თარიღი: 13 აპრილი, 2021
ბურღული ბავშვისათვის აუცილბელი საკვებია, რომაა, ეს ხომ ისედაც იცით. თუმცა მარტო ბავშვისათვის კი არა, მოზრდილთა რაციონში საკვების დღიური მოცულობის 30% სწორედ ბურღულის წილად უნდა მოდიოდეს.
და თუ თქვენ უკვე შესთვაზეთ პატარას წიწიბურაც, ბრინჯიც, ხორბალიც, შვრიაც, სიმინიდის გემრიელი ფაფაც გაასინჯეთ და დაფიქრდით, კიდევ რა შეიძლება იყოს მისთვის სასარგებლოც და გემრიელიც, ფეტვი გაიხსენეთ.
ამბობენ, რომ ათასწლეულთა წინ, სანამ ადამიანი მის კულტივაციას დაიყებდა, ამ მცენარის გარეული სახეობა აფრიკაში იზრდებოდა. წვრილი მარცვლები, რომლებიც მდიდარია მიკრო- და მაკრონუტრიენტებით, თანდათან გახდა აზიელთა და ევროპელთა საყვარელი საკვებიც.
რატომ ფეტვი?
• იმიტომ, რომ ეს ჰიპოალერგიული, ძალიან სასარგებლო ბურღულია, რომელიც არ შეიცავს გლუტენს.
• ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების, მათ შორის მძიმე მეტალების გამოდევნას.
• მდიდარია ბეტა-კაროტინით, რაც ძალიან სასარგებლოა ჩვილის ზრდა-განვითარების, აგრეთვე თვალის ფუნქციონირებისათვის.
• ფეტვი B ჯგუფის ვიტამინების მდიდარი წყაროა. შეიცავს პრაქტიკულად ყველა ჯგუფის B ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ბავშვის ზრდისათვის, მონაწილეობს ორგანიზმის ენრეგიით უზრუნველყოფაში, ხელს უწყობს კარგ გუნება-განყობას.
• მის შემადგენლობაში არსებული E ვიტამინი საუკეთესო ანტიოქსიდანტია და უჯერედებს მავნე რადიკალებისაგან იცავს.
• შეიცავს დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს, რის გამოც ხელს უშლის ყაბზობის განვითრებას. ამავდროულად, საკვები ბოჭკოები ნაწლავური მიკროფლორის საუკეთესო საკვებია და ეხმარება სასარგებლო ბაქტერიების განვითარებას.
• შეიცავს ამინომჟავებს, მათ შორის შეუცველელ ამინომაჟავებსაც - ვალინს, ლეიცინს, ლიზინს, ასე აუცილებელს ბავშვის ზდრა-განვითარებისათვის. შეგახსენებთ, შეუცველელი ამინომჟავების წარმოქმნა ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია, ისინი საკვებთან ერთად უნდა მივიღოთ.
• ამავდროულად, ფეტვის ცილები ადვილად აითვისება.
• აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი.
• ანემიის პროფილაქტიკისათვის გამოსადეგ ამ პროდუქტში რკინა და ფოლიუმის მჟავის საკმარისი რაოდენობაა.
• ფეტვის მდიდარი მინერალური შემადგენლობა განსაკუთრებულად სარგებლიანს ხდის მას.
რამდენიმე განვიხილოთ:
-დიდი რაოდენობით კალციუმი და ფოსფორი ბავშვის ძვლოვანი სისტემის განვითარებისათვის აუცილებელია ელემენტებია.
- შეიცავს ფტორს, რაც პატარას კბილების განვითარებისათვის სჭირდება.
- შეიცავს იოდს, რაც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ ფეტვის შემადგენლობაში არსებული ე.წ თიონამიდისმაგვარი ნივთიერება, შესაძლოა, აბრკოლებდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზს.
- თუთია მონაწილეობს იმუნურ რეაქციებში, წარმოადგენს ორგანიზმში არსებული 300-მდე ფერმენტის შემდგენელ ნაწილს.
მოკლედ, გამოიყენეთ ფეტვი ბავშვთა კვებისთვის მისი მდიდარი და სასარგებლო ნუტრიციული თავისებურებების გამო, თუმცა ნუ დაივიწყებთ მრავალფეროვნებას, რისთვისაც საჭიროა პატარას სხვადასხვა ბურღული შესთავაზოთ.
როდიდან და რა ფორმით
• სხვა ბურღულეულთან შედარებით ფეტვი უფრო ძნელი მოსანელებელია, ამიტომ ფეტვის ფაფას ნუ შეარჩევთ პირველ ბურღულის ფაფად.
• 8 თვიდან, მას შემდეგ, რაც პატარას სხვა ბურღული გაასინჯეთ, შეგიძლიათ ფეტვიც შესთავაზოთ.
გახსოვდეთ, რომ მოხარშვამდე ფეტვი რამდენჯერმე კარგად უნდა გარეცხოთ, უმჯობესია, რამდენიმე საათით ოთახის ტემპერატურის წყალშიც დაალბოთ. იხარშება დაახლოებით 15 წუთში.
• ფეტვის ფანტელები 1 წლის ასაკიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ ფორმის ბურღულის ჩალბობა საჭირო არ არის. ის იხარშება რამდენიმე წუთის მანძილზე, შემდეგ უნდა დატოვოთ თავდახურულ ჭურჭელში მცირე ხნით.
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე