Plasmon
როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი ვირუსების წინააღმდეგ

თარიღი: 13 მარტი, 2020

როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი ვირუსების წინააღმდეგ

როგორ დავუხვდეთ ვირუსებს, მათ შორის COVID-19- ს მზადყოფნაში? -კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმება ამ დღეებში.
პასუხი ჩვენს იმუნურ სისტემას აქვს - ის ძლიერი უნდა იყოს. იმუნური სისტემის უჯრედები და დაცვის სხვა ფაქტორები წარმაოდგენს ჩვენს დამცველ გვარდიას ათასობით ვირუსისა და ბაქტერიის წინააღმდეგ.

რა უნდა გავაკეთოთ?
- თუ თქვენ მწეველი ხართ, შეწყვიტეთ ან მინიმუმამდე დაიყვანეთ თამბაქოს მოხმარება - ის ხელს უწყობს სასუნთქი სისტემის მხრივ გართულებათა განვითარებას, ამცირებს ორგანიზმში C ვიტამინის დონეს, რაც მნიშვნელოვანია, ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო რეაქციების წარმართვისათვის.
- შეწყვიტეთ ალკოჰოლის ხშირი გამოყენება
- საკვებ რაციონში შეიტანეთ ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული. ეს ვიტამინებითა და აუცილებელი მინერალებით სავსე პროდუქტებია, ყველა ამ ნივთიერებას თავისი როლი აქვს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში.
- თუ კვება არაბალანსირებულია, თქვენი ექიმის რჩევით მიიღეთ შესაბამისი საკვები დანამატები
- აკონტროლეთ წონა
- თუ გაწუხებთ მაღალი წნევა, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ ის - მაღალი არტერიული წნევა გართულებათა ერთ-ერთი განმაპირობებელია
- აუცილებელია სრულფასოვანი ძილი - ღამის ძილის დროს ორგანიზმში ის ნივთიერებები გამომუშავდება, რაც აუცილებელია მიკრობების დასამარცხებლად.
- ივარჯიშეთ - რეგულარული ზომიერი ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს სასიცოცხლო ძალებს და კარგ განწყობასაც შეგიქმნით.
- აკონტროლეთ სტრესის დონე - სტრესის ჰორმონების ზეგავლენით ანთებითი პროცესების გაქტივება ხდება. მცირდება იმუნურ რეაქციებში მონაწილე უჯრედების რიცხვი.

და ბოლოს, დაიცავით ჰიგიენის წესები - დაიბანეთ ხელები ხშირად, საჭიროებისას გამოიყენეთ ალკოჰოლისშეცველი დეზინფექტანტები, გაწმინდეთ საოფისე მაგიდები, მობილური ტელეფონები, ნივთები, რასაც ხშირად ეხებით, თავი აარიდეთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს და აუცილებლად დარჩით შინ, თუ ავად ხართ.

სტატიის ავტორი: “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თამარ ობგაიძე