Plasmon
შაკიკი – თავის მფეთქავი ტკივილი

თარიღი: 13 მაისი, 2021

არ მეგულება ადამიანი, რომელიც თავის ტკივილს არ შეეწუხებინოს. თავის ტკივილს ნერვული დაბოლოებების, ე.წ რეცეპტორების, გაღიზიანება იწვევს. ეს რეცეპტორები მდებარეობს თავის ქალას შიგნით და გარეთ: მსხვილი სისხლძარღვების კედლებში, ტვინის მაგარ გარსში, კუნთებსა და მყესებში, კანქვეშა ქსოვილში, თვალებში, ცხვირის დანამატ ღრუებსა და ლორწოვანში.

თავის ტკივილი სიმპტომია, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმი რაღაცის მავნე ზემოქმედებას განიცდის ან მის შიგნით მიმდინარეობს პათოლოგია, რომელიც დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოითხოვს.

ტკივილის მიზეზებია:
* სისხლძარღვთა დაავადებები, მაღალი`დაბალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია`ჰიპოტენზია);
* ქალასშიდა წნევის მომატება (თავის ტვინის სიმსივნეებისა და სხვა პათოლოგიების დროს);
* შაკიკი;
* სამწვერა ნერვის ნევრალგია;
* ქალა-ტვინის ტრავმა, ქალას ძვლების მოტეხილობა;
* ტრავმის შემდგომი მდგომარეობები;
* მედიკამენტების ჭარბი მოხმარება;
* ცხვირის დანამატ ღრუებსა და თვალის მიდამოში მიმდინარე ანთებითი პროცესები;
* ვირუსული დაავადებები.

თავის ტკივილს ასევე შეიძლება პროვოცირება გაუწიოს:
* კლიმატის მკვეთრმა ცვლილებამ;
* ხშირი სტრესის ფონზე ემოციურმა გადაძაბვამ;
* არაჯანსაღმა საკვებმა;
* ალკოჰოლის ჭარბმა მიღებამ;
* მზეზე დიდხანს ყოფნამ.

ზოგიერთი დაავადებისთვის თავის ტკივილი ზოგად სიმპტომად მიიჩნევა, ზოგიერთისთვის კი სავიზიტო ბარათად. ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება შაკიკი.

შაკიკი მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ს აქვს. მათ შორის ქალები ჭარბობენ. მათთან დაავადება უმთავრესად პუბერტატულ ასაკში იჩენს თავს და მენოპაუზამდე გრძელდება.

შაკიკი ქრონიკული, მორეციდივე ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძლიერი, მფეთქავი ტკივილი თავის მარჯვენა ან მარცხენა ნახევარში.

განასხვავებენ შაკიკის ორ ძირითად სახესხვაობას: შაკიკს აურით და შაკიკს აურის გარეშე. შაკიკი აურის გარეშე უფრო მეტადაა გავრცელებული.

აურა – ეს არის პერიოდი, რომელიც წინ უძღვის თავის ტკივილს. ის შესაძლოა გამოვლინდეს როგორც მხედველობითი, ისე ყნოსვითი სიმპტომებითაც: თვალწინ ბრჭყვიალა წერტილების გაჩენით, არარსებული სუნის შეგრძნებით... აურის შემდგომ იწყება თავის შეტევითი ტკივილი, რომელიც 4-დან 72 საათამდე გრძელდება.

შაკიკს აურის გარეშე რამდენიმე ქვესახეობად ყოფენ. ესენია:
* ბაზილარული შაკიკი – შეტევა ვლინდება თავბრუხვევით, წონასწორობის დარღვევით;
* ჰემიპლეგიური შაკიკი – ხდება სხეულის ნახევარში კუნთები სუსტდება;
* შაკიკის სტატუსი – შეტევა ჩვეულებრივზე მეტადაა გახანგრძლივებული.

დაავადებისთვის დამახასიათებელია ნახევარი თავის ინტენსიური, მოპულსირე ტკივილი, რომელიც ძლიერდება სიარულისა და ფიზიკური დატვირთვის დროს. შეტევა, როგორც ვთქვით, შეიძლება 4-დან 72 საათამდე გაგრძელდეს. ინდივიდუალურია შეტევების სიხშირეც: ზოგს ყოველდღე უმეორდება, ზოგს კი წელიწადში რამდენჯერმე. შეტევის დროს ზოგჯერ იმატებს მგრძნობელობა სინათლისა და ხმაურის მიმართ. შესაძლოა, ტკივილს თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება და ღებინება.

რა იწვევს
შაკიკის აღმოცენებისა და განვითარების მიზეზები მედიცინისთვის ჯერ კიდევ უცნობია. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ  დროს თავის ტკივილს საფუძვლად უდევს სისხლძარღვოვანი სპაზმი – თავდაპირველად ხდება ვაზოკონსტრიქცია - თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროება, რაც, მეცნიერთა აზრით, იწვევს აურულ სიმპტომებს, მერე კი ვაზოდილატაცია - სისხლძარღვების გაფართოება, რასაც ძლიერი ტკივილი მოჰყვება.

ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით გამოყვეს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს შაკიკის განვითარებას. ალკოჰოლი (განსაკუთრებით – წითელი ღვინო) მიღება, თამბაქო, ზოგიერთი საკვები (ჰოლანდიური ყველი, თხილი, კაკაო) სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს. ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული ფსიქოემოციური სტრესი, ძილის რეჟიმის დარღვევა (ზედმეტი ძილი ან ძილის ნაკლებობა), მენსტრუაციის წინა პერიოდის სინდრომი (პმს) ასევე შეიძლება შეტევის მაპროვოცირებელ ფაქტორად იქცეს.

შეტევის თანმხლები გაუსაძლისი ტკივილი უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე. პაციენტებს უწევთ სამსახურის გაცდენა, მნიშვნელოვანი შეხვედრების გადადება, გეგმების შეცვლა... დაავადება არ ცნობს მდიდარსა და ღარიბს, ცნობილს და უცნობს; ის, განურჩევლად სტატუსისა, სტუმრობს ყველას და ურღვევს იდილიას. ამის დასტურია შაკიკით დაავადებულთა ვრცელი სია, რომელშიც თვით უძლეველი იქს-ადამიანი – ჰიუ ჯეკმენიც კი მოხვდა. ამბობენ, რომ გაუსაძლისი ტკივილების გამო მან არაერთხელ გააცდინა გადაღება. ვერც მომხიბვლელი შერონ სტოუნი გადაურჩა შაკიკის კლანჭებს – 2012 წელს მილანში, მოდის კვირეულზე, ჩვენების მიტოვება მოუხდა – ისე ცუდად გახდა, რომ კლინიკაში გადაყვანა და შემდგომი მკურნალობა დასჭირდა.

თავის ტკივილის მიზეზი ყოველთვის შაკიკია?
დიფერენციალური დიაგნოსტიკა მედიცინის საფუძველია. როგორც აღვნიშნეთ, თავის ტკივილს საკმაოდ ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ ექიმთან მისვლა აუცილებელია, პირველ რიგში – ჩვენივე სიმშვიდისთვის, მერე კი – დაავადების აღმოფხვრისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

ექიმი ნევროლოგი შეკრებს ინფორმაციას თქვენი ჩივილებისა და ცხოვრების წესის შესახებ, ამის შემდეგ საგულდაგულოდ შეაფასებს თქვენს ნევროლოგიურ მდგომარეობას და დასვამს დიაგნოზს, ბოლოს კი გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფა სხვა მძიმე პათოლოგიების გამოსარიცხად.

მკურნალობა
შაკიკისგან შეწუხებული ადამიანები დღესაც ხშირად მიმართავენ ხალხურ საშუალებებს. ტრადიციულ მედიცინაში კი არსებობს შაკიკის მკურნალობის სპეციფიკური და არასპეციფიკური მეთოდები. სპეციფიკური მეთოდი გულისხმობს იმ მედიკამენტების მიღებას, რომლებიც პროსტაგლანდინებს ბლოკავს (არსებობს მოსაზრება, რომ შაკიკის შეტევის დროს, სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად, თავის ტვინში გამოიყოფა პროსტაგლანდინები და ძლიერ ტკივილსაც სწორედ ეს იწვევს), ხოლო არასპეციფიკური – იმ მედიკამენტებისას, რომლებიც, უბრალოდ, ტკივილს ხსნის (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და ანტიპირეტული საშუალებები, მაგალითად, პარაცეტამოლი, იბუპროფენი, ასპირინი). რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. მკურნალობა რამდენიმე წელიც შეიძლება გაგრძელდეს და ამ პერიოდში გადამწყვეტი როლი ენიჭება პაციენტის ცხოვრების სტილის შეცვლას, უპირველეს ყოვლისა – სტრესული სიტუაციებსა და შეტევის მაპროვოცირებელი ფაქტორებისთვის თავის არიდებას. თუ შეტევა ძილის ნაკლებობითაა გამოწვეული, ტკივილის გასაყუჩებლად შესაძლოა ჩაძინებაც საკმარისი აღმოჩნდეს. შეტევის დროს უმჯობესია ჩაბნელებულ და მშვიდ ოთახში დაისვენოთ.

როგორ ავიცილოთ თავიდან შაკიკი
ცხოვრების ჯანსაღი წესი ამცირებს ნებისმიერი დაავადების რისკს. შაკიკის პროფილაქტიკისთვის მთავარია:
* კარგად იძინოთ და სწორად იკვებოთ;
* ერიდოთ ალკოჰოლს და თამბაქოს (წითელი ღვინო და სიგარეტი, როგორც ხშირად უწევს პროვოცირებას შაკიკის შეტევას);
* ჭამოთ და სვათ ზომიერად;
* ეცადეთ, რეგულარულად, მაგრამ ზომიერად იმოძრაოთ;
*  კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისას მხედველობის გადაძაბვის თავიდან ასაცილებლად გამოიყენოთ დამცავი სათვალე;
* შეძლებისდაგვარად არიდოთ თავი სტრესულ სიტუაციებს.

ვინაიდან შაკიკი ქრონიკული დაავადებაა, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, როგორ გავაიშვიათოთ შეტევები. შეტევების სიხშირე და აურის ტიპი ინდივიდუალურია. ასევე ინდივიდუალურია ფაქტორები, რომლებიც შაკიკს პროვოცირებას უწევს. სწორედ ეს ფაქტორები უნდა ამოიცნოთ და მოერიდოთ – ხმაურს, მკვეთრ განათებას, სტრესს...