თარიღი: 13 ივნისი, 2018
“დედიკო, მუცელი მტკივა”
ბავშვი ისე არ გაიზრდება, ავად რომ არ გახდეს. ხან ყელი წამოსტკივდება, ხან სურდო შეაწუხებს.
მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც მუცლის პრობლემები ახსენებთ თავს: კუჭის აშლილობა, რომელსაც ექიმები დიარეას უწოდებენ, ყაბზობა და რაღა თქმა უნდა, ტკივილი.
მაინც რატომ სტკივათ ბავშვებს მუცელი? ეგებ უხარისხო საკვების ბრალია ან მოუწესრიგებელი კვების რეჟიმია დამნაშავე? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ზოგადი პედიატრიული და გასტროენტეროლოგიური განყოფილების გამგე დავით მახათაძე.
. გახშირდა თუ არა ბოლო დროს ბავშვთა კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები?
– სტატისტიკური კვლევა, რომელიც ბავშვთა ასაკში კუჭ-ნაწლავის მწვავე და ქრონიკული პათოლოგიების შემთხვევათა ყოველწლიურ მატებას ან კლებას აღნუსხავდა, არ წარმოებს, თუმცა კლინიკური დაკვირვების თანახმად, ხსენებულ დაავადებათა სიხშირის მატება ბოლო წლებში არ შეინიშნება.
. უპირატესად რომელი გასტროენტეროლოგიური პრობლემის გამო მოჰყავთ მშობლებს ბავშვები?
– ბავშვები უმთავრესად მუცლის ტკივილს უჩივიან. ამგვარი ჩივილით 2 წელზე უფროსები, უპირატესად კი სასკოლო ასაკისანი მოჰყავთ. ეს იმის ბრალია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი უფრო და უფრო მრავალფეროვნად იკვებება – სანამ პატარაა, მშობლები ფრთხილობენ, შედარებით ერთფეროვან საკვებს სთავაზობენ... ამას ერთვის ისიც, რომ სკოლაში სიარულის დროს ბავშვი ხშირად სწრაფი კვების ობიექტებში ყიდულობს საუზმეს.
. რომელი დაავადება იწვევს მუცლის ხშირ ტკივილს?
– მცირე ასაკის ბავშვებში მუცლის ტკივილის მთავარი მიზეზი ჰელმინთოზი ანუ ჭიის კვერცხებით ინვაზიაა. მისი უყურადღებოდ დატოვება არამც და არამც არ შეიძლება. მოგეხსენებათ, ჩვენს პატარებს მეტად დაბინძურებულ გარემოში უხდებათ არსებობა. ასევე იოლია კოლექტივის პირობებში, საბავშვო ბაღი იქნება ეს თუ სკოლა, ჭიის კვერცხებით დასნებოვნება. ამის კვალობაზე, მკურნალობის ეფექტიანობის მთავარი პირობა ჰიგიენური ნორმების დაცვაა, კერძოდ, ბავშვმა ხშირად უნდა დაიბანოს ხელები, არასდიდებით არ შეიძლება დაუბანელი ხელებით საკვების მიღება.
. გარდა მუცლის ტკივილისა, რა ნიშანმა უნდა აფიქრებინოს მშობელს, რომ ბავშვი ჭიის კვერცხებით არის ინვაზირებული?
– ჰელმინთოზზე მიგვანიშნებს კბილების კრაჭუნი ძილი დროს, გაძლიერებული ნერწყვდენა და უკანა ტანის ქავილი, თუმცა ამ ნიშნების არსებობა აუცილებელი სრულიადაც არ არის. საკმარისია, ბავშვი ხშირად იტკიებდეს მუცელს – ის უთუოდ უნდა მივიყვანოთ ექიმთან და პირველ რიგში ჭიის კვერცხების არსებობაზე გამოვიკვლიოთ.
. ხშირია თუ არა ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ისეთი პათოლოგიები, როგორიც არის გასტრიტი ან წყლულოვანი დაავადება?
– წყლულოვანი დაავადება და გასტრიტი ბავშვებშიც იჩენს თავს, მაგრამ მოწიფულებს შორის გაცილებით ხშირად ემართებათ. საქმე ის გახლავთ, რომ წყლულის ჩამოყალიბებას ხშირი სტრესი, კვების რეჟიმის დარღვევა უდევს საფუძვლად, რაც ზრდასრულთა ცხოვრებაში უფრო ხშირია.
თანამედროვე შეხედულებით, წყლულოვანი დაავადების ძირითადი გამომწვევია ჰელიკობაქტერია (Helicobacter pylori), თუმცა ორგანიზმში მისი არსებობა სრულებით არ ნიშნავს, რომ წყლული უთუოდ ჩამოყალიბდება. წყლულოვანი დაავადების ჩამოყალიბებაში მრავალი სხვა ფაქტორი (არასწორი კვება, კუჭის თანდაყოლილი მაღალი მჟავიანობა და ა.შ.) მონაწილეობს.
. ხშირია თუ არა ბავშვებში ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები?
– როცა ბავშვს მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში დისკომფორტი და ტკივილი აწუხებს, მიზეზი ხშირად ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება) ჰგონიათ. წესისამებრ, ამგვარ დიაგნოზს სვამენ ნაღვლის ბუშტის ულტრასონოგრაფიული კვლევის შედეგადაც, რაც სრულიად გაუმართლებელია.
ქოლეცისტიტს, გარდა ტკივილისა, ახასიათებს სხეულის ტემპერატურის მატება, გულისრევა და ღებინება. ამჟამად მიიჩნევა, რომ ნაღვლის ბუშტის ანთება თან სდევს ნაღველკენჭოვან დაავადებას, რომელიც ბავშვთა ასაკში იშვიათია. ამ ასაკში უპირატესად სანაღვლე გზების დისკინეზია ვითარდება, რაც ნაღვლის პასაჟის (გამოდევნის) დარღვევით არის განპირობებული. თავის მხრივ, ეს პათოლოგია შეიძლება სანაღვლე გზების თანდაყოლილ დეფორმაციას (მაგალითად, ნალის ფორმის ნაღვლის ბუშტს) უკავშირდებოდეს ნაღვლის პასაჟის შეფერხების შედეგად ირღვევა საკვების მონელების პროცესი, ნაღვლის ბუშტის კედლები იჭიმება, რაც ტკივილს იწვევს. ამდენად, ის, რაც მშობელს ქოლეცისტიტი ჰგონია, ძალიან ხშირად სანაღვლე გზების დისკინეზიაა.
უტყუარი დიაგნოზის დასმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სრულიად განსხვავებულია მკურნალობის ტაქტიკა. თუკი ნაღვლის ბუშტის ანთების შემთხვევაში ანტიბიოტიკის მიღებაა საჭირო, სანაღვლე გზების დისკინეზიის დროს ნაღველმდენი საშუალების სმა, ყრუ გამორეცხვა და კვების რეჟიმის მოწესრიგებაა რეკომენდებული.
. როგორი უნდა იყოს დაწყებითი კლასების მოსწავლის კვების რეჟიმი?
– პირველ რიგში, მშობლებს ვურჩევ, ბავშვებს ნატურალური საკვები შესთავაზონ, მოარიდონ ძეხვეულს, სოსისებს, შებოლილ ხორცს, ჩიფსებს და სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმს.
. რას გვეტყოდით გაზიან სასმელებზე?
– არასასურველია გაზიანი სასმელებით, მაგალითად, კოკა-კოლათი გატაცება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს ტკბილი გაზიანი სასმელები სრულებით ავუკრძალოთ. დაბადების დღეზე, წვეულებებზე ერთი ჭიქა კოკა-კოლას დალევა პატარას ნამდვილად არ ავნებს.
. რა სიხშირით უნდა იკვებებოდეს სკოლის მოსწავლე?
– სკოლის მოსწავლე, სულ მცირე, სამჯერ მაინც უნდა იღებდეს საკვებს. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი უსაუზმო, მშიერი მიდის სკოლაში და პირველი კვება 2-3 საათზე უწევს. ეს სრულიად გაუმართლებელია. საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვლოვანი აპარატი რეჟიმულად უნდა მუშაობდეს.
ახალგაღვიძებულ ბავშვს არ შია და იძულებით უწევს ჭამა. საუზმეს, დისკომფორტი რომ არ ახლდეს თან, სჯობს, ბავშვი ადრე დააძინონ. მაშინ ის უფრო ადრე გაიღვიძებს და გამოფხიზლებასა და ჯეროვნად მოშიებასაც მოასწრებს. ამის შემდეგ, სასურველია, მან მსუბუქად წაიხემსოს, თუკი, რაღა თქმა უნდა, სკოლაში ამის საშუალება აქვს. შემდეგ შინ უნდა ისადილოს, ბოლოს კი მსუბუქად ივახშმოს.
. რა მნიშვნელობა აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის წვნიანის რეგულარულ მიღებას?
– წვნიანი ბავშვმა ყოველდღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ მაინც უნდა მიიღოს. ამჟამად მიიჩნევენ, რომ არ არის სასურველი, ბავშვმა ერთბაშად მიირთვას პირველი კერძი, მეორე კერძი და დესერტი – კუჭ-ნაწლავის ტრაქტი მეტისმეტად იტვირთება და შეიძლება, მონელების პროცესი დაირღვეს. უმჯობესია, თითოეულ ჯერზე ბავშვმა თითო სახის საკვები მიიღოს. ხილი სასურველია ცალკე მივცეთ და არა ჩაროზად. ასე ორგანიზმი მას უკეთ შეითვისებს და სარგებლობასაც მეტს მოგვიტანს.
. გავრცელებული თვალსაზრისის თანახმად, უმჯობესია, ბავშვს ის ხილი შევთავაზოთ, რომელიც მისსავე ქვეყანაში მოდის...
– ამ თვალსაზრისს სავსებით ვეთანხმები. ტროპიკული ხილი, რომელიც ხანგრძლივი ტრანსპორტირების შემდეგ აღწევს ჩვენამდე, ნაკლებად სანდოა.
. მშობლები ხშირად ამბობენ, რომ საღეჭი რეზინი მათ შვილს კუჭს უღიზიანებს...
– საღეჭი რეზინის ღეჭვა ჭამის შემდეგ 15-20 წუთის განმავლობაში სასურველია, ვინაიდან იგი პირის ღრუს ასუფთავებს და მასში სასიამოვნო არომატს ტოვებს, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში და, მით უმეტეს, მშიერ კუჭზე ღეჭვა გამართლებული ნამდვილად არ არის და აი, რატომ: რეზინის ღეჭვის დროს გამომუშავდება კუჭის წვენი, რომელიც საკვების მონელებისთვის გახლავთ საჭირო, და ვიანიდან კუჭში საკვები არ არის, იგი კუჭის ლორწოვანს ინელებს.
. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამოკვლევები ხშირ შემთხვევაში მეტად უსიამოვნო ენდოსკოპიურ გამოკვლევასთან ასოცირდება. ხშირად ხდება თუ არა საჭირო ბავშვებში ამ კვლევის ჩატარება?
– ენდოსკოპიური გამოკვლევის აუცილებლობა იშვიათად, მაგრამ მაინც ჩნდება. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბავშვთა ასაკში ქოლეცისტიტი იშვიათად ვითარდება, დუოდენალური ზონდირების აუცილებლობამ იკლო. რაც შეეხება სანაღვლე გზების დისკინეზიებს, ზემოხსენებულ კვლევას არავითარი დიაგნოსტიკური ღირებულება არ გააჩნია.
ენდოსკოპიურ კვლევას წყლულოვან დაავადებაზე, გასტრიტსა და დუოდენიტზე (თორმეტგოჯა ნაწლავის ანთებაზე) ეჭვის არსებობისას მივმართავთ. პროცედურა უმტკივნეულოა, თუმცა მეტად უსიამოვნო, ამიტომ, თუ აუცილებელი არ არის, მცირე ასაკის ბავშვებში მის გამოყენებას ვერიდებით.
. დიდხანს გრძელდება თუ არა კუჭ-ნაწლავის დაავადებათა მკურნალობა ბავშვებში?
– მკურნალობა უმთავრესად დიეტას გულისხმობს, თუმცაღა მცირედი შეზღუდვებით და მოკლე ხნით. არც მედიკამენტური მკურნალობა გახლავთ ხანგრძლივი. მაგალითად, წყლულოვანი დაავადების დროს წამლების მიღება ბავშვს მეტწილად ერთი კვირის განმავლობაში უწევს. თუ შედეგს მცირე ხნის შემდეგ ვერ მივიღებთ, მკურნალობა გრძელდება.
თუკი მონელების პრობლემას ვმკურნალობთ, მედიკამენტური თერაპია (ინიშნება მხოლოდ ერთი ან ორი დასახელების პრეპარატი) შედარებით ხანგრძლივია და 20 დღეს, ერთ თვეს მაინც მოითხოვს.
სანაღვლე გზების დისკინეზიის დროს მეტად ეფექტური გახლავთ დუბაჟი.
. დაბოლოს, რას ურჩევდით მშობლებს?
– ყველას ვურჩევდი, შვილებს ბუნებრივი საკვებით გაუმასპინძლდნენ, დაუშალონ სწრაფი კვების ობიექტებში საჭმლის შეძენა, საღეჭი რეზინის დიდხანს ღეჭვა, გაზიანი სასმელების სმა, ხოლო თუ ბავშვი ხშირად უჩივის მუცლის ტკივილს, არამც და არამც არ დატოვონ უყურადღებოდ და უთუოდ მიმართონ სპეციალისტს.
წყარო: www.aversi.ge