Nuk
წამლისმიერი ალერგია

თარიღი: 11 თებერვალი, 2026

ყველა სხვა ალერგიული დაავადების მსგავსად, წამლისმიერი ალერგიაც იმუნური სისტემის შეუსაბამო რეაქციითაა გამოწვეული. ალერგიული რეაქცია, შესაძლოა, გამოიწვიოს წამალმა ან მასში შემავალმა ისეთმა ნივთიერებამ, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გარდაიქმნება.

 

ზოგჯერ სხვადასხვა წამალზე, რომლებიც ერთმანეთთან ქიმიურად დაკავშირებული არ არის, ერთი და იგივე ალერგიული რეაქციაა დამახასიათებელი, რაც აიხსნება იმ საერთო კომპონენტებით, რომლებიც მათ შემადგენლობაში შედის.

 

რისკ ჯგუფის პაციენტები
ანამნეზში მედიკამენტზე ალერგიული რეაქციის ეპიზოდი ან ეპიზოდები.
ალერგოლოგიური ანამნეზით დატვირთული პაციენტები (კვებითი ალერგია, ბრონქული ასთმა და სხვა)

 

როგორ ტარდება დიაგნოსტიკა?
კანის სინჯებით - ეს გულისხმობს კანის ზედაპირზე წამლის მცირე წვეთების დაწვეთებას და შემდეგ წვეთის პაწაწინა ლანცეტით მსუბუქად ჩხვლეტას. თუ ჩხვლეტის ადგილზე გაჩნდება სიწითლე, პაპულა, რომელიც ქავილს იწვევს, ეს კანის დადებითი ტესტია, რაც სავარაუდოდ წამლის მიმართ ალერგიაზე მიუთითებს.

 

კანშიდა ტესტირება - თუ ზემოთაღნიშნული სიმპტომები არ გაჩნდება, ზოგიერთი მედიკამენტის შემთვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს კანშიდა ტესტირებაზე გადასვლა (კანის უფრო ღრმა ფენაში მედიკამენტის შეყვანა). რეაქცია როგორც წესი ფასდება 15-20 წუთის შემდეგ. თუ გამონაყარის დიამეტრი 3 მმ-ით ან მეტით გაიზარდა, ეს დადებითი ტესტია.

 

პროვოკაციული სინჯები. ასეთ დროს პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში იღებს საეჭვო პრეპარატს. ზოგიერთი პროვოკაციული ტესტისთვის გამოიყენება ერთჯერადი დოზა, მაგრამ არსებობს მედიკამენტები, რომლებიც თანდათან, მზარდი რაოდენობით, უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და გარკვეული ინტერვალებით მიეცემა პაციენტს. ექთანი ან ექიმი გაიმეორებს არტერიულ წნევის, პულსის, სუნთქვის სიხშირის და და ხანდახან პიკფლოუმეტრიის გაზომვებს, რაც კეთდება იმის შესაფასებლად, ვლინდება თუ არა ალერგიული რეაქცია მედიკამენტზე. საბოლოო ეტაპის შემდეგ, კლინიკაში დაკვირვების ქვეშ, მინიმუმ 1 საათის განმავლობაში დარჩებით. მთელი პროცესი შეიძლება 4 საათამდე გაგრძელდეს ან გაიყოს რამდენიმე დღეზე.