Plasmon
რა უნდა გაითვალისწინოს ქალმა​ ​სქესობრივი ცხოვრების დაწყების დროს

თარიღი: 05 ივნისი, 2018

რა უნდა გაითვალისწინოს ქალმა​ ​სქესობრივი ცხოვრების დაწყების დროს

მადონა ჯუღელი: “​ყველაფერს თავისი ასაკი აქვს და არ ვამბობ, რომ ქალმა სქესობრივი ცხოვრება 40 წლის ასაკში უნდა დაიწყოს. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სექსი მხოლოდ ცხოველური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. ჩვენ ხომ არ ვართ ცხოველები. სქესობრივი ცხოვრება, რომელსაც საფუძვლად არც ერთმანეთის პატივისცემა უდევს და არც სიყვარული, ფსიქოლოგიურ პრობლემებს ავითარებს. დღეს სამაგალითო ევროპაში ძალიან ხშირია სუიციდები და მსგავსი პრობლემები წამოვა საქართველოში. ფსიქოსომატური დაავადებების ძალიან დიდი ნუსხა მოდის სწორედ აქედან, არასწორი სქესობრივი ცხოვრებისგან, ხშირი კონტაქტებისგან და პარტნიორების ცვლისგან. ადრე დაწყებული სქესობრივი ცხოვრება, მაგალითად, 15 წლის ასაკში, ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის”.

 

​დაწყება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ადამიანი ამისთვის მზადაა. მზადყოფნაში იგულისხმება ფსიქოლოგიური და ინფორმაციული მზადყოფნა, ამასთან რეპროდუქციული სისტემის ანატომიური და ფუნქციური მზაობა (მომწიფება). ფსიქოლოგიურად თქვენ ეს უნდა გინდოდეთ.

 

ინფორმაციულად კი თქვენ უნდა იცოდეთ ქალისა და მამაკაცის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები, ორსულობისაგან და ინფექციებისაგან თავდაცვა, გყავდეთ ექიმი, რომელსაც ნებისმიერ მომენტში მიმართავთ. კონტრაცეფციის შესახებ არა უბრალოდ უნდა გქონდეთ წაკითხული, არამედ კონტრაცეპტივი უნდა გქონდეთ თან და შეგეძლოთ მისი გამოყენება. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა მხოლოდ პირველ რიგში სწორედ თქვენი საქმეა.

 

დღეს ხშირად საუბრობენ პაპილომავირუსზე, რომელიც უმეტესად სქესობრივი გზით გადაეცემა. გოგონებმა უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია ამ ვირუსის წინააღმდეგ 13 წლის ასაკიდან 25 წლამდე (სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე).

 

ზოგჯერ პირველი სქესობრივი კავშირი ქალისთვის არასასურველია. საქალწულე აპკის დაზიანებისას იგი ტკივილს გრძნობს, რომელიც მას ყველა სხვა შეგრძნებას უთრგუნავს. მეორე და მესამე ურთიერთობისას შესაძლოა გაჩნდეს სასიამოვნო შეგრძნებები.

 

​დეფლორაციას, როგორც წესი თან სდევს მცირედი სისხლდენა, თუმცა შემთხვევათა 10% -ში ეს არ ხდება.ამ დროს მკაცრად უნდა იქნას დაცული სასქესო ორგანოების ჰიგიენა. საქალწულე აპკის დარღვევის შემდეგ, შეხორცებამდე, რეკომენდებულია კოიტუსის შეწყვეტა. ნორმით 3-5 დღის შემდეგ საქალწულე აპკის კედლები ხორცდება და შემდგომი ურთიერთობები უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

 

გახსოვდეთ, ხშირად ინფექციები და არასასურველი ფეხმძიმობა სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი დაწყების შედეგებია.

http://colposcopy.ge