თარიღი: 14 აგვისტო, 2023
ზოგიერთი ადამიანის კანი შეიძლება გაწითლდეს, გამოშრეს, აიქერცლოს, დაიფაროს მუწუკებითა და ბუშტუკებით კონკრეტულ ნივთიერებასთან შეხებისას.
ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ნივთიერება, რომელიც წარმოადგენდეს ან გამაღიზიანებელ ფაქტორს, რაც პირდაპირ აზიანებს კანს, ან ალერგენს, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციას.
ბევრი პერმანენტული და ზოგიერთი ნახევრად პერმანენტული თმის საღებავი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება პარაფენილენდიამინი (PPD), რომელიც არის ცნობილი, როგორც გამაღიზიანებელი, ისე ალერგენიც.
PPD არის თმის საღებავზე რეაქციების უმრავლესობის მიზეზი. მუქი ფერის საღებავები შეიცავს PPD-ს უფრო მაღალ დონეს. გარდა თმის მუქი ფერის საღებავებისა, იგი ასევე გამოიყენება შავ რეზინებში, ფირების გასამჟღავნებლად, ქსოვილის შესაღებად, ეპოქსიდურ ფისოვან გამწმენდებში, ზეთებსა და და ბენზინში. პოტენციური ჯვარედინი რეაქციები ახასიათებს პარაბენების ოჯახის კონსერვანტებთან, პარამინობენზოის მჟავასთან, სულფანილამიდებთან (შარდმდენი და დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებების ჩათვლით) და ბენზოის მჟავის ეთერების ჯგუფის საანესთეზიო საშუალებებთან. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა გააცნობიეროს, რომ თმის პროდუქტმა "PPD-ის გარეშეც" კი შეიძლება გამოიწვიოს რეაქციები პარაფენილენდიამინის სხვა ვარიანტების შემცველობის გამო (მაგ. ტოლუენ-2,5-დიამინის სულფატი).
პარაფენილენდიამინი ხშირად გვხვდება ან მოხსენებულია, როგორც დანამატი ჰენასა (ხნა) და "შავი ჰენაში" და შეიძლება გამოიწვიოს რეაქცია, რომელიც შეცდომით არის განმარტებული, როგორც ჰენას (ხნის) ალერგია. სუფთა, დაუბინძურებელი Lawsonia inermis (ჰენას ხე) გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს რეაქციები პარაფენილენდიამინის მიმართ ალერგიულ პაციენტებში და შესაძლოა იყოს გონივრული ალტერნატივა შავი თმის საღებავზე ალერგიული ზოგიერთი პაციენტისთვის. სუფთა ჰენა ალერგიული კონტაქტური დერმატიტის უკიდურესად იშვიათი მიზეზია.
არის PPD უსაფრთხო?
PPD-ის შემცველი თმის საღებავები წესით უსაფრთხოა გამოსაყენებლად უსაფრთხოების ინსტრუქციების გათვალისწინებით. არსებობს PPD-ის ოდენობის მაქსიმალური ლიმიტი, რომელსაც შეიძლება შეიცავდეს პროდუქტი და განვითარებულ ქვექნებში ეს სპეციალური სააგენტოების მიერ კონტროლირდება.
უსაფრთხოების ისტრუქციების უგულებელყოფა (თმის საღებავის ხანგრძლივი დროით დაყოვნება, კარგად არ ჩამობანა, დაშვებულზე დიდი რაოდენობით დატანა) ან ცუდი ხარისხის საღებავის გამოყენება სერიოზული რეაქციის რისკის ქვეშ აყენებს ადამიანს.
განსაკუთრებით რისკი იზრდება თუკი ადამიანს აქვს ან ადრე ჰქონია დროებითი ტატუ, რომელიც ხშირად PPD-ს მაღალ დონეს შეიცავს, რამაც შეიძლება გაზარდოს ალერგიული რეაქციის რისკი მომდევნო ჯერზე ამ ნივთიერებასთან შეხებისას.
თმის საღებავზე რეაქციის ნიშნები და სიმპტომები
PPD-ზე რეაქციები შეიძლება განსხვავდებოდეს თავის კანის მსუბუქი გაღიზიანებიდან ალერგიულ რეაქციამდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სიმპტომები არა მხოლოდ შეხების ადგილზე, არამედ სისტემურადაც.
მსუბუქი გაღიზიანება
მარტივი გამაღიზიანებელი დერმატიტი შეიძლება გამოვლინდეს თავის კანის, კისრის, შუბლის, ყურების ან ქუთუთოების სიწითლით თმის საღებავის გამოყენების შემდეგ.
უფრო რთულ შემთხვევაში რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს საღებავთან კონტაქტის ადგილებში სიწითლით, შეშუპებით, ბუშტუკოვანი გამონაყარით, თავის კანის სიმშრალით, გასქელებით და ნახეთქებით. შეიძლება თან ახლდეს წვის ან ქავილის შეგრძნება.
სიმპტომები ვლინდება დაახლოებით 48 საათის განმავლობაში, თუმცა ძლიერმა გამღიზიანებლებმა შეიძლება გამოიწვიოს დაუყოვნებლივი რეაქციაც.
ალერგიული კონტაქტური დერმატიტი
როგორც წესი ვლინდება უკვე სენსიბილიზირებულ პაციენტში, ანუ თუკი პაციენტს უკვე ჰქონდა შეხება პარაფენილენდიამინთან. ვლინდება კონტაქტის ადგილზე სიწითლით, შეშუპებით, ურტიკარიული გამონაყარით, ქავილით, რომელიც გადადის შუბლზე, სახეზე, შესაძლოა კისერზეც.
PPD-მ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისტემური რეაქციაც, როგორიცაა ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ზოგადი სისუსტე, მიბნედილობა და ა. შ
ეს სიმპტომები შეიძლება არ განვითარდეს რამდენიმე საათამდე, ან თუნდაც რამდენიმე დღის შემდეგ.
მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც ვითარდება რამდენიმე წუთიდან 24 საათის განმავლობაში ეწოდება ანაფილაქსია, ან "ანაფილაქსიური შოკი". ანაფილაქსიის ნიშნებია:
-კანის ქავილი, წითელი ფერის გამონაყარი კანზე
-შეშუპებული თვალები, ტუჩები, კიდურები - ქუთუთოები შეიძლება ისე შეშუპდეს, რომ თვალების გახელა გახდეს შეუძლებელი
-თავბრუსხვევის ან სისუსტის შეგრძნება
-პირის ღრუს, ენისა ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება
-მსტვინავი ხიხინი
-მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება
-გონების კარგვა
როგორ მოვიქცეთ თუკი შენიშნეთ კანის გაღიზიანება თმის საღებავთან კონტაქტის შემდეგ?
მსუბუქი სიმპტომების შემსუბუქება
დაიბანეთ თმა და თავის კანი ნაზი შამპუნით, ზედმეტი საღებავის მოსაშორებლად
სცადეთ ნაზად წაისვით დამარბილებელი საშუალება (დამატენიანებელი საშუალება), როგორიცაა წყლიანი კრემი. შეგიძლიათ თავის კანზე შეიპკუროთ თერმული წყალი.
თუ კანი ძალიან წითელი, მტკივნეული და ანთებითია, შეიძლება დაგჭირდეთ დაბალი პოტენციის სტეროიდული კრემი, რომელსაც გირჩვთ ექიმი ან შეიძენთ ურეცეპტოდ სააფთიაქო ქსელში.
ასევე ქავილის და წვის შემთვევაში ექიმს ან ფარმაცეფტს შეუძლია გირჩიოთ ახალი თაობის ანტიჰისტამინური საშუალება.
სხვა უფრო ძლირი, ზემოთჩამოთვლილი რეაქციების შემთვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
როგორ დავიცვათ თავი?
პერმანენტული და სემიპერმანენტული თმის საღებავების გამოყენებამდე, რეკომდენბულია მისი დატანა კანის მცირე ადგილზე და გაღიზიანების არარსებობის შემთხვევაში, შემდეგ უკვე მთელ თავის კანზე დატანა.
თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩაიტაროთ აპლიკაციური ტესტი (Patch test) ალერგოლოგიურ კლინიკაში, რათა ნახოთ რომელი ქიმიკატების მიმართ ხართ მგრძნობიარე.
შემდეგ უკვე შეგიძლიათ შეამოწმოთ პროდუქტის ეტიკეტები და მოერიდოთ ამ ქიმიკატების შემცველ პროდუქტებს. თუმცა, კლინიკამ შეიძლება ვერ შეამოწმოს თმის საღებავის ყველა კომპონენტი, მაგრამ ყველაზე ხშირად ალერგიის გამომწვევი კომპონენტის შემოწმება მაინც შესაძლებელია.
სხვა სიფრთხილის ზომები
თუ აპლიკაციური ტესტიბით არ გამოვლინდება რეაქცია თმის საღებავის ძირითდ კომპონენტებზე, შეგიძლიათ გააგრძელოთ საღებავის გამოყენება, მაგრამ დარწმუნდით რომ:
-არ გაიჩერებთ მას რეკომენდებულ დროზე მეტ ხანს
-გამოიყენებთ ხელთათმანებს საღებავით თმის შეღბვისას
-კარგად ჩამოიბანთ თმას
-ყურადღებით მიჰყევით ინსტრუქციას
თუკი აპლიკაციური ტესტებით ვლინდება ალერგია PPD-ის მიმართ, მაშინ საჭიროა
PPD-ის შემცველი პროდუქტების თავიდან აცილება, რადგან მომავალი რეაქცია შეიძლება იყოს კიდევ უფრო საშიში სიცოცხლისთვის.
სცადეთ გადახვიდეთ უფრო უსაფრთხო ალტერნატივაზე, როგორიცაა არამუდმივი, PPD-ის გარეშე თმის საღებავი, სუფთა ჰენა (ხნა), მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს ბოლომდე არ გამორიცხავს რეაქციის განვითარების რისკს.
ასევე გასათვალისწინებელია ზემოთნახსნები ჯვარედინი რეაქციების გათვალისწინებაც და ექიმთა ინფორმირება ანამნეზში არსებული ალერგიული რეაქციის თაობაზე.
წყარო:
https://www.uptodate.com
https://www.nhs.uk/conditions/hair-dye-reactions/