Plasmon
ვარჯიშით ინდუცირებული ბრონქების შევიწროება

თარიღი: 03 ოქტომბერი, 2022

ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ზოგჯერ პრობლემებთანაც ასოცირდება. ფიზიკური დატვირთვის დროს სუნთქვის გახშირება ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ თუ სასუნთქი გზების დახშობა და მასთან დაკავშირებული შემაწუხებელი სიმპტომები განვითარდა, ვარჯიშით ინდუცირებული ბრონქების შევიწროება უნდა ვივარაუდოთ. ეს მდგომარეობა ხშირია ასთმით დაავადებულებთან, ამიტომ წინათ მას ვარჯიშით ინდუცირებული ასთმის სახელით იცნობდნენ, მაგრამ რომ არ გვეგონოს, რომ ვარჯიში იწვევს ასთმას, ეს ტერმინი უფრო შესაფერისით შეცვალეს.

ეფექტური მართვის პირობებში ვარჯიშით პროვოცირებული ბრონქების შევიწროების მქონე ადამიანებს შეუძლიათ, აქტიურად მისდიონ სპორტს.

როგორ ვლინდება
ვარჯიშით ინდუცირებული ბრონქების შევიწროება ყველაზე ხშირად ხველით ვლინდება და შესაძლოა, მხოლოდ ამ სიმპტომით შემოიფარგლოს. ზოგჯერ აღინიშნება მსტვენი სუნთქვა, გულმკერდის შებოჭილობა, სუნთქვის უკმარისობა, უჩვეულო სისუსტე და ადვილად დაღლა ვარჯიშის დროს.

სიმპტომების აღმოცენება მოსალოდნელია ვარჯიშის პერიოდში, დამძიმება კი – მისი შეწყვეტიდან 5-10 წუთის შემდეგ, მდგომარეობა, წესისამებრ, 20-30 წუთში უმჯობესდება, მაგრამ თუ ნებაზე მივუშვით, შესაძლოა 1 საათსაც გაგრძელდეს. ზოგიერთს აღენიშნება სიმპტომების მეორე ტალღა – ე.წ. გვიანი ფაზა, რომელიც ვარჯიშის შეწყვეტიდან 4-12 საათში იწყება. გვიანი ფაზის სიმპტომები ნაკლებად მწვავეა და ზოგჯერ 24 საათი სჭირდება სრული ალაგებისთვის. მდგომარეობის სიმძიმე უმნიშვნელოდან მძიმემდე მერყეობს.

რა იწვევს
ვარაუდობენ, რომ ვარჯიშით პროვოცირებული ბრონქების შევიწროებაში რამდენიმე ბიოლოგიური პროცესია ჩართული. უწინარეს ყოვლისა – სასუნთქი გზებიდან სითბოსა და სითხის დაკარგვა ვარჯიშის დროს. ფიზიკური დატვირთვის პროცესში ჟანგბადის მოთხოვნილება იმატებს, ამიტომ სუნთქვა ხშირდება და ღრმავდება, ადამიანი იწყებს პირით სუნთქვას, რათა მეტი ჰაერი ჩაისუნთქოს. პირით სუნთქვისას ფილტვებში ჩამავალი ჰაერი უფრო მშრალი და გრილია, ვიდრე ცხვირით სუნთქვისას. ბრონქების შევიწროების მთავარ ხელშემწყობ ფაქტორადაც სწორედ მშრალ და ცივ ჰაერს მიიჩნევენ. შესაბამისად, ასეთი ჰაერის პირობებში ვარჯიში უფრო სარისკოა, ვიდრე იქ, სადაც ჰაერი თბილი და ტენიანია.

ვარჯიშის დროს ასთმური სიმპტომების განვითარება უფრო მეტადაა მოსალოდნელი ისეთი რისკფაქტორების თანაარსებობისას, როგორებიცაა ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე, ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ან ასთმის ეპიზოდი უახლოეს წარსულში, ქლორი საცურაო აუზში. ეს მდგომარეობა ასთმით დაავადებული ათიდან ცხრა ადამიანთან გვხვდება, თუმცა შესაძლოა, ასთმის არმქონე პირებსაც გამოუვლინდეთ, მაგალითად, მაღალი დონის ათლეტებს.

დიაგნოსტიკა
დიაგნოზის დასასმელად ტარდება სპირომეტრია – ფილტვების ფუნქციის შემოწმებისთვის განკუთვნილი გამოკვლევა. სპირომეტრით იზომება ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა და ამოსუნთქვის სისწრაფე. ზოგჯერ ტესტს ბრონქების გამაფართოებელი მედიკამენტის ინჰალაციის შემდეგაც ატარებენ და ამოწმებენ, გაიზრდება თუ არა ამ ფონზე ჰაერის ნაკადის მიწოდება. საწყის ეტაპზე ფილტვის ფუნქციის შესაფასებელი ტესტი საშუალებას იძლევა, გამოირიცხოს ასთმა როგორც სიმპტომების მიზეზი. სიმპტომების შესაფასებლად აღნიშნულ ტესტს ატარებენ ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და ვარჯიშის შემდეგაც.

მკურნალობა და მართვა
ვარჯიშით ინდუცირებული ბრონქების შევიწროების სიმპტომების პრევენციისთვის გვირჩევენ:

- ცივ და მშრალ ამინდში თავი ვარიდოთ ვარჯიშს;

- საჭიროების შემთხვევაში ვარჯიშამდე მივიღოთ ექიმის მიერ რეკომენდებული მედიკამენტი;

- ვარჯიშამდე (საზოგადოდ, ინტენსიურ დატვირთვამდე) 6-10 წუთით ადრე სათანადოდ მოვითელოთ;

- ვარჯიშის დროს ვისუნთქოთ ცხვირით. ეს ფილტვებისკენ მიმავალი ჰაერის გათბობას უზრუნველყოფს.

ოპტიმალურ სამკურნალო პროგრამას ასთმის ისტორიისა და ფიზიკური დატვირთვის ტიპის მიხედვით არჩევენ. სიმპტომების პრევენციისთვის ან მინიმუმამდე დასაყვანად იყენებენ ორი ჯგუფის მედიკამენტებს:

- ხანმოკლე მოქმედების ბეტა აგონისტებს – ესენია ბრონქების გამაფართოებელი საინჰალაციო პრეპარატები, რომლებიც ხსნის სასუნთქ გზებს და ვარჯიშის წინ გამოყენებული ყველაზე ეფექტური მედიკამენტებია. მიიღება ფიზიკური დატვირთვის დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე და სიმპტომების პრევენციას 4 საათამდე პერიოდით უზრუნველყოფს. გამოიყენება სიმპტომების აღმოცენების შემთხვევაშიც მათი უკუქცევისთვის.

იპრატროპიუმი საინჰალაციო პრეპარატია, რომელიც ადუნებს სასუნთქ კუნთებს და ეფექტურია ამ მდგომარეობის მქონე ზოგიერთი ადამიანისთვის.

- ხანგრძლივმოქმედ საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება ქრონიკული ასთმის სამართავად ან სიმპტომების კონტროლისთვის მაშინ, როდესაც ვარჯიშამდე ხანმოკლე მკურნალობა არ არის ეფექტური. ამ საშუალებებს განეკუთვნება საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები, რომლებიც თრგუნავს ანთებას სასუნთქ გზებში, აგრეთვე – მათი კომბინაცია ხანგრძლივმოქმედ ბეტა-აგონისტებთან, რომლებიც ადუნებს და აფართოებს სასუნთქ გზებს.

გადაუდებელი დახმარება აუცილებელია, როდესაც სუნთქვის უკმარისობა და მსტვენი სუნთქვა სწრაფად პროგრესირებს და სუნთქვას საფრთხეს უქმნის ან ასთმის შეტევების სამკურნალო საინჰალაციო მედიკამენტის გამოყენების შემდეგ უკეთესობა არ შეინიშნება.

ვარჯიშით ინდუცირებულ ბრონქების შევიწროებას ყველაზე ხშირად ხელს უწყობს ცივ და მშრალ ამინდში შესასრულებელი სპორტული აქტივობები – ყინულის ჰოკეი, თხილამურებით თუ სნოუბორდით სრიალი, აგრეთვე – სპორტის ისეთი სახეობები, რომლებიც ხანგრძლივ  უწყვეტ დატვირთვას გულისხმობს, მაგალითად, დიდ მანძილზე სირბილი, ფეხბურთი, და ნაკლებად მოსალოდნელია ისეთი სპორტული აქტივობების დროს, რომლებიც ფიზიკური დატვირთვის ხანმოკლე ეპიზოდებს მოიცავს, მაგალითად ფრენბურთის, ბეისბოლის, ტანვარჯიშის, ფეხით ან ველოსიპედით სეირნობის, თბილ და ტენიან გარემოში ცურვის დროს.

მნიშვნელოვანია, სავარჯიშო პროგრამა ექიმთან შეთანხმებით შეირჩეს.

 

წყარო: ჟურნალი "ავერსი"