თარიღი: 04 დეკემბერი, 2019
ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო შუა აზიაა, საიდანაც შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა და ბევრი ქვეყნის სამზარეულოს საყვარელი პროდუქტი გახდა.
ისტორიული წყაროები ამბობენ, რომ შუმერები მკვეთრი სუნის გამო ნარგავების პარაზიტებისაგან დასაცავად იყენებდნენ.
ეგვიპტის ფარაონების ბრანებით კი პირამიდების მშენებელი ყველა მონის რაციონში უნდა ყოფილიყო ფიზიკური ძალისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.
ბერძნებს ის ფილტვის დაავადების უებარ წამლად და მამაკაცური უშვილობისას პანაცეად მიაჩნდათ, ხოლო ძველი რომაელები თილისმასავით კისერზე დაკიდებულს დაატარებდნენ დაავადებისაგან დასაცავად.
მოკლედ, ნივრის ამბავი უნდა მოგიყვეთ.
მიკროსკოპის არარსებობისა და მიკრობიოლოგიის არცოდნის მიუხედავად, შუა საუკუნეში ჩემი კოლეგები თვლიდნენ, რომ ნიორს გადამდები დაავადებებისაგან თავდაცვა შეეძლო და ჭირის ეპიდემიების დროს ინფექციის პროფილქტიკისათვის იყენებდნენ.
მარტო სამკურნალო თვისებები კი არდა, შუა საუკუნეების ევროპელი ჯადოქრების მაგიურ პროდუქტებს შორის ნიორიც იყო, ავი თვალისაგან დამცავი ამულეტები და ათასგვარი კეთილი ჯადო-მისნობა მის გარეშე არ კეთდებოდა.
ლუი პასტერი პირველი იყო, რომელმაც უკვე მიკროსკოპის ერაში დაადასტურა, რომ იქ, სადაც ნივრის ნაჭერი იდო, ბაქტერიები არ იზრდებოდნენ.
ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ესპანეთის ქალაქი ლას პედრონერასი ოფიციალურად ითვლება ნივრის მსოფლიო ქლაქად.
ეს პატარა ქალაქი ესპანეთის სამხრეთდასავლეთით მდებარეობს და სულ რაღაც 7000 ბინადარი ჰყავს. სწორედ აქ მოჰყავთ მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო ხარისხის იისფერი ნიორი Ajos Morados და ყოველ ზაფხულს ნივრის საერთაშორისო კონგრესსაც ატარებენ.
ისტორიაზე ბევრი გიამბეთ, ახლა ვნახოთ, რას შეიცავს ეს ჯადოსნური ბოსტნეული იმისთანას, ნივრის ქალაქ ლას პედრონერასში ძეგლიც რომ დაუდგეს.
ნივრის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, სელენიუმი, მანგანუმი, იოდი, ეთერზეთები. შეიცავს C ვიტამინს და B ვიტამინების სრულ სპექტრს.
მისი მთავარი სამედიცინო ღირსება, რის გამოც ნიორი ოდითგან ითვლებოდა ინფექციებისაგან თავდაცვის საუკეთესო საშულებად, ფიტონციდებია. ეს აქროლადი ნივთიერებების ჯგუფია, რომლებსაც მწერების, პარაზიტების, ვირუსებისა და ბაქტერიების, სოკოების განადგურება შეუძლია.
შემთხვევითი არაა, ძველ ქართულ კარაბადინებში შეგხვდებათ ნივრის შეცველი ჭიის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებების რეცეპტებიც.
ნივრის შემადგენლობაში მეცნიერებმა ნივთიერება ალიინი იპოვეს, რომელიც ნივრის უჯრედების ციტოპლაზმაშია და ნივრის კბილის დაჭრისას, რასც თან უჯრედების დაშლა სდევს თან ალიინი რეაქციაში შედის ფერმენტ ალიცინიაზასთან. შედეგად მიიღება ნივთიერება ალიცინი, რაც ნიორს სპეციფიკურ სუნს ანიჭებს.
ალიცინი არ შეითვისება ორგანიზმის მიერ, ის გამოიყოფა ოფლით, შარდით, სუნთქვის დროს. წარმოადგენს მძლავრ ანტიოქსიდანტს და კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია.
კვლევები ადასტურებენ, რომ ადამიანები, რომელებიც ხშრად იყენებენ ნიორს, წლის მანძილზე 3-ჯერ უფრო იშვიათად უფრო ავადობენ სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებით.
ნივრის ექსტრაქტი ადგილობრივად გამოყენებისათვის ოდითაგნ ცნობილია როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება.
უკანასკნელ წლებში ჩატარებული კვლევები მის გასაოცარ ეფექტებს ადასტურებს -აღმოჩნდა, რომ ნიორს არტერიული წნევის რეგულირება, თრომბების წარმოქნის თავიდან აცილება და ლიპიდების დარღვევების მოწესრიგებაც შეუძლია.
არც ძველი ბერძნების გამოცდილება ყოფილა აზრსმოკლებული -ნიორი ტესტოსტერონის, მამაკაცის ჰორმონის სინთეზზეც მოქმედებს.
ექიმები არ გვირჩევენ ნივრის მიღებას კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის,დაავადებების დროს. უკუნაჩვენებია ასევე პანკერასისა და თირკმლის პათოლოგიების შემთხვევაშიც.
გასათვალისწინებელია, რომ ნიორი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ ალერგიისაკენ მიდრეკილების დროს სიფრთხილე გვმართებს.
როდიდან შეიძლება პატარას ნიორი გავასინჯოთ? 9-10 თვიდან მხოლოდ მოხარშული, სადილების შემადგენლობაში, 3 წლიდან კი უმი სახითაც შეგვიძლია შევთავაზოთ.
დაბოლოს, ხალხურ მედიცინას ბევრი რეცეპტი აქვს ვირუსული ინფექციებისაგან თავდაცვისათვის.
აი, ერთი მათგანი:
500 გრამ თაფლს დაუმატეთ 1 ლიმონის წვენი და 2 თავი ნივრის წვენი. აურიეთ კარგად.
სახალხო მკურნალები ამბობენ , რომ დღეში 1 სუფრის კოვზი ეს ნარევი ვირუსულ ინფექციებს აგარიდებთ.
როგორი გემო აქვს, არ ვიცი, მაგრამ ცდა შეიძლება.
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე
.