თარიღი: 06 თებერვალი, 2023
ქალის სასქესო ორგანოებში შეიძლება განვითარდეს როგორც ერთი, ისე მრავლობითი პოლიპი. მათი დიაგნოსტირება ყველა ასაკშია შესაძლებელი, თუმცა ყველაზე ხშირად პოლიპები 40-დან 49 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება. ბათუმის სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგის, ქეთი ფარტენაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიპები კეთილთვისებიანად მიიჩნევა, ავთვისებიანად ტრანსფორმაციის მცირე რისკი მაინც არსებობს, სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება.
ქალბატონო ქეთი, რა არის საშვილოსნოს პოლიპი?
ქალის სასქესო ორგანოების პოლიპი არის კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი, რომელსაც ხაოს ან მსხლის ფორმა აქვს და ლორწოვან გარსს წვრილი ფეხით ეკვრის. საშვილოსნოს პოლიპების ზომა რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე აღწევს. დღეს ის კიბოსწინარე დაავადებად განიხილება, ამიტომაც არის აუცილებელი პოლიპის დროული მკურნალობა.
რატომ ჩნდება პოლიპები?
პოლიპების წარმოქმნის შესაძლო მიზეზებია: საკვერცხეების ჰორმონალური დისფუნქცია, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებითი პროცესები, ენდოკრინოლოგიური დაავადებები (როგორიცაა სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი), ასევე შესაძლო მიზეზად განიხილება ენდომეტრიუმის დაზიანება კიურეტაჟის, აბორტის დროს.
რა სიმპტომები მიანიშნებს პოლიპის შესაძლო არსებობაზე?
პოლიპის კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია მის ხასიათზე, ზომასა და ქალის ასაკზე. შესაძლოა პოლიპს ჰქონდეს საერთოდ უსიმპტომო მიმდინარეობა, ასევე შესაძლოა გამოხატული იყოს ისეთი ნიშნებით, როგორიცაა ციკლის დარღვევა, ჭარბი და ხანგრძლივი მენსტრუაცია, ასევე სისხლდენა, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუაციას, შესაძლოა მუცლის ქვემო არეში ახასიათებდეს სპაზმური ხასიათის ტკივილი. კლინიკურ ნიშნად განიხილება უნაყოფობა, რომლის უშუალო მიზეზია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრების შეუძლებლობა.
რა სახეობის პოლიპები არსებობს?
არსებობს ჯირკვლოვან-კისტოზური პოლიპი, ჯირკვლოვან-ფიბროზული პოლიპი და პლაცენტალური პოლიპი – იგი ორსულობის შეწყვეტის ან მშობიარობის შემდეგ პლაცენტის ქსოვილის მცირე ნაწილის საშვილოსნოს ღრუში დარჩენის შემთხვევაში დროთა განმავლობაში ყალიბდება და უნაყოფობის მიზეზია.
ლოკალიზაციის ანუ მათი ადგილმდებარეობის მიხედვით განასხვავებენ ოთხი სახის პოლიპს: საშვილოსნოს ყელისა და სხეულის (საშვილოსნოს ღრუს) პოლიპებს, ენდომეტრიუმის პოლიპებს, ცერვიკალური არხის და პლაცენტალურ პოლიპებს.
როგორ ხდება დიაგნოსტირება?
დიაგნოსტირება მოიცავს გინეკოლოგიურ დათვალიერებას, საშვილოსნოს და მცირე მენჯის ღრუს ულტრაბგერით კვლევას, ჰისტეროსკოპიას [სპეციალური ენდოსკოპით საშვილოსნოს ყელის გავლით ექიმი შედის საშვილოსნოს ღრუში და ათვალიერებს მის კედლებს. საჭიროების შემთხვევაში ხდება შესაბამისი ქირურგიული ჩარევა] და ჰისტოლოგიურ კვლევას.
როგორ მკურნალობენ?
პოლიპების მკურნალობა მოიცავს ჰორმონალურ თერაპიასა და ქირურგიულ ჩარევას.
მცირე ზომის პოლიპები სიმპტომების გარეშე შეიძლება თავისთავად მოგვარდეს. მცირე ზომის პოლიპების მკურნალობა არ არის საჭირო, თუ არ ხართ საშვილოსნოს კიბოს რისკის ქვეშ. ასეთ დროს, ლოდინის პერიოდში, საჭიროა დაკვირვების წარმოება.
პოლიპების მოცილება ხდება ჰისტეროსკოპიის გამოყენებით. მკურნალობის შედეგების მონიტორინგისთვის რეკომენდებულია რეგულარული ულტრაბგერითი დიაგნოსტირება. მნიშვნელოვანია პოლიპის სრულფასოვნად ანუ „ფეხიანად“ მოკვეთა, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების რეციდივი, ანუ მისი განმეორებით განვითარება.
გამოჯანმრთელებას 1-2 კვირა სჭირდება.
ორსულობის დაგეგმვა შესაძლებელია მომდევნო მენსტრუალური ციკლის განმავლობაში.
წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge