Nuk
რატომ ჩნდება კენჭოვანი დაავადება და როგორია მისი მკურნალობა

თარიღი: 02 თებერვალი, 2023

თირკმლების და შარდსაწვეთების კენჭები საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა, NCDC-ს მონაცემებით, საქართველოში გასულ წელს ეს პრობლემა 23 305 ადამიანს აწუხებდა, აქედან 8000-ზე მეტი ახალი შემთხვევა იყო. კენჭების ორგანიზმში წარმოქმნის მთავარი განმაპირობებელი არაჯანსაღი კვება და ისეთი მავნე ჩვევებია, როგორიცაა წყლის არასათანადო რაოდენობით მიღება, ძალიან მლაშე ან ტკბილი საკვების ხშირი მოხმარებით და სხვა. უროლოგი, მედიცინის დოქტორი მზია დიდმანიძე განმარტავს, რომ დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, კენჭებს გაცილებით უფრო სერიოზული გართულებები შეიძლება მოჰყვეს, ვიდრე ის მწვავე შეტევითი ტკივილებია, რომელსაც ასე უფრთხიან პაციენტები.

 

რა არის კენჭი, რას წარმოადგენს ის?

კენჭი არის მინერალებისგან შემდგარი კრისტალური წარმონაქმნი, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს საშარდე გზებში იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს მიდრეკილება შარდკენჭოვანი დაავადებისკენ.

 

ეს არის ქრონიკული დაავადება, მას შეიძლება ჰქონდეს მორეციდივე ხასიათი და მთელი ცხოვრების მანძილზე იყოს ადამიანის თანამგზავრი.

 

რატომ ჩნდება კენჭოვანი დაავადება?

მარტივად რომ ავხსნათ – კენჭები საშარდე გზებში ჩნდება იმ შემთხვევაში, თუ შარდი გაჯერებულია მარილოვანი ნალექით. ანუ როცა მარილებით გაჯერების ხარისხი მაღალია, ხდება მათი კრისტალიზაცია, ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან და ეს კრისტალები ქმნიან შემდგომ კენჭს.

 

თვითონ დაავადება არის პოლიეტიოლოგიური, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მრავალი მიზეზი აქვს. კერძოდ ამ დაავადების ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ეგზოგენური, ანუ გარემო ფაქტორები, ისე შინაგანი ფაქტორები. გარე ფაქტორებია:  კვების თავისებურება, ცხოვრების წესი, კლიმატი, წყლის შემადგენლობა. Შინაგანი ფაქტორებია: თანდაყოლილი და შეძენილი ანატომიური დეფექტები, გენეტიკური წინასწარგანწყობა, საშარდე გზების ინფექციები, სისტემური დაავადებები და  სხვადასხვა შეძენილი მეტაბოლური დარღვევები

 

სად წარმოიქმნება/ჩნდება პირველად კენჭი?

როცა ვსაუბრობთ შარდკენჭოვან დაავადებებზე, პირველ რიგში, ვგულისხმობთ თირკმლების დაავადებას და არა კენჭს შარდის ბუშტში. შარდის ბუშტის კენჭების წარმოქმნის მიზეზი უკავშირდება არა ზოგად, არამედ ადგილობრივ ფაქტორებს, მაგალითად ნარჩენი შარდის არსებობას შარდის ბუშტში, ქრონიკულ ინფექციებს, კათეტერერის ხანგრძლივ დგომას და კიდევ ბევრ სხვა დაავადებას.

 

რაც შეეხება შარდკენჭოვან დაავადებას და თირკმელში კენჭის აღმოცენებას, როგორც უკვე ვთქვით, მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ ძირითადად ყველა ეს მიზეზი მიდის იქითკენ, რომ შარდი გაჯერებულია ჭარბი მარილოვანი ნალექით. ამას ხელს უწყობს მეტაბოლური დარღვევებიც და სხვადასხვა შეძენილი პრობლემაც. 

 

კენჭის ზომა თავიდან არის ძალიან პატარა, მაგრამ ის თანდათან იზრდება, რადგანაც მას ედება ახალ-ახალი ნალექი. კენჭი შეიძლება იყოს სხვადასხვა მინერალური შემადგენლობის, ყველაზე ხშირად გვხვდება ოქსავატები – კალციუმის შემცველები, ფოსფატები, ურატები, შერეული კენჭები, კარბონატები და ასე შემდეგ. 

 

ყველაზე აგრესიულად მიმდინარე არის ისეთი კენჭოვანი დაავადება, რომელიც სერიოზული ინფექციის ფონზე აღმოცენდება, ასეთ კენჭებს ჩვენ სტრუვიტულ კენჭებს ვეძახით. აგრესიული იმიტომ არის, რომ ძალიან სწრაფად იზრდება. შეიძლება ადამიანმა ოპერაცია გაიკეთოს თირკმელზე კენჭის გამო, მაგრამ ძალიან სწრაფად კვლავ ჩამოყალიბდეს იმავე ადგილას ახალი კონკრემენტი.

 

რა გზას გადის თირკმლიდან წამოსული კენჭი?

როგორც მოგეხსენებათ თირკმელების მთავარი დანიშნულებაბ შარდის პროდუცირება, რომელიც გროვდება მენჯ-ფიალოვან სისტემაში და შარდსაწვეთის გავლით ჩადის შარდის ბუშტში. ზუსტად ამ გზას გადის კენჭიც. თუ ის წამოიღო შარდის ნაკადმა, მან უნდა გაიაროს შარდსაწვეთი – დაახლოებით 30 სმ და მერე უნდა ჩავიდეს შარდის ბუშტში. კენჭის მიგრაციის მომენტიდან  იწყება  ძლიერი ტკივილი – თირკმლის ჭვალი. სანამ კენჭი თირკმელშია, პაციენტს ტკივილი არ აწუხებს, როგორც კი იგი დაიწყებს სვლას შარდსაწვეთში, პაციენტს ეგრევე ეწყება ძლიერი ტკივილი. ეს იმიტომ, რომ ხდება შარდის შეგუბება, ანუ ის ერთადერთი გზა საიდანაც თირკმელი დრენირდება, იკეტება და თირკმელში ხდება ჭარბი რაოდენობით  შარდის დაგროვება ანუ  მისი გადავსება. ჩვენ ამას ვეძახით დილატაციას. სწორედ ამ დროს იწყება  თირკმლის ჭვალი, რითაც პაციენტები ყველაზე ხშირად მოგვმართავენ გადაუდებელი დახმარებისთვის.

 

რა შემთხვევაში ჩნდება კენჭი უშუალოდ შარდის ბუშტში?

შარდის ბუშტში კენჭების წარმოქმნის მიზეზი არის ადგილობრივი პათოლოგია და არა ის ზოგადი  მიზეზები, რაც იწვევს შარდკენჭოვან დაავადებას. შარდის ბუშტში წარმოქმნილი კენჭების განმაპირობებელია ადგილობრივი პრობლემები, კონკრეტულად  ეს არის  შარდის ბუშტში ნარჩენი შარდის არსებობა, რაც მეტყველებს ინფრავეზიკულურ ობსრუქციასა  და შარდის ბუშტის არასრული დაცლაზე. ამის მიზეზებია: პროსტატის ჰიპერპლაზია, შარდის ბუშტის ყელის სკლეროზი, შარდსადენი მილის შევიწროვება, შარდის ბუშტის სიმსივნე, ხანგრძლივად კათეტერის დგომა, ქრონიკული ინფექციები და ა.შ.

 

ტკივილის გარდა რა ნიშნები შეიძლება მიგვანიშნებდეს კენჭოვან დაავადებაზე?

თირკმელში არსებული კენჭები იშვიათად იწვევს ძლიერ ტკივილს, თუმცა თუ არსებული კენჭი გადაადგილდება თირკმლის მენჯში და ახდენს შარდის დინების დარღვევას, მაშინ შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი. სხვა შემთხვევაში უნდა ვაკონტროლოთ შარდის ანალიზი, მასში სისხლის ბურთულების არსებობა არის ერთ-ეთი ყველაზე ხშირი გამოვლინება აღნიშნული პრობლემის. შარდკენჭოვანი დაავადება შეიძლება გახდეს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მიზეზიც.

 

მაშინ, როცა პაციენტს ტკივილი ეწყება, ეს უკვე ნიშნავს, რომ მოხდა თირკმლის მწვავე ობსტრუქცია, ანუ ჩაიკეტა თირკმელი და ამ დროს იწყება ძლიერი ტკივილები.

 

რაც შეეხება შარდის ბუშტის კენჭებს, კლინიკურად, ამ შემთხვევაში პაციენტს უჭირს შარდვა, აქვს ნარჩენი შარდის შეგრძნება, შეიძლება ჰქონდეს წყვეტილი ნაკადი კენჭის გამო, შარდი არის მუდამ მღვრიე, სისხლნარევი და ძალიან სპეციფიკური სუნია აქვს, ინფიცირების გამო.

 

თირკმლის ჭვალის დროს ტკივილი ყოველთვის იწყება თირკმლიდან, მაგრამ თუ კენჭი გადაინაცვლებს ქვემოთ შარდის ბუშტისკენ, გადამცემი ტკივილი შეიძლება წავიდეს წელის მიდამოდან მუცლის წინა კედელზე და საზარდულის მიმართულებით, რაც უფრო ქვემოთ არის შარდსაწვეთში კენჭი, მით უფრო გამოხატულია ეს გადამცემი ტკივილი სასქესო ორგანოების მიმართულებით და იწყება გახშირებული შარდვა, არასრული მოშარდვის შეგრძნება.

 

მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია კენჭის მდებარეობაზე, ზომაზე და გართულებებზე. არსებობს მკურნალობის კონსერვატიული და ოპერაციული მეთოდები.

 

მედიკამენტური თერაპიით შესაძლებელია ურატული კენჭების ეფექტური მკურნალობა. კენჭები მცირდება ზომაში და ქრება.

 

პაციენტებთან საჭიროა უროლოგის მუდმივი მეთვალყურეობა. იმ შემთხვევაში, როცა არის ობსტრუქცია, გართულებული თირკმლის ფუნქციური ბლოკით და ინფექციით, უნდა დაიგეგმოს ოპერაციული ჩარევა. კენჭის მოცილება დღეს შესაძლებელია ღია ოპერაციის გარეშე – თანამედროვე ტექნოლოგიებმა პრაქტიკულად თითქმის სრულად ჩაანაცვლეს ღია ოპერაციები.

 

კენჭის მოშორება შეიძლება დისტანციური ლითოტრიფსიით. ეს არის კენჭის დაშლა სხივური ზემოქმედებით დისტანციურად, ანუ გარედან, როცა ორგანიზმში არ იჭრება არაფერი. ამ დროს ვაქუცმაცებთ კენჭს მცირე ნაწილაკებად და ბუნებრივი გზით ის გამოჰყვება შარდს. ცხადია, ამ პროცედურას აქვს თავისი ჩვენება, მაგალითად კენჭი არ უნდა იყოს 2 სმ-ზე მეტი ზომაში და არ უნდა იყოს მაღალი სიმკვრივის. სიმკვრივის განსაზღვრება წინასწარ კომპიუტერული ტომოგრაფიით.

 

არსებობს ენდოსკოპიური მეთოდები, ანუ ტარდება მცირე ინვაზიური ოპერაცია, ჭრილობის გარეშე კეთდება ეს ჩარევა. შეგვიძლია საშარდე გზებში, საშარდე მილიდან, ბუნებრივი გზებიდან შევიდეთ და გამოვიღოთ კენჭი ან დავშალოთ ლაზერისა თუ სხვა მეთოდების გამოყენებით. შეგვიძლია კანის გავლით მოვხვდეთ თირკმელში, კონტაქტურად მივიდეთ და ისე დავშალოთ კენჭი. შესაძლებელია ვიზუალურად ვაკონტროლოთ მისი დაშლა და გამოღების პროცესი.

 

ბოლო მეთოდია ღია ოპერაცია. როცა არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი არ მუშაობს და როცა, გარდა კენჭისა, არსებობს თირკმელთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც, მაგალითად შარდსაწვეთის შევიწროება, მისი დეფორმაცია, ამ შემთხვევაში საჭიროა ღია წესით ჩარევები.

 

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კენჭების პირველადი, ან განმეორებითი წარმოქმნა?

ეს რჩევები განსხვავებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არასოდეს ჰქონია კენჭი და ვინც უკვე იმკურნალა და მოიშორა კენჭი. ზოგადი პრევენციული ზომების მიხედვით, პირველი რეკომენდაცია არის ის, რომ ადამიანმა ჩვევად აქციოს დღეში საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება, ეს არის დღეში 1.5 – 2 ლ. წყალი.

 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკვები, უნდა მოვერიდოთ ზედმეტად მარილიან, ცხარე, მჟავე, ტკბილ საკვებს. კვება უნდა იყოს ბალანსირებული, ანუ არაფერი განსაკუთრებულად ჭარბად არ უნდა მივიღოთ, თუ მშრალი კვება გვიწევს გარკვეული მიზეზებით, შევეცადოთ ეს გავანეიტრალოთ დამატებით ხილ-ბოსტნეულისა და წყლის მიღებით.

 

იმ ადამიანებს, ვისაც ეს დაავადება აქვთ ანამნეზში, ჩვენ გვაქვს საშუალება კენჭის სპექტრალური-მინერალური ანალიზი გავაკეთოთ. ანუ განვსაზღვროთ ამ ადამიანის მიერ მოშორებული კენჭის ზუსტი მინერალური შემადგენლობა და ამის მიხედვით შევუდგინოთ მას დიეტა.

წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge