Plasmon
უშაქრო დიაბეტი

თარიღი: 04 ოქტომბერი, 2022

გახშირებული შარდვა, პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილი შაქრიანი დიაბეტის ტიპური სიმპტომებია, თუმცა 25 000-დან ერთ შემთხვევაში ამ სიმპტომებით უშაქრო დიაბეტი ვლინდება.

შაქრიანი დიაბეტის დროს თუ სისხლში გლუკოზის დონე იმატებს და თირკმელები შარდის გამოყოფის გაძლიერებით ცდილობენ ორგანიზმიდან მის გამოდევნას, უშაქრო დიაბეტის დროს სისხლში გლუკოზის დონე ნორმალურია, პრობლემა თირკმელების მიერ შარდის კონცენტრირებას უკავშირდება.

როგორ ამოვიცნოთ
უშაქრო დიაბეტის დროს შარდვა დღისითაც და ღამითაც ხშირი და შემაწუხებელია. გამოიყოფა დიდი ოდენობით უფერო შარდი - მძიმე შემთხვევაში მისმა სადღეღამისო მოცულობამ შესაძლოა 20 ლიტრსაც კი მიაღწიოს, მაშინ როდესაც ჯანმრთელი ადამიანი დღე-ღამეში 1-2 ლიტრ შარდს გამოყოფს. ძლიერი წყურვილის გამო ავადმყოფი ბევრ წყალს სვამს, უპირატესობას კი ცივ სასმელებს ანიჭებს. ჩვილებსა და ბავშვებს ძლიერ უსველდებათ საფენები, აწუხებთ შარდის შეუკავებლობა ღამით, ძილის დარღვევა, ცხელება, ღებინება, შეკრულობა, აღენიშნებათ ზრდის შეფერხება, წონის კლება.

უშაქრო დიაბეტის მთავარი გართულება გაუწყლოებაა, იგივე დეჰიდრატაცია, რაც სითხის და ელექტროლიტების მნიშვნელოვან დანაკარგს უკავშირდება. დიდი ოდენობით შარდის გამოყოფას, ჩვეულებრივ,  სითხის დიდი ოდენობით მიღება აკომპენსირებს, მაგრამ როდესაც სითხე არ არის ხელმისაწვდომი, გარდაუვალია გაუწყლოება, რომელიც გამოვლინდება წყურვილით, პირის სიმშრალით, თავბრუხვევით, კანის ელასტიკურობის დაქვეითებით. ირღვევა სისხლში ელექტროლიტების (ნატრიუმი, კალიუმი) თანაფარდობა – ნივთიერებებისა, რომლებიც ორგანიზმში სითხის ბალანსს ინარჩუნებს, ვითარდება სისუსტე, გულისრევა, ღებინება, უმადობა, კუნთების კრუნჩხვები, ჭირს გონებრივი სამუშაოს შესრულება.

რა იწვევს
უშაქრო დიაბეტი ორგანიზმში სითხის ბალანსის დარღვევას უკავშირდება. ორგანიზმიდან ნარჩენი პროდუქტების გამოსატანად თირკმლები სისხლს ფილტრავს. სითხის უმეტესობა სისხლის მიმოქცევაში ბრუნდება, ნარჩენი პროდუქტებისა და სითხის შედარებით მცირე ნაწილისგან კი წარმოიქმნება შარდი, რომელიც რამდენიმე ხანს შარდის ბუშტში გროვდება, მერე კი გარეთ გამოიყოფა. ვაზოპრესინი, ანტიდიურეზული ჰორმონი, საჭიროა იმისთვის, რომ თირკმელებში გაფილტრული სითხე სისხლის მიმოქცევაში დაბრუნდეს. ეს ჰორმონი ტვინის ერთ-ერთ უბანში – ჰიპოთალამუსში წარმოიქმნება და გამოყოფამდე ტვინის ფუძეზე მდებარე ჯირკვალ ჰიპოფიზში ინახება. შარდის ჭარბ გამოყოფას სწორედ ვაზოპრესინის დეფიციტი ან მისი უეფექტობა განაპირობებს.

დიაპეტის ტიპები
. ცენტრალური უშაქრო დიაბეტის დროს ოპერაციის, სიმსივნის, თავის ტრავმის, გენეტიკური ან სხვა მიზეზით ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის დაზიანება ანტიდიურეზული ჰორმონის წარმოქმნას, შენახვას და გამოყოფას არღვევს.

. როდესაც დეფექტი თირკმელების ვაზოპრესინზე მოპასუხე სტრუქტურებშია, ვითარდება თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტი. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს თანდაყოლილი დაავადებით ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, აგრეთვე ისეთი მედიკამენტების მიღებით, როგორებიცაა ლითიუმის ან ანტივირუსული პრეპარატები.

. იშვიათად უშაქრო დიაბეტი ორსულობის დროსაც ვითარდება და მას გესტაციურს უწოდებენ. ამ დროს პლაცენტის მიერ წარმოქმნილი ფერმენტი შლის დედის ორგანიზმში გამომუშავებულ ანტიდიურეზულ ჰორმონს.

. პირველადი პოლიდიპსიის, იმავე დიფსოგენური უშაქრო დიაბეტის დროს, პირიქით, დიდი ოდენობით სითხის სმა იწვევს დიდი ოდენობით განზავებული შარდის წარმოქმნას. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის წყურვილის მარეგულირებელი მექანიზმის დაზიანებით და ამა თუ იმ მენტალურ დაავადებას უკავშირდებოდეს. 

. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უშქრო დიაბეტის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, ზოგიერთ პაციენტთან კი დაავადებას ვაზოპრესინის წარმომქმნელი უჯრედების ავტოიმუნური დაზიანება განაპირობებს.

დიაგნოსტიკა
უშაქრო დიაბეტის დიაგნოსტიკისთვის კვლევის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ:

. შარდის ანალიზით ადგენენ შარდის განზავების ხარისხს, მასში გლუკოზის არსებობას, რაც შაქრიან დიაბეტზე მიუთითებს.

. სისხლის ანალიზით ამოწმებენ ნატრიუმის და უშაქრო დიაბეტისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ნივთიერებების დონეს.

. მიზეზის დადგენისას დამხმარე როლი ეკისრება წყლის შეზღუდვის ტესტს. ექიმის მეთვალყურეობით პაციენტი რამდენიმე საათის განმავლობაში არ იღებს წყალს და ამ ფონზე აღირიცხება შარდის გამოყოფა, სხეულის წონა და სისხლისა და შარდის კონცენტრაცია. განისაზღვრება სისხლში ანტიდიურეზული ჰორმონის დონე, ზოგ შემთხვევაში კი პაციენტს ეძლევა სინთეზური ვაზოპრესინი. ამით ამოწმებენ ანტიდიურეზული ჰორმონის წარმოქმნას და მასზე თირკმელების რეაქციას. ჯანმრთელ ადამიანთან სითხის შეზღუდვისას გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად ვაზოპრესინის გავლენით მცირდება თირკმლებით გამოყოფილი შარდის ოდენობა.

. ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის დაზიანებას თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით გამოავლენენ.

. ზოგჯერ ტარდება სტიმულაციური ტესტი – ინტრავენური ხსნარის შეყვანის შემდეგ, რომელიც ორგანიზმში ვაზოპრესინის წარმოქმნას ასტიმულირებს, სისხლში ზომავენ ნივთიერება კოპეპტინის დონეს. ვაზოპრესინის მატების დროს ისიც იმატებს. შედეგით უშაქრო დიაბეტის ან პირველადი პოლიდიფსიის არსებობაზე მსჯელობენ.

მკურნალობა
უშაქრო დიაბეტის მკურნალობა მის ტიპზეა დამოკიდებული.

ცენტრალურ ფორმას უმთავრესად სინთეზური ჰორმონით – დესმოპრესინით მკურნალობენ, რომელიც ანაცვლებს დეფიციტურ ვაზოპრესინს და ამცირებს შარდვას. წამალს აქვს ცხვირში შესასხურებელი სპრეის, ტაბლეტის ან საინექციო ფორმა.

ვინაიდან თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის დროს თირკმელები ადეკვატურად ვერ პასუხობენ ანტიდიურეზული ჰორმონის ზემოქმედებას, დესმოპრესინით მკურნალობა არაეფექტურია.

მნიშვნელოვანია დაავადების მიზეზის აღმოფხვრა. ზოგჯერ საკმარისია კალციუმის ან კალიუმის დონის დარეგულირება. დამხმარე როლს ასრულებს შარდმდენების კლასის პრეპარატები, თიაზიდები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ზრდის შარდის გამოყოფას, თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის დროს კი, პირიქით, ამცირებს. თუ სიმპტომები მედიკამენტების მიღებასთანაა კავშირში, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით განიხილავენ მათ შეწყვეტას.

პირველადი პოლიდიფსიის  მკურნალობის ეფექტური მეთოდი არ არის შემუშავებული. თუ ღამით შარდვა შემაწუხებელია, ინიშნება დესმოპრესინის მცირე დოზა. მცირდება სითხის მიღება. მენტალურ დაავადებასთან კავშირის შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისი მკურნალობაც.

ორსულთა უშაქრო დიაბეტს მკურნალობენ დესმოპრესინით, რომელიც დედისთვისაც და ნაყოფისთვისაც უვნებელია. პლაცენტის ფერმენტი, ვაზოპრესინისგან განსხვავებით,  დესმოპრესინს არ შლის. გესტაციური დიაბეტი, წესისამებრ, მშობიარობის შემდეგ გაივლის, თუმცა შესაძლოა, მომდევნო ორსულობისას კვლავ იჩინოს თავი.

 

წყარო: ჟურნალი "ავერსი"