Plasmon
როგორ დავიცვათ თავი მზის ალერგიისგან - ექიმი ალერგოლოგი: ნინო ლომიძე

თარიღი: 11 ივლისი, 2022

მზე საუკეთესო საშუალებაა ადამიანის გუნება-განწყობის ამაღლების. ის სიცოცხლის, სიხარულის, კარგი და პოზიტიური ხასიათის განმაპირობებელია. მზე ხელს უწყობს D ვიტამინის გამომუშავებას, რომელიც ძვლის ნორმალური ფუნქციონირების და ზოგადად იმუნიტეტის ამაღლების ხელშემწყობია, თუმცა ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო და როდესაც ეს ზომიერება ირღვევა მზემ ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია არასასურველი რეაქცია გამოიწვიოს.

 

რა არის მზის ალერგია და ვინ არის უფრო მიდრეკილი მზის ალერგიის განვითარებისკენ?
მზის ალერგია არის იმუნიტეტის არანორმალური პასუხი მზის ულტრაიისფერ გამოსხივებაზე, მზის ალერგია შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, თუმცა უპირატესად  დამახასიათებელია 20-40 წლის ასაკობრივი ჯგუფისთვის,  მზის ალერგიის მიმართ მიდრეკილები არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ღია ფერის კანი და თმა.  მზის ალერგიის განვითარების რისკ ჯგუფს ასევე მიეკუთვბებიან, ის პირები, რომელთაც აღენიშნებათ მშრალი კანი. კანის სიმშრალე წყლის შეკავების დარღვევასთან არის დაკავშირებული, შესაბამისად კანის ბარიერული შრე დარღვეულია და მზის ულტრაიისფერი სხივები განსაკუთრებით მავნედ მოქმედებენ მასზე.

რა ნიშნებით  და რამდენ ხანში ვლინდება მზის ალერგია? 

მზის ალერგიის გამოვლინება კანზე არის პოლიმორფული, ანუ სხვადასხვა ტიპის და შეიძლება გამოვლინდეს სიწითლის, ქავილის, ჭინჭრის ციების, შეშუპების, ვეზიკულების ანუ პატარა ბუშტუკების სახით. საყურადღებოა რომ გამონაყარი ძირითადად აღინიშნება სხეულის იმ ნაწილებზე, რომელსაც უშუალოდ ხვდება მზის სხივები და ტანსაცმლით არ არის დაფარული, განსაკუთრებით ზიანდება კისრისა და გულმკერის არე, ასევე ზედა კიდურები. მზის ალერგია ვითარდება მზის სხივის ზემოქმედებიდან როგორც რამდენიმე წუთში, ასევე 24 საათის გასვლის შემდეგაც.

გამოვლინება შესაძლებელია იყოს, როგორც მსუბუქი ფორმის ისე მძიმე, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ მზის ალერგია არ უნდა აგვერიოს მზის დაკვრაში, თუ კანის გამოვლინებებს თან დაერთო გულისრევა, ღებინება, ტემპერატურა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან შესაძლებელია საქმე გვქონდეს მზის დაკვრასთან.

 

რამდენად შესაძლებელია, რომ სხვადასხვა მედიკამენტებმა გაზარდონ რისკი მზის ალერგიის განვითარების?
არსებობს  გარკვეული ჯგუფის მედიკამეტები რომლებიც გარუჯვისას მკვეთრად ზრდიან რისკს მზის ალერგიის განვითარების. ასეთ მედიკამენტებს მიეკუთვნება: სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკები, ორალური კონტრაცეფტივები, შარდმდენი და ტკივილ გამაყუჩებელი პრეპარატები. ამიტომ მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი მკურნალობს აღნიშნული მედიკამეტებით, თავი შეიკავოს გარუჯვისა და მზის ზემოქმედებისგან, ეს უნდა გაითვალისწინოს როგორც პაციენტმა, ასევე ექიმმა მედიკამენტის დანიშვნის დროს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოში, ზღვის სეზონზე.

 

როგორ დავიცვათ თავი მზის ალერგიისგან ექიმთან მისვლამდე?
იმისთვის რომ შევამციროთ რისკი მზის ალერგიის განვითარების რუჯის მიღება უნდა მოხდეს თანდათანობით, თავდაპირველად რამდენიმე წუთი დღეში და შემდეგ ნელ-ნელა გაიზარდოს მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა. აუცილებელია სწორი რეჟიმის დაცვაც. დილის 10 სთ-დან 4 საათამდე მზის ულტრაიისფერი გამოსხივება განსაკუთრებით მავნეა ორგანიზმისთვის, შესაბამისად ამ პერიოდში გარუჯვა არ არის მიზანშეწონილი, არ უნდა დაგვავიწყდეს მზის ქუდი, სათვალე, რადგან მზეზე არანაკლებ ზიანდება თვალებიც და აუცილებელია მზის დამცავი კრემების გამოყენება მაღალი ფილტრით. 

მზის დამცავის დატანება უნდა მოხდეს დაახლოებით 20 წთ-ით ადრე მზეზე გასვლამდე და დღის მანძილზე აუცილებელია განმეორებითი გამოყენება, ზღვაზე დასვენების დროს და ცურვის შემდეგ საშუალოდ ორსაათში ერთხელ.

როდის მივმართოთ ალერგოლოგს კონსულტაციისთვის?
თუ ადამიანს წინა სეზონზე ან სეზონებზე უკვე აღენიშნა მზის ალერგია, აუცილებელია წინასწარ ექიმის კონსულტაცია. შესაძლებელია ინდივიდუალურად შეირჩეს მკურნალობა იმისთვის, რომ მზის ალერგია ნაკლებად ან საერთოდ არ გამოვლინდეს, აუცილებელია სწორედ შერჩეული მზის დამცავი კრემის რეგულარული გამოყენება, ასევე რეკომენდაციები მზის ალერგიის შემთხვევაში რა სამკურნალო საშუალებები იქონიონ თან ქალაქში ან ზღვავზე დასვენებისას.

 

რა არის რუჯი? რატომ არის, რომ  ზოგი მზეზე ადვილად იწვება და ზოგი კარგ რუჯს ღებულობს? როგორ მოვერიდოთ და დავიცვათ თავი დამწვრობის განვითარებისგან?

მზეზე შეუზღუდავად, გადაჭარბებული რაოდენობით, ხანგრძლივად ყოფნისას როდესაც კანი მზის დამცავით ან ტანსაცმლით არ არის დაფარული ყოველთვის რისკია მზის დამწვრობის განვითარების. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს კანში არის ნივთიერება რომელსაც მელანინი ქვია, ის განაპირობებს კანის ფერს. მუქი კანის მქონე ადამიანებს მეტი მელანინი აქვთ, ღია კანის მქონე ადამიანებს ნაკლები მელანინი. 

როდესაც მზის გამოსხივება ხანგრძლივად მოქმედებს, კანში მეტი რაოდენობით მელანინი გამომუშავდება და შესაბამისად კანის ფერის იცლება, ირუჯება, თავად რუჯი ეს არის კანის დაცვითი რეაცია მზის ულტრაიისფერ გამოსხივებზე.

განსაკუთრებით ღია კანის მქონე  ადამიანებმა უნდა თავი დაიცვან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან, ნაკლები რაოდენობით მელანინის გამო ისინი მიდრეკილნი არიან დამწვრობისკენ, განსაკუთრებით დღის იმ მონაკვეთში როდესაც გამოსხივება მაღალია და როგორც მზის ალერგიის დროს ასევე ამ შემთხვევაშიც აუცილებელია მზის დამცავი კრემების გამოყენება მაღალი დამცავი ფილტრით.

რამდენად რეკომენდირებულია რუჯის მიღება ხალებიანი ან პიგმენტურ ლაქებიანი კანისთვის?

რუჯის მიღება არ არის რეკომენდებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც კანზე ხალები და პიგმენტური ლაქები აქვთ, რადგან მზის ზემოქმედების შედეგად იმ უბნებზე განსაკუთრებით გააქტიურებულმა მელანინის პროდუქციამ შესაძლებელია ზიანი მოუტანოს ორგანიზმს, სიმსივნურ გადაგვარებას შეუწყოს ხელი, ამიტომ ასეთ პირებს ვურჩევთ ზღვავზე წასვლის წინ ონკოდერმატოლოგის კონსულტაცია გაიარონ.