაკლებმოსალოდნელია და, საზოგადოდ, დიდია მომავალში სახსრის დაზიანების კუპირების შანსი, თუ დაავადების ეს ფორმა 7 წლამდე განვითარდა, თუმცა ამ შემთხვევაში იმატებს თვალის ანთების – ირიტის ან უვეიტის – განვითარების ალბათობა. ეს პათოლოგიები შესაძლოა მას შემდეგაც დარჩეს, რაც ართრიტი გაივლის. საგულისხმოა, რომ თვალის პრობლემები ფარულია, ამიტომ აუცილებელია ოფთალმოლოგის რეგულარული კონსულტაცია, რათა დროულად გამოვავლინოთ პათოლოგია და თავიდან ავიცილოთ სავალალო შედეგები, მათ შორის – სიბრმავეც.
პოლიარტიკულური ფორმა – ამ დროს დაავადება ხუთ ან მეტ სახსარს აზიანებს. ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებს ზრდასრულ ასაკში სხვებთან შედარებით მაღალი აქვთ რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკი, თანაც დაავადება მათთან უფრო ადრეულ ასაკში იწყება.
ფსორიაზული ართრიტი – სახელწოდება მიგვითითებს, რომ ამ შემთხვევაში სახსრების ანთებას კანის დაავადება ფსორიაზიც ერწყმის. ფსორიაზული ართრიტის ტიპური სურათია ფრჩხილების დაზიანება და ფეხის თითების ანთება – დაქტილიტი.
სპონდილოართროზი დაავადების კიდევ ერთი ფორმაა. ის ჰგავს იმავე დაავადებას მოზრდილებში და ხშირად ვლინდება საკროილეიტით – გავა-თეძოს სახსრის დაზიანებით.

რა იწვევს ირას
დაავადება ავტოიმუნური გენეზისაა. ეს ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარ ქსოვილებს, კერძოდ, სახსრის სინოვიურ მემბრანას აზიანებს. დაზიანება ანთებას, შესაბამისად, ტკივილსა და შეშუპებას იწვევს; ირღვევა სახსრის სტრუქტურა, რასაც საბოლოოდ მისი ფუნქციის მოშლამდე მივყავართ. დაავადების ტიპური სიმპტომებია კოჭლობა, დაჭიმულობა, შებოჭილობა, განსაკუთრებით – გაღვიძების დროს, მოძრაობის სურვილის უქონლობა, დაქვეითებული აქტივობა.
რა არღვევს თავად იმუნური სისტემის მუშაობას, უცნობია. უდავოა პროცესში გენეტიკის როლი, ვინაიდან არსებობს დაავადების ოჯახური ფორმები, თუმცა მისი მასშტაბი ჯერ კიდევ დაუდგენელია. სავარაუდოდ, დაავადების განვითარებაში არც ისე დიდი წილი უდევს კვების თავისებურებებს და ემოციურ ფაქტორებს.
ვინაიდან დაავადების მიზეზი უცნობია, არც ის ვიცით, როგორ აღვკვეთოთ მისი განვითარება.

რთული დიაგნოზი
ირას ადრეული დიაგნოსტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა არც ისე ადვილი. დაავადების საწყის ეტაპებზე ბავშვი ყოველთვის არ უჩივის ტკივილს, არც სახსრების შეშუპებაა აშკარა. ავადმყოფობის ერთმნიშვნელოვანი დიაგნოსტიკა არც ლაბორატორიული კვლევებითაა შესაძლებელი – ბავშვებთან ართრიტის გამოსავლენი ყველა ტესტის პასუხი შესაძლოა ნორმაში იყოს. ზოგჯერ კი პრობლემას ბავშვის მცირე ასაკი ქმნის – ის ვერ ამბობს, რომ სტკივა, თვალში საცემი ცვლილებები კი მოგვიანებით იჩენს თავს. ასეთ დროს მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, ხომ არ წუწუნებს, ჭირვეულობს, ღიზიანდება ბავშვი მოძრაობის, ტანსაცმლის ჩაცმის დროს, ჯდომას ხომ არ ამჯობინებს სიარულს, შეზღუდული ხომ არ აქვს სახსრებში მოძრაობა და ა.შ.
საბოლოო ჯამში, ირას დიაგნოზი დამოკიდებულია ანამნეზზე, გასინჯვისა და დათვალიერების შედეგებზე, სხვა დიაგნოზების გამორიცხვაზე. დიფერენცირება ხდება ინფექციისგან, სიმსივნისგან, ძვლების დაავადებისგან, სისტემური წითელი მგლურასგან.

მკურნალობა
ართრიტით დაავადებულ ბავშვს საუკეთესო დახმარებას ექიმთა ჯგუფი გაუწევს. ეს ჯგუფი შედგება ბავშვთა რევმატოლოგისგან, ფიზიოთერაპევტისგან, თერაპევტისგან, სოციალური მუშაკისა და მედდისგან. საჭიროებისამებრ, შეიძლება თანამშრომლობა სხვა სპეციალობის ექიმებთანაც: ოფთალმოლოგთან, ქირურგ-ორთოპედთან, ფსიქოლოგთან. მკურნალობის მიზანი სიმპტომების კონტროლი, სახსრის დაზიანების აღკვეთა და ფუნქციის შენარჩუნებაა.
რაც შეეხება მედიკამენტებს, მცირე რაოდენობის სახსრის დაზიანებას ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით მკურნალობენ. შედარებით მძიმე მდგომარეობის დროს სტეროიდების გამოყენებაა რეკომენდებული. ისინი სახსარში შეჰყავთ. ამ ფორმით მიღებულ სტეროიდებს სერიოზული გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს. განსაზღვრულ შემთხვევებში მოწოდებულია ორალური სტეროიდების გამოყენებაც, თუმცა მცირე ხნით და მინიმალური დოზით. მათი ხანგრძლივი გამოყენება თანმხლებ ეფექტებს იწვევს – წონის მატებას, ზრდის შეფერხებას, ოსტეოპოროზს, კატარაქტას, ჰიპერტონიას და სხვ.


თუ ართრიტმა ბევრი სახსარი დააზიანა და სტეროიდების ინექციებზე არ რეაგირებს, მკურნალობაში რთავენ დაავადების მამოდიფიცირებელ საშუალებებს: მეტოტრექსატს, ლეფლუნამიდს და სხვ. ცოტა ხნის წინ შექმნეს ბიოპრეპარატები, რომლებიც მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. თუმცა ძვირი. მეცნიერები მკურნალობის ახალ მეთოდებსაც ეძებენ.
ზოგ ბავშვს სჭირდება ოპერაციული მკურნალობა, სახსრის გამოცვლაც კი.

ცხოვრება ირას დიაგნოზით
ბავშვმა სრულფასოვანი ცხოვრება რომ შეძლოს, ამისთვის სხვადასხვა მეთოდია მოწოდებული. ფიზიოთერაპია და ოკუპაციური თერაპია აადვილებს სახსრების მოძრაობას, აუმჯობესებს მათ ფუნქციას, ამცირებს ტკივილს, ზრდის ძალასა და გამძლეობას.
ფიზიკური აქტივობა აუცილებელია. ვარჯიში კუნთებსა და სახსრებს აძლიერებს და მოძრაობის უნარის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ძალიან კარგია ფეხით სიარული, ველოსიპედის ტარება, ცურვა.
ცხოვრება ირას დიაგნოზით ზოგჯერ არც ისე ადვილია. მოძრაობის პრობლემები ბავშვს ფსიქოლოგიურ სტრესსაც აყენებს, ამიტომ საჭიროა, დაავადების მართვაში ფსიქოლოგიც ჩაერთოს. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება მშობლებისა და მასწავლებლების ინფორმირებას, მათ დამოკიდებულებას, ქცევას.
ირას საკმაოდ მძიმე გართულებები ახასიათებს:
* სახსრების დესტრუქცია;
* ზრდის შენელება;
* ხელებისა და ფეხების არათანაბარი ზრდა;
* მხედველობის დაქვეითება ან დაკარგვა;
* პერიკარდიტი.
როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც გართულებათა პრევენცია ადრეულ დიაგნოსტიკას და პროფესიონალურ სამედიცინო დახმარებას გულისხმობს. ბავშვების უმრავლესობა ჩვეული რიტმით აგრძელებს ცხოვრებას და თანატოლებისგან არაფრით განსხვავდება.

 

წყარო: ჟურნალი "ავერსი" (Aversi Magazine)

https://www.aversi.ge/