თარიღი: 12 აპრილი, 2020
რით განსხვავდება კოვიდ-19 ის მიმდინარეობა ქალებსა და მამაკაცებში.
სტატისტიკური მონაცემებით ქალები მამაკაცებთან შედარებით ნაკლებად ავადდებიან კოვიდ-19 ვირუსული ინფექციით და შედარებით მსუბუქად გადააქვთ, თუმცა მსგავსი მდგომარეობა შეინიშნება სხვა ვირუსულ ინფექციებთან მიმართებაშიც, რაც განპირობებულია მრავალი ფაქტორით:
- ქალის იმუნური სისტემა უფრო ძლიერია, მისი ორგანიზმი ისეა "მოწყობილი", რომ მან დაიცვას ნაყოფი სხვადასხვა ინფექციებისგან მუცლადყოფნის დროს. ასევე, ლაქტაციის პერიოდში დედის რძესთან ერთად გამოიყოფა ანტისხეულები, რომლებიც ახალშობილს ეხმარება ინფექციასთან ბრძოლაში.
- ქალის იმუნური სისტემა უფრო მგრძნობიარეა და ის აგრესიულად რეაგირებს ნებისმიერ ვირუსზე, რაც იძლევა საშუალებას უფრო ადრე გამოვლინდეს ინფექციის სიმპტომები და შესაბამისად დროული მკურნალობაც ჩატარდეს.
- ცნობილია, რომ ქალის ჰორმონი - ესტროგენი აძლიერებს იმუნურ სისტემას, კერძოდ ის ხელს უწყობს ე. წ. იმუნოკომპეტენტური უჯრედების გამრავლებას, რომლებიც აუცილებელია უცხო ანტიგენის ამოსაცნობად, შედეგად ეს იძლევა ორგანიზმის სწრაფ რეაგირებას ვირუსზე.
- მამაკაცის ჰორმონი - ტესტოსტერონი პირიქით, აქვეითებს იმუნურ სისტემას და თრგუნავს ორგანიზმის დაცვით რეაქციას უცხო ორგანიზმების შემოჭრისას. შეიძლება ითქვას, რაც მეტია ტესტოსტერონი, მით უფრო სუსტია იმუნური სისტემა.
- სამაგიეროდ, აუტოიმუნური დაავადებებით, როგორიცაა მაგალითად: მგლურა, რევმატოიდური არტრიტი და სხვა, ქალები უფრო ხშირად ავადდებიან. აღნიშნულ დაავადებებს ახასიათებთ ანთებითი პროცესი და როგორც ცნობილია, მამაკაცის ჰორმონს ტესტოსტერონს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია, რაც გარკვეულწილად იცავს მამაკაცებს აღნიშნული დაავადებებისგან.
- ასაკის მატებასთან და რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითებასთან ერთად იცვლება ჰორმონული ბალანსი და აღნიშნული ჰორმონების მოქმედებაც სუსტდება
- ქალის ქრომოსომა შედგება 2 იქს ქრომოსომისგან, ხოლო მამაკაცის - 1 იქს და 1 იგრეკ ქრომოსომისგან. ცნობილია, რომ იქს ქრომოსომა შეიცავს ბევრ მნიშვნელოვან გენს, რომლებიც არეგულირებენ იმუნურ სისტემას.
- აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საშუალო სტატისტიკური მონაცემებით ქალი უფრო ჯანმრთელია, ვიდრე მამაკაცი, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ქალები ზოგადად უფრო ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობენ.