თარიღი: 22 თებერვალი, 2021
ერთ-ერთ თანამედროვე და აქტუალურ პრობლემაზე, როგორიცაა ჭარბი წონისა და სიმსუქნის კავშირი მამაკაცთა უნაყოფობასთან - გვესაუბრება ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, შოთა ჯანჯღავა.
– ბატონო შოთა, როდის შეიძლება ვთქვათ, რომ მამაკაცს აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე?
როგორც მოგეხსენებათ, ბოლო წლებში აქტიურად შეინიშნება ჭარბი წონისა და სიმსუქნის მატება პოპულაციაში, დღეისათვის აღნიშნული პათოლოგიის განსაზღვრისათვის მოწოდებულია სხეულის მასის ინდექსის განსაზღვრა, რომელიც გვაწვდის პაციენტის წონის შესახებ ინფორმაციას, თუ პაციენტის სხეულის მასის ინდექსი (კგ/მ²) არის: 25-დან 29.9 კგ/მ2, ამ შემთხვევაში მამაკაცი ითვლება ჭარბი წონის მქონედ, ხოლო თუ სხეულის მასის ინდექსი არის 30.0-დან 34.9 კგ/მ2, ამ შემთხვევაში საუბარია სიმსუქნეზე. ასევე ზოგიერთი ავტორი მოგვიწოდებს სიმსუქნის განსაღვრისათვის, გარდა სხეულის მასის ინდექსისა, გამოყენებულ იქნას წელის გარშემოწერილობა, თუ მამაკაცის წელის გარშემოწერილობა აღემატება 120 სმ-ს, ეს ითვლება უკვე პათოლოგიურ ცვლილებად.
– შესაძლოა, თუ არა, განიხილოს ჭარბი წონა, როგორც მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი?
დღეისათვის დაგროვდა უამრავი ლიტერატურა, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სიმსუქნე არ არის მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა. ეს არის ქრონიკული ნივთირებათა ცვლის დარღვევა, რომელიც თავისთავად მოიცავს სხვადასხვა ნივთიერების დარღვევას, რომელიც შესაძლოა გამოწვეულ იქნეს ჰორმონალური ბალანსის დარღვევით, გენეტიკური ფაქტორებით და ა.შ. ყველა ჰორმონალური დისბალანსი და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ასოცირებულია მამაკაცის სასქესო ჰორმონებისა და სპერმის ხარისხის ცვალებადობასთან, რომლითაც ხშირ შემთხვევაში განპირობებულია მამაკაცის უშვილობა.
– რამდენად ახდენს ჭარბი წონა გავლენას სპერმატოგენეზზე?
ჭარბ ცხიმოვან მასაში, რომელიც აკუმულირებულია ორგანიზმში, არის ფერმენტი არომატაზა, რომელიც ახდენს მამაკაცის ჰორმონის კერძოდ -ტესტოსტერონის კონვერტაციას ქალის სასქესო ჰორმონად – ესტრადიოლად, რაც განაპირობებს მამაკაცის ორგანიზმში, სხვადასხვა ბიოქიმიურ ძვრას, რომელიც შემდგომში მიზეზ-შედეგობრივად იწვევს სპერმოგრამაზე ზემოქმედებას. ასევე, თვით ჭარბი წონის და სიმსუქნის დროს მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესები, რომლებიც განპირობებულია იმუნური სისტემის აქტივაციით ახდენს გავლენას სპერმოგრამაზე. შესაძლებელია ვთქვათ, ჭარბი წონა და სიმსუქნე რამდენიმე მექანიზმის საშუალებით ახდენს გავლენას სპერმოგრამაზე და იწვევს მასში ცვლილებებს.
– რა დარღვევები შესაძლოა გამოუვლინდეს სპერმოგრამაში ჭარბი წონის მქონე მამაკაცს?
მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით მოსალოდნელია, როგორც სპერმის ხარისხობრივი, ასევე თვისობრივი და რაოდენობრივი ცვალებადობა. შესაძლოა ითქვას, რომ სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი თითქმის სპერმოგრამის ყველა პარამეტრზე ახდენს გავლენას, როგორიცაა: კონცენტრაცია, მოძრაობა, მორფოლოგია…
– თუ არსებობს ისეთი სამკურნალო საშუალებები, რომელთა გამოყენებაც დაგვეხმარება ჭარბი წონისა და მსუქან პაციენტებში გავაუმჯობესოთ ნაყოფიერების მაჩვენებელი?
ძირითადი მკურნალობის მეთოდი, ამ დროს, არის სწორი ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაშიც იგულისხმება დიეტა-დაბალანსირებული, რაციონალური კვების რეჟიმი, დოზირებული ფიზიკური აქტივობა, რეგულარული ძილის რეჟიმი. ასევე პაციენტებთან შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კლინიკო-ლაბორატორიული კვლევის შედეგებში არსებული ცვლილებების მიხედვით მიზანმიმართული მედიკამენტები, მაგრამ ასევე არსებობს ისეთი ნივთიერებები, რომელთა გამოყენებაც დადებით გავლენას ახდენს დარღვეული სპერმოგრამის პარამეტრებსა და შესაბამისად ნაყოფიერების მაჩვენებელზე. მსგავსი მოქმედებით გამოირჩევა: მიო-ინოზიტოლი, N – აცეტილცისტეინი, L – კარნიტინი, E – ვიტამინი, L – არგინინი და ა.შ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მიო-ინოზიტოლი, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ნივთიერებაა და მისი დეფიციტის შევსება მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც სპერმატოზოიდების მოძრაობის, მორფოლოგიისა და კონცენტრაციის გაუმჯობესების კუთხით, ასევე მეტაბოლური პარამეტრების რეგულირების მხრივაც.