Plasmon
საკუთარ შვილებსაც კი ნუ აკოცებთ – არ დაგვავიწყდეს, კორონავირუსული ინფექციის აფეთქების საშიშროების წინაშე ვდგავართ

თარიღი: 09 მარტი, 2020

“მეგობრებო, დადგა გაზაფხული და ბუნებრივია ყველას უჩნდება სურვილი სეირნობის, კომუნიკაციების (თავშეყრების, შოპინგების, ქეიფის, მოფერების, ჩახუტების, მოგზაურობის და ა.შ). არ დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსული ინფექციის აფეთქების საშიშროების წინაშე ვდგავართ! COVID-19 in action!”, – ამის შესახებ პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პედიატრის თქმით, ახალი კორონავირუსი შეუსწავლელი, ახალი და სწრაფად გავრცელებადი ვირუსია. ინგა მამუჩიშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას რეკომენდაციით:

“ის არის ძალიან შეუსწავლელი, ახალი, მუტანტი სწრაფად გავრცელებადი ვირუსი, რომელიც ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი, უფრო მეტად წვეთოვანი გზით და უკვე საუბარია გადაცემის ორალურ-ფეკალურ გზაზე (ამიტომაც საჭიროა ხელების ინტენსიური დაბანა და ზედაპირების ხშირი დამუშავება). ვირუსი მრავლდება ლორწოვანებზე, მას ახასიათებს ბრძოლა სიცოცხლისათვის, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გამრავლდეს!

მკაცრად დავიცვათ სოციალური დისტანციის პრინციპი, ნუ ჩაეხუტებით, ნუ გადაკოცნით ერთმანეთს, ნუ მიუახლოვდებით 2 მეტრზე ახლოს (მოგზაურობის ისტორია აუცილებელია ვიცოდეთ, მაგრამ არის უკვე შიდა გადაცემის შემთხვევებიც). საკუთარ შვილებსაც კი ნუ აკოცებთ! სახლში მოსულებმა გაიხადეთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ხელის დაბანაზე აღარ ვსაუბრობ. კორონავირუსი არ ცნობს საზღვრებს, კანის ფერს, თანამდებობებს. ხილი, ბოსტნეული და მაღაზიებიდან მოტანილი შეფუთული პროდუქტი, სანამ შეინახავთ (რძე, იოგურტები, მაწონი და ზოგადად ყველაფერი, რისი გარეცხვაც შეიძლება, გარეცხეთ გამდინარე წყალში ან დაამუშავეთ ანტიბაქტერიული ხელსახოცებით ან სპირტით). რა არ გინახავთ ზედ რომ მიაცემინებენ და მიახველებენ ადამიანები, ყოველგვარი ეტიკეტის დაცვის გარეშე.

დაამუშავეთ ზედაპირები ანტიბაქტერიული სითხეებით. სასურველია, არასასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ობიექტები გადავიდნენ ონლაინ მუშაობის პრინციპზე… ვიზრუნოთ ერთმანეთზე, თუ გაქვთ მოგზაურობის ისტორია, თუ გაქვთ კონტაქტი საეჭვო პირთან, სიმპტომების გამოვლენამდე მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას! თუ აღგენიშნათ მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა ან სუნთქვის უკმარისობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ინფექციურ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ან გამოიძახეთ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა!”, – აცხადებს ინგა მამუჩშვილი.

პედიატრის განმარტებით, თვითდიაგნოსტიკა და თვითმკურნლობა დაუშვებელია. მისი თქმით, აუცილებელია, გავითვალისწინოთ ჯანმო-სა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციები.

“გახსოვდეთ, რომ COVID-19-ის გარდა ამ პერიოდში აქტივირებულია რინოვირუსი, ადენოვირუსი, გრიპის და კიდევ სხვა უამრავი ვირუსი, თუმცა თვითდიაგნოსტიკისა და მკურნალობისგან თავი შეიკავეთ! უამრავი იწერება კორონავირუსზე, ბევრი “ფეიკია” თავისი ბიზნესინტერესებით, ამ ახალი ბიოლოგიური მუტანტის შესახებ ბევრი რამ უცნობი და შეუსწავლელია, ამიტომ ნუ დაუჯერებთ ყველას და ყველაფერს. გაითვალისწინეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები!

მიმართეთ ყველა ხალხურ, ანტივირუსულ საშუალებას, გამოისვით ცხვირში ანტივირუსული მალამოები, ხშირად დალიეთ თბილი წყალი ყლუპებით. ვიყოთ ფრთხილად! ვიმოქმედოთ პანიკის გარეშე! დისტანციურად მოვეფეროთ ერთმანეთს! თავი ავარიდოთ შუღლს, ბოროტებას! ხელისუფლებამ კი უნდა გააძლიეროს ჰოსპიტალური სექტორის აღჭურვილობა, გადაამზადოს ექიმები და უმცროსი მედპერსონალი! ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ ახალი და რთული გამოწვევისთვის! გახსოვდეთ, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, ეს კი დიდწილად დამოკიდებულია ჩვენს შეგნებაზე, განათლებაზე, ზნეობაზე და მოქალაქეობრივ კულტურაზე! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას”, – წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.

წყარო: http://mcm.ge/