თარიღი: 16 აგვისტო, 2017
კლინიკა ”ინვიტროს” ექიმი, ენდოკრინოლოგი თამარ ხასაია საუბრობს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე.
– ქალბატონო თამარ, რა არის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია?
– ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინოლოგიური პათოლოგიაა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, მეორე ადგილზეა დიაბეტის შემდეგ, რომლითაც წელიწადში 65 მლნ. ადამიანი ავადდება. გამომდინარე იქიდან, რომ ესაა ერთ-ერთი ძირითადი ორგანო ენდოკრინოლოგიურ სისტემაში, მისი დარღვევა სხვადასხვა სახის დარღვევებს იწვევს, რაც შემდგომში სერიოზულად აფერხებს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამიტომ, აუცილებელია, დროულად მოხდეს ამ დაავადებების დიაგნოზირება და მათი სწორი მართვა.
– რა ფუნქციას ასრულებს ფარისებრი ჯირკვალი?
– ფარისებრი ჯირკვალი აკონტროლებს ნივთიერებათა ცვლას ოთხივე დონეზე. ესაა: ცილოვანი, ცხიმოვანი, ნახშირწყლოვანი და მინერალური ცვლა. ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას, ასევე სქესობრივი მომწიფების პერიოდში სქესობრივი ციკლის ნორმალურად ჩამოყალიბებას და ნაყოფის ნორმალურ განვითარებას.
– რა ძირითადი სიმპტომები აქვს ჩიყვს, როდის უნდა გაუჩნდეს ადამიანს ეჭვი დაავადებაზე, რათა დროულად მიმართოს ექიმს?
– პირველ რიგში ესაა უმიზეზოდ დაღლა და მოთენთილობა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა და კანის სიმშრალე, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ყოფით პრობლემებს ვუკავშირებთ, სინამდვილეში კი, ეს ის სიმპტომებია, რომელთა აღმოჩენის დროსაც აუცილებელია მივმართოთ ენდოკრინოლოგს.
– შეიძლება თუ არა, რომ ეს სიმპტომები სხვა მიზეზებითაც იყოს გამოწვეული?
– რა თქმა უნდა, შეიძლება და სწორედ ამიტომ უნდა მივმართოთ ექიმს, რათა სწორედ მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება. ჩამოთვლილის გარდა, ჩიყვის ძირითად სიმპტომებს შორისაა გულისცემის აჩქარება და მომატებული ოფლიანობა, ადვილად დაღლა და სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლძარღვებთან გვაქვს პრობლემები, ეს კი, სწორედ ფარისებრთა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებითაა გამოწვეული. ასევე, არარეგულარული ან მტკივნეული მესტრუალური ციკლი, შემცირებული მენსტრუალური გამონადენი, გარდა ამისა, ფარისევლი ჯირკვლის პრობლემები უშვილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც თავისუფლად შეიძლება გახდეს.
– რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევამ?
– ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება პირველ რიგში უმიზეზოდ წონაში მატებას იწვევს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება კი, პირიქით – წონაში უმიზეზოდ კლების მიზეზი ხდება. ასევე, არაა გამორიცხული გახდეს მოციმციმე არითმიის და ექსტარსისტოლების მიზეზი.
– უშვილობა აქტუალური და მეტად მტკივნეული თემაა დღეს. რამდენად ხშირად მიმართავენ ქალბატონები ექიმს უშვილობის შემთხვევაში და რამდენად სწორედ ხდება გინეკოლოგების მხრიდან მათი თქვენთან გადმომისამართება?
– როგორც წესი, ჩვენი პაციენტები ჯერ ან ნევროპათოლოგებთან ხვდებიან, ან კარდიოლოგებთან და გინეკოლოგებთან, ჩვენ კი, საკმაოდ გვიან მოგვმართავენ. პაციენტი თვითონ ვერ ხვდება, რომ თავიდანვე ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოს. თუმცა, ჩვენს კლინიკებში ტანდემი გინეკოლოგსა და ენდოკრინოლოგს შორის შემდგარია და კომპლექსური მკურნალობაც წარმატებით ხორციელდება.
– რა გართულებებია მოსალოდნელი ორსულობის შემთხვევაში?
– მთელი ორსულობის პერიოდში გინეკოლოგის და ენდოკრინოლოგის მუშაობა პაციენტთან გრძელდება, რადგან ნაყოფის ნორმალური ზრდა-განვითარება დამოკიდებულია დედის ფარისებრი ჯირკვლის სწორად ფუნქციონირებაზე. გამომდინარე აქედან, აუცილებელია მისი მართვა, რათა ორსულობაც სწორად პროგრესირდეს. გართულების შემთხვევაში კი, მოსალოდნელია ნაადრევი მშობიარობა, მშობიარობის შემდეგ სისხლდენები და ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ფაქტია – მკვდრადშობადობა. ასევე, ნაყოფის წონის დეფიციტი, არასწორი განვითარება როგორც მორფოლოგიურად, ისე ნევროლოგიურად, რადგან სწორედ ფარისებრზეა დამოკიდებული ნაყოფის თავის ტვინის ჩონჩხის და სასქესო ორგანოების სწორად დიფერენცირება. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება ნაყოფში ესაა გონებრივი განუვითარებლობა – კრეტინიზმი.
– შესაძლებელია თუ არა, რომ ფარისებრი ჯირკვლით წარმოქმნილი პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდეს ორსულობის დროს?
– რა თქმა უნდა, შესაძლებელია და არა მარტო ფარისებრივი ჯირკვლის. ერთი ორგანოს პრობლემები ხშირად სხვებსაც გადაეცემა და უამრავი სხვა გართულება ჩნდება, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებული ნაღველ-კენჭოვანი და თირკმელ-კენჭოვანი დაავადებებია, რომლებიც აუცილებლად თავს იჩენენ ორსულობის დროს.
– არის შემთხვევები, როცა ჩიყვის მიუხედავად, ქალები მაინც ზედმეტი გართულებების გარეშე მშობიარობენ, როგორ ხდება ასე?
– ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, სტანდარტული მედიცინა არ არსებობს, ამიტომ ნებისმიერი მაჩვენებელი კონკრეტულ პაციენტზე უნდა იყოს მორგებული. ყოფით ცხოვრებაში, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება აუცილებლად იწვევს წონაში მატებას, რადგან პირველ რიგში ნახშრიწყლოვანი ცვლა ირღვევა ანუ ორგანიზმში ჭარბად გროვდება ინსულინი, რაც თავის მხრივ ბევრ სხვა დაავადებას იწვევს.
– როგორ ვითარდება პატოლოგია მამაკაცებში?
– ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა საკმოდ დიდ როლს ასრულებს მამაკაცის სქესობრივ განვითარებაზე და შვილოსნობის ფუნქციაზე. გამომდინარე აქედან, ქალბატონების მსგავსად, მამაკაცებმაც დროულად უნდა მიმართონ ენდოკრინოლოგს, რაც სხვათაშორის ძალიან არ უყვართ ქართველ მამაკაცებს.
– შეიძლება თუ გარკვეული მედიკამენტების მიღება ორსულობის დროს, გავრცელებულია აზრი, თითქოს წამალი ნაყოფს აყენებს ზიანს?
– ნებისმიერ წამალს აქვს გვერდითი ეფექტები, ამიტომ კითხვა ცოტა განსხვავებულად უნდა დავსვათ: რა უფრო მავნებელია – წამლის მიღება თუ არ მიღება? ორსულობის დროს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა გაცილებით მეტ საფრთხეს უქმნის ორსულს და ნაყოფს, ვიდრე ექიმის მიერ დანიშნული წამლის მიღება.
– კვანძოვანი ჩიყვის არსებობის შემთხვევაში არის თუ არა აუცილებელი ქირურგიულ ჩარევა?
– პირველ რიგში განვმარტოთ, რას ნიშნავს კვანძოვანი ჩიყვი – ერთი კვანძის არსებობის შემთხვევაში ამას კვანძოვანი ჩიყვი ეწოდება, ორი და მეტი კვანძის შემთხვევაში კი – მრავალკვანძოვანი ჩიყვი. კვანძი ესაა ნორმიდან გადახრილი უჯრედების ჯგუფი, რომელიც არსად არ ქრება. იმ შემთხვევაში, როცა მაღალია კვანძის გადაგვარების ალბათობა და მისი სიმსივნურ წარმონაქმნად ქცევა, რა თქმა უნდა, აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
– რა ანალიზები უნდა გაკეთდეს, როცა ადამიანს ეჭვი აქვს ჩიყვზე?
– ჩვენს ქვეყანაში ძალიან არასწორი ტენდენცია დამკვიდრდა, რატომღაც ექიმთან მისულ პაციენტს მხოლოდ TSH უკეთებენ. ცალკე აღებული TSH არაფერს არ ნიშნავს, ეს იგივიეა, ადამიანს ხელი რომ აჩვენო და ჰკითხო, რა ფერის თვალები მაქვსო. თავისუფლად შეიძლება პაციენტს ნორმაში ჰქონდეს TSH, მაგრამ დაბალი იყოს FT4, რაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების საწყისი სტადიის მომასწავებელია. რაც შეეხება ანალიზებს – პირველ რიგში ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია კეთდება, შემდეგ TSH, FT4, Anti–Tg და Anti TPO ანუ აუცილებლად უნდა შემოწმდეს ანტისხეულები.
– რა კავშირშია კლიმაქსი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებთან?
– ზოგადად, ქალის ცხოვრებაში ორი პერიოდი არსებობს – რეპროდუქტიული ასაკი და მენოპაუზა. სწორედ ამ პერიოდებში ხდება ყველაზე ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის გამოვლენა. კლიმაქსი ის პერიოდია, როცა ფუნქციონირებას წყვეტს საკვერცხეები ანუ სისხლში ქრება ესტროგენები. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ კლიმაქსს ასაკი არ გაჩნია, გამომდინარე აქედან თავისუფლად შეიძლება ჰქონდეს ახალგაზრდასაც და ასაკოვან ქალსაც. ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი ფუნქცია მინერალური ცვლის გაკონტროლებაა, შესაბამისად, როცა ფუნქცია ქვეითდება, ირღვევა კალციუმის ცვლაც. იმისთვის, რომ კალციუმის ცვლა ნორმალური იყოს, საჭიროა D-ვიტამინის არსებობა სისხლში. როცა საკვერცხე თავის ფუნქციას კარგავს, ორგანიზმში ვითარდება D-ვიტამინის დეფიციტი.
– ყველაზე მეტად რა მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე?
– ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მიზეზს ძირითადად გენეტიკური ფაქტორი წარმოადგენს. ყველა ენდოკრინოლოგიური პათოლოგია ქრონიკულია და გენეტიკურად დეტერმინებული. თუმცა, გენის მატარებლობა არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად უნდა შეექმნას პრობლემები. გარემო პირობების გათვალისწინებით მას ან უვითარდება ამგვარი პათოლოგიები ან არა. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სტრესულ ფაქტორს, გარემოს, ჭარბი რაოდენობით იოდს, ფტორს, და ქლორს საკვებში და წყალში, ასევე ულტრაიისფერ სხივებს ანუ იგივე გარუჯვას, რაც ფარისებრის პათოლოგიების ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელია.
– ორსულობის დროს, ფარისებრი ჯირკვალის მართვასთან ერთად, რამდენად მნიშვნელოვანია გლიკემიის დონის კონტროლი?
– გლიკემიის დონის კონტროლი აუცილებელი პირობაა. ნორმალურ შემთხვევაში, ორსულობის დადგომამდე წყვილი მიდის გინეკოლოგთან და ენდოკრინოლოგთან და იგეგმება ორსულობა ანუ წინასწარი ანალიზებით, ჩვენ ვიგებთ, რა გართულებებს უნდა ველოდოთ კონკრეტული პაციენტის ორსულობის დროს. პაციენტების უმრავლესობა დამოუკიდებლად აკონტროლოებს შაქარს უზმოზე და ჰგონია, რომ არ აქვთ დარღვევა. სინამდვილეში, როცა მგრძნობელობა დაბალია, შესაძლოა გლიკემია მომატებული იყოს ორგანიზმის საკვებით დატვირთვიდან ორ საათში. რაც იმას ნიშნავს, რომ ორსულობის პერიოდში ასეთი პაციენტი ორსულობის დროს დიაბეტით დასნეულების მაღალი რისკის ქვეშ ხვდება. გამომდინარე აქედან, მას განსაკუთრებული კვების რეჟიმი და გაკონტროლება ჭირდება ორსულობის პერიოდში.
– რამდენად მჭიდრო კავშირშია ფარისებრი ჯირკვლის დაავადება და დიაბეტი?
– ეს ორი დაავადება ძალიან მჭიდრო კავშირშია, რადგან ორივე გენეტიკური და ერთი გენით დეტერმინებული დაავადებებია. უმეტეს შემთხვევაში ეს თანმხლებია. უბრალოდ, ზოგიერ პაციენტთან ჯერ ფარისებრთა პათოლოგია იწყება და მერე იღვიძებს ნახშირწლოვანი ცვლის დარღვეა, ზოგჯერ კი, პირიქითაც ხდება. გამომდინარე აქედან, მხოლოდ ერთი დაავადების მკურნალობა არასწორია.
– რა როლი ეკუთვნის ენდოკრინოლოგს ხელოვნური განაყოფიერების დროს?
– უშვილობის მიზეზი ხშირად ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიაა, ზუსტად ისე, როგორ ბუნებრივი ორსულობის შემთხვევაში. ამიტომ, ჩვენს კლინიკაში შემოსული ყველა პაციენტი გადის შემოწმებას როგორც გინელკოლოგთან, ისე ენდოკრინოლოგთან. მერე კი, მთელი ორსულობის მანძილზე ვაკონტროლებთ.