Plasmon
სწორად შერჩეული კვების რაციონი და სეირნობა სუფთა ჰაერზე

თარიღი: 22 დეკემბერი, 2020

პედიატრი თემურ მიქელაძე - ბავშებში კორონავირუსის განვითარების თავისებურებებზე


ბატონო თემურ, მართალია, ბავშვებში კორონავირუსი უსიმპტომოდ ან ძალიან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მაგრამ მშობლებს მაინც აქვთ შფოთვის მიზეზი. ბევრს აინტერესებს, რა კვლევა უნდა ჩაუტარდეს ბავშვს იმის დასადგენად, თუ რა კვალი დატოვა და რამდენად ნეგატიურად აისახა კორონა ბავშვის ჯანმრთელობაზე
საბედნიეროდ, ბავშვების 98 პროცენტმა მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით გადაიტანა ვირუსი, ის კი, ვისაც მდგომარეობა დაუმძიმდა სასწრაფოდ იქნა კლინიკაში გადაყვანილი. ამგვარ პაციენტებს მეტწილად ე.წ. მულტისისტემური ანთებითი დაავადება დაუდგინდათ და რა თქმა უნდა, დინამიკაში გამოვიკვლიეთ. მსუბუქ პაციენტებს კი, მხოლოდ D-ვიტამინის ან სხვა ვიტამინების კურსი დავუნიშნეთ, რადგან მსგავს სიტუაციაში კვლევის ჩატარება, ნაკლებად ეფექტურია და მხოლოდ ზედმეტი ხარჯია.

თუ ბავშვს მხოლოდ მსუბუქად გამოვლენილი სიმპტომები აქვს, არსებობს თუ არა საპრევენციო კვლევა მდგომარეობის დამძიმების თავიდან ასაცილებლად?
სწორედ ამ მიზნით შევიმუშავენ ონლაინ-კონსულტაციები, რათა მშობლებს დეტალურად ავუხსნათ, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღეაბ ბავშვის დასნეულების შემთხევაში, რათა მისი მდგომარეობა არ დამძიმდეს. პირველ რიგში, სუნთქვის სიხშირის დათვლაა საჭირო, რომლის წყალობით ზუსტად შევაფასებთ ბავშვის მდგომარეობას და კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ ბავშვები მეტწილად უფროსებისგან ავადდებიან, ამიტომ თუ ოჯახის წევრებს უკვე გამოვლენილი და დადგენილი აქვთ ვირუსი, მაშინ საერთოდ არაა საჭირო ბავშვის კვლევა, რადგან ისედაც გასაგებია, რომ ის ინფიცირებულია. სწორედ მაშინ ერთვება ოჯახის ექიმი, რომელიც მშობლებთან ერთად მართავს დაავადებას და თვითონ ადგენს მკურნალობის კურსს.

კორონავირუსთან ერთად სეზონური გრიპიც აქტიუალურია. საინტერესოა, როგორ უნდა განვასხვავოთ ორი დაავადება ერთმანეთისგან?
სამწუხაროდ, საკმაოდ რთულია მათი ერთმანეთისგან გარჩევა, რადგან ორივე დაავადებას მსგვასი სიმპტომები აქვს. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ რამდენიმე კოვიდგადატანილმა პაციენტმა მომმართა ცხელებითა და ყელის ტკივილით, თუმცა საბოლოოდ B ტიპის გრიპი აღმოაჩნდათ. საბედნიეროდ, წელს ნაკლებად სავარაუდოა გრიპის გართულებული ფორმით გავრცელება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ჰიგიენის ნორმებსაც იცავს და თავსაც უფრთხილდება.

რამდენად მართალია მოსაზრება, თითქოს ბავშვებში ვირუსი მეტწილად დიარეით ვითარდება და რამდენად სახიფათოა კოვიდი იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ისედაც აქვთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები?
თუ ბავშვს ფუნქციური დიარეა ან სხვა ტიპის დიარეები, მათ შორის ნაწლავური და ბაქტერიული ინფექციები აქვს, მაგრამ მისი დაავადება სწორედაა მართული, მაშინ კოვიდი ვერანაირ დამატებით პრობლემას ვერ შეუქმნის. ასეთი ბავშვებითვის დიდი ოდენობით სითხის, მეტწილად ელექტროლიტური ხსნარების მიღებაა რეკომენდირებული, რომელთა მომზადება სახლის პირობეშიც შეიძლება.

არსებული სიტუაციის ფონზე ბავშვები ჩვეული გრაფიკიდან ამოვარდნენ, რადგან დაერღვათ გეგმიური ვიზიტები პედიატრთან, რამაც მცირეწლოვნების, განსაკუთრებით ჩვილების განვითარების შეფასება დააგვიანა. რამდენად სავალალოა გეგმიური ვიზიტის ან გეგმიური ვაქცინაციის გადადება?
თუ ბავშვი ჯანმრთელია მაშინ, დროებით შეიძლება პედიატრთან ვიზიტის გადადება, მეტიც, უკეთესია სახლში იყოს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს არასასურველი კონტაქტები, მაგრამ თუ ბავშვი რისკის ჯგუფშია, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არც ვაქცინაციის, არც ვიზიტის გადადება.


არსებობს მოსაზრება, თითქოს ბავშვებს, ვისაც გრიპის აცრა აქვს გაკეთებული, ბევრად მარტივად გადააქვთ კორონავირუსი. თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენად მართალია, ამგვარი მოსაზრება და რამდენად რეკომენდირებულია გრიპის ვაქცინის გაკეთება კოვიდის გადატანის შემდეგ?
თუ პაციენტმა უკვე გადაიტანა კორონავირუსი და ამავდროულად რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, მაშინ მან აუცილებლად უნდა გაიკეთოს აცრა. აღსანიშნავია, რომ გრიპის ვაქცინა ახლა ოთხკომპონენტიანია და მისი გაკეთება მთელ სეზონზე შეიძლება, თუმცა, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ამგვარი აცრა რაიმე გავლენას ახდენს კორონავირუსის განვითარებაზე. სხვათაშორის, ბავშვებს გრიპი უფრო მძიმედ და გართულებებით გადააქვთ, ვიდრე კორონავირუსი.

მშობლები ხშირად ინტერესდებიან, შეიძლება თუ არა კორონავირუსის დროს ხველამ კრუპი ან ბრონქო-სპაზმი გამოიწვიოს?
მსგავსი დაავადებები მხოლოდ  ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში ვითარდება, როცა პაციენტი ან კროპის ვირუსისკენაა მიდრეკილი ან ბრონქული ასთმა აქვს.

ქართველებს ყოველთვის გვახასიათებდა C-ვიტამინის ჭარბი მოხმარება. დღეს ისევ აქტუალურია C-ვიტამინის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარი რადგან მედიცინის ცენტრმა რამდენიმე ბავშვის ფოტო გამოაქვეყნა, რომელთაც ვიტამინის მიღების შემდეგ ალერგია განუვითარდათ. რამდენად რეკომენდირებულია C-ვიტამინის მიღება და რა დოზით შეიძლება პროფილაქტიკის მიზნით მისი გამოყენება
პირადად მე, ვიტამინების ბუნებრივად მიღებას, ანუ სწორად შერჩეულ კვების რაციონს და სწორად განსაზღვრულ ულუფას ვანიჭებ უპირატესობას. მართალია, კორონავირუსის სამკურნალო საშუალებები ჯერ არ არსებობს, ამიტომ პაციენტს მხოლოდ დიდი ოდენობით სითხის მიღება და სუფთა ჰაერზე სეირნობა შეუძლია, მაგრამ მშობლები მაინც ვერ ისვენებენ და ბავშვებს ზედმეტად ტვირთავენ სხვადასხვა სასარგებლო და უსარგებლო ვიტამინებით, არადა ნებისმიერი ვიტამინის მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება.

კორონავირუსისგან გადარჩენის ერთადერთი იმედი ვაქცინაა, რომელიც სავარაუდოდ გაზაფხულზე შემოვა საქართველოში, თუმცა ის არც ბავშვებისთვისაა რეკომენდირებული, არც ორსულებისთვის. ამ შემთხვევაში რით შეიძლება დავამშვიდოთ მშობლები, ვის შვილებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ?
კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ კორონავირუსი, ყველა სხვა ინფექციაზე მსუბუქად ვითარდება ბავშვებში, ამიტომ ნამდვილად არ ღირს მათთვის ახალი ვაქცინის გაკეთება, რომელიც ბოლომდე არაა გამოკვლეული. ვაქცინაციას პირველ რიგში სამედიცინო პერსონალის და 75 წელს გადაცილებულთა რისკ-ჯგუფები დაექვემდებარებიან. მშობლებს კი, ვის ბავშვებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, დავამშვიდებ და ვეტყვი, რომ სწორად მართული დაავადების შემთხვევაში, ბავშვები სრულიად დაცული იქნებიან გართულებებისგან.


წყარო: https://fortuna.ge/