თარიღი: 16 ოქტომბერი, 2023
ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის „სივრცენი“ დამფუძნებელი, კოალიცია „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელმძღვანელი“ – რუსუდან ბოჭორიშვილი.
როდის ვეძახით მეტყველებას დაგვიანებულს, როდის ითვლება, რომ ბავშვმა მეტყველების დაწყება დააგვიანა?
პირველ რიგში, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩემთვის როგორც ფსიქოლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მეტყველება განვიხილოთ, როგორც ბავშვის ჰოლისტური განვითარების ერთ-ერთი კომპონენტი. ბავშვი 2 წლისთვის უკვე უნდა იყენებდეს მარტივ, ორ სიტყვიან წინადადებებს, და თუ ასე არ არის, რა თქმა უნდა ეს საყურადღებოა. მაგრამ, ზოგ შემთხვევაში მეტყველების დაგვიანება შესაძლოა ფსიქოსოციალური ფაქტორებით ან უფრო კომპლექსური მიზეზებით იყოს გამოწვეული. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია მშობლებმა იცოდნენ თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება, არ დაკარგონ მნიშვნელოვანი დრო.
გასაგებია ის ფაქტი, თუ რატომ კეთდება განსაკუთრებული აქცენტი მშობლების თუ საზოგადოების მხრიდან საუბრის დაწყებაზე. მეტყველება ხომ ბვშვის აზროვნების გამოხატულება და ხელშესახები ფორმაა, ის, რასაც სულმოუთქმელად ველოდებით და როდესაც ბავშვი დროულად არ იწყებს მეტყველებას, რა თქმა უნდა, განგაშის სიგნალიც ირთვება.
მაგრამ, მნიშვნელოვანია მშობლებმა არა 2 – 3 წლის ასაკში, არამედ გაცილებით ადრე დაიწყონ ბავშვის განვითარებისთვის ყურადღების მიქცევა. დიახ, ბავშვი გარემოსთან ურთიერთობას და კომუნიკაციას დაბადებისთანავე იწყებს და სწორედ პირველი წელია მეტყველების განვითარებისთვის სენსიტიური პერიოდი.
მშობლები და ბავშვის აღზრდაში ჩართული სხვა ადამიანები ბავშვის დაბადების პირველივე კვირიდან ყურადღებას ვაქცევთ, გვიყურებს თუ არა ბავშვი, აქვს თუ არა რეაქცია ჩვენს ხმაზე, სახეზე, რის შეტყობინებას ცდილობს ტირილით. ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ ეს მეტყველებასთან კავშირში არ არის, მაგრამ პირდაპირ კავშირშია, რადგან სწორედ ამ პირველი გამოვლინებებით ამყარებს ბავშვი სამყაროსთან კავშირს. მერე იწყება პირველი „დიალოგი“, ბგერების და ემოციების გაცვლა, დედა ეტყვის მოსაფერებელ სიტყვებს, ბავშვი საპასუხოდ ღუღუნებს, ღუღუნზე დედაც უპასუხებს შესაბამისი ბგერებით, წამღერებით. ეს არის ის პირველი „დიალოგი“, რომელიც აუცილებელია არა მარტო მეტყველების, არამედ ყველა სხვა სფეროების განვითარებისთვის. შემდეგ გადავდივართ უკვე ტიტინზე, შემდეგ პირველი სიტყვების ან სიტყვების მიმსგავსებული ბგერების წარმოთქმაზე. ამ დროს ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ, ბავშვი როგორ იყენებს ჟესტებს, რადგან კომუნიკაციისთვის მხოლოდ სიტყვებს ხომ არ ვიყენებთ, თანაბრად მნიშვნელოვანია არავერბალური კომუნიკაცია, ჟესტების, სხეულის პოზის, გამომეტყველების გამოყენება.
ასევე მნიშვნელობა ენიჭება კომუნიკაციისა და მეტყველების ხარისხს, თუ რამდენად აქტიურად და რა ხარისხით იყენებს ბავშვი მეტყველებას კომუნიკაციის მიზნით.
ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს ყველაფერი არ ეხება მეტყველების განვითარების სპეფიციკურ დარღვევას ან სხვა მდგომარეობას (ინტელექტუალური შეფერხება, აუტიზმი სპექტრი), რასაც შეიძლება თან ახლდეს მეტყველების დარღვევა.
რასთან გვაქვს მაშინ შეხება, თუ დავუშვათ, თქვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი მეტ–ნაკლებად არის, განვითარების ეტაპები მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, მაგრამ ბავშვი 2 წლის ასაკში ვერ ამბობს 2 სიტყვიან წინადადებებს, 3 წლის ასაკში ის პრაქტიკულად ვერ მეტყველებს ისე, როგორც ზრდასრული და მას ნამდვილად აქვს თავისი ასაკის ბავშვებისგან განსხვავებული მეტყველება? ხშირად, როცა ბავშვი მეტყველების დაწყებას აგვიანებს, ოჯახის წევრები თავს იმით იმშვიდებენ, რომ ასე იყო ბავშვის მამაც, დედაც… შესაძლებელია, რომ გენეტიკურმა ფაქტორმაც გარკვეულ წილად იმოქმედოს ბავშვის მეტყველების განვითარებაზე
ზოგადად, ბავშვის განვითარებაზე ზემოქმედებას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები, როგორიც არის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური. შეიძლება იყოს ბიოლოგიური მოწყვლადობა და ამით გამოწვეული მეტყველების განვითარების სირთულეები, მაგრამ აქ ასევე ერთვება გარემო პირობებიც.
თუ ბავშვი იზრდება ისეთ გარემოში, სადაც არ დგება პირველი კომუნიკაცია იმ ფორმით და სიხშირით, როგორც საჭიროა, ან უარეს შემთხვევაში, ბავშვი დეპრივირებულია ანუ მოწყვეტილია ადამიანურ ურთიერთქმედებას და სამეტყველო გარემოს, რა თქმა უნდა, მაშინ მეტყველების განვითარება შესაძლოა შეფერხდეს, ხოლო თუ ბიოლოგიური ფაქტორებიც სახეზეა მაშინ კიდევ უფრო მძიმე სურათს მივიღებთ.
რა თქმა უნდა, გენეტიკური ფაქტორი არის მნიშვნელოვანი წინასწარგანწყობა. როდესაც ბავშვი მოევლინება ქვეყანას ამ წინასწარ განწყობით, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, თუ რამდენად ყურადღებიანი და ინფორმირებული გარემო ხვდება და რა ტიპის მხარდაჭერას სთავაზობს ეს გარემო, დროულად მოხდება თუ არა იმის შემჩნევა, რომ „რაღაც ისე არ მიდის“. ზუსტად ყოველივე ეს განაპირობებს სრულად ჩაირთვება თუ არა რისკფაქტორები, თუ მას ხელსაყრელი გარემო ფაქტორები დააბალანსებს. იგულისხმება, საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთან დროულად მიყვანას, მშობლის მხრიდან შესაბამის სტიმულირებას და ა.შ.
დიახ, გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვი აგვიანებს ლაპარაკის დაწყებას, მშობლები კი იმშვიდებენ თავს, რომ ასე იყო მამაც, ბაბუაც… რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულოა, რომ ბავშვის წინაპარმა დაგვიანებით, მაგრამ, მაინც დაიწყო მეტყველება, მაგრამ, სწორედ ამ გარემოების გამო დროულად უნდა მოხდეს რეაგირება და სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა.
ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელ ბავშვებს გაცილებით მეტ რისკ-ფაქტორებთან უწევთ გამკლავება, ვიდრე წინა თაობებს, მაგალითად, გაჯეტები, დაკავებული მშობლები, დროის დეფიციტი, დატვირთული გრაფიკი, ინფორმაციის დიდი ნაკადი, კოვიდი და ა.შ.
თქვენი დაკვირვებით და გამოცდილებით, ქმნის კი გაჯეტები, ეკრანი იმხელა პრობლემას, როგორზეც ასე ხმამაღლა და ხშირად საუბრობს საზოგადოება?
ძალიან მიხარია, რომ მშობლებმა უკვე გააცნობიერეს და იციან, რომ უნდა შეზღუდონ ბავშვების მიერ გაჯეტების გამოყენების დრო.
ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, გაჯეტებთან გატარებული დროის ხანგრძლივობა ზემოქმედებას ახდენს ბავშვის განვითარების ყველა სფეროზე. გარდა დროისა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას აკეთებს ბავშვი გაჯეტით. შეიძლება ბავშვი თამაშობდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ რას თამაშობს, ხელს უწყობს თუ არა თამაში ბავშვის აზროვნების განვითარებას, ინტერესდება თუ არა მშობელი თამაშის შინაარსით და ა.შ., ამის პარალელურად, ყურადღება უნდა მივაქციოთ საკმარის დროს ატარებს თუ არა ბავშვი მშობლებთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთქმედებაში, აქვს თუ არა მრავალფეროვანი და აქტიური სოციალური ცხოვრება, ანუ აბალანსებს თუ არა ცოცხალი ურთიერთობები გაჯეტებთან გატარებულ დროს.
თუ ბავშვს აქვს მეტყველებისათვის საჭირო ყველა რესურსი, ის აუცილებლად დაიწყებს მეტყველებას, მაგრამ აქ ლაპარაკია ხარისხზე, რამდენად მისი ასაკის შესაბამისი იქნება მისი მეტყველების განვითარება და რამდენად შეზღუდავს გაჯეტთან ურთიერთობა მის ზოგად ინტერესებს და შემეცნებით სფეროს.
გაჯეტი საშიშ ატრიბუტად გადაიქცევა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვისთვის გაჯეტი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ადამიანებთან ურთიერთობა და ეს ძალზე საყურადღებოა.
სკოლის ასაკის ბავშვების რეალობაზე რომ ვისაუბროთ, თანატოლებთან ურთიერთობისთვის მათ სჭირდებათ გაჯეტების „ენის“ ცოდნა, რადგან თანატოლებთან სალაპარაკო თემა სწორედ ის მოვლენები, ინფორმაცია და თამაშებია, რომელთაც თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ეცნობიან. შესაბამისად, სრულად რომ ამოვიღოთ ტექნოლოგიები ბავშვის ცხოვრებიდან, შეიძლება მას სოციალიზაციის პრობლემაც გაუჩნდეთ, ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის მიდგომას, თუ როგორ ასწავლის ბავშვს გაჯეტის სწორად გამოყენებას, როგორ უწესებს დროით ლიმიტს და თავად რამდენად გამოუმუშავებს უნარს, თავად ბავშვმა აკონტროლოს დროის ლიმიტი. ნამდვილად შეიძლება ამ ყველაფერზე მუშაობა და პროცესის სწორად და პოზიტიურად წარმართვა, რომ ეს ყველაფერი ბავშვისთვის არ გახდეს სტრესის წყარო და ამავე დროს განვითარებისთვის დამაზიანებელი.
როდესაც ბავშვი აგვიანებს მეტყველების დაწყებას, პირველი, რაზედაც ამ დროს მშობელი ფიქრობს არის – აუტიზმი. ვიცით, რომ აუტიზმს მხოლოდ მეტყველების შეფერხება არ ახასიათებს, ამიტომ სხვა რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა და როდის უნდა მიიტანონ ეჭვი აუტიზმზე?
რა თქმა უნდა, მხოლოდ მეტყველების შეფერხებით ვერ ვიმსჯელებთ აუტიზმის სპექტრის არსებობაზე. აქ მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფაქტორების არსებობა, როგორიცაა კომუნიკაცია და მისი ხარისხი, სოციალური ურთიერთობები და ინტერესები. რამდენად მრავალფეროვანია და ასაკის შესაბამისი ბავშვის ინტერესები. ამ მხრივ საყურადღებოა ვიწრო ინტერესების არსებობა, მაგალითად, თუ რაიმე ერთი ნივთი, სათამაშო, ან მოქმედება აქვს ამოჩემებული და სისტემატურად იმეორებს ერთი და იგივე მოქმედებას. ამასთან ერთად, როგორ თამაშობს ბავშვი, რამდენად ფუნქციურად იყენებს ნივთებს და ა.შ., რომ მივუბრუნდეთ კომუნიკაციას და მეტყველებას, ზოგადად გვისმენს თუ არა ბავშვი, ამ დროს გვიყურებს თუ არა, ცდილობს თუ არა ჩვენი ნათქვამის შესრულებას, ცდილობს თუ არა დააკვირდეს ჩვენს მოქმედებას და გაიმეოროს იგივე ან მიმსგავსებული ქმედება. თუ ბავშვმა მითითება სიტყვებით ვერ გაიგო, აკვირდება და მიყვება თუ არა მარტივ ჟესტებს, მაგალითად ვანახვებთ რაიმეს და ამისთვის თითს ვიშვერთ კონკრეტული მიმართულებით, გაიხედავს თუ არა იმ მიმართულებით. ასევე, შეიძლება უჭირდეს მეტყველება, მაგრამ უნდა იყენებდეს ასაკის შესაბამის ჟესტებს, გამომეტყველებას.
ძალიან მნიშვნელოვანია თვითცნობიერებაც, როდესაც ორი წლის ბავშვს მის სახელს ვუხსენებთ და ვეკითხებით, ის პოულობს თავის თავს სარკეში, ან მიუთითებს თავის თავზე, თუ ამას არ აკეთებს რა თქმა უნდა ამან ჩვენი ყურადღება უნდა მიიქციოს და საჭიროების შემთხვევაში დროულად მივმართოთ სპეციალისტს.
ხშირად მშობლები მოდიან კონსულტაციაზე და წუხან, რომ ბავშვი არ ლაპარაკობს, თუმცა პირველ რიგში, ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ, ამყარებს თუ არა ბავშვი კომუნიკაციას, საერთოდ აინტერესებს თუ არა ადამიანებთან ურთიერთობა, მათთან ერთად ყოფნა. ხშირად მშობელი გვეუბნება, კი, როგორ არა, აქვს ჩემთან კონტაქტი, როდესაც რაიმე სჭირდება მოდის და მანიშნებს, რომ დახმარება სჭირდება. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ განსხვავებას, რა მიზნით მიმართავს ბავშვი მშობელს, კომუნიკაციის თუ მხოლოდ საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ჩვეულებრივ შემთხვევაში ბავშვი ორივე მიზნით მიმართავს მშობელს, მაგრამ, საყურადღებოა, როდესაც მხოლოდ საჭიროების დაკმაყოფილებისთვის აკითხავს ბავშვი მშობელს. გვახსოვდეს, რომ ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მშობელთან კომუნიკაციაა, როდესაც მას სურს მშობელთან ურთიერთობა, მასთან ერთად თამაში, იწვევს მშობლის ყურადღებას და სთხოვს თამაშის გაგრძელებას, უზიარებს სიახლეს შესაბამისი ემოციებით.
სწრაფ რეაგირებას საჭიროებს ისეთი გარემოება, როდესაც ბავშვი ვითარდებოდა ასაკის შესაბამისად, ღუღუნებდა, ტიტინებდა, იყენებდა მარტივ სიტყვებს, ჟესტებს, მაგრამ, გარკვეულ დროს შეწყვიტა ახლის დამატება და მისი კომუნიკაცია, მეტყველება, ინტერესები უფრო და უფრო დეფიციტური გახდა, დაივიწყა ის რაც იცოდა. ასეთ შემთხვევაში გადაუდებელია სპეციალისთან ვიზიტი.
სპეციალისტები ძალიან ხშირად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ როდესაც ბავშვს ესმის, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია იმისთვის, რომ მან მეტყველება დაიწყოს. თუ ჩვენს სახეზე გვყავს 1-3 წლის ბავშვი და ვხედავთ, რომ მას აბსოლუტურად ყველაფერი ესმის, ასაკის შესაბამისად ასრულებს ერთ ფუნქციურ, ორ ფუნქციურ დავალებებს, მიჰყვება ყველა ინსტრუქციას… შეგვიძლია, ჩამოვუშვათ ხელები და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება?
ძალიან გვახარებს, როდესაც ბავშვი ორმხრივ კომუნიკაციაშია ჩართული, ძალიან დამამშვიდებელია, რომ ბავშვი იყენებს ჟესტებს, მაგრამ როდესაც 3 წლის ასაკში არ ლაპარაკობს, აუცილებლად უნდა მივიდეთ სპეციალისტთან. სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს, რა არის მიზეზი, რატომ არ/ვერ მეტყველებს ბავშვი. შესაძლოა მოსაწესრიგებელი იყოს სხვადასხვა ფაქტორები, როგორც ბიოლოგიური ის ფსიქოსოციალური.
რატომ გვეშინია სპეციალისტთან მისვლა?! როგორც პედიატრთან დაგყავს ბავშვი გეგმურ შემოწმებაზე, ისე რატომ არ უნდა მივიყვანოთ ფსიქოლოგთან ასაკის შესაბამისი განვითარების შესამოწმებლად?! წესით, პედიატრიც გეგმურად უნდა აფასებდეს ბავშვის ენობრივ, სოციალურ-ემოციურ განვითარებას და ა.შ. , მაგრამ ვთქვათ, გამოეპარა და ვერ დაინახა, რატომ უნდა ავირიდოთ ფსიქოლოგთან ვიზიტი… ნუთუ არ გვაინტერესებს ბავშვი ვითარდება თუ არა ასაკის შესაბამისად?! თუ ყველაფერი კარგად იქნება დავმშვიდდებით, თუ არადა გარკვეულ მიმართულებას და რეკომენდაციებს მივიღებთ.
თუ ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩენთ, რომ მცირე შეფერხებასთან გვაქვს საქმე რომელიმე სფეროში, იქნებ, ისეთი რეკომენდაციები მივიღოთ, რომელთა შესრულებითაც მნიშვნელოვნად დავეხმარებით ბავშვს და მისი განვითარების ტრაექტორიას პოზიტიურისკენ შევცვლით. აღნიშნული გეგმური შემოწმებაც ისეთი კულტურის ნაწილია, როგორც პედიატრთან სიარული. შესაძლოა ბევრი მშობელი ამას თავიდან იმიტომ ირიდებს, რომ ეშინია რაიმე „ცუდი“ არ უთხრან, მაგრამ, ის „ცუდი“ ხომ არსად წავა დროის გადავადებით, პირიქით პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება. ზოგი მშობელი პირიქით, დროულად მიდის სპეციალისტთან და აღსანიშნავია, რომ მათ ვინც სწრაფად გააკეთეს რეაგირება, მოიგეს მნიშვნელოვანი დრო და ბევრად კარგი შედეგები მიიღეს.
იმ მშობლებისაც უნდა გავიგოთ, ვინც ამ ყველაფერს თავიდან ირიდებს, რადგან, როდესაც საკითხი შვილს ეხება, ეს სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესის წყაროა მშობლისთვის. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გარემოს მხდიდან მშობლის მხარდაჭერა, მის გვერდში დგომა, არა ტყუილი დამშვიდებით, არამედ თუნდაც სპეციალისთან გაყოლით, რომ გადალახოს შიში და გადადგას რაციონალური ნაბიჯი.
რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ბავშვს გვიან დაწყებულმა ლაპარაკმა?
პირველ რიგში, როცა ადრეულ ასაკში მეტყველება შეფერხებულია, ეს შეიძლება გახდეს ემოციური ან ქცევითი სირთულეების მიზეზიც. წარმოვიდგინოთ, ბავშვს სურვილი აქვს, გამოხატოს თავისი საჭიროება, აზრი, და ვერ ახერხებს ამას სიტყვების დახმარებით, რა თქმა უნდა იწყებს გაბრაზებას. შემდეგ მოდის მეორადი პრობლემები, ის, თუ როგორ რეაგირებს გარემო ამ გაბრაზებაზე და ა.შ. გარემომ შეიძლება ხელი შეუწყოს არასასურველი ქცევის ჩამოყალიბებას, რადგან მშობელი შეიძლება ვერ ახერხებდეს სწორ რეაგირებას, ემოციურ მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, უმეტესობამ იციან, როგორ დაამშვიდოს ბავშვი, მაგრამ თუ ამას არ ან ვერ აკეთებს მშობელი, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ემოციურ და ქცევით სირთულეებს.
მეორე მხარეა – აკადემიური უნარები. ჩვენ ვიცით, რომ მეტყველების განვითარების შეფერხება შესაძლოა იყოს აკადემიური და კოგნიტური სირთულეების წინაპირობა, როგორიც არის კითხვა, წერა და ა.შ. სამწუხაროდ ხშირად ხდება ისე, რომ მშობლები წყვეტენ ენისა და მეტყველების სპეციალისტთან ბავშვის ტარებას, მაშინ როდესაც ბავშვი იწყებს მეტყველებას, რაც არ არის სწორი, რადგან შესაძლოა ჯერ კიდევ იყოს ისეთი სირთულეები, რომელიც ხილული არ არის, მაგრამ, კვლავ რჩება აკადემიური უნარების შესაბამისი განვითარებისთვის რისკ ფაქტორად. შესაბამისად მნიშვნელოვანია მხოლოდ შეფასებისა და სპეციალისტის რეკომენდაციით გადავწყვიტოთ, დავასრულოთ თუ არა მეტყველების განვითარებაზე მუშაობა. მხოლოდ ის, რომ ბავშვმა დაიწყო მეტყველება, ეს არ შეიძლება იყოს მეტყველების თერაპიის გაწყვეტის მიზეზი.
გვახსოვდეს რომ ყველა განვითარების სფერო ერთმანეთთან არის კავშირში, ერთმანეთზე ზემოქმედებს და ერთმანეთის ხელშემწყობია.
რას გვირჩევდით მეტყველების სტიმულაციისთვის და რამდენად სწორია შემდეგი რეკომენდაცია – „არ მეტყველებს ბავშვი, მოდი, ბაღში წაიყვანე“?
ვიცით, რომ ბავშვთან კავშირი და მასთან კომუნიკაცია მისი მუცლად ყოფნის დროსაც აქვს დედას, და ეს კავშირი უაღრესად მნიშვნელოვანია. ბავშვის დაბადების პირველივე წუთებიდან, პირველივე დღეებიდან ვიწყებთ მასთან კომუნიკაციას, რაც ბუნებრივია და ინსტიქტური. შემდეგ იწყება პირველი „დიალოგები“, ღუღუნითა და ტიტინით… ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი კომუნიკაციის ხელშეწყობა და სამეტყველო გარემოს შექმნა. რას ნიშნავს სამეტყველო გარემოს შექმნა? ძალიან მარტივია – ვახმოვანებთ ყველაფერს, რასაც მშობელი აკეთებს, რაც ბავშვის გარემოში ხდება, ძალიან მარტივი სიტყვებით ვასახელებთ შესრულებულ მოქმედებებს.
ბავშვის სამეტყველო გარემო მდიდარი უნდა იყოს სიტყვებით, კომუნიკაციით და რაც მთავარია, სულ პატარა ასაკიდან უნდა დავიწყოთ წიგნთან ურთიერთობა. არის სპეციალური წიგნები, მკვეთრი ფერებით და გრაფიკული გამოსახულებებით, რასაც ადვილად აღიქვამს ბავშვი. შემდეგ უკვე გადავდივართ ასაკის შესაბამის, მარტივი ამბების მოყოლაზე. შემდეგ უნდა დავიწყოთ წიგნში ასახულ გამოსახულებაზე თითის დადება და მათი დასახელება. ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს სისტემატურად და არა კვირაში ერთხელ ან ორჯერ. ვიცით, რომ თანამედროვე მშობლების დრო საკმაოდ შეზღუდულია, მაგრამ ბავშვის განვითარებისთვის უდიდეს გავლენას მოვახდენთ, თუ თუნდაც ცოტა დრო, მაგრამ, სისტემატურად, დღეში ნახევარი საათი მაინც გავატარებთ ბავშვთან. ამ დროს უნდა ვიყოთ სრულიად ბავშვზე ორიენტირებული, და გავამდიდროთ ერთად გატარებული დრო წიგნთან ურთიერთობით, თამაშითა და პოზიტიური ემოციებით.
რაც არ უნდა გააკეთოს მშობელმა და სხვა ბავშვის ზრუნვაში ჩართულმა ადამიანებმა, არის ის, რომ ბავშვს არ დავაძალოთ რაიმეს თქმა. არავითარ შემთხვევაში არ დავაძალოთ ბავშვს მეტყველება და სიტყვების გამეორება, ეს პირდაპირ ხელის შეშლაა მეტყველების პროცესისთვის.
თამაშის მნიშვნელობას აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი, რადგან სწორედ თამაშია ერთადერთი საშუალება, რომელიც ამ ჰოლისტურ განვითარებას უწყობს ხელს. თამაშის დროს ერთდროულად ხდება ყველა სფეროს (ნატიფი მოტორიკა, მსხვილი მოტორიკა, კოგნიტური უნარები, კომუნიკაცია, მეტყველება და ა.შ) განვითარება. აღსანიშნავია, რომ როდესაც თერაპიებზე მოჰყავთ ბავშვი და ჩვენ ვიწყებთ მასთან თამაშს, მშობელი გვეკითხება, როდის დავიწყებთ თერაპიას. სინამდვილეში კი ბავშვის განვითარების სტიმულირების ყველაზე კარგი საშუალება სწორედ თამაშია.
ბაღი არის ძალიან კარგი, თუმცა, რა თქმა უნდა, ბაღში წაყვანა თავის დროზე უნდა მოხდეს, რადგან დროზე ადრე არაფერი ვარგა. ბაღი კარგია, რადგან იქ მუდმივად სამეტყველო და სათამაშო გარემოა. ბავშვები სიტყვებთან ერთად სხვადასხვა გზით ამყარებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას. რაც მთავარია, ბავშვი ბავშვისგან ძალიან ადვილად სწავლობს, ამ დროს მოტივირებულია, რადგან კმაყოფილებას ჰგვრის თანატოლებთან ურთიერთობა. როდესაც ბავშვი ბედნიერია, ხალისიანია, ამ დროს ის ღიაა ახალი გამოცდილებისა და სწავლისთვის.
როდესაც ბავშვი აგვიანებს ლაპარაკს, პირველი რაც გვესმის და რასაც მშობელს ურჩევენ არის ლოგოპედი. თქვენი რეკომენდაციით, პირველ რიგში ვისთან, რომელ სპეციალისტთან უნდა მივიდეთ, თუ ბავშვი აგვიანებს ლაპარაკს, არ მეტყველებს, თუ არ არის საკმარისი მზერითი კონტაქტი, კომუნიკაცია, თუ ბავშვი განსხვავდება თავისი ასაკის სხვა ბავშვებისგან?
ლოგოპედიური სკოლა ცოტა სხვა მიზნებზე არის ორიენტირებული. უნდა ვთქვათ ისიც, რომ ბოლო დროს შეიცვალა მიდგომები და როგორც ბავშვის ადრეული განვითარების, ისე ენა-მეტყველების სფეროში დანერგილია ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომა.
ადრეული ასაკის, მაგალითად 1,5 წლის ბავშვი, რომელსაც არ აქვს ასაკის შესაბამისი კომუნიკაცია და მეტყველება, შეიძლება შეფასებაზე მივიდეს შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე ფსიქოლოგთან, ან ადრეული განვითარების სპეციალისტთან ან ნეიროფსიქოლოგთან, ან ენისა და მეტყველების სპეციალისტთან. შეფასების შედეგად განისაზღვრება რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება ბავშვს, შესაძლოა ეს იყოს ენისა და მეტყველების სპეციალისტი, ან ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი. მთავარია სწორედ მოხდეს ბავშვის საჭიროებების განსაზღვრა და ჰოლისტური განვითარების სტიმულირება, რაც თავის მხრივ შეუწყობს ხელს მეტყველების განვითრებას.
თუ სახეზეა მეტყველების განვითარების სპეციფიკური დარღვევა, მაშინ საჭიროა ენისა და მეტყველების თერაპევტის მუშაობა. ასევე, შესაძლოა, მუშაობა ორივე მიმართულებით იყოს საჭირო, მეტყველების და ზოგადი განვითარების.
ძალიან მნიშვნელოვანია, ადრეული ასაკის ბავშვთან (3 – 4 წლამდე) სპეციალისტის მუშაობა მშობლით გაშუალებული იყოს, რაც ნიშნავს, რომ ოთახში არა მხოლოდ ბავშვი და სპეციალისტია, არამედ პროცესში სამივეა ჩართული – მშობელი, ბავშვი და სპეციალისტი. როცა განვითარების სპეციალისტი მუშაობს ბავშვთან, მშობელი ამ ყველაფერს აკვირდება, სწავლობს და შემდეგ, შემდეგ იყენებს ყოველდღიურობაში, რადგან კვირაში 2 – 3 ვიზიტი სპეციალისტთან საკმარისი არ არის. თუ მშობელს არ სცალია, შესაძლოა ისწავლოს ძიძამ, ბებიამ… გვახსოვდეს რომ მთავარი სისტემატურობაა.
წყარო: https://fortuna.ge