თარიღი: 16 ოქტომბერი, 2024
ამერიკელმა დერმატოლოგმა ნორმან ორენტრეიხმა 1959 წელს თმის გადანერგვის შესახებ ეპოქალური ნაშრომი გამოაქვეყნა. მან დაადგინა, რომ კეფიდან და საფეთქლებიდან აღებული თმა გადანერგვის შემდეგაც ისევე ფუნქციონირებს, როგორც გადანერგვამდე და არასოდეს ცვივა.
დღეს სიმელოტე ფიზიოლოგიურ მდგომარეობად კი არა, დაავადებად მიიჩნევა და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში (ICD) შესაბამისი კოდებიც აქვს მინიჭებული.
რაც უფრო პოპულარული ხდება თმის გადანერგვა, მით უფრო მეტი სწორი თუ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ამ ქირურგიული პროცედურის შესახებ. ვისთვისაა ნაჩვენები ტრანსპლანტაცია და ვისთვის – არა, სჭირდება თუ არა გადანერგილ თმას განსაკუთრებული მოვლა, ცვივა თუ მართლა სამუდამოა? – ამ და სხვა საკითხების შესახებ პლასტიკური ქირურგი, კლინიკა “დეამედის” სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელი, საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების (GSHR) პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ალექსი მახარაშვილი გვესაუბრა.
ჰორმონდამოკიდებული სიმელოტე
მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამა თუ იმ ტიპის თმის ცვენას უჩივის. მელოტი მამაკაცების 95% ანდროგენეტიკური ალოპეციით არის დაავადებული. ამ ტიპის თმის ცვენა, თუმცაღა იშვიათად, ქალებთანაც გვხვდება.
დაავადების განვითარებისთვის ორი ფაქტორია გადამწყვეტი: პაციენტის გენეტიკური კოდი და მამაკაცის სასქესო ჰორმონი, კერძოდ, დიჰიდროტესტოსტერონი. გენეტიკური განწყობის შემთხვევაში სწორედ ეს ჰორმონი აზიანებს თმის ფოლიკულს. ალოპეციის პროცესის ჩართვას ხელს უწყობს მაპროვოცირებელი ფაქტორიც. ჩამრთველის როლი შეიძლება შეასრულოს სტრესმა: ავადმყოფობამ, დიეტამ, ცუდმა კვებამ, საცხოვრებელი ადგილის ან პირობების შეცვლამ... ყველაზე ძლიერი მაპროვოცირებელი ფაქტორი მზის რადიაციაა, ამიტომ ანდროგენეტიკური ალოპეცია ხშირად ზღვის სეზონის შემდეგ იჩენს თავს.
სიმპტომები
როგორ ამოვიცნოთ ანდროგენეტიკური ალოპეცია?
– ანდროგენეტიკური ალოპეციის დროს თმის ცვენის ზონაში შეინიშნება:
• თმის ღერების გაღიავება, ჰიპოპიგმენტაცია;
• თმის ღერების გაწვრილება, მინიატურიზაცია;
• თმის ღერების ზრდის ტემპის შენელება;
• ზოგჯერ – სებორეა, ჭარბცხიმიანობა.
მამაკაცებს თმის ცვენა, წესისამებრ, შუბლის ხაზისა და გვირგვინის დაზიანებით ეწყებათ. ქალებთან შუბლის ხაზი უმეტესად შენარჩუნებულია, თუმცა თანდათანობით ფართოვდება თმის გაყოფის ხაზი.
ჩვენებები და უკუჩვენებები
თმის გადანერგვას ხშირად სალონურ პროცედურად მიიჩნევენ. სინამდვილეში ეს ქირურგიული მკურნალობაა მკაფიოდ განსაზღვრული ჩვენებებითა და უკუჩვენებებით. გადანერგვას, გარდა ანდროგენეტიკური ალოპეციისა, მიმართავენ დამწვრობის, მექანიკური ტრავმის, ოპერაციის შემდეგ დარჩენილი მეორეული ნაწიბუროვანი ალოპეციის დროსაც. ხშირად ტარდება თმის ზრდის შუბლის ხაზის, წარბის, წვერის და ულვაშის კორექციისთვის.
სხვა ტიპის თმის ცვენის დროს თმის გადანერგვა არ შეიძლება. საფრთხილოა სინქრონული ალოპეცია, როდესაც ანდროგენეტიკურ თმის ცვენას, მაგალითად, ბუდობრივი ან დიფუზური ფორმაც ერთვის. ამ შემთხვევაში შესაძლოა გადანერგილი თმაც დაზიანდეს.
ანდროგენეტიკური ალოპეციის დროს კი თმის გადანერგვას ძალიან ცოტა უკუჩვენება აქვს, უმთავრესად – დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, თავის თმიანი კანის დაავადება (მაგალითად, ფსორიაზი) გამწვავების ფაზაში, ჰემოფილია და სისხლის შედედების დარღვევით მიმდინარე სხვა დაავადებები, საანესთეზიო საშუალების აუტანლობა.
თმის ამოღება
თმის გადანერგვის რა მეთოდები არსებობს, რომელი ჯობია და რატომ?
თმის გადანერგვის პროცედურა ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: თმის ამოღებას და თმის ჩანერგვას. ინერგება მხოლოდ საკუთარი, ჯანმრთელი თმა, რომელსაც მუდმივი თმის ზონებიდან (კეფიდან, საფეთქლებიდან) ვიღებთ და გაცვენილ ადგილებზე ვანაწილებთ.
თმის ამოღებაც და ჩანერგვაც ორი ძირითადი მეთოდით სრულდება. ამოღების კლასიკური მეთოდია ე.წ.STRIP (ზონრის) მეთოდი: კეფის არიდან ამოიჭრება თმის შემცველი კანის ზონარი, რომლისგანაც მზადდება გრაფტები. გრაფტი კანის მიკროსკოპული უბანია, რომელიც თმის ერთიდან ოთხამდე ფოლიკულს შეიცავს. რაც მეტი ფოლიკულია გრაფტში, მით მეტია თმის მასა გადანერგვის შემდეგ, თუმცა თმის წინა ხაზის აღსადგენად აუცილებელია თითო ფოლიკულის შემცველი გრაფტებიც.
ჭრილობის ადგილას, კეფაზე, კოსმეტიკური პლასტიკური ნაკერი ედება. კვალიფიციური ქირურგის მიერ შესრულებული ნაკერი, როგორც წესი, ძალიან ნაზია და მისი ნაკვალევი მოკლე ვარცხნილობაშიც კი არ ჩანს, მხოლოდ გადაპარსულ თავზე თუ შეამჩნევთ. თუმცა, რა გამოცდილიც უნდა იყოს ექიმი, იდეალური ნაწიბურის გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რადგან მის ჩამოყალიბებაში ორგანიზმის თავისებურებებიც დიდ როლს ასრულებს.
სწორედ ამ ნაწიბურის არსებობა აშინებთ პაციენტებს, ამიტომ სულ უფრო ხშირად ირჩევენ დღეს ესოდენ პოპულარულ უნაკერო მეთოდს – ფოლიკულური ერთეულის ამოღებას (Follicular Unit Extraction, FUE).
მზა გრაფტების სათითაოდ, განაკვეთის გარეშე ამოღების შემდეგ ხაზოვანი ნაწიბური აღარ რჩება, თუმცა შესაძლოა, დარჩეს წერტილოვანი ნაწიბურები.
ამ ორ მეთოდს შორის რომელია უკეთესი, ვერ ვიტყვით. ერთმანეთისგან ისინი ნაწიბურით განსხვავდება და არა გადანერგვის შედეგით. წამყვანი ყოველთვის ზონრის მეთოდი იყო, თუმცა ის ქირურგის უფრო მაღალ კვალიფიკაციას და მეტ ოსტატობას მოითხოვს, FUE კი დამხმარე და შედარებით ადვილად ასათვისებელ პროცედურად მიიჩნევა. ორივე მათგანს თავისი ადგილი აქვს და კონკრეტული ჩვენებისამებრ ვიყენებთ, ზოგჯერ კი, მაგალითად, მაღალი ხარისხის გამელოტების დროს, მათი კომბინაცია უფრო შედეგიანია.
თმის ჩანერგვა
თმის ჩანერგვაც ორი ძირითადი მეთოდით ხდება: პინცეტით და სპეციალური ხელსაწყოთი – იმპლანტერით.
როდესაც საჭიროა ფოლიკულების ჩანერგვა თმიან ზონაში, იქ არსებული თმის გადაუპარსავად, უპირატესობა იმპლანტერს ენიჭება. გადაპარსულ თავზე, თუ ექიმი ტექნიკას კარგად ფლობს, პინცეტი ჯობია, დამწყები ქირურგებისთვის კი ოპტიმალურია იმპლანტერი, რადგან უზუსტობის შემთხვევაში თმას ნაკლებად დააზიანებს.
რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა?
საშუალოდ – სამი-რვა საათი. გააჩნია მეთოდს (ზონრის მეთოდით პროცედურა უფრო სწრაფად სრულდება, ვიდრე უნაკეროთი) და პაციენტს – მას თავისუფალი რეჟიმი აქვს და თუ შესვენება ხშირად მოისურვა, პროცედურა გახანგრძლივდება.
გრძელი თმის გადანერგვა
დღემდე მხოლოდ მოკლედ შეჭრილი თმა ინერგებოდა, ახლა კი გრძელი თმის გადანერგვის შესაძლებლობაც გაჩნდა. მართალია, პროცედურიდან ორი-სამი კვირის შემდეგ გადანერგილი ღერები, მოკლეც და გრძელიც, ცვივა და ახალი თმა მხოლოდ ორი-სამი თვის შემდეგ ამოდის, მაგრამ გრძელი თმის გადანერგვას თავისი ხიბლი აქვს: ჯერ ერთი, პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე ხედავს ვარცხნილობას და იცის, რა შედეგს მიიღებს ერთ წელიწადში, მეორეც – მრავალი წერტილოვანი შეწითლება, რომლებიც პირველი რამდენიმე დღე ჩანს თმის ჩანერგვის ადგილებში, ინიღბება. სანამ თმა დაცვივდება, სიწითლეც გაივლის.
მეთოდს ერთი ნაკლიც მოეძებნება – გაცილებით საფრთხილოა პროცედურის შემდგომი პერიოდი. თმის გადანერგვის შემდეგ ერთი თვე თავის ყოველდღე ბანაა საჭირო, ვარცხნისა და გამშრალების დროს კი პირველ დღეებში გრძელი თმის ამოვარდნის საშიშროება გაცილებით მეტია.
ცვივა თუ არა
ცვივა თუ არა გადანერგილი თმა? მას ალბათ განსაკუთრებული მოვლაც სჭირდება...
გადანერგილი თმა აღარ ცვივა, ვინაიდან კეფასა და საფეთქელზე არსებული ფოლიკულები ანდროგენდამოუკიდებელია. შესაბამისად, არც საგანგებო მოვლას მოითხოვს.
თუ ნაწილობრივი გამელოტების მქონე ადამიანს თმის ცვენა გადანერგვიდან ერთი წლის შემდეგ დაეწყო, ეს იმაზე მიუთითებს, რომ გადაუნერგავი თმა ცვივა და არა გადანერგილი. საბედნიეროდ, ყოველთვის არსებობს თმის საკმარისი მარაგი, რომ დანაკლისი ეტაპობრივად შეივსოს. მყავდა პაციენტი, რომელმაც რვაჯერ ჩაიტარა ეტაპობრივი გადანერგვა და ასე თანდათანობით გადავიდა მუდმივ თმაზე, რომელიც აღარ გასცვივდება.
მკურნალობა, რომელიც თმის გადანერგვის შემდეგ ინიშნება, მიზნად ისახავს გადაუნერგავი ღერების რაც შეიძლება მეტხანს შენარჩუნებას. გადანერგილ თმასთან მას კავშირი არ აქვს.
დღეს თმის გადანერგვა სავსებით აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომლებსაც მას პაციენტი უყენებს: გადანერგილი თმა ხშირია, აქვს ბუნებრივი შესახედაობა, თავის თმიან ნაწილზე არ რჩება ნაწიბური, ხოლო რეაბილიტაციის პერიოდი ხანმოკლეა.
კლინიკა თმის ტრანსპლანტოლოგიის თანამედროვე მოთხოვნებს რომ პასუხობდეს, აუცილებელია, პერსონალი ფლობდეს ყველა მეთოდსა და ტექნოლოგიას და საჭიროებისამებრ იყენებდეს მათ.
ჩვენ ვსარგებლობთ ტრიველენის – უნაკერო მეთოდით თმის გადანერგვის – სისტემით, რომელიც 2019 წელს მთელი მსოფლიოს ექსპერტებმა საუკეთესოდ აღიარეს. ამ ტექნოლოგიის გამოყენებისას გადაპარსულ თავზეც კი არანაირი წერტილოვანი ნაწიბური არ შეინიშნება. ამ მეთოდს გრაფტის ამოღების დროსაც დიდი უპირატესობა აქვს – გამორიცხავს ფოლიკულების დაზიანებას და ეფექტურია ნებისმიერი ტიპის თმისთვის, თუნდაც ხვეულისთვის, ეს უკანასკნელი კი ბოლო დრომდე გადანერგვის უკუჩვენებად მიიჩნეოდა. ასევე შესაძლებელია თმის გადანერგვა თავის გადაუპარსავად.
ტრიველინის FUE სისტემის წყალობით გაცილებით მეტი თმის გადანერგვაა შესაძლებელი, ვიდრე აქამდე არსებული სტანდარტული ტექნოლოგიით ხერხდებოდა.
საუკეთესო შედეგის მისაღებად თმის გადანერგვა, რასაკვირველია, კვალიფიციურმა ექიმმა უნდა ჩაატაროს თანამედროვე ტექნოლოგების დახმარებით, ექიმმა, რომლის ხელშიც ამ ტექნოლოგიათა პოტენციალი სრულფასოვნად რეალიზდება.
წყარო: ჟურნალი "ავერსი"