თარიღი: 13 აპრილი, 2018
როგორ ვებრძოლოთ სეზონურ ალერგიას ორსულობის დროს
გაზაფხული ორსულებისთვის ერთ-ერთი საყვარელი სეზონია. ტემპერატურა გარეთ მათთვის ოპტიმალურია, იწყება ყვავილობა, შესაძლებელია სუფთა ჰაერზე გარეთ ხანგრძლივი სეირნობა, დადებითი ემოციების მიღება, რაც დედის და ბავშვის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ამ დროს შესაძლოა გამწვავდეს ისეთი ალერგიული დავადებები, როგორიცაა: ალერგიული რინიტი, კონიუქტივიტი, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება , ატოპიური დერმატიტი.
ორსულობის დროს სეზონური ალერგიის სიმპტომებზე და მკურნალობის გზებზე გვესაუბრება ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმონოლოგი ნინო მჭედლიშვილი
რა იწვევს სეზონურ ალერგიას?
სეზონურ ალერგიას ანუ პოლინოზსს ძირითადად განაპირობებს ბალახების , სარეველების, ხეების ყვავილის მტვრის მარცვლები. მათი დიამეტრი საშუალოდ 0.05 მმ-ია , ამიტომ შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია დავინახოთ. მცენარის ეს მარცვლები შეიცავენ დიდი რაოდენობით ალერგენულ ცილებს, ანუ იმ ცილებს რომლებსაც ალერგიის გამოწვევა შეუძლიათ.
იწვევს თუ არა ორსულობა, ალერგიული დაავადებების გამწვავებას?
ცნობილია რომ ორსულობის დროს ხშირად მწვავდება ალერგიული დაავადებები, ამიტომ თუ იცით რომ გაქვთ ალერგიული სიმპტომები და გეგმავთ ორსულობას, სასურველია მანამდე გამოიკვლიოთ, განსაკუთრებით მედიკამენტური ალერგიის, მწერის ნაკბენზე ალერგიის და ანაფილაქსიის შემთხვევაში. ზოგჯერ ორსული პაციენტები აღნიშნავენ რომ ალერგიული სიმპტომები ორსულობამდე არასოდეს ჰქონიათ.
უხშირესი სიმპტომებია:
• ცხვირის გაჭედვა
• ხველა
• ცემინება
• თავის ტკივილი
• მსტვინავი სუნთქვა
• თვალების ქავილი, ცრემლდენა
• ყურების ქავილი
• ყელის ქავილი
• გამონაყარი
აღსანიშნავია რომ ორსულთა დაახლოებით 20-30%-ი უჩივის ცხვირის გაჭედვას, ვლინდება ცხვირის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია ( სიწითლე) და შეშუპება. ესაა მდგომარეობა, რომელსაც ვუწოდებთ ორსულთა რინიტს. სიმპტომები გრძელდება ექვსი ან მეტი კვირა, სხვა ჩივილების გარეშე, რაც არ უკავშირდება სასუნთქი გზების ინფექციას ან ალერგიას. ორსულთა რინიტი მშობიარობიდან ორ კვირაში ალაგდება. ალერგიული რინიტის დროს კი ხშირად ცხვირის გაჭედვასთან ერთად გამოხატულია ცემინება, ცხვირის ქავილი, უხვი წყლიანი გამონადენი, თვალების ქავილი. ექიმი დაგეხმარებათ განასხვაოთ ალერგიული რინიტია, თუ უბრალოდ ორსულთა რინიტი ცხვირის გაჭედვის მიზეზი, რაც ხშირად ღამით პირღია ძილს იწვევს. ზოგიერთი კვლევით დადგინდა, რომ არაკონტროლირებული რინიტი გესტაციური ჰიპერტენზიის, პრეეკლამფსიის და ნაყოფის ზრდის შეფერხების რისკს ზრდის.
შესაძლებელია თუ არა ალერგოდიაგნოსტიკა ორსულობის დროს?
ორსულობის დროს, როგორც წესი არ კეთდება კანის პრიკ ტესტირება, რადგან ალერგიული რეაქციის განვითრების თეორიული რისკია, თუმცა სრულიად უსაფრთხოა სისხლში სპეციფიური იმუნოგლობულინების განსზღვრა, საჭიროების დროს ცხვირის ნაცხის ციტოლოგიური კვლევა, ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ოქსიდის განსაზღვრა, ან იმუნოლოგიური ტესტი თანამედროვე ბიოჩიპის მეთოდით (ISAC), რომლის დროსაც შესაძლებელია ანალიზი ჩატარდეს ალერგენების 112 კომპონენტზე ერთდროულად.
შესაძლებელია თუ არა სეზონური ალერგიის მკურნალობა ორსულობის დროს?
მიმართეთ თქვენს ალერგოლოგს, რომელიც შეგირჩევთ ორსულოობის დროს ნებადართულ სამკურნალო მედიკამენტებს.
მედიკამენტური მკურნალობის გარდა, რა შეიძლება გაკეთდეს სიმპტომების შესამსუბუქებლად?
• თავი აარიდეთ სიგარეტის კვამლს, ალერგიულ სიმპტომებს ამწვავებს როგორც აქტიური, ასევე პასიური მოწევა.
• რეკომენდებულია ჩაიტაროთ ალერგოდიაგნოსტიკა, რათა ზუსტად იცოდეთ რაზე გაქვთ ალერგია, მცენარეთა ყვავილობის წლიური კალენდრის მიხედვით გაგიადვილდებათ თქვენი სიმპტომების მართვა.
თუ ალერგიული ხართ მცენარეთა ყვავილის მტვრის მიმართ, სეზონის დროს:
• ხშირად გამოირეცხეთ ცხვირი ფიზიოლოგიური ან ზღვის მარილის შემცველი ხსნარით
• მოერიდეთ გარეთ სიარულს ქარიან, მშრალ, ცხელ ამინდში, განსაკუთრებით დილის 5 სთ - დან 10 სთ -მდე, რადგან მცენარეთა მტვრის კონცენტრაცია ჰაერში ამ დროს მაქსიმალურია, უმჯობესია წვიმიანი ამინდის შემდეგ სეირნობა.
• დახურეთ სახლის და მანქანის ფანჯრები, ქარიან ამინდში, უმჯობესია გამოიყენოთ კონდიციონერი ჰაერის გამწმენდი ფილტრით.
• გამოიყენეთ ჰეპა ფილტრის შემცველი ჰაერის გამწმენდი აპარატი და მტვერსასრუტი.
• ოთახის იატაკი და ავეჯის ზედაპირი გაწმინდეთ სველი წესით.
• არ გააშროთ სარეცხი გარეთ, უმჯობესია ამისთვის გამოიყენოთ საშრობი ოთახი.
• სახლში მოსვლის შემდეგ მიიღეთ შხაპი.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი