Nuk
რა უნდა იცოდე COVID-19 ვაქცინაციის შესახებ

თარიღი: 24 მაისი, 2021

ინფექციონისტი, ოკლაჰომას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ვეტერანთა ჰოსპიტალში სამედიცინო სერვისების ხელმძღვანელი გიორგი კურდღელაშვილი ვაქცინაციის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხებს.

1. რა არის ვაქცინა?
ვაქცინა არის სერიოზული ან სასიკვდილო ინფექციების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება. ვაქცინის მიღებას ვაქცინაციას ან იმუნიზაციას ვუწოდებთ.

როდესაც ბაქტერია ან ვირუსი ხვდება ჩვენს ორგანიზმში, მაშინვე გამრავლებას იწყებს და თავს გვესხმის, რის გამოც ცუდად ვხვდებით და გვივლინდება სხვადასხვა სიმპტომი. ჩვენი იმუნური სისტემა კი ბაქტერიას ან ვირუსს ამოიცნობს უცხო სხეულად და მასთან საბრძოლველად გამოყოფს ანტისხეულებს.

მართალია, ვაქცინა ბევრნაირი არსებობს, თუმცა მათ საერთო აქვთ ის, რომ თითოეული იწვევს ანტისხეულების გამოყოფას ზუსტად ისე, როგორც ინფექციის შემთხვევაში მოხდებოდა. ეს ყველაფერი კი თქვენს იმუნურ სისტემას ბაქტერიასთან ან ვირუსთან საბრძოლველად ამზადებას მომავალში, თუ დაინფიცირდებით.

ვაქცინა უმეტესად კეთდება ნემსით. ზოგიერთი მათგანი, მათ შორის COVID 19-ის ზოგიერთი ვაქცინა, უნდა მიიღო რამდენიმე დოზა, რომ სრულად შეძლოს ინფექციისგან დაცვა.

2. როგორ მუშაობს ვაქცინა?
ჩვეულებრივ, ორგანიზმშში აცრის დროს შეყავთ დასუსტებული ვირუსი, რომელსაც დაავადების გამოწვევა არ შეუძლია, თუმცა ორგანიზმის იმუნური სისტემა მათ წინააღმდეგ ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ეს ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა იმახსოვრებს ვირუსს, წინასწარ მზად აქვს მისი საწინააღმდეგო ანტისხეულები და როდესაც ბუნებრივად შეხვდება მას, ანტისხეულებით მანამ ანადგურებს, სანამ ვირუსი დაავადებას გამოიწვევს.

ახალი ტიპის ვაქცინები, როგორიცაა ვექტორული და mRNA ვაქცინები, მსგავსად მუშაობს, თუმცა აცრის დროს ორგანიზმში მთლიანი ვირუსი კი არ შედის, არამედ მისი უმცირესი ნაწილის რნმ, ეგრეთწოდებული ზედაპირული სპაიკ-პროტიენის საშენი მასალა, რომლითაც კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს, ანუ ვირუსის „გასაღები“ ადამიანის უჯრედებში შესასვლელად. კორონავირუსის სწორედ ამ „გასაღები“-ს წინააღმდეგ გამოიმუშავებს ადამიანის იმუნური სისტემა ანტისხეულებს, რის შედეგადაც ვირუსი ვეღარ ახერხებს ადამიანის ორგანიზმში შეღწევას და დაავადების გამოწვევას.

3. რატომ უნდა ავიცრა COVID-19 ვაქცინით?
ვაქცინაცია ამცირებს, როგორც დაინფიცირების შანსს, ასევე ვირუსის ქონის შემთხვევაში გართულებების რისკს. ვირუსი, რომელიც იწვევს COVID-19-ს, ძალიან ადვილად ვრცელდება. თქვენ დაცვასთან ერთად, ვაქცინაცია ასევე იცავს სხვა ადამიანებს.

რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო სწრაფად შეწყვეტს ვირუსი გავრცელებას. ეს საშუალებას მისცემს ყველას უფრო ადრე დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იმოქმედებს, როდესაც საკმარისი რაოდენობის ადამიანი აიცრება.

4. COVID-19-ის გადატანის შემდეგ, მაინც მჭირდება ვაქცინაცია?
დიახ, ექსპერტები გვირჩევენ აცრას, მაშინაც კი, თუ COVID-19 გადატანილი გაქვთ. COVID გადატანილ ადამიანებს გამოუმუშავდებათ ანტისხეულები, რომლებიც გარკვეულწილად იცავს ორგანიზმს ხელახალი ინფიცირებისგან. თუმცა, ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენ ხანს ცოცხლობენ ანტისხეულები ადამიანის გამოჯანმრთელების შემდეგ.

5. ვინ უნდა აიცრას კოვიდ ვაქცინით და ვინ უნდა თქვას უარი ვაქცინაზე?
ვაქცინა განკუთვნილია მოზრდილი ადამინებისთვის. ვაქცინაციის ერთადერთი უკუჩვენებაა ანამნეზში ძლიერი ალერგიული რეაქცია ვაქცინაზე ან მის კომპონენტებზე. სხვა უკუჩვენება ვაქცინას არ აქვს.

6. როგორ უნდა მოვემზადოთ ვაქცინაციისთვის და არის თუ არა საჭირო წინასწარ ანალიზების გაკეთება?
ვაქცინაციისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის, გააგრძელეთ თქვენი ყოველდღიური მედიკამენტების მიღება, თუ რაიმე გაქვთ დანიშნული.

წინასწარი ანალიზების ჩატარება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან არც ერთი ანალიზი არ გაძლევთ ინფორმაციას იმის თაობაზე, გამოიწვევს თუ არა ვაქცინა გართულებას. ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების წინასწარ მიღება არ იცავს ადამიანს ანაფილაქსის განვითარებისგან.

7. რა სახის სასმლის ან მედიკამენტის მიღება არ შეიძლება ვაქცინაციამდე?
ექიმების რეკომენდაციით, ვაქცინაციამდე არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი და მედიკამენტები, რომელიც შეიცავს აცეტამინოფენსა და იბუპროფენს. აცეტამინოფენისა და იბუპროფენის მიღება სახიფათო არ არის, თუმცა შესაძლოა, მათ ფონზე იმუნიტეტის ჩამოყალიბება არ იყოს ისეთი ეფექტური. სხვა მედიკამენტები, რომლებსაც იღებთ ექიმის დანიშნულებით, უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივად.

თუ თქვენ გაქვთ აუტოიმუნური და სხვა დაავადება, რისთვისაც იღებთ იმუნოსუპრესიულ თერაპიას (მაგალითად, რიტუქსიმაბი, მეტოტრექსატი), გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. ზოგიერთი პრეპარატის მიღებისას რეკომენდებულია მათი მიღების გრაფიკის მორგება ვაქცინაციის დროზე.

თუ თქვენ იღებთ პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ სისხლის შედედებაზე, შესაძლებელია ვაქცინაციის ადგილზე კუნთში ჰემატომა (სისხჩაქცევა) გაგიჩნდეთ. მისი პრევენციისთვის ერთადერთი რეკომენდაციაა ინექციის შემდეგ რამდენიმე წუთით ხელის მაგრად დაჭერა ნანემსარზე.

8. უნდა ავიცრა თუ ორსულად ვარ?
ორსულები წარმოადგენენ ერთ-ერთ რისკ ჯგუფს. ისინი შეიძლება სერიოზულად დაავადდნენ COVID-19-ით დაინფიცირებისას. შესაბამისად, ექსპერტები ურჩევენ ორსულებს განიხილონ COVID-19 ვაქცინა, რა თქმა უნდა, ექიმის რეკომენდაციით.

საჭიროა მეტი მონაცემები, რომ პირველ ტრიმესტრში, როდესაც ნაყოფის ორგანოების ჩამოყალიბება ხდება, შეფასდეს ვაქცინის უსაფრთხოება, ამიტომ ვაქცინაციას ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან ურჩევენ, თუმცა არსებული მონაცემებით, პირველი ტრიმესტრის განმავლობაშიც ვაქცინაციას ნაყოფის განვითარებაზე რაიმე უარყოფითი გავლენა არ უჩვენებია.

9. რა შემდგომი რეაქცია ახასიათებს კოვიდ ვაქცინას? რა შემთხვევაში არის საგანგაშო და როგორ შეიძლება გართულდეს?
COVID 19-ის ვაქცინის მიღების შემდეგ შეიძლება შემდეგი გვერდითი მოვლენები განვითარდეს:

● სიცხე
● დაღლილობის შეგრძნება
● თავის ტკივილი
● ტკივილი ზედა მკლავში, სადაც გაგიკეთეს ნემსი

ეს არის თქვენი იმუნური სისტემის რეაქცია ვაქცინაციაზე, რაც 1-2 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.

უფრო იაშვიათად კი იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ისეთი სერიოზული გვერდითი მოვლენა დაფიქსირდეს, როგორიცაა მწვავე ალერგიული რეაქცია. ეს საკმაოდ იშვიათია, თუმცა 15-30 წუთის განმავლობაში ექიმები აკვირდებიან პაციენტს.

არ არსებობს ანაფილაქსიური რეაქციის თავიდან აცილების საშუალება, თუმცა მისი დროულად ამოცნობის შემთხვევაში კვალიფიციური სამედიცინო დახმარება ეფექტურია.

10. აცრის შემდეგ შემეძლება უნიღბოდ და სოციალური დისტანციის გარეშე გადაადგილება?
ჯერ არა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ეფექტურად მუშაობს COVID-19-ის თავიდან ასაცილებლად, დაინფიცირება მაინც შესაძლებელია. გარკვეული დრო და გამოცდილება არის საჭირო იმის გასარკვევად, თუ რამდენ ხანს უნარჩუნდება ადამიანს იმუნიტეტი აცრის შემდეგ.

მნიშვნელოვანია, გააგრძელოთ სოციალური დისტანცირება, ნიღბის ტარება, ხელების ხშირი დაბანა და 60%-იანი ალკოჰოლით დამუშავება. ამჟამად, ეს საუკეთესო რამ არის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია გავრცელების შესანებებლად.

წყარო: https://redmed.ge/