თარიღი: 22 მაისი, 2018
თმის ცვენა გაზაფხულის შემოსვლასთან ერთად უფრო ხშირად გვახსენებს თავს. ამაზე განსაკუთრებით ქალები ღელავენ, თუმცა მინახავს ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც მამაკაციც მტკივნეულად აღიქვამს ამ პროცესს.
ხშირად მოუმართავთ კითხვით, თუ რა შეიძლება იყოს თმის ცვენის მიზეზი?
ენდოკრინული კუთხით, თმის ცვენის რამდენიმე მიზეზია ცნობილი. ხშირად, გამოვიკვლევთ რა პაციენტს ჰორმონისა თუ ნივთიერების უკმარისობაზე, აღმოჩნდება, რომ მიზეზი დერმატოლოგიურია ან უბრალოდ გენეტიკური.
სხვადასხვა საიტებსა თუ ბლოგებზე ქალები აქტიურად განიხილავენ თმის ცვენის შემაჩერებელ საშუალებებს. გვთავაზობენ როგორც კარგი ხარისხის მცირედ ძვირადღირებულ პროდუქციას , ისევე სახლის პირობებში მოსამზადებელ საშუალებებს.
ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სტრესი, ზოგიერთი წამალი, ქირურგიული ჩარევა, არასწორად დაცული დიეტოთერაპია, ზოგიერთი ქრონიკული დაავადება ცვლის თმის სიცოცხლის ციკლს და გადაჰყავს იგი ტელოგენულ ფაზაში. ხშირად, გოგონები ზედმეტად მჭიდროდ გადაწეული თმითა და სხვადასხვა ვარცხნილობით თავად უწყობენ ხელს თმის ცვენის პროცესს.
სტატიაში მინდა ყურადღება გავამახვილო ქალებში თმის ცვენის ენდოკრინულ მიზეზებზე.
მაშ ასე ისინი გახლავთ :
1. ჰიპოთირეოზი
ჰიპოთირეოზი მოგეხსენებათ არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ჩვენი ფარისებრი ჯირკვალი პასიურობს თავისი ჰორმონების გადმოტყორცვნაში, რომლის მიზეზიც ცხადია მრავალი შეიძლება იყოს. ამრიგად ჰიპოფიზი ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელ- თირეოტროპულს ჰორმონს გაძლიერებულად გამოიმუშავებს, იმის მცდელობისას, რომ გამოასწოროს მდგომარეობა, თუმცა ეს შესაბამისი მკურნალობის გარეშე იშვიათად ხდება .
ჰიპოთირეოზის დროს თმის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მოვლენაა, ამიტომ თუ კი ფარისებრი ჯირკვალი და მისი მასტიმულირებელი ჰორმონი დიდი ხანია არ გამოგიკვლევიათ, მოგვმართეთ.
2. ქოლეკალციფეროლის ანუ D ვიტამინის უკმარისობა
ერთ-ერთი წინა ბლოგ-პოსტში აქტიურად განვიხილეთ D ვიტამინის როლი და ისიც აღვნიშნეთ, რომ ხშირად მისი უკმარისობის ერთ-ერთი გამოვლინება თმის ცვენა გახლავთ. D ვიტამინი , რომელსაც ჰორმონის სტატუსსაც თამამად ვანიჭებთ, მრავალ ჟანგვა-აღდგენით პროცესში მონაწილეობს და დიდი წვლილი მიუძღვის კანის საფარველის, ფრჩხილისა თუ თმის განახლებაში. აღსანიშნავია, რომ D ვიტამინის უკმარისობა მოსახლეობის უმეტესობას აქვს. როგორც ჩანს, ყველას გვავიწყდება დილის 11 საათამდე მზის აბაზანების მიღება.
3. რკინის უკმარისობა
რკინის უკმარისობა შესაძლოა D ვიტამინის უკმარისობის შემთხვევებზე ოდნაც იშვიათად გვხვდებოდეს, თუმცა თუ კი შრატის რკინის უკმარისობა გვაქვს, თმის ცვენა მხოლოდ ლამაზი თაიგულია ყველა იმ სხვა კლინიკურ გამოვლინებასთან შედარებით, რაც ამ მდგომარეობას მოჰყვება. რკინადეფიციტური ანემია დაკავშირებულია ზოგად ასთენიასა და მუდმივ დაღლილობასთან (ჰიპოთირეოზისა არ იყოს). პაციენტი ამას სამუშაო რეჟიმს აწერს და ხშირად ყურადღების მიღმა ტოვებს, თუმცა საკმარისია თმის ცვენა დაეწყოს, უმალ იკითხავს მიზეზს.
ამრიგად, თუ კი არ მიირთმევთ რკინის შემცვლელ პროდუქტებს, კარგავთ მას ჭარბი სისხლდენისას ან უბრალოდ უბრალოდ ვერ ითვისებთ მას და თმის ცვენასთან ერთად გაწუხებთ თავბრუ, საერთო სისუსტე, ზედმეტად ფერმკთალი კანის ფერი, შესაძლოა თქვენ რკინის უკმარისობა გაქვთ! მაშ, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს.
4. თუთიის უკმარისობა
კლინიკური კვლევებითა და დაკვირვებებით დადასტურდა, რომ თუთიის უკმარისობის განსაკუთრებული რისკი აქვთ პაციენტებს შაქრიანი დიაბეტით, რევმატოიდული ართრიტით, აივ-ინფექციით, მათ ვინც ჰემოდიალიზის მკურნალობის კურსს გადიან და ალკოჰოლის მომხმარებელებს.
თუმცა, შესაძლოა თუთიის უკმარისობა მის არასათანადო მოხმარებამ ან შეთვისებამაც გამოიწვიოს.
თუთიის უკმარისობა თმის ცვენასთან ერთად, იმუნური სისტემის დათრგუნვას, ჭრილობების რთულად შეხორცებასა და ყურადღებისა/კონცენტრაციის დეფიციტსაც იწვევს. ამრიგად, უპრიანი იქნება, თუ კი ექიმის მეთვალყურების ქვეშ, ამ მიკროელემენტის დონესაც სათანადოდ გამოვიკვლევთ.
5. საკვერცხის პოლიცისტური სინდრომი
ყველა ის მდგომარეობა, რომელიც ესტროგენის უკმარისობას გულისხმობს, იქნება ეს მენოპაუზა, მშობიარობისშემდგომი მდგომარეობა თუ სხვა, თმის ცვენის მორიგ მიზეზად გვევლინა. საკვერცხის პოლიცისტური სინდრომი მიზეზთა ამ დანაყოფში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.
როგოც ვიცით, საკვერცხის პოლიცისტური სინდრომი (ცნობილი , როგორც პოლიკისტოზი) სასქესო ჰორმონების დისბალანსით მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში, ესტროგენ-პროგესტერონის ფუნქციას მკაფიოდ ჩრდილავს თავისუფალი ტესტოსტერონი და მისი მეტაბოლიტები, რომლითაც თირკმელზედა ჯირკვლის ქერქი გვასაჩუქრებს ქალებს. თუ კი ყველა ზედა აღნიშნული მიზეზებით გამოწვეული თმის ცვენა დიფუზურად მიმდინარეობს, საკვერცხის პოლიცისტური სინდრომის შემთხვევაში თმის ცვენა „მამაკაცური“ ტიპით ვლინდება, ისე როგორც სურათში ვხედავთ.
მას ანდროგენულ ალოპეციას ანუ თმის ცვენას ვუწოდებთ.
აღსანიშნავია, რომ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი თმის ცვენასთან ერთად, სახის არეში ჰირსუტიზმს (ჭარბთმიანობას ) , გაცხიმოვნებას, აკნეს, მენტრუალური ციკლის არევას და ხშირ შემთხვევაში უშვილობას იწვევს.
ვფიქრობ, სანამ თმის ცვენით გამოწვეულ არაკომფორტულ მდგომარეობას სხვადასხვა მცენარეული თუ ქიმიური საშუალებით შევებრძოლებით, იქამდე რეკომენდირებულია გავიგოთ მისი კლინიკური მიზეზი.
ჯანსაღი თმა სილამაზის საწინდარია. თუმცა მოვლა და გაფრთხილება არამხოლოდ საკუთრივ თმას , არამედ მის სიჯანსაღეზე პასუხისმგებელ მინერალებსა და ჰორმონებსაც სჭირდება.
სტატიის ავტორი: ენდოკრინოლოგი ნესტან ბოსტოღანაშვილი
წყარო: http://dr-nestan.ge