თარიღი: 25 ნოემბერი, 2019
რას იწვევს გაზრდილი საეკრანო დრო და რამდენი ხანი შეიძლება გაატაროს ბავშვმა ეკრანთან
დასაწყისშივე შევთანხმდეთ, მე, როგორც ექიმი და ვთვლი, პროგრესული ადამიანიც, ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები პროგრესის მოწინააღმდეგე, მაგრამ საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ, ნამდვილად დასაფიქრებელია.
დიდი ხანია, გავიდა ის დრო, როცა ტელევიზორი ერთადერთი ეკრანიანი საყოფაცხოვრებო ნივთი იყო ჩვენს სახლებში.
სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა სიკეთესთან ერთად ბევრი უცნაური დაავადებაც მოიტანა, მაგალითად, ფეისბუქის დეპრესია, ინტერნეტზე დამოკიდებულება, სექსტინგი (პორნოგრაფიული სურათების გადაცემა, გაზიარება, მიღება), ხოლო სამედიცინო და პოპულარულ ლიტერატურაში კიდევ ერთი ახალი ტერმინი გააჩინა - საეკრანო დრო. ეს არის დროის ის შუალედი, რასაც ადამიანი ეკრანთან ატარებს.
ციფრულ საკომუნიკაციო საშუალებებს ბავშვები და მოზარდები სულ უფრო ხშირად იყენებენ თანატოლებთან, ახლობლებთან თუ სრულიად უცნობ ადამიანებთან კომუნიკაციისათვის.
ოფიციალურად, სოციალური ქსელების უმეტესობა რეგისტრაციისათვის 13-14 წელს მიუთითებს, თუმცა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა მოწმობს, რომ ბავშვების 60%-ს 10 წლის ასაკში უკვე არის რომელიმე სოციალური ქსელის მომხმარებელი, მათ დიდი ნაწილს მიმოწერა აქვს სრულიად უცხო ადამიანებთან. მოზარდთა 22% დღის მანძილზე საშუალდ 10-ჯერზე ხშირად შედის ამორჩეულ სოციალურ ქსელში.
ბრიტანელი ბავშვთა ფსიქოლოგის, რიჩარდ ვულფსონის აზრით, სოციალური ქსელებით ადრეულ ასაკში სარგებლობა ბავშვებს აძლევს საშუალებას, მოიპოვონ ისეთი ინფორმაციები, რომელთა აღქმის უნარი მათ ამ ასაკში ჯერ კიდევ არ აქვთ.
რატომ არის საშიში საეკრანო დროის გაზრდა
- ციფრულ მედიასაშუალებებთან ურთიერთობისას ფიზიკური აქტივობა შეზღუდულია, მცირდება ენერგიის ხარჯვა, რაც სიმსუქნის რისკს ზრდის.
-ბსაეკრანო დროის გაზრდა იწვევს ძილის დარღვევებს. ბავშვს უჭირს ჩაძინება, ღამის მანძლზე ხშირად იღვიძებს. ამავდროულად, ბავშვი, რომელსაც ღამით არ სძინავს, ხშირად წაიხემსებს, რაც ზრდის სიმსუქნის განვითარების რისკს.
- საეკრანო დროის ზრდასთან ერთად მატულობს ქცევის დარღვევების რისკიც-იზრდება შფოთვის, დეპრესიის, ყურადღების დეფიციტის განვითარების ალბათობა , ადრეულ ასაკში ფერხდება ფსიქო-მოტორული განვითარება.
სად ვცოდავთ მშობლები
ხშირად მშობლები თავად არიან ციფრული საშუალებების მოხმარების ინიციატორები, იყენებენ მას ბავშვის გასართობად, კვების წასახალისებლად, მოუცლელობის დროს ბავშვის დასამშვიდებლად, რის გამოც ის თანდათან ეჯაჭვება ეკრანს. ამ დროს სულ უფრო ნაკლები დრო რჩება პატარას თამაშისათვის, რაც უმნიშვნელოვანესია მისი განვითარებისათვის.
მომდევნო ასაკში ბავშვს ოთახში აქვს პერსონალური კომპიუტერი და ხშირად მშობლებმა არც კი იციან, რა ვებ-გვერდებს სტუმრობს მათი შვილი ან რომელ საათზე იძინებს ღამით.
ციფრული ტექნოლოგიების სიკეთეები
უამრავი უაყროფითი გავლენის მიუხედავად ციფრულ საშუალებებს დიდი სარგებლობა მოაქვთ ბავშვებისა და მოზარდებისათვის.
- კომპიუტერები ეფექტურად გამოიყენება სწავლის პროცესში
- მოზარდებს საშუალება აქვთ, იპოვონ მსგავი ინტერესების თანატოლები, სახლიდან გაუსვლელად დაგეგმონ საინტერესო ღონისიძიებები და შეუერთდნენ მათ, ერთობლივად იმუშაონ სხვადასხვა პროექტზე. ყოველივე ეს აძლიერებს მოზარდების ინდივიდუალურ და კოლექტიურ კრეატიულობას.
- ციფრული საშუალებები მოზარდებს საშუალებას აძლევთ, მიიღონ ანონიმური რჩევები ექიმისაგან, ფსიქოლოგისაგან მათთვის საინტერესო თემებზე, რომელზე საუბარსაც ვიზიტის დროს თავს არიდებენ.
რა შეიძლება გავაკეთოთ
საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა უფლებათა კონვეცნციის კომიტეტმა მას 2014 წლის სექტემბერში სპეციალური სესიაც მიუძღვნა.
მრავალსაათიანი სჯა-ბაასის შემდეგ მიღებულ იქნა რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ციფრული მედიასაშუალებების ბალანსირებულ და გონივრულ გამოყენებას.
რეკომენდაციები ითვალისწინებს არამარტო ბავშვის უფლებას, მისთვის ხელმისაწვდომი იყოს ციფრული საშუალებები, არამედ უსაფრთხოების ნორმების სწავლებას და დაცვასაც.
აი, კონკრეტული რეკომენდაციებიც:
- გაიტანეთ კომპიუტერი და ტელევიზორი ბავშვის ოთახიდან
იმისათვის, რომ მისცეთ მაგალითი, თავად შეზღუდეთ მისი თანდასწრებით კომპიუტერით და სმარტფონით სარგებლობის დრო მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში.
- ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით, 2 წლამდე ასაკის პატარას შეხება არ უნდა ჰქონდეს ეკრანთან. 2 წლის ასაკიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო რეკონენდაცია კიდევ უფრო გაამკაცრა და ეწ. უწყვეტი ჯდომის დრო კომპიუტერთან 1 საათამდე შემცირდეს ამ ასაკში.
- ნუ გამოიყენებთ ციფრულ მედიას ბავშვის გასართობად და კვების წახალისებისათვის, გართობისათვის. შეეცადეთ ამის ნაცვლად უფრო დიდი დრო დაუთმოთ მასთან თამაშს, სეირნობას, აქტიურ თამაშს სუფთა ჰაერზე. ასე ადრეული ასაკიდანვე შეამცირებთ კომპიუტერული დამოკიდებულების რისკს.
- ყურადღებას მიაქციეთ, რა ინტერნეტ-გვერდებზე აქვს წვდომა თქვენს შვილს.
თუ სახლში ხმოვანი ფონი გჭირდებათ, ამისათვის ტელევიზორი კი არა, რადიო გამოიყენეთ.
- და კიდევ, თუ თქვენი პატარა მთელ დღეს ძიძასთან ატარებს, თავიდანვე გააფრთხილეთ ის, რომ მოარიდოს პატარა ეკრანს.
- აშშ პედიატრიის აკადემია მოუწოდებს მშობლებს, მასწავლებლებს და ექიმებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ამ საკითხებს.
- ამავე ორგანიზაციის რეკომენდაციით, პედიატრი მოზარდის კონსულტაციისას უნდა სვამდეს 2 დამატებით კითხვას - რა დროს ატარებ ყოველდღიურად ეკრანთან და არის თუ არა შენს ოთახში კომპიუტერი ან ტელევიზორი.
მოკლედ, მეგობრებო, ისწავლეთ ციფრული მედიის გამოყენება სწორად, შეეცადეთ, ასწავლოთ იგივე თქვენს შვილს და დატკბით ჯანმრთელი პროგრესით!
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე