Plasmon
რატომ გვიჭირს ცხვირით სუნთქვა?

თარიღი: 15 ივნისი, 2020

სუნთქვა ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. თავად სუნთქვის პროცესი კი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, ცხვირით ვსუნთქავთ თუ პირით. პირით სუნთქვა არის ე.წ. "უკიდურესი საშუალება", რომელიც განკუთვნილია მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისთვის, როდესაც ცხვირის სუნთქვა რაიმე მიზეზითაა გართულებული. ცხვირი არამარტო ატარებს ჰაერის ნაკადს, არამედ ახდენს მის გაუნებელყოფას(მტვრის ნაწილაკებისგან, ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან), დატენიანებას, საჭიროების მიხედვით გათბობას ან გაგრილებას. ცხვირით სუნთქვა აუცილებელია შუა ყურის და ცხვირის დანამატი წიაღების აირაციისთვის, ასევე სისხლის მიმოქცევისა და თავზურგტვინის სითხის ნორმალური ცირკულაციისთვისაც. ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ადამიანების უმეტესობაში, სხვა ბევრ უარყოფითთან ერთად იწვევს ემოციურ აშლილობასაც.

„ავერსის კლინიკის“ ოტორინოლარინგოლოგის, შორენა წიკლაურის განმარტებით, ცხვირით სუნთქვის გართულების მრავალი მიზეზი არსებობს.

ყველა მათგანი შეიძლება დაიყოს ოთხ ტიპად.
- პირველ რიგში, ცხვირის სუნთქვა შეიძლება გართულდეს ლორწოვანი გარსის შეშუპების გამო. მწვავე და ქრონიკული რინიტი, სინუსიტი, ალერგიული რინიტი და ქრონიკული ვაზომოტორული რინიტი.
- ცხვირით სუნთქვის გაძნელება შეიძლება გამოწვეული იყოს ინტრანაზალური სტრუქტურების ანატომიური დარღვევით როგორიცაა, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფია.
- სხვა მიზეზი შეიძლება იყოს ცხვირის სავალების თანდაყოლილი ან შეძენილი ობსტრუქცია. როგორიცაა ქოანების ატრეზია ან ცხვირის ღრუს უცხო სხეული. ასევე ცხვირის ღრუს ქსოვილების უკონტროლო ზრდა როგორიცაა სიმსივნეები, პოლიპები, აგრეთვე ადენოიდები.
- დაბოლოს, ზოგჯერ ცხვირის სუნთქვის დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს ჰორმონალური დარღვევებით ან გარკვეული მედიკამენტების გვერდითი ეფექტებით.

მიუხედავად იმისა, რომ ცხვირით სუნთქვის გაძნელება უსიამოვნო მდგომარეობაა, ბევრი ადამიანი მაინც უგულებელყოფს ამ სიმპტომს და მიიჩნევს, რომ ის არც ისე სერიოზულია. ყველაზე გავრცელებული წამალი, რომელიც თვითნებურად გამოიყენება ცხვირის სუნთქვის გასაუმჯობესებლად, არის ვაზოკონსტრიქტორული წვეთები და სპრეები. ისინი ხელს უწყობენ ლორწოვანის შეშუპებისას განტვირთვის შეგრძნებას. ყველა ვაზოკონსტრიქტორული პრეპარატი იყოფა ოთხ ჯგუფად - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ნივთიერება დევს მათ საფუძველში, თუმცა მათი მოქმედების მექანიზმი მეტნაკლებად ერთნაირია. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ვაზოკონსტრიქტორული  წვეთები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას უკონტროლოდ. ეს, სინამდვილეში, არ არის განკურნება, არამედ მხოლოდ სიმპტომების დროებითი შესამსუბუქებელი საშუალებაა. თუ ასეთ წამლებს ძალიან ხშირად იყენებთ, დამოკიდებულების ეფექტი აუცილებლად განვითარდება. ამიტომ, თვითმკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ სამიდან ხუთი დღემდე. თუ ცხვირით სუნთქვა არ გაუმჯობესდა, ექიმს უნდა მიმართოთ.

ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება ბავშვებში
როგორც წესი, ბავშვები უფრო ცუდად იტანენ ცხვირით სუნთქვის გაძნელებას ვიდრე მოზრდილები, ადვილად ღიზიანდებიან და მუდმივად ტირიან, აგრეთვე უარს ამბობენ ძუძუთი კვებაზე. ყველაზე ხშირად, ბავშვებში ცხვირის სუნთქვის გაძნელების მიზეზებია რინიტი, ადენოიდები ან ცხვირის ღრუს უცხო სხეულები (მძივები, სათამაშოების მცირე ფრაგმენტები). ბავშვებში ცხვირის ღრუში შეშუპების სიმპტომის მოხსნის დროს უნდა იქნას გათვალისწინებული რამდენიმე პუნქტი. უპირველეს ყოვლისა, გამოყენებული ყველა საშუალება უნდა იყოს წვეთების და არა სპრეის სახით, რათა ინფექცია არ გადავიდეს შუა ყურში და ასევე არ გამოიწვიოს სასუნთქი გზების სპაზმური შევიწროვება. ვაზოკონსტრიქტორული პრეპარატები გამოიყენება ძალიან ფრთხილად, მკაცრი დოზირებით, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით.

ზოგადად თუ ცხვირით სუნთქვის გაძნელება არის გახანგრძლივებული (2 კვირა და მეტი), ჯობია თვითმკურნალობისგან თავი შევიკავოთ.   ექიმთან დროული მიმართვით ხშირად მარტივად ხდება მდგომარეობის გამოსწორება  და უფრო რადიკალურ ჩარევა უმეტესწილად აღარ არის საჭირო.