Plasmon
რა რისკი შეიძლება შეუქმნან შინაურმა ცხოველებმა ბავშვს და როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადებები?

თარიღი: 27 იანვარი, 2020

მე ექიმი ვარ. შინ ღუნღულა ძაღლი ბიშონი ფრიზი და ქუჩიდან აყვანილი, სიკვდილს გადარჩენილი კატა მყავს. ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანი ამ გატაცებას სისულელედ მიიჩნევს, ბევრი - ახირებად, ზოგს კი ვერ გაუგია, ზედმეტად დატვირთული დღის რეჟიმის შემდეგ როგორ ვახერხებ ჩემი პატარა ოთხფეხების მოვლას.

პატარა პაციენტების მშობელები ხშირად მეკითხებიან რჩევას, აჩუქონ თუ არა შვილებს შინაური ცხოველი, ხომ არ არის ეს საშიში მათი ჯანმრთელობისათვის.
ბევრი თვლის, რომ ცხოველმა შესაძლებელია ალერგია ან ინფექციური დაავადება გამოიწვიოს და ბავშვთან ერთად მათი სახლში ყოფნა დაუშვებელია.
საფიქრებელი და ასაწონ-დასაწონი კი მართლაც ბევრია.
უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია. თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამ წესების ზედმიწევნით დაცვა, შინ ცხოველი არ უნდა მიიყვანოთ.
- ცხოველმა შესაძლოა დაკაწროს ან დაკბინოს პატარა.
- ალერგია - ზოგ ბავშვს შესაძლოა გამოუვლინდეს ალერგია ცხოველის ნერწყვზე, ქერცლზე და ორგანულ გამონაყოფებზე, ასეთ შემთხვევებში ცხოველის სახლში ყოლა დაუშვებელია. გაითვალისწინეთ, რომ ბეწვი გაცილებით ნაკლებალერგიულია, ვიდრე ზემოთჩამოთვლილები.
ამავდროულად მამრი ცხოველები ალერგიასთან მიმართებაში უფრო წარმოდგენენ საფრთხეს, ვიდრე მდედრები.
ზოონოზური დაავადებები - ინფექციები და ჭიებით ინვაზია, რომელიც შესაძლებელია ცხოველიდან ადამიანს გადაედოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ხდება ჰიგიენური წესების სრულფასოვნად დაცვა, ცხოველის არასათანადო მოვლა.
ტრავმები, რაც დაკავშირებულია ცხოველთან, მაგ, სირბილის ან ცხოველთან შეჯახების დროს დაცემა და შესაბამისი ტრავმა.
უცხო სხეულების გადაცდენა სასუნთქ გზებში, მაგალითად , ცხოველის მშრალი საკვების.

სანამ ცხოველის აყვანას გადაწყვეტთ, დაფიქრდით, შესძლებთ თუ არა მის მოვლას, რადგან პასუხსიმგებლობა მის მოვლა-პატრონობაზე , ცხოველის და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე თქვენს შვილს კი არა თქვენ გეკისრებათ.
გაესაურეთ თქვენს ექიმს, ხომ არ აქვს პატარას რაიმე უკუჩვენება, მაგალითად, ალერგია.
ცხოველი, რომელსაც აიყვანთ, სახლში მიყვანამდე შეამოწმებინეთ ვეტერინარს და დარწმუნდით, რომ ის ჯანმრთელია.
სისტემატურად ჩაუტარეთ საჭირო აცრები და გამოცხადდით ვეტერინართან წინასწარ დაგეგმილი პერიოდულობით ცხოველის ჯანმრთელობის შესამოწმებლად.
ასევე სისტემატურად დაამუშავეთ ჭიებზე და გარეგან პარაზიტებზე.
არ დატოვოთ ბავშვი უმეთვალყურეოდ ცხოველთან.
სჯობს, არ მისცეთ ცხოველს უფლება, შევიდეს ბავშვის ოთახში, სანამ მას სძინავს.
ცხოველისათვის განკუთვნილი საკვები, წყალი და წვრილი სათამაშოები მიუწვდომელი უნდა იყოს ბავშვისათვის.
ავადმყოფი ცხოველი ბავშვისაგან იზოლირებული უნდა იყოს გამოჯანმრთელებამდე.
ასწავლეთ პატარას ხელების დაბანა ცხოველთან და მისთვის განკუთვნილ საგნებთან შეხების შემდეგ.
ცხოველისათვის განკუთვნილი საკვები და სათამაშოები შეინახეთ განცალკევებულად.
თუ შინ ორსული ქალი გყავთ, ის უნდა მოერიდოს ისეთ კატას, რომელიც დღის ნაწილს გარეთ ატარებს შინიდან გარეთ გადის ტოქსოპლაზმოზის თავიდან ასაცილებლად.

რა შეუძლიათ შინაურ ცხოველებს?

რ შევჩერდები კომპანიონი ძაღლების როლზე იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ესათუის უნარშეზღუდულობა აქვთ, არც სამსახურებრივ ძაღლებზე, რომლებიც მესაზღვრეების, პოლიციელების შეუცვლელი დამხმარენი არიან. არც იმ ლეგენდებს, რომლებიც შინაური ცხოველების მისტიურ შესაძლებლობებზე მოგვითხრობს. მე იმ სამეცნიერო კვლევებზე მოგიყვებით, რაც შინაური ცხოველების ადამიანების ჯანმრთელეობაზე ზეგავლენას ეხება.
აშშ სტატისტიკით, 71 მლნ ამერიკელს შინ სხვადასხვა ცხოველი ჰყავს და მათი დიდი ნაწილი შინაურ ცხოველს ოჯახის წევრად თვლის.
2002 წელს Allen-ის და თანაავტორთა მიერ შესწავლილი და შედარებული იქნა ადამიანთა 2 ჯგუფი - შინაური ცხოველების მფლობელები და ისინი, ვისაც ცხოველები არ ჰყავდა. პირველ ჯგუფს სტატისტიკურად სარწმუნო დაბალი გულისცემა და არტერიული წნევა ჰქონდა, ამასთანავე დატვირთვის შემდეგ ორივე ეს მაჩვენებელი სწრაფად უბრუნდებოდა ნორმას მეორე ჯგუფთან შედარებით. ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შინაური ცხოველების მფლობელებს აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების უფრო დაბალი რისკი და ამავდროულად, ისინი უფრო ეფექტურად უმკლავდებიან სტრესს.
1997 წელს Nagengast-მა და მისმა კოლეგეგებმა საინტერესო ექსპერიმენტი განახორციელეს - მათი კვლევა შეისწავლიდა 3-დან 6 წლამდე ასაკის ჯანმრთელ ბავშვებს, რომლებიც ჯანმრთელობის ჩვეული გამოკვლევის მიზნით ორჯერადად მივიდნენ პედიატრთან. პირველ ვიზიტზე მათი გასინჯვისას ოთახში ბავშვისათვის უცნობი ძაღლიც იყო, მეორე ვიზიტი კი ძაღლის გარეშე ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ პირველ ვიზიტზე ბავშვების გულისცემა, არტერიული წნევა და ქცევითი დისტრესი უფრო დაბალი იყო, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა გასინჯვას ძაღლი არ დაესწრო.
ეს და კიდევ მრავალი სხვა კვლევა ადასტურებს, რომ ცხოველებთან ურთიერთობა ადამიანს უფრო მშვიდს ხდის და სტრესს ამცირებს.
კვლევათა შედეგები ალერგიისა და ასთმის კავშირის შესახებ შინაურ ცხოველებთან არაერთგვაროვანია. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს კატების როლს ალერგიული სენსიტიურობის ზრდაში, მაშინ როცა სხვა კვლევათა შედეგები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. Hodgson -ის და მისი კოლეგების 2015 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბავშვებს, რომლებიც სიცოცხლის პირველი წლის მანძლზე ცხოვრობდნენ შინაურ ცხოველებთან ერთად, შემდგომში უფრო იშვითად ჰქონდათ ალერგიული დაავადებები, ვიდრე იმათ, ვისაც არ უცხოვრია შინაურ ცხოველთან ერთად.
ამ კვლევის შედეგი ეხმიანება ე.წ. ჰიგიენურ თეორიას, რომელიც ამტკიცებს, რომ რაც უფრო მეტი შეხება ექნება ბავშვს სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე გარემომცველ სამყაროსთან, მათ შორის ალერგენებთან, მით უფრო მეტადაა ტრენირებული მისი ორგანიზმის იმუნობიოლოგიური დაცვის სისტემა. მატულობს ორგანიზმის ამტანობა გარემო ფაქტორთა მიმართ და იშვიათად ემართება ალერგია. რაც უფრო სტერილურ პრობებში ზრდით პატარას, მით მეტია იმისი ალბათობა, რომ მას ცხოვრების შემდგომ ეტაპზებზე ალერგიული დაავადება განუვითარდება. თუმცა თუ პატარას შინაური ცხოველის მოყვანის შემდეგ ალერგია უდგინდება, სამწუხაროდ, მისთვის ეს კონტაქტი სასარგებლო ვერ იქნება. ალერგიული დაავადების მკურნალობის მთავარი პრინციპი ხომ ალერგენის მოცილებაა.
2015 წელს Gadomski-ს და კოლეგების მიერ აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგი ადასტურებს, რომ მოზარდებს, რომელთაც ძაღლი ჰყავდათ, სარწმუნოდ უფრო იშვიათად აღენიშნებოდათ სიმსუქნე, ვიდრე იმ ბავშვებს, რომელთაც შინაური ცხოველი არ ჰყავდათ.
ასეთივე შედეგი იქნა მიღებული Timperio-ს და თანაავტორთა მიერ 2008 წელს ავსტრალიაში ჩატარებული კვლევის შედეგადაც. ახსნა მარტივია - ის, ვისაც ძაღლი ჰყავს, უფრო მეტი ფიზიკური აქტივობა აქვს და დიდ დროს ატარებს სახლის გარეთ.
ცნობილია, რომ ბავშვი, რომელიც შინ ცხოველი ჰყავს, უფრო ადვილად ეჩვევა სხვაზე ზრუნვას და პასუხმისგებლობის აღებას.
ხშირად მიფიქრია, იქნებ ბევრი ჩატარებული კვლევის ოპტიმისტური შედეგი იმითაა განპირობებული, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანები ირჩევენ მეგობრად შინაურ ცხოველს, ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემებით კი ხშირად არ აქვთ არც ხალისი და არც უნარი მოუარონ ცხოველს და შესაბამისად, არ ცდილობენ აიყვანონ ისინი.

იქნებ ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანები უფრო ხალისით ერთვებიან სამეცნიერო კვლევებში, იქნებ სწორედ ისინი უზიარებენ მკველევარებს ასეთივე ხალისით იმ ეფექტებს, რაც მათ შინაური ცხოველის აყვანის შემდეგ აქვთ. იქნებ ასეცაა. მაგრამ ერთი ფაქტია - ადამიანი, რომელსაც ძაღლი ჰყავს, უფრო მეტ დროს ატარებს გარეთ სუფთა ჰაერზე, უფრო მეტს სეირნობს, უფრო მეტ ახალ ნაცნობს იძენს ქუჩაში და შესაბამისად, მეტი სოციალური კავშირი აქვს მსგავსი ინტერესების მქონე სხვა ადამიანებთან. იქნებ სწორედ ფიზიკურ სიჯანსაღესა და მორალურ კმაყოფილებასთანაა დაკავშირებული ლეგენდებიც და ფაქტებიც ცხოველის დადებითი ზეგავლენის შესახებ პატრონზე? შეიძლება. კვლევები აუცილებლად გაგრძელდება.

ასე, რომ თუ შინ შინაური ცხოველი გყავთ, მოუარეთ მას ისე, რომ ჯანმრთელი იყოს, ასწავლეთ პატარას ხელების ხშირი დაბანა, მკაცრად დაიცავით ჰიგიენის წესები. ასეთ პირობებში ოთხფეხა მეგობრები ბევრ სიხარულს და ხალისს მოგიტანენ.


სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე