Plasmon
როგორ დავიკლოთ წონაში – დიეტოლოგ ლაშა უჩავას რჩევები

თარიღი: 29 მაისი, 2018

ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად უამრავ მეთოდს მივმართავთ; ზოგი სატრენაჟორო დარბაზში ატარებს ძალიან დიდ დროს, ზოგი შიმშილობს; ნაწილი სხვადასხვა გასახდომი ცენტრების ემოციური გზავნილებით იხიბლება, ნაწილი კი საკუთარ წონასა და ჯანმრთელობას პროფესიონალებს ანდობს. როგორც წესი, ნამდვილი შედეგი დაბალანსებული კვებისა და სწორი ფიზიკური დატვირთვის კომბინაციით მიიღება.


კვების რაციონის სწორად შერჩევისა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ცნობილი ექიმი-ენდოკრინოლოგი, ლაშა უჩავა გვესაუბრა:

 

როდესაც ვსაუბრობთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, იგულისხმება როგორც ჯანსაღი კვება, ასევე ფიზიკური აქტივობა. შესაბამისად, ორივე მათგანი დადებითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. ჭარბი წონისა და სიმსუქნის შემთხვევაში, მამაკაცები ბევრად უფრო მალე აღწევენ შედეგს სწორი კვების დაცვით, ხოლო ქალბატონები ფიზიკური აქტივობით.

 

რა შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი დიეტა?

როგორც აღვნიშნეთ, დიეტა არის დაბალანსებული, რაციონალური, ჯანსაღი კვება, შესაბამისად, მისი დაცვა აუცილებელია ნებისმიერ დროს. სხვადასხვა დაავადებების შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს ზოგიერთი საკვები პროდუქტის შეზღუდვა; მაგალითად, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებისას აკრძალულია ისეთი ნაღვლმდენი პროდუქტების მიღება, როგორებიცაა: კვერცხი, ნიორი, პომიდორი და სხვ.

 

გახდომის მიზნით, ხშირად სვამენ დიდი რაოდენობით მწვანე ჩაის. აქვს თუ არა ეფექტი და რა ინტენსივობით შეიძლება მისი დალევა?

ორგანოთა ზოგიერთ სისტემაზე, მათ შორის თვალებზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ლიპიდურ ცვლაზე, მწვანე ჩაი დადებითად მოქმედებს. ის ეფექტიანია წონის კორექციისთვის, თუმცა, აუცილებელია ზომიერების დაცვა, რადგან მწვანე ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით კოფეინს და მისი გამოყენება არ არის რეკომედებული ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა: გლაუკომა, ანემია, კუჭის ლორწოვანის დაავადება და სხვ. მისი მიღების რეკომენდებული დოზაა 1-2 ჭიქა დღეში.

 

რა მნიშვნელობა აქვს ტკბილეულს ორგანიზმისთვის და შეიძლება თუ არა რაციონიდან მისი ამოღება?

ორგანიზმისთვის აუცილებელია ნახშირწყლები, რომელსაც ვღებულობთ ხილის, ბურღულეულის, ბოსტნეულის, ხორცის და რძის პროდუქტების საშუალებით. აუცილებელი არ არის რაფინირებული შაქრის გამოყენება, იგი უარყოფითად მოქმედებს ორგანოთა სისტემაზე. ეს უბრალოდ არის არასასარგებლო საკვები დანამატი ჩვენი სიამოვნებისათვის. მისი ჩანაცვლება შეიძლება ნატურალური თაფლით. წონის კორექციისას დღის განმავლობაში კვების რაციონში დაშვებულია 1 ს.კ. თაფლი

 

დიეტოლოგები ხილს ძირითადად დღის პირველ ნახევარში ნიშნავენ. იწვევს თუ არა ხილი წონის მატებას?

წონის მატებას იწვევს ყველა პროდუქტი და მათ შორის, ხილიც. დღის განმავლობაში რეკომენდებულია 500 გრ ხილი. დაბალი ნახშირწყლების შემცველობის გამო საღამოს საათებში დასაშვებია ციტრუსის და კენკრის მიღება.

 

რა აზრის ხართ ცილოვან დიეტაზე და რამდენად უსაფრთხოა ის?

ცილოვანი დიეტა ნამდვილად ეფექტიანია და მეც ხშირად მივმართავ როგორც მონო დიეტას, თუმცა, მისი ხანგრძლივობა 10 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობა, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქცია.

 

რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა დიეტამ?

არასწორმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს ბევრი დაზიანება, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, კანის, თმისა და ფრჩხილის სტრუქტურული ცვლიელებები.

 

რა შეიძლება გავაკეთოთ მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად?

სწორი კვების დროს აუციელებელია განვსაზღვროთ ორგანიზმში მინერალური სტატუსი, ვინაიდან ხშირია დაბალკალორიული დიეტის დროს კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის ცვლილება და საჭირო ხდება ისეთი მინერალური კომპლექსის ჩართვა რომელიც გამოასწორებს პრობლემას და იმოქმედებს ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებაზე. დიეტის შედეგად დაზიანებული კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის აღსადგენად ძალიან კარგია ვიადერმის კურსის ჩატარება.

 

რა აზრის ხართ პოპულარულ გასახდომ პროგრამებზე, სხვადასხვა კოქტეილებისა და ნაყენების საშუალებით წონაში კლების მეთოდებზე?

სიმსუქნე ქრონიკული ენდოკრინული დაავადებაა, შესაბამისად, მისი მკურნალობა უნდა მოხდეს ექიმი-სპეციალისტის მიერ. მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებები, ისეთები როგორიცაა: “ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაცია”, “ამერიკის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაცია”, “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” და ა.შ. პერიოდულად გამოსცემენ სიმსუქნის სამკურნალო რეკომენდაციებს. ექსპერტები სიმსუქნის მკურნალობის პირველ და ძირითადად საშუალებად დაბალკალორიულ დიეტას ასახელებენ. ვინაიდან და რადგანაც XXI საუკუნის მედიცინა ეფუძნება მტკიცებით მედიცინას, მეც მსგავსი რეკომენდაციების მომხრე ვარ და შესაბამისად, სხვა ტიპის გახდომის ე.წ. პროგრამებს, რომლებიც ამჟამად ძალიან პოპულარულია, არ ვემხრობი.

 

და ბოლოს, როგორ შევინარჩუნოთ სასურველი წონა მთელი ცხოვრების განმავლობაში?

ამისათვის აუცილებელია დღის განმავლობაში კვება იყოს ჯერადი, ორგანიზმს მივაწოდოთ ყველა საჭირო ნივთიერება: მინერალები, ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები, ასევე, რა თქმა უნდა, ჯანსაღი კვების პრინციპების დროს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება წყლის საჭირო რაოდენობის მიღებას და ფიზიკურ აქტივობას

წყარო: http://makechoice.ge/