თარიღი: 25 მარტი, 2021
რატომ უნდა მივცეთ ბავშვს მწყრის ხორცი?
გემრიელი, კალორიული, სასარგებლო - ეს მწყრის ხორცია. ჰოდა, თუ ყველა ამ თვისებას ფლობს, რატომ არ უნდა მივცეთ ის პატარას?!
და მაინც, რითია გამორჩეული ამ მცირე ზომის ფრინველის ხორცი?
• საკმაოდ კალორიული პროდუქტია მისი ყოველი 100გრამი 134 კკალ ენერგიას შეიცავს.
• დიეტურია და ალერგიული ადამიანებისათვისაც ადვილი ასატანი - მწყრის ხორცი, ისევე როგორც მისი კვერცხი ხომ ოვომუკოიდს შეიცავს, რომელსაც ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
• მწყრის ხორცში ცილა 21-22%-ია, ხოლო ცხიმი 2,5-4%.
• ყველაზე მნიშვნელოვანი ცილის შემადგენლობაა. ის შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, რომელთა სინთეზი ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია და ამავდროულად, ამინომჟავები ისეთი შემადგენლობითაა წარმოდგენილი, რაც ბავშვის ორგანიზმის მიერ მათ ათვისებას უწყობს ხელს.
• მწყრის ხორცი B ჯგუფის ვიტამინების ნამდვილი საბადოა - ის დიდი რაოდენობით შეიცავს B6, B1, B6 B3, B12 ვიტამინებს.
• ამ პატარა ფრინველის ხორცში ბევრი A ვიტამინია, რომელიც ბავშვის ზრდა- განვითარებისათვისაა აუცილებელი.
• ეს ხორცი გამორჩეულია D ვიტამინის მაღალი შემცველობითაც. ის გაცილებით მეტია, ვიდრე იმავე რაოდენობის ქათმის ან ინდაურის ხორცში.
• ლიზოციმი, რომელსაც მწყრის ხორცი შეიცავს, იმუნურ რეაქციებში მონაწილეობს.
• რკინის მაღალი შემცველობა ანემიის პროფილაქტიკისათვისაა მნიშვნელოვანი.
მწყრის ხორცი სხვა აუცილებელ და სასარგებლო ნუტრიენტებსაც შეიცავს - სპილენძს, კობალტს, მანგანუმს, თუთიას. ეს ნივთიერებები აუცილებლია ორგანიზმში მიმდნარე 300-ზე მეტი ქიმიური რეაქციისათვის, რადგან ისინი ამ რეაქციებისათვის საჭირო ფერმენტული სისტემების ნაწილია.
ბავშვის ძვლოვანი სისტემის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი კალციუმი და ფოსფორი ასევე დიდი რაოდენობითაა წამოდგენილი მწყრის ხორცში.
და მთავარი - ყველა ეს ნუტრიენტი ისეთი თანაფარდობითაა წარმოდგენილი, რომ ორგანიზმის მიერ ერთმანეთის ათვისებას ხელს უწყობს.
მწყრის ხორცს არ აქვს უკუჩვენებები, თუ პატარას მისი ინდივიდულური აუტანლობა არ აქვს.
როგორ ავარჩიოთ და მოვამზადოთ
• ნუ დაგაბნევთ ხორცის მუქი ფერი - მწყერი სხვა ფრინველისაგან განსხვავდება. თუ ხორცზე ხელის დაჭერისას ჩანაჭდევი მალე გასწორდა, ნიშნავს, რომ ხორცი ახალია.
• ხორცის მოხარშვისას პირველი ნახარში აუცილებლად გადაღვარეთ - მწყრის ხორცი დიდი რაოდენობით პურინებს შეიცავს, რაც პატარასთავის სასარგებლო სულაც არ არის.
• მწყრის ხორცის მიცემა (ნახარშის გარეშე) 8 თვიდან შეიძლება ბოსტნეულთან ან ბრინჯთან ერთად. გაითვალისწინეთ, რომ მწყრის ხორცი სწრაფად, დაახლოებით 30 წუთში იხარშება.
არ მისცეთ პატარას მწყრის ხორცი, თუ მისი წარმომავლობა არ იცით - მწყერი შეიძლება პარაზიტებით ან მიკრობებით, მაგალითად, სალომონელათი იყოს ინფიცირებული, რაც ბავშვის დაავადებას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ სჯობს ბავშვს ფერმაში გაზრდილი, სერტიფიცირებული ფრინველის ხორცი სჯობს შესთავაზოთ.
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე