Plasmon
ხველასთან გაჩაღებული ბრძოლა საჭირო არ არის, ის აუცილებად გაივლის

თარიღი: 26 დეკემბერი, 2023

ბატონო თემურ, რატომ ხდება, რომ რიგი ბავშვების შემთხვევაში ხველა ძალიან მარტივი სამართავია და პრაქტიკულად, არ საჭიროებს მედიკამენტებს და ხანდახან ექიმთან ვიზიტთანაც კი, რადგან თავისით კუპირდება, რიგ შემთხვევაში კი, ძალიან ხანგრძლივი დროის მანძილზე რამდენიმე ექიმის გამოცვლაც კი უწევს მშობელს, რომ დაადგინოს, თუ ასე რატომ გაუმწვავდა და გაუხანგრძლივდა ბავშვს ხველა?
ხველა ორგანიზმისთვის დამცველობითი რეაქციაა, თუ დაავადების გამომწვევი მიზეზი ცნობილია. შესაბამისად, ეს არის რესპირაციული პათოგენის, ნახველის, ანუ სეკრეტის და ზოგ შემთხვევაში უცხო სხეულის მოსაცილებლად. სწორად აღნიშნეთ, რომ ხშირად პაციენტს გახანგრძლივებული ხველის მართვისას, რამდენიმე ექიმის გამოცვლაც სჭირდება. მწვავედ ითვლება ხველა, თუ ის 2-დან 3 კვირამდე გრძელდება, 3 კვირის მერე არის ქრონიკული ან გახანგრძლივებული ხველა.

 

ხველას არ სჭირდება დათრგუნვა და განსაკუთრებული მკურნალობა, თუ დაავადების გამომწვევი მიზეზი ცნობილია. ასეთი ტერმინიც არსებობს, ხველა თავისით რჩება 7 დღეში და ექიმი არჩენს ერთ კვირაში.

 

ჩვენს ბაზარზე უამრავი ხველის საწინააღმდეგო საშუალებაა და ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ბავშვებს პოლიპრაგმაზია და პოლიფარმაცია ავარიდოთ.

 

იკითხეთ, თუ რატომ მიმდინარეობს ხველა განსაკუთრებულად მძიმედ ზოგიერთ ბავშვთან… ხველა მძიმედ მიმდინარეობს განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. არის ე.წ. სპეციალური გამომწვევი – რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი და ის არის ე.წ. გახანგრძლივებული ხველის, მძიმე ხველის, ბრონქიოლიტის ყველაზე ხშირი მიზეზი. ბრონქიოლიტის მართვა, განსაკუთრებით 6 თვემდე ასაკის ჩვილებში, საკმაოდ ძნელია, რამეთუ მათ არ აქვთ ხველის რეცეპტორები და უჭირთ ამოხველება. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ობსტრუქციულ კომპონენტს ლორწოვანის ჰიპერსეკრეცია ჭარბობს და მისი მართვა საკმაოდ ძნელია. ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, პაციენტის მშობელი უნდა განვანათლოთ და ავუხსნათ მათ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ხველაც ნელ-ნელა, თავისით გაივლის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტების კლინიკაში გადაყვანაც გვიწევს, თუ მათ აქვთ მაღალი ცხელება, თუ არის გამოშრობის საშიშროება, თუ არის გართულებული ხველა, ქოშინი და ა.შ. ეს ეხებათ ძირითადად 6 თვემდე და 1 წლამდე ასაკის ბავშვებს, 1 წლის შემდეგ ხველა უფრო მარტივად სამართავია.

 

ცალკე უნდა განვიხილოთ ე.წ. ჰიპერრეაქტიული ბრონქების მქონე ბავშვებში განვითარებული ხველა, ანუ ე.წ.  ბრონქული ასთმა. მოგეხსენებათ, ბრონქული ასთმა ბავშვებში ნომერ პირველ ქრონიკულ პათოლოგიად ითვლება. ბრონქულ ასთმას თან ახლავს ბრონქების ჰიპერრეაქტიულობა, ანუ შეცვლილი მგრძნობელობა ნებისმიერ გამაღიზიანებელზე, განსაკუთრებით, ვირუსულ გამაღიზიანებელზე. ძირითადად, ბავშვებში მაინც ვირუს-ინდუცირებული ხველაა, ანუ ვირუსით განპირობებული ბრონქოობსტრუქცია, ანუ ვიზინგი. შესაბამისად, მისი ყველაზე ხშირი გამომწვევი არის რინოვირუსი. რინოვირუსული ინფექციები იწყება სექტემბრიდან და დაახლოებით, დეკემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. სწორედ ამ პერიოდში არის  მაღალი მომართვიანობა ბრონქოობსტრუქციის, ანუ ვიზინგის გამო. ეს ხველა საკმაოდ ძნელი სამართავი და გახანგრძლივებულია, ამიტომ ასეთ დროს, ზოგ შემთხვევაში გვიწევს ბეტა 2 აგონისტების, ზოგ შემთხვევაში სტეროიდების დანიშვნა. სასურველია, რომ ბავშვებში გამოვიყენოთ საინჰალაციო სტეროიდები, ანუ ისეთი სტეროიდები, ჰორმონალური პრეპარატები, რომლებიც არ დააზიანებენ მათ და რომელთაც სისტემური ეფექტი არ ექნებათ. ალბათ, ხშირად გინახავთ, რომ ბავშვები იყენებენ კონკრეტულ პრეპარატებს, რომელთაც თვითნებურად აძლევენ მშობლები და ეს კატეგორიულად დაუშვებელია, განსაკუთრებით, მაშინ თუ ჩვენ არ ვიცით, ხველის გამომწვევი მიზეზი და ისე ვნიშნავთ კონკრეტულ საშუალებას. მაგალითად, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ უნდა დაინიშნოს დექსამეტაზონი.

 

ხველის და ქრონიკული ხველის ყველაზე ხშირი სიმპტომი არის ე.წ პოსტნაზალური ჩანადენის სინდრომი, ანუ ცხვირიდან გადანადენის გამო განვითარებული რეფლექსური ხველა, რომელიც ღამით არის ძალიან მწვავე. ეს რეფლექსური ხველა პოსტნაზალური გადანადენით შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. პოსტნაზალური გადანადენის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი ადრეული ასაკისაა, შეიძლება იყოს ე.წ. სტრეპტოკოკოზი, ანუ ლორწოვანის შეშუპება A-ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით. ასეთ შემთხვევაში მოწოდებულია ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია, ზოგ შემთხვევაში 21-28 დღის განმავლობაში, ოღონდ მცირე დოზა, ამოქსაცილინის ჯგუფის პრეპარატებით. ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს ე.წ ალერგიული რინიტი და ამით გამოწვეული პოსტნაზალური გადანადენი. პოსტნაზალური გადანადენის ძირითადი მიზეზი არის ე.წ ანატომიური თავისებურებები ადრეული ასაკის ბავშვებში. შესაბამისად, ასაკის მატებასთან ერთად პოსტნაზალური ჩანადენის სინდრომი, რომელიც ბავშვების 50-60%-ში არის ხველის, განსაკუთრებით კი, ღამის ხველის მიზეზი, უკვალოდ გაივლის. როგორც უკვე გითხარით, მთავარია, მშობელი გაანათლო და მშობელმა დაგიჯეროს, რომ ეს ხველა აბსოლუტურად უკვალოდ გაივლის და რომ ბავშვს აურაცხელი რაოდენობის მედიკამენტი არ უნდა მივაღებინოთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხველა ღამე შეიძლება 2-4 წუთის ბგანმავლობაში გაგრძელდეს, შემდეგ უკვალოდ გაიაროს და 3-4 საათის მერე, იგივე განმეორდეს, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს რაიმე შემაფერხებელ პათოლოგიაზე არ მიუთითებს და თავისით, უკვალოდ გაივლის.

 

არის ხოლმე თქვენს პრაქტიკაში ისეთი შემთხვევები, როცა ჯერ ხველის დამთრგუნველ საშუალებებს იყენებთ, სანამ საინჰალაციო საშუალებებზე გადახვალთ?
რა თქმა უნდა, ვიყენებ, უბრალოდ, ვერიდები, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში და თუ დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვს აქვს ე.წ. პოსტნაზალური გადანადენის სინდრომი. პოსტნაზალური გადანადენის სინდრომის მართვა არის – ზოგ შემთხვევაში ანტიჰისტამინური პრეპარატი, თუ ცნობილია, რომ ეს პრობლემა ალერგიული რინიტით არის გამოწვეული და ზოგ შემთხვევაში ხველის დამთრგუნველი საშუალება, ოღონდ ხანმოკლე კურსი. ხველის დამთრგუნველი საშუალებები ბავშვებს მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ.

 

თუ ხველა არის მშრალი, შემაწუხებელი, ე.წ. ჩახლეჩილი ხმით მიმდინარე, ოღონდ აქ არ უნდა აგვერიოს კრუპი, არა გრიპის ვირუსით განპირობებული ინფექცია, რომელიც ღამე უეცრად ვითარდება და მოხრჩობის შეგრძნებით ხდება გამოღვიძება, ამ შემთხვევაში აუცილებელია ადგილობრივი საინჰალაციო სტეროიდის გამოყენება.

 

რაც შეეხება საინჰალაციო საშუალებებს, ისინი ძირითადად ჰიპერრეაქტიული ბრონქების სინდრომით, ანუ ე.წ. ვირუს ინდუცირებული ვიზინგით მიმდინარე ხველის დროს არის მოწოდებული. ვირუსით განპირობებული ვიზინგი არის ბრონქოობსტრუქცია, როდესაც ბავშვს აქვს ხმაურიანი სუნთქვა, რომელიც გარკვეულ მანძილზე ისმის. ამ შემთხვევაში საინჰალაციო თერაპია აუცილებელია. საინჰალაციო თერაპია, რა თქმა უნდა, ეს არის ადგილობრივი მოქმედების საშუალებები, ვიდრე სისტემური მოქმედების საშუალებები. თუ ბავშვს აქვს ხანგრძლივი ჰიპერრეაქტიული ბრონქის სინდრომი ან არის ბრონქული ასთმა, ჩვენ ე.წ. სპეისერებს ვიყენებთ. საბედნიეროდ, ჩვენს ბაზარზე არის სპეისერი, რომელიც უფრო იაფია, უფრო ეფექტურია, შესაბამისად, მიღებული დოზა არის იმ კონცენტრაციით, რაც ბავშვს სჭირდება.

 

რაც შეეხება ნებულაიზერებს, ყველა ოჯახშია ხომ ნებულაიზერი?! თქვენ აბა ნახეთ, ევროპის რომელიმე ქვეყანაში ვინმეს თუ აქვს სახლში ნებულაიზერი… იქ ასე ხელაღებით არ ხდება ნებულაიზერო თერაპია. ნებულაიზერო თერაპია იქ ძირითადად უფრო ბრონქული ასთმის მქონე ბავშვებში ხდება. 6 თვის ასაკის შემდეგ იქ ძირითადად სპეისერებს იყენებენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ შემთხვევაში, თუ არის ვიზინგი. ვიზინგის გარეშე ხველის საწინააღმდეგო საშუალებები მაღალგანვითარებად ქვეყნებში, როგორც მოგეხსენებათ, არ ინიშნება.

 

საკმაოდ ხშირად, როცა პაციენტი მოდის, ვიწყებთ სახლში ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაციას, რომ დავატენიანოთ… თქვენ თუ გადახედავთ, არანაირი რეკომენდაცია ბროქნიოლიტის, ბრონქიტის მართვის და ა.შ. არ არსებობს, ამიტომ კი ბატონო, შეგვიძლია დავატენიანოთ. ასეთი კონტრარგუმენტი არსებობს, რომ ჯობია ბრონქების დატენიანებას, ოთახი დავატენიანოთ, ამიტომ შევიძინოთ ოთახის, ჰაერის დამატენიანებლები და თუ გვაქვს ჰიპერრეაქტიული ბრონქების სინდრომი, ეს ჰაერის დამატენიანებელი ჩავრთოთ.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხველა არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია, თუ დაავადების გამომწვევი მიზეზი ცნობილია. ჩვენ ხველას კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ იმ დაავადებას, რომელმაც ხველა გამოიწვია. კონკრეტულ შემთხვევაში, რინოვირუსს ბრონქების რეაქტიულობის შეცვლა ახასიათებს, ანუ ახასიათებს ხმაურიანი, შეტევითი ხასიათის ხველა. მაგალითად, გრიპის ვირუსს და ე.წ. კორონავირუსს უფრო ბრონქების ეპითელიუმის ჩამოფცქვნა ახასიათებთ და მაღალი რისკია, რომ ბავშვებს ფილტვების, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, პნევმონია განუვითარდეთ. კოვიდი და გრიპი უფრო მეტად არის პნევმონიით მიმდინარე, რინოვირუსები, პარაგრიპის ვირუსები, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი უფრო ბრონქიოლიტს, ბრონქიტს ან ვიზინგს იწვევს, ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულ შემთხვევაში, რა არის ხველის გამომწვევი მიზეზი. რა თქმა უნდა, ბავშვებში ძირითადად ვირუსით განპირობებული პნევმონიაა, თუმცა მისი დიაგნოსტირება, დიფერენცირება საკმაოდ ძნელია და ჩვენ პნევმონიის მართვისას, განსაკუთრებით, როცა არის საყოფაცხოვრებო, ანუ სახლში შეძენილი პნევმონია,არ ვახდენთ ამ პაციენტების ჰოსპიტალიზაციას კლინიკაში და ვიყენებთ ანტიბიოტიკოთერაპიას მაღალი დოზებით. მაგალითად, მე, პრაქტიკულად, პნევმონიის 10 შემთხვევიდან 1-ის ჰოსპიტალიზაციას ვახდენ. სასურველია, რომ ბავშვებს ავაცილოთ ინვაზიურ მანიპულაციები, გადასხმები, რაც კატეგორიულად მიუღებელია, განსაკუთრებით ბრონქიტის, ბრონქიოლიტის, პნევმონიის და ა.შ. მართვისას. საყოველთაო ჯანდაცვის პრობლემებმა შექმნა ის, რომ ყოველი მეორე მორბენალი ბავშვი მიდის კლინიკაში და იწყებს გადასხმას. ჩემი რჩევა იქნება, სწორად განვსაზღვროთ, თუ როდის მოვახდინოთ პაციენტის კლინიკაში რეფერალი. აუცილებელია, რომ მშობელი ჯერ დაუკავშირდეს ექიმს, ექიმმა შეაფასოს მდგომარეობა, მხოლოდ პაციენტების გადაყვანით არ უნდა ვიყოთ დაკავებული. მთავარია, რომ ბავშვს ავარიდოთ სტრესი. ნებისმიერ კლინიკაში შესვლა არის მაღალი რისკი სხვა ინფექციების დამართვის. მინახია, რომ ერთდროულად 5 სხვადასხვა ვირუსული ინფექცია ჰქონია პაციენტს.

 

ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, რომ პირველადი ჯანდაცვა განვითარდეს. პირველადი ჯანდაცვა ეს არის პრევენცია, კლინიკებზე ზედმეტი დატვირთვის მოხსნა, უამრავი პოლიპრაგმაზიის და პოლიფარმაციის თავიდან აცილება ბავშვებისათვის.

 

დაავადება დროულად მორჩება, თუ ბავშვს აქვს მუდმივი მეთვალყურეობა და მშობელი ექიმისგან სწორად არის ინფორმირებული და განათლებული. თუ მშობელი სწორად აღიქვამს ბავშვის ზოგად მდგომარეობას, ის თავიდან მაქსიმალურად აიცილებს ინვაზიურ მანიპულაციებს.

 

ყოველთვის, როცა ბავშვს ხმა ეცვლება, შეიძლება ითქვას, რომ ეს კრუპია?
რა თქმა უნდა, არა. საბედნიეროდ, კრუპი ძირითადად ვირუსული ეტიოლოგიით არის განპირობებული. ისეთი კრუპი, როგორიცაა, მაგალითად დიფტერიული, პრაქტიკულად, აღარ გვხვდება, რადგან კეთდება ამის საწინააღმდეგო ვაქცინა. მთავარია, ბავშვები დროულად იყვნენ ვაქცინირებული. როგორც გითხარით, კრუპი ძირითადად ვირუსული ეტიოლოგიისაა და მისი ძირითადი გამომწვევი პარაგრიპის ვირუსია. მას ახასიათებს ჩახლეჩილი ხასიათის ხმა, ბავშვი იძინებს აბსოლუტურად ჯანმრთელი და ღამის დაახლოებით 00:00-03:00 საათიან შუალედში აქვს შეტევითი, ყეფვითი გამოძახილი. კრუპი ერთი და იგივე ბავშვს შეიძლება რამდენჯერმე გაუმეორდეს. აქაც მეტ-ნაკლებად არის მიდრეკილება ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებისკენ. თუ მშობელი ერთხელ გამოცდის ამას და სწორად გაივლის ექიმთან კონსულტაციას, მეორე, მესამე ეპიზოდზე შეიძლება უპრობლემოდ მართოს კრუპი. ამ დროს,  ოთახი უნდა იყოს დატენიანებული, ბავშვმა უნდა შეისუნთქოს ცივი ჰაერი, თუ გვაქვს სტეროიდის საშუალება, შეგვიძლია ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვიყენოთ პერორალური ერთჯერადად გამოსაყენებელი საშუალება, შეგვიძლია გამოვიყენოთ რექტალურად, სანთლის სახით ან საინჰალაციო სტეროიდები, ბუდესონიდის სახით. ეს ყველაფერი უკვე ჩამოწერილი უნდა ჰქონდეს მშობელს. როდესაც ბავშვი გვყავს, მთავარია, რომ ყველამ, მშობელმა, ბებია-ბაბუამ, მომვლელმა, ექიმმა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან ყველა თუ ერთ მხარეს ვიქნებით, საკმაოდ მარტივი იქნება ნებისმიერი დაავადების მართვა.

 

როდესაც ადამიანი მშობლობისთვის ემზადება, მან უნდა მიიღოს ელემენტარული ცოდნა იმის შესახებ, როგორ მოიქცეს კრუპის დროს, უცხო სხეულის გადაცდენის დროს, რა უნდა გააკეთოს გულ-ფილტვის რეანიმაციის დროს და ა.შ. ასეთი საჭირო მანიპულაციები ყველამ უნდა იცოდეს. რაც მთავარია, არ უნდა დავიბნეთ, არ ავყვეთ პანიკას და არ მოვახდინოთ ბავშვის ეგრევე სტაციონარში გადაყვანა. განსაკუთრებით კრუპს არ სჭირდება დაბნევა… დაგეთანხმებით, საკმაოდ მძიმე შესახედია, როცა ბავშვს ჯანმრთელს აწვენ და ჩახლეჩილი ხმით იღვიძებს, ვერ სუნთქავს, ისეთი თვალები აქვს, რომ შველას გთხოვს, მაგრამ ამის შველა ჩვენ რამდენიმე წუთში შეგვიძლია იგივე პერორალური სტეროიდით, რექტალური სტეროიდით თუ საინჰალაციო საშუალებებით.

 

თქვენ ხშირად გისაუბრიათ იმაზე, რომ შეიძლება, წელიწადში 8-10-ჯერ ავადობა ნორმად ჩაითვალოს. თუ ამას დავურთავთ იმას, რომ ბავშვი ხველისკენ მიდრეკილია, გამოდის, რომ ბავშვი, პრაქტიკულად, ყოველთვე ავად არის და თითქმის ყოველთვე ახველებს. ასეთი ტიპის ბავშვებისთვის თუ გექნებათ რაიმე რეკომენდაცია?
რა თქმა უნდა, განვიხილოთ ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, სუფთა ჰაერი, სპორტული, ფიზიკური აქტივობა, მათ შორის, პატარა ბავშვებისთვისაც. ელემენტარული მაგალითისთვის, 2 წელი იყო პანდემია და ვიზინგის მომართვიანობა თითქმის არ იყო, რადგან არ იყო სოციალიზაცია, დაკეტილი იყო სკოლები. ჩემი სადოქტორო თემა სწორედ ბავშვებში ვიზინგის მართვაა და ის პაციენტები, რაც მყავდა საკონტროლო ჯგუფი, დაახლოებით, 120 ადამიანი ერთ თვეში შევაგროვე, მაშინ, როდესაც პანდემიის დროს, 2 წლის განმავლობაში ვიზინგის, ალბათ, სულ 10 შემთხვევა მქონდა. როდესაც ეს პანდემია ჩათავდა, 5-ჯერ გაიზარდა მომართვიანობა. შესაბამისად, სოციალიზაციასთან ერთად იზრდება ხველით, ცხელებით მიმდინარე დაავადებები, ნაწლავთა ინფექციები… პანდემიის შემდეგ ასევე გავრცელებული იყო ქუნთრუშა, ჩუტყვავილა. მთავარია, არ ავყვეთ პანიკას, ვენდოთ და დავუჯეროთ ექიმს, რომ ეს ინფექცია არა 2 დღეში, არამედ 7-8 დღეში მორჩება. ხველის ალაგებას 7-8 დღე სჭირდება, მშობელს კი უნდა, რომ 2-3 დღეში მორჩეს. 2-3 დღეში მორჩენა არის – სტეროიდი, ანუ ჰორმონი, ჰორმონის ჩართვა კი კატეგორიულად დაუშვებელია. ხველით მიმდინარე ინფექციების მართვა მარტივია, უბრალოდ, დაუჯერეთ ექიმს და იყავით მშვიდად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის ნოზოლოგიები, რომლებიც დროულად საჭიროებენ მის რეფერალს კლინიკაში, მაგალითად, უცხო სხეული, რაც საკმაოდ ხშირია ადრეული ასაკის ბავშვებში, რადგან ეს ბავშვები იღებენ სხვადასხვა წვრილ სათამაშოებს, საკვებს და ა.შ. და ხდება ბრონქში გადაცდენა. ამ შემთხვევაშიც, უნდა ვიცოდეთ ასეთი ბავშვების, სიტუაციის ელემენტარული მართვა, პირველადი დახმარების წესები და რაც მთავარია, პაციენტი დროულად უნდა გადავიყვანოთ კლინიკაში.

 

როდესაც ბავშვი ავადობს, რა დროს, რა შემთხვევაში არის საჭირო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება?
სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას თავისი კრიტერიუმები აქვს. ზოგადად, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ნიშნავს – სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ბინაზე და ტრანსპორტირებისას სამედიცინო თანხლებას. ჩამონათვალი, თუ რა დროს უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო, ასეთია – ცხელება, რომელსაც თან ახლავს კრუნჩხვა, თუ არის მაღალ ცხელება და ამასთან ერთად ბავშვი არის ლეთარგიული, ვერ შემოდის კონტაქტში, თუ არის მედიკამენტური ინტოქსიკაცია, უცხო სხეულის გადაცდენა, სისხლიანი ხველა, გახანგრძლივებული სისხლიანი დიარეა, რომელსაც თან ახლავს მაღალი ცხელება, თუ არის რაიმე ტრავმა. თუ აღნიშნული კრიტერიუმები გვაქვს, განსაკუთრებით ტრავმა, მაგრამ ვერ ვიძახებთ სასწრაფოს, მაშინ თავად მშობლებმა უნდა გადაიყვანონ ბავშვი სასწრაფოდ კლინიკაში. სხვა შემთხვევაში, 37,2 სიცხის გამო სასწრაფო არ უნდა გამოვიძახოთ. 90%-ში ცხელების გამო იძახებენ ადამიანები სასწრაფოს და მინდა გითხრათ, რომ მაღალგანვითარებად ქვეყნებში არცერთი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე არ მოვა ცხელების გამო. ისინი ჩაგიტარებენ ინსტრუქტაჟს, სწორად გამოგკითხავენ და ა.შ. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან მთავარია, არ დავტვირთოთ სასწრაფო, რომ ის დაეხმაროს ისეთ ბავშვს, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვირუსული ინფექციების პერიოდში, მთავარი, ექიმების მიერ მშობლების სწორი განათლებაა. თუ მშობელი დაუჯერებს ექიმს, პაციენტების მართვაც მარტივი იქნება.

 

პირველი, რასაც მშობლები ხველის დროს ვაკეთებთ არის ის, რომ თბილ სითხეებს, კომპოტებს, რძეს თაფლით და ა.შ. ვაძლევთ ბავშვს. თქვენი გამოცდილებით, ეს ყველაფერი მუშაობს თუ მას არანაირი ეფექტი არ აქვს?
რა თქმა უნდა, სითხეებით დატვირთვა მუშაობს და რეკომენდებულიც არის როგორც ცივი, ისე თბილი სითხეები, მაგრამ კომპოტები, ზოგადად, სასურველი არ არის, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს და მაღალია რისკი შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის, მეტაბოლური სინდრომის. შესაბამისად, დიდი რაოდენობით კომპოტების და წვენების მიღება სასურველი არ არის და ასეთ რეკომენდაციას ჩვენ არ ვიძლევით. რძის მიღება საერთოდ არ არის რეკომენდებული. ახლა მახსენდება თხის ქონიც, რომლითაც ზელენ ბავშვებს და ასეთი რეკომენდაცია საერთოდ არ არის. რეკომენდაცია არის სითხით დატვირთვა, თუმცა ასევე სასურველია, რომ არ მივიღოთ გაზიანი სასმელები. კიდევ ერთხელ განვმეორდები, ბავშვს სითხეები ინტრავენურად კი არ უნდა მივაწოდოთ, არამედ პერორალურად. შეიძლება, ახლა ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ბავშვებს ამ პერიოდში ყოველთვის ვთავაზობ, მიიღონ მარილიანი ჩხირები ან ჩიფსები, რადგან არც ჩიფსი და არც მარილიანი ჩხირები ორი დღის განმავლობაში რაიმე პათოლოგიას არ გამოიწვევს, მაგრამ სამაგიეროდ გაზრდის მოთხოვნას წყალზე. თუ ბავშვი არ იღებს სითხეს, ნებისმიერი ხრიკი უნდა გამოვიყენოთ.

წყარო: https://fortuna.ge