თარიღი: 13 ივლისი, 2020
ზაფხულია და ბევრ თქვენგანს აგარაკებზე აუზიც აქვს. მზიანი დღეები და თბილი წყალი საუკეთესო საშუალებაა ჩვილის გასაკაჟებლად.
- პირველ რიგში, კარგად გაასუფთავეთ აბაზანა ან აუზი.
- არ გამოიყენოთ გასაწმენდად ქლორი ან სხვა ქიმიური საშუალება, რათა ბავშვის კანის გაღიზიანება და ალერგია აიცილოთ თავიდან.
- ჩვილი წყლით სავსე აბაზანაში ფრთხილად ჩასვით. არ შეუდგეთ აქტივობას მაშინვე. მიეცით ბავშვს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს წყლის ტემპერატურას და გარემოს.
- ვარჯიში ჰორიზონტალურად ზურგზე მწოლიარე პოზიციაში იწყება. გადაიწვინეთ ხელზე ისე, რომ კარგად დაუფიქსიროთ ხელით ზურგი ბეჭების არეში. ამოძრავეთ ამ მდგომარეობაში წყალში.
- რამდენიმე გაკვეთილის მერე შეეცადეთ, ხელი კეფისა და კისრის არეში დააფიქსიროთ. ჩვილი ნელ-ნელა ისწავლის სხეულის ვერტიკალურად დაჭერას ამ მდგომარეობაში.
- ამ უნარის შეძენის შედმეგ კი მუცლის პოზიციაზე გადადით. ამისათვის ორივე ხელის გამოყენება დაგჭირდებათ. ერთ ხელით მუცლის და გულმკერდის არე დაუფიქსირეთ და ზედ დააწვინეთ პატარა, მეორე ხელი კი ქვედა ყბაზე მოათავსეთ, რომ სახე წყალში არ ჩაჰყოს.
- აბაზანაში წყლის სათამაშო მოათავსეთ. ის ბავშვისათვის გარკვეული მიზანი იქნება, რასაც გადადგილებით უნდა მიაღწიოს.
რამდენიმე ასეთი ვარჯიშის შემდეგ ჩვილს არ ექნება წყლის არავითარი შიში და ის თავად დაიწყებს წყალში მოძრაობას და ფართხალს, რაც აუცილებლდ სიამოვნებას მიანიჭებს მას, თქვენ კი აუცილებლად მოგგვრით სიხარულს.
არ დაგავიწყდეთ, რომ ვარჯიში სისტემატური უნდა იყოს, მხოლოდ ასე ექნება მას სასარგებლო გამაჯანსაღებელი ეფექტები.
სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე