Plasmon
ღვიძლი – ქოლესტეროლის სიჭარბის მორიგი მსხვერპლი

თარიღი: 27 აპრილი, 2022

ექიმების პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა ულტრაბგერით გამოკვლევაზე გაგზავნილ პაციენტს ღვიძლის "უმნიშვნელო" გადიდებას და დიფუზურ გამკვრივებას აღმოუჩენენ ხოლმე. ეს მდგომარეობა ფასდება როგორც ცხიმოვანი ჰეპატოზი ანუ ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება.

ღვიძლის გაცხიმოვნების მიზეზები მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია, რადგან ღვიძლი ერთდროულად ასეულობით ფიზიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს, მჭიდროდ არის დაკავშირებული ორგანოთა უმრავლესობასთან და თანაბრად განიცდის როგორც გარეგანი, ისე შინაგანი მავნე ფაქტორების ზემოქმედებას.

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება ვერაგი სნეულებაა, რადგან დიდხანს რჩება უჩინარი. როგორც სამედიცინო ცენტრ "მრჩეველი – ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის" ჰეპატოლოგი მამუკა ზაკალაშვილი ამბობს, ღვიძლი, ეს ძალზე საიმედო და მომთმენი ორგანო, უმეტესად მხოლოდ მაშინ გვამცნობს ხოლმე თავის გასაჭირს, როცა მისი აღდგენის რეზერვი ამოწურულია.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო
ღვიძლი ადამიანის შინაგან ორგანოებს შორის ყველაზე დიდია. მას უნიკალური ანატომიური აგებულება და სისხლმომარაგება აქვს, რაც აუცილებელია მისი უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესასრულებლად.

ღვიძლის ძირითადი ფუნქციებია:

- ნაღვლის, სისხლის შედედების ფაქტორების, იმუნიტეტის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო ცილების, ვიტამინების სინთეზი;

- საკვები ნივთიერებების (გლუკოზა, ცხიმები, ვიტამინები) შენახვა`დაგროვება და საჭიროების შემთხვევაში გამოყენება;

- საკვებით მიღებული და ორგანიზმში წარმოქმნილი ტოქსინების, მედიკამენტების, ალკოჰოლის უვნებელყოფა და გამოყოფა;

- ორგანიზმის ენერგიით მომარაგება (ნახშირწყლების, ცხიმების, ცილების მეტაბოლიზმის პროცესში გამოყოფილი ენერგია აუცილებელია ყველა ორგანოს სრულფასოვანი მუშაობისთვის).

ამიტომ ღვიძლის გარეშე ადამიანი ისევე ვერ იცოცხლებს, როგორც, მაგალითად, კუჭის, ელენთის ან მსხვილი ნაწლავის გარეშე. ყველაფერთან ერთად, ღვიძლი ძირითადი ორგანოა, რომელსაც უნარი შესწევს, დაარეგულიროს სისხლში ქოლესტეროლის დონე, რომელიც ნაღვლის ბუშტის გავლით ნაწლავებში გადააქვს.


თუ ღვიძლს თვითაღდგენა შეუძლია, მისი დაზიანება რატომ იწვევს ასე ხშირად მძიმე შედეგებს?
მეტსაც გეტყვით – ღვიძლის მასის 1`7-იც საკმარისი იქნებოდა ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად.

საქმე ის არის, რომ ღვიძლის ქრონიკული ანთებით მიმდინარე დაავადებები, მათ შორის – ღვიძლის უჯრედებში ცხიმის ჭარბი ჩალაგებით გამოწვეული ღვიძლის ანთება (სტეატოჰეპატიტი), რომელიც დღესდღეობით ღვიძლის სტატისტიკურად ყველაზე მზარდი დაავადებაა დედამიწაზე, წლების განმავლობაში იწვევს უჯრედების კვდომას. ღვიძლის რეგენერაციის უნარის წყალობით მათ ჯანსაღი უჯრედები ენაცვლება, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი – დროთა განმავლობაში აღდგენითი პროცესი ზიანს ვეღარ ანაზღაურებს და ღვიძლი ნელ-ნელა ნაწიბურდება, გარკვეული ზღვრის მიღწევის შემდეგ კი დანაწიბურება შეუქცევადი ხდება.

რატომ მივყავართ ღვიძლის დაავადებებს მძიმე შედეგებამდე ასე ხშირად? იმიტომ, რომ თვით ეს დაავადებებია ძალიან გავრცელებული. მაგალითად, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების მთავარი რისკფაქტორია ჭარბი წონა, რომელიც დედამიწის მოსახლეობის თითქმის მესამედს აქვს.

ცხიმოვანი ღვიძლი
ცხიმოვანი ღვიძლი სამედიცინო მდგომარეობაა. მას ღვიძლის ცხიმოვან დისტროფიას, ცხიმოვან ჰეპატოზს და ღვიძლის სტეატოზსაც უწოდებენ, ხოლო საერთაშორისო კლინიკური დასახელებაა ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება (NAFLD), იგივე მეტაბოლურ სინდრომთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება (MAFLD). ყველა ეს ტერმინი აღწერს ერთსა და იმავე მდგომარეობას, რომელიც ღვიძლის უჯრედებში, ჰეპატოციტებში, ცხიმების (ლიპიდების) ჭარბი დაგროვებით ხასიათდება.

ღვიძლი და ქოლესტეროლი
ქოლესტეროლი ცხიმის ტიპია, რომელიც ადამიანის უჯრედების მემბრანის მთავარი კომპონენტია და ჰორმონების სინთეზშიც მონაწილეობს.

ღვიძლი ქოლესტეროლის ცვლის რეგულაციის ცენტრალური ორგანოა. ის ამ ნივთიერების საერთო რაოდენობის 80%-ს ასინთეზებს. საკვებთან ერთად ორგანიზმში მოხვედრილი ქოლესტეროლი ხვდება ღვიძლში, მისი შემდგომი ბედი კი ღვიძლის მიერ ქოლესტეროლის ათვისების უნარზეა დამოკიდებული. ღვიძლის უჯრედები წარმოადგენს ჭარბი ქოლესტეროლისგან გათავისუფლების ერთადერთ აპარატს, რომელიც თავად ქოლესტეროლს და მისგან წარმოებულ ცხიმოვან მჟავებს ნაღველთან ერთად გამოდევნის ორგანიზმიდან. სისხლში ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების დონის მატება ხშირად ღვიძლის უჯრედებში ცხიმოვანი ცვლის დარღვევის ინდიკატორია.

როგორ მიმდინარეობს დაავადება
ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების მიმდინარეობაში რამდენიმე ეტაპს გამოყოფენ. პირველია გაცხიმოვნებული ღვიძლი – ცხიმი ღვიძლში აკუმულირდება, თუმცა ღვიძლის უჯრედების ფუნქციები არსებითად დარღვეული არ არის. თუ ეს მდგომარეობა წლობით გაგრძელდა, მის მიზეზებსა და თანმხლებ დაავადებებთან ბრძოლა დაგვიანდა, შესაძლოა, პათოლოგიური მდგომარეობა გადავიდეს მომდევნო, უფრო მწვავე ეტაპზე, რომელსაც ეწოდება სტეატოჰეპატიტი – ღვიძლის გაცხიმოვნებით გამოწვეული ღვიძლის ანთება. მისი ოფიციალური სამედიცინო დასახელებაა არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი (NASH). ეს უფრო მკვეთრად გამოხატული და სახიფათო სტადიაა – ანთებითი პროცესის გამო ღვიძლის უჯრედები იხოცებიან და დროთა განმავლობაში მათ შემაერთებელი ქსოვილი ჩაენაცვლება. ამ მდგომარეობას ფიბროზი ეწოდება. თუ პროცესი ამჯერადაც უყურადღებოდ დარჩა, შესაძლოა, ის ღვიძლის ციროზსა და კიბოშიც კი გადაიზარდოს.

რატომ არ შეუძლია ღვიძლს, რომელიც მთელ ორგანიზმს წმენდს, ზედმეტი ცხიმისგან დამოუკიდებლად გათავისუფლება?
ჰეპატოციტებში ცხიმის დაგროვება ხანგრძლივი და მულტიფაქტორული პროცესია. ღვიძლის პარენქიმაში ცხიმის რაოდენობასა და უჯრედების მიერ მისი უტილიზაციის უნარს შორის თანაფარდობის დარღვევისას ვითარდება ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია. ღვიძლში ლიპიდების ჭარბად მოხვედრას (საკვებით ჭარბი მიღების ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო) ჰეპატოციტებში ცხიმის წვრილი წვეთების დალექვამდე მივყავართ. თავდაპირველად ღვიძლის უჯრედები ახერხებს ცხიმის აქტიურად გადამუშავებას და გამოდევნას, მაგრამ დროთა განმავლობაში წვრილი წვეთები მსხვილ წვეთებად გარდაიქმნება, რაც ჰეპატოციტების სტრუქტურის რღვევას იწვევს. საბოლოოდ უჯრედი “სკდება”, კვდება, რასაც ჯერ სტეატოჰეპატიტამდე, მერე კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღვიძლის ფიბროზამდე, ციროზამდე და ფუნქციის მოშლამდე მივყავართ.

ღვიძლში ნივთიერებათა ცვლის დარღვევები იმდენად მრავალფეროვანია, რომ მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ უცნობია ამ პროცესების ზუსტი ბიოქიმიური მექანიზმები.

ვის ემართება
ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება, თუმცა 45 წლიდან მისი სიხშირე იმატებს. ბოლო ხანს, სამწუხაროდ, შეიმჩნევა ღვიძლის სტეატოზის მნიშვნელოვანი მატება ბავშვთა ასაკში, რისი მიზეზიც ბავშვთა სიმსუქნის მზარდი მაჩვენებელია. სტატისტიკის თანახმად, ჭარბწონიანი ადამიანების 70%-ზე მეტს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება უვითარდება, 10-20%-ს – სტეატოჰეპატიტი, ღვიძლის გაცხიმოვნება ანთებით, ხოლო 1-2%-ს – ღვიძლის ციროზი. ყველაზე სახიფათოა სიმსუქნის აბდომინალური ტიპი, რომლის დროსაც ცხიმი უპირატესად მუცლის არეში ლაგდება. მაგრამ ზედმეტი ცხიმი ღვიძლში შესაძლოა იმ ადამიანებსაც აღმოაჩნდეთ, რომლებიც სიმსუქნეს არ უჩივიან. ამ შემთხვევაში ბრალი მიუძღვის დაუბალანსებელ კვებას – რაციონში არაჯანსაღი, მაღალკალორიული, ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტების სიუხვეს, ცილებისა და ხილ-ბოსტნეულის ნაკლებობას, კვების მოუწესრიგებელ რეჟიმს, ხშირ დიეტას და წონის მკვეთრ კლებას.

როგორც მოგახსენეთ, ამ დაავადების ოფიციალური სახელწოდებაა არაალკოჰოლური, მეტაბოლურ სინდრომთან დაკავშირებული ცხიმოვანი დაავადება. მაშასადამე, არსებობს ღვიძლის ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადებაც – ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი. ის უმთავრესად ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლებთან გვხვდება. ღვიძლის დაზიანების რისკი განსაკუთრებით მაღალია, როდესაც სიმსუქნეს, მასთან დაკავშირებულ მეტაბოლურ გართულებებს (შაქრიანი დიაბეტი, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და სხვა) ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებაც ერთვის. ალკოჰოლური ჰეპატიტი ცალკე, ვრცელი საუბრის თემაა.

როგორ სვამენ დიაგნოზს
ცხიმოვან ღვიძლს, წესისამებრ, შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე სხვა მიზეზით ჩატარებული მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევის დროს. მისი გამოვლენისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია – ღვიძლის დაავადებების სპეციალისტისა თუ არა, ოჯახის ექიმისა მაინც. ექიმი, უპირველეს ყოვლისა, ღვიძლის დაზიანების რისკფაქტორებს აფასებს. ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევებიდან აღსანიშნავია:

1) მუცლის ღრუს ექოსკოპია, რომლის საშუალებითაც ვავლენთ ცხიმის დაგროვების არაპირდაპირ ნიშნებს, ვაფასებთ ღვიძლის სტრუქტურული დაზიანებისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს;

2) სისხლის ბიოქიმიური ანალიზი – ეს უკანასკნელი ფასეულ ინფორმაციას გვაწვდის ღვიძლის უჯრედებში ანთების არსებობისა და ხასიათის, ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესახებ.

ღვიძლის დაზიანების სხვა მიზეზების (მაგალითად, B და ჩ ვირუსული ჰეპატიტების) გამოსარიცხავად შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა (მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფია).

სტეატოჰეპატიტის 100%-იანი სიზუსტით დიაგნოსტირებისა და ღვიძლის დაზიანების ხარისხის ზუსტი შეფასებისთვის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა ბიოფსია და ღვიძლის ქსოვილის მორფოლოგიური გამოკვლევა ძალიან გამოცდილი სპეციალისტის მიერ. საბედნიეროდ, ბიოფსია იშვიათად ხდება საჭირო, დიაგნოზის დასმა და დაავადების მართვა ხშირად უამისოდაც ხერხდება.

როგორ ავიცილოთ თავიდან
შესაძლოა, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ დაავადების პრევენციისთვის უმთავრესია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა:

- ალკოჰოლისთვის თავის არიდება ან ზომიერი მიღება;

- ჯანსაღი, ბალანსირებული, მრავალფეროვანი კვება – არ არსებობს საკვები (რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ჯანსაღ პროდუქტებს), რომელიც "ცუდია" ღვიძლისთვის, არ არსებობს საკვები, რომელიც "კარგია" ღვიძლისთვის;

- რეგულარული ფიზიკური აქტივობა (არც ღვიძლისთვის "უკეთესი" და "უარესი" ვარჯიშები არსებობს);

- მედიკამენტების თვითნებური მიღებისგან თავის შეკავება (!).

ხშირად გაიგონებთ: "ეს  წამალი ღვიძლს უხდება", "სხვა წამალს თუ სვამ, ღვიძლის დამცავიც უნდა მიიღო" და ა.შ. ასეთ დაუდევრობას, სამწუხაროდ, ექიმებიც იჩენენ ხოლმე. სწორედ მედიკამენტების მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა ღვიძლისთვის სახიფათო, განსაკუთრებით - ისეთი მედიკამენტების მიმართ, რომელთა უსაფრთხოება, ფარმაკოკინეტიკა და ორგანიზმიდან გამოყოფის მექანიზმები უცნობია.

როგორ მკურნალობენ
თუ ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება დადასტურებულია, უმჯობესია, პაციენტმა მიმართოს მკურნალ ექიმს და რჩევა-დარიგება მისგან მიიღოს. ექიმი ჩაატარებს საჭირო კვლევებს და შედეგების მიხედვით შეარჩევს დაავადების მართვის ტაქტიკას. ეს უკანასკნელი კომპლექსურია და დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე: ღვიძლის ანთებისა და დაზიანების ხარისხზე, თანმხლები დაავადებების არსებობა-არარსებობაზე, ლაბორატორიულ ცვლილებებზე და სხვა. მართვა არ ნიშნავს მხოლოდ წამლის გამოწერას – ის გულისხმობს თანმხლები დაავადებების მკურნალობასა და პროფილაქტიკას (მაგალითად, სიმსუქნის კორექციას დაბალკალორიული დიეტით, ფიზიკური აქტივობით, საჭიროების შემთხვევაში – ბარიატრიული ოპერაციით, შაქრიანი დიაბეტის სრულფასოვან მართვას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების მკურნალობას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სრულყოფილ მართვას და ა.შ.).

დიეტა ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების დროს
დიეტა დაავადების მიზეზზეა დამოკიდებული. თუ პაციენტს მხოლოდ სიმსუქნე აღენიშნება და სხვა თანმხლები პათოლოგია არ აქვს, კვება წონის დაკლებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. თუ პარალელურად შაქრიანი დიაბეტიც დასტურდება, პაციენტმა უნდა შეასრულოს ენდოკრინოლოგის მიერ გაცემული კვებითი რეკომენდაციები და ა. შ.

უამრავი მედიკამენტი გამოიცადა ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების სამკურნალოდ, თუმცა თითქმის ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. არსებობს რამდენიმე პრეპარატი, რომლებიც მხოლოდ იშვიათ, განსაკუთრებულ შემთხვევებში ინიშნება, მაგრამ მათი ეფექტურობაც არ არის მაღალი, ამიტომ ეს წამლები ვერ ცვლის ცხოვრების ჯანსაღი წესის ხარჯზე წონის კლების რეკომენდაციას. დღემდე მიმდინარეობს კვლევები უფრო ეფექტიანი საშუალებების მოსაძიებლად, რომლებიც გამოყენებული იქნება პროგრესირებადი სტეატოჰეპატიტის მქონე პაციენტებისთვის იმ შემთხვევებში, როცა ცხოვრების წესის მოდიფიკაციას სასურველი შედეგი არ მოაქვს.

ღვიძლის “გაწმენდა”
ტერმინი "ღვიძლის გაწმენდა" მედიცინაში არ არსებობს. გაწმენდა სჭირდება ნივთებს. მედიცინა ორგანოების გაწმენდის პროცედურას არ იცნობს და ხშირად გაურკვეველია, რას გულისხმობენ ამ ტერმინით. ადამიანს ან აქვს ღვიძლის დაავადება, რომელსაც მკურნალობა`მართვა და მეთვალყურეობა სჭირდება, ან არა, ხოლო თუ ღვიძლის პრობლემა გამოკვლევით არ არის დადასტურებული, რა უნდა "გავწმინდოთ"?!

ღვიძლს, როგორც ვთქვი, კარგი თვითაღდგენის უნარი აქვს და თუ ადამიანს ამ ორგანოს დაავადება არ დადასტურებია, ერთადერთი, რაც ევალება, ის არის, რომ თვითონვე არ შეუშალოს ხელი ამ პროცესს, კერძოდ, მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს.

"ღვიძლის გაწმენდაზე" საუბრისას პაციენტები ხშირად გულისხმობენ მცენარეული ნაღველმდენი საშუალებების გამოყენებას, რომლებიც ღვიძლისა და სანაღვლე სადინარების ზოგიერთი დაავადების (ღვიძლის ციროზი, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება) დროს ძალზე სახიფათოა. მეტიც – არსებობს რისკი, ამ საშუალებებმა ჯანმრთელი ღვიძლის მქონე ადამიანებშიც კი გამოიწვიოს ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება.

ღვიძლის "დაცვა"
ღვიძლის “დამცავი” პრეპარატები, ისევე როგორც ღვიძლის "გამწმენდი" საშუალებები, სამწუხაროდ, არ არსებობს. როგორც უკვე ვთქვით, ღვიძლს ან აქვს პრობლემა, ან არა. თუ პრობლემა არ არსებობს, არც ღვიძლს სჭირდება საგანგებო "დაცვა", ცხოვრების ჯანსაღი წესი საამისოდ საკმარისია, ხოლო თუ პრობლემა დადასტურდა, გამოსავალი ერთია: მიზეზის პოვნა, მისი აღმოფხვრა და კონტროლი.