თარიღი: 12 ოქტომბერი, 2023
გულყრებით მიმდინარე სამედიცინო მდგომარეობების დროს ტვინის ელექტრული აქტივობა დროგამოშვებით ირღვევა, რაც მისი ფუნქციის დროებით და სხვადასხვა ხარისხით მოშლას იწვევს.
გულყრა ყოველთვის ე.წ. კრუნჩხვით არ მიმდინარეობს და არც ეპილეფსიაა მისი გამომწვევი ერთადერთი მიზეზი. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ გულყრების უმეტესობის კონტროლი შესაძლებელია მედიკამენტებით.
რა შეიძლება გახდეს გულყრის მიზეზი და ვის უნდა მივმართოთ დახმარებისთვის? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ კლინიკა „მედცენტრის“ ნევროლოგი, ჯამბულ მაკარაძე საუბრობს.
ბატონო ჯამბულ, რა მოვლენაა გულყრა, რა ხდება ამ დროს?
გულყრა არის ზოგადი ტერმინი, რითაც აღინიშნება ის მდგომარეობა, როცა ადამიანს შეტევის სახით ემართება განსხვავებული რამ, რაც გამოიხატება ცნობიერების შეცვლით ან დაკარგვით, კუნთთა გარკვეული ჯგუფის ან მთელი სხეულის კრუნჩხვით, დაცემით, ფერის შეცვლით და სხვა.
რა ძირითადი მიზეზები იწვევს გულყრას?
პირობითად, გულყრა შეიძლება დავყოთ ეპილეფსიურ და არაეპილეფსიურ გულყრად.
არაეპილეფსიური გულყრის მაგალითია ისტერიული გულყრა, რაც ემართებათ კონვერსიული აშლილობის მქონე პირებს.
Clevelandclinic: კონვერსიული აშლილობა არის მდგომარეობა, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არღვევს ტვინის მუშაობას. ეს იწვევს რეალურ, ფიზიკურ სიმპტომებს, რომელსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულყრას/კრუნჩხვებს, სისუსტეს ან დამბლას, ერთი ან რამდენიმე გრძნობის (მხედველობა, ხმა და ა.შ.) დაქვეითებას. ეს მდგომარეობა ხშირად განკურნებადია სხვადასხვა სახის თერაპიის საშუალებით.
გულყრათა ძირითად (უხშირეს) მიზეზს კი წარმოადგენს ეპილეფსია, რაც საკუთრივ არის ძირითადად ქრონიკულად მიმდინარე დაავადება, რომელიც შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს, ასაკის და სქესის მიუხედავად.
მისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი სიმპტომატიკა, პაციენტის რამდენიმეწამიანი გახევებიდან დაწყებული და დიდი ეპილეფსიური კრუნჩხვებით დამთავრებული.
MayoClinic: სიმპტომები განსხვავდება გულყრის ტიპის მიხედვით. ისინი ასევე შეიძლება ვარირებდნენ მსუბუქიდან მძიმემდე და შეიძლება მოიცავდეს: კონფუზიას (დეზორიენტაცია დროსა და გარემოში); მზერის გაშეშებას; მკლავებისა და ფეხების მკვეთრ მოძრაობებს, რომელთა კონტროლი შეუძლებელია; ცნობიერების ან სიფხიზლის დაკარგვა; და კოგნიტური ან ემოციური ცვლილებები, რაც შეიძლება მოიცავდეს შიშს, შფოთვას ან განცდას, რომ თქვენ უკვე განიცადეთ ეს მომენტი, რაც ცნობილია როგორც დეჟავუ.
ეპილეფსიის გარდა რა მდგომარეობების, ან დაავადებების დროს შეიძლება განვითარდეს გულყრა?
გარდა ეპილეფსიისა, არსებობს ეპილეფსიური სინდრომი, გამოწვეული ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური, იმუნური, სისხლძარღვოვანი, ონკოლოგიური ან ინფექციური პროცესებით, რაც ასევე შეიძლება გამოვლინდეს გულყრით.
ასეთ დროს არაიშვიათია ერთჯერადი გულყრა, რაც არ საჭიროებს სპეციფიკურ ანტიეპილეფსიურ მკურნალობას.
აქვე უნდა აღინიშნოს ე.წ. ფებრილური გულყრა, რომელიც ემართებათ ბავშვებს მაღალი ტემპერატურის დროს.
როგორ დავეხმაროთ ამ დროს ადამიანს?
გულყრის დროს ადამიანი უნდა დავაწვინოთ ჰორიზონტალურად, შევუხსნათ მჭიდრო ტანსაცმელი და შევეცადოთ უზრუნველვყოთ ზემო სასუნთქი გზების გამავლობა – კბილებს შორის მოვათავსოთ რაიმე რბილი საგანი, მაგალითად, ნაჭრით შემოხვეული კოვზის ტარი. ყველა ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტია დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია.
Mayoclinic: კრუნჩხვების უმეტესობა გრძელდება 30 წამიდან ორ წუთამდე. კრუნჩხვა, რომელიც ხუთ წუთზე მეტხანს გრძელდება, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.
რა გამოკვლევა უტარდება ამ დროს პაციენტს?
გულყრის შემთხვევაში, მიუხედავად მისი ხასიათისა, აუცილებელია ოჯახის ექიმის და ნევროლოგის კონსულტაცია და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება.
აუცილებელ კვლევათა რიგშია ელექტროენცეფალოგრაფია, სისხლის საერთო და ბიოქიმიური კვლევები, ზოგჯერ თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევაც.
Clevelandclinic – სხვა მიზეზები, რის გამოც შეიძლება განვითარდეს გულყრა: ანევრიზმა; ჟანგბადის ნაკლებობა; თავის ტვინის ტრავმული დაზიანება ან მძიმე შერყევა; ტვინის დეგენერაციული დაავადებები, ისეთი, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება ან ფრონტტემპორალური დემენცია; ნარკოტიკული საშუალებები და ალკოჰოლი; აბსტინენციის სინდრომი; ეკლამფსია; ელექტროლიტების პრობლემები, განსაკუთრებით დაბალი ნატრიუმი (ჰიპონატრიემია), კალციუმი ან მაგნიუმი; მგრძნობელობა მოციმციმე ან მბჟუტავი სინათლის მიმართ; ინფექციები (განსაკუთრებით ენცეფალიტი ან მენინგიტი); მეტაბოლური პრობლემები, განსაკუთრებით სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია) ან დაბალი შაქრის დონე (ჰიპოგლიკემია); სეფსისი; ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა; ტოქსინებითა და შხამებით მოწამვლა; ანთება ჰიპონატრიემია მდგომარეობებისგან.
წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge