Plasmon
შაქრიანი დიაბეტი და Covid-19

თარიღი: 12 აპრილი, 2020

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ როგორც Covid 19 – ით ინფიცირების, ისე დაავადების მძიმე/კრიტიკული მიმდინარეობის მაღალი რისკი. რა არის ამის მიზეზი და როგორ შეიძლება დაინფიცირების რისკების შემცირება, ასევე, როგორ უნდა მოიქცნენ პაციენტები დაავადების განვითარების შემთხვევაში? ამ და სხვა კითხვებზე გვპასუხობს ენდოკრინილოგი ნინო გაბიძაშვილი.

პირველ რიგში, საინტერესოა, თუ რატომ ითვლებიან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკისჯგუფად?
შაქრიანი დიაბეტი მოქმედებს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, განსაკუთრებით კი, არამენეჯირებული დიაბეტი, ანუ თუ პაციენტს არ აქვს გლუკოზის მაჩვენებლები სამიზნე ფარგლებში, შესაბამისად, ეს აუარესებს იმუნური სისტემის ფუნქციას და ზრდის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში Covid-19-ით ინფიცირების რისკს. ხოლო ინფიცირების შემთხვევაში, იზრდება დაავადების მძიმე, კრიტიკული მიმდინარეობის რისკი.

ჩინეთის, ვუჰანის მონაცემებით, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის პროცენტურლი მაჩვენებელი იყო 0.9% იმ პაციენტებში, რომლებსაც არანაირი სხვა თანმხლები დაავადება არ ჰქონდათ. ზოგად პოპულაციაში -2.3%, ხოლო შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში სიკვდილიანობის რისკი იზრდებოდა 7.3%-მდე.

რატომ ითვლება კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში შაქრიანი დიაბეტი დამამძიმებელ ფაქტორად?
პირველ რიგში, ეს ეხება არამენეჯირებულ შაქრიან დიაბეტს, როდესაც გლუკოზის მაჩვენებლები არ არის სამიზნე ფარგლებში. თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი, მაგრამ დაავადება კომპენსირებულია, რა თქმა უნდა, რისკი, როგორც ინფიცირების, ისე დაავადების მძიმე მიმდინარეობის, ნაკლები იქნება.

შაქრიანი დიაბეტი თავად წარმოადგენს გულის დაავადების განვითარების მაღალ რისკფაქტორს, ანუ პაციენტებს, რომელთაც შაქრიანი დიაბეტი აქვთ, გულის დაავადების განვითარების რისკი ორჯერ უფრო მაღალი აქვთ ზოგად პოპულაციასთან შედარებით. ძალიან ბევრ პაციენტს, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი აღენიშნება, უკვე დადგენილი აქვს გულის პათოლოგია ან აქვს გულის პათოლოგია, რომელიც შეიძლება არ იყოს ამ ეტაპისთვის გამოვლენილი. კორონავირუსს გააჩნია გარკვეული ტროპიზმი მიოკარდიუმის მიმართ, ანუ მას აქვს უნარი დააზიანოს გული. შესაბამისად, პაციენტებში, რომლებსაც უკვე აქვთ გულის დაავადება, მათი მდგომარეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში მწვავდება და უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ანუ დეკომპენსაციას განიცდის. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ ხასიათდება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ვირუსი უფრო მძიმე მიმდინარეობით.

გარდა ამისა მნიშვნელოვანია, თუ რა ასაკის არის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტი, რადგან სიკვდილიანობის რისკს მკვეთრად ზრდის ასაკი. შესაბამისად, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტს თუ ასევე მაღალი ასაკი აღენიშნება, ეს დამატებით რისკფაქტორს წარმოადგენს.

ჩინეთის, ვუჰანის მონაცემებით, 25 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე პაციენტებში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე იგივე იყო, რაც ზოგად პოპულაციაში.

რა რეკომენდაციები გაქვთ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენეტებისთვის, როგორ შეიძლება ვირუსის თავიდან აცილება, ან დაინფიცირების შემთხვევაში მისი მსუბუქ ფორმებში გადატანა?
პირველ რიგში, საჭიროა შაქრიანი დიაბეტის ადეკვატური მართვა ანუ კომპენსაცია. ეს უნდა მოხდეს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გზით, თუმცა ამ პერიოდში არ არის რეკომენდირებული, რომ პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ, იმყოფებოდნენ მოსაცდელ ოთახებში, ხალხმრავლობაში. ამიტომ, მოწოდებაა ექიმების და კლინიკების მხრიდან, რომ ონლაინ კონსულტაციებზე მოხდეს გადასვლა.

შაქრიანი დიაბეტის ადეკვატური მართვა გლუკოზის შენარჩუნება სამიზნე მაჩვენებლების ფარგლებში შეამცირებს როგორც ინფიცირების, ასევე, ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკს.

ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ზოგადი რეკომენდაციები, რაც ყველას ეხება, ანუ სოციალური დისტანცირება და ჰიგიენის წესების ზედმიწევნით დაცვა.

იმ პაციენტებს, რომელთაც შაქრიანი დაიბეტი აქვთ, იქნება ეს ტიპი 1 თუ ტიპი 2, განსაკუთრებით, თუ მათი ასაკი 60 წელს ზემოთ არის და ისინი ცხოვრობენ დიდ ოჯახებში, სადაც ოჯახის წევრებს უწევთ გარეთ გასვლა, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა დისტანციის დაცვა მოახდინონ ოჯახის წევრებთანაც, თუ ეს შესაძლებელია.

ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც კორონავირუსი მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე, თუმცა პირი ვირუსის მატარებელია. მას კი შეუძლია ვირუსი გადასდოს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტს, სადაც დაავადება თავისი სიმპტომებით ანუ კლინიკურად გამოვლინდება.

როგორ უნდა მოიქცეს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტი ინფიცირების შემთხვევაში?
ინფიცირების შემთხვევაში მნიშვნელოვანია კონტაქტი მკურნალ ექიმთან, სიმპტომების გაცნობა, რომელიც თავის მხრივ ურჩევს პაციენტს ან ამბულატორიულად მიმართოს ინფექციონისტს, ან სასწრაფო დახმარების სამსახურის საშუალებით – ჰოსპიტალს.

კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში საჭიროა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის სქემის გარკვეული ცვლილება, უნდა შეწყდეს გარკვეული პრეპარატები და ჩანაცვლდეს ინსულინოთერაპიით, ხოლო პაციენტებში, ვინც უკვე იმყოფებიან ინსულინოთერაპიაზე, საჭიროა ინსულინების დოზების ადეკვატური ცვლილება.

თავად ინფექციური პროცესის მკურნალობასთან ერთად პარალელურად შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაც სათანადოდ უნდა შეიცვალოს და შეიცვალოს ისე, რომ გლუკოზის მაჩვენებლები მაინც ნორმის ფარგლებში შენარჩუნდეს და მკურნალობა გაგრძელდეს მწვავე ინტერკურენტული დაავადების თანაარსებობის პირობებში უსაფრთხო მედიკამენტებით.

რა როლი აქვს სახელმწიფოს ამ პროცესში?
უკვე წლებია პაციენტებს, რომელთაც დადგენილი აქვთ შაქრიანი დიაბეტი და საჭიროებენ ინსულინოთერაპიას, უზრუნველყოფს სახელმწიფო.

აქამდე პაციენტებისთვის ინსულინის გაცემა ხდებოდა სპეციალური რეცეპტის საფუძველზე. ექიმი სამ თვეში ერთხელ უწერდა რეცეპტს და პაციენტები მიმართავდნენ სპეციალურ აფთიაქს, სადაც ამ რეცეპტის საფუძველზე იღებდნენ ინსულინს. ახლა იმისთვის, რომ შემცირდეს პაციენტების ინფიცირების რისკი და არ გახდეს საჭირო მათი სამედიცინო დაწესებულებებში მისვლა, რეცეპტები არის გაუქმებული და როდესაც პაციენტს გეგმურად უწევს, რომ აიღოს ინსულინების მარაგი, მას პირდაპირ შეუძლია მიმართოს აფთიაქს, სადაც ის უფასოდ იღებდა პროგრამულ მედიკამენტებს, ამ შემთხვევაში ინსულინებს, და ყოველგვარი რეცეპტის გარეშე მოხდება მასზე მედიკამენტის გაცემა.

იმ შემთხვევაში, თუ კლინიკებში აღარ არის საკმარისი ადგილები პაციენტებისთვის, სხვადასხვა სახელმწიფო გასცემს რეკომენდაციას, რომ ვირუსით ინფიცირებულებმა სახლში იმკურნალონ. რამდენად ადეკვატური იქნება სახლში მკურნალობა შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის?
Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევაში არის სიმპტომები, რომლებიც აუცილებლად მოითხოვს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას და არის სიმპტომები, რომელთა შემთხვევაში შესაძლებელია ბინაზე მკურნალობა. ამიტომ, ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნების განვითარების შემთხვევაში, როგორიცაა მშრალი ხველა, ცხელება, ზოგადი სისუსტე, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, პაციენტი უნდა შეეხმიანოს თავის მკურნალ ექიმს. ეს შეიძლება იყოს ოჯახის ექიმი ან ენდოკრინოლოგი, უნდა უთხრას თავისი სიმპტომები და უკვე ამის მიხედვით შესაძლებელია პაციენტს მიეცეს რეკომენდაცია, საჭიროებს ის ჰოსპიტალიზაციას, თუ არა.

პაციენტები სუნთქვის უკამრისობით და პნევმონიით საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ პაციენტები, რომელთანაც დაავადება ძალიან მსუბუქი სიმპტომებით მიდის – აწუხებთ მხოლოდ სისუტე და მშრალი ხველა, მათ შესაძლებელია განაგრძონ მკურნალობა ბინაზე. ეს დამოკიდებულია დაავადების მიმდიანრეობის სიმძიმეზე.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაცეინტებში თუ გამოიკვეთება რაიმე სპეციფილური სიმპტომები კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში?
განსაკუთრებული სიმპტომი არა, მაგრამ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით, თუ მათი დაავადება არ არის ადეკვატურად მართული, უფრო მაღალია დაავადების მძიმე, კრიტიკული მიმდინარეობა, რომელიც პაციენტის ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. ამის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა დაავადების ადეკვატური მართვა და მისი კომპენსაცია, რომელიც თუ აქამდე არ იყო მიღწეული, ახლა მაინც უნდა დაიწყოს ამაზე მუშაობა.