Plasmon
ყველაფერი რაქიტის შესახებ

თარიღი: 15 ნოემბერი, 2017

რაქიტი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნისა და მინერალიზაციის დარღვევა, D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლა.

 

რაქიტის რამდენიმე ფორმა არსებობს, მაგრამ ჩვენ ყველაზე გავრცელებული “კლასიკური” D-ვიტამინდეფიციტური რაქიტის შესახებ გესაუბრებით.

 

ევროპისა და ჩრდილოეთი ამერიკის ქვეყნებში ალიმენტური – არასწორი კვებით გამოწვეული – რაქიტი ფაქტობრივად აღარ გვხვდება, რაც საკვების D ვიტამინით შევსების დამსახურებაა. ინგლისში ამ ვიტამინის დეფიციტი აქვს 100 000-დან 7-8 ბავშვს, განვითარებად ქვეყნებში კი რაქიტი ხუთიდან ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ნიგერიაში ის ბავშვების 9%-ს აღენიშნება. საქართველოში რაქიტის გავრცელების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ვინაიდან ის არ შედის სატისტიკურად აღრიცხვადი დაავადებების ჩამონათვალში.

 

რა იწვევს

D-ვიტამინდეფიციტურ რაქიტს ორი მთავარი მიზეზი აქვს: არასწორი კვება – D ვიტამინით, კალციუმითა და ფოსფორით ღარიბი პროდუქტების მიღება – და მზის ულტრაიისფერი სხივების არასაკმარისი ექსპოზიცია.

 

D ვიტამინის მეორეული დეფიციტი შესაძლოა განპირობებული იყოს:

* D ვიტამინის მეტაბოლიზმის დარღვევით ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის (გლუკოკორტიკოიდები, ანტიკონვულსანტები, დიურეტიკები, ანტაციდები, ფიტინი) მიღების ფონზე;

* კანის იმ დაავადებებით, რომლის დროს დაქვეითებულია ქოლეკალციფეროლის სინთეზი;

* გასტროინტესტინური ტრაქტის დაზიანებით, რის გამოც ვერ ხერხდება საკვებით მიღებული D ვიტამინის ათვისება (მალაბსორბციის სინდრომი, პანკრეასის უკმარისობა და სხვ.);

* ღვიძლისა და თირკმელების იმ დაავადებებით, რომელთა დროსაც ირღვევა D ვიტამინის აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნა (ჰეპატობილიარული დარღვევა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და სხვა).

 

გასათვალისწინებელია რაქიტის რისკფაქტორებიც:

* დედის ასაკი (35 წელზე მეტი);

* დედის არაბალანსირებული, არაადეკვატური კვება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;

* დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

* ბავშვის დღენაკლულობა;

* დიდი მასა დაბადებისას;

* სიცოცხლის პირველი 3 თვის განმავლობაში წონის ჭარბი ნამატი;

* ხელოვნური კვება;

* ჰიპოდინამია (გახვევა ან აკვანში ჩაკვრა);

* ხშირი რესპირაციული ინფექცია და დიარეა.

 

რაში გვჭირდება D ვიტამინი

ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის (კალციფეროლი) ორი ფორმა არსებობს: D2 და D3. D2-ს საკვების მეშვეობით ვიღებთ, D3 კი ორგანიზმშივე წარმოიქმნება მზის ულტრაიისფერი სხივების კანთან კონტაქტის დროს. D ვიტამინის ძირითადი ფუნქციაა ნაწლავებში კალციუმისა და ფოსფორის შეწოვის ხელშეწყობა, თირკმელებში ფოსფორის უკუშეწოვის გაძლიერება, ძვლებში კალციუმისა და ფოსფორის ჩალაგება.

 

როგორ ვლინდება

რაქიტის პირველი ნიშნები პირველ-მეორე თვესვე იჩენს თავს, თუმცა კლინიკური სურათის სრული გამოვლენა 4-დან 12 თვემდე ხდება. რაქიტი ცვლილებებს იწვევს ნერვულ, ძვალსახსროვან და კუნთოვან სისტემებში. სიმპტომების გამოვლენის ხარისხი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული. ანამნეზური მონაცემებიდან ყურადღება უნდა გამახვილდეს კვების ხასიათზე, დღის რეჟიმზე, მოვლის პრინციპებზე.

 

გამოყოფენ დაავადების მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს.

 

მსუბუქი რაქიტისთვის დამახასიათებელია:

* ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემების მხრივ – მოუსვენრობა, აგზნებადობა, კრთომები, ძილის დარღვევა, ოფლიანობა, რაქიტული სიქაჩლე, წითელი დერმოგრაფიზმი;

* კუნთოვანი და ძვალსახსროვანი სისტემების მხრივ – ჰიპოტონია, ყაბზობისკენ მიდრეკილება, დიდი ყიფლიბანდის კიდეების დარბილება;

* სისხლის ბიოქიმიური მახასიათებლების მცირედი ცვლილება (შრატში კალციუმის მაჩვენებელი ნორმალურია, ფოსფორის დონე ძირითადად დაქვეითებულია, ტუტე ფოსფატაზისა – მომატებული). რენტგენოლოგიური ცვლილებები ამ სტადიაზე არ შეინიშნება. დენსიტომეტრიით შესაძლებელია ოსტეოპენიის გამოვლენა.

 

საშუალო სიმძიმის რაქიტისთვის დამახასიათებელია:

* ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემების მხრივ – ემოციური ლაბილურობა, მკვეთრი ოფლიანობა, ზოგადი ადინამია, განვითარებაში ჩამორჩენა;

* ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ – ოსტეოპოროზი და ოსტეომალაცია: ქალას ძვლების დარბილება, კვადრატული თავი, თხემის ბორცვები, ოლიმპური შუბლი, უნაგირა ცხვირი, კბილების ამოჭრის დაგვიანება, თანკბილვის დარღვევა, ქათმისებური ან მეწაღისებური გულმკერდი, რაქიტული კრიალოსანი, ჰარისონის ღარი, ხერხემლის კიფოზი, ლორდოზი, სკოლიოზი, მენჯის წინა-უკანა დიამეტრის შემცირება ანუ ბრტყელი მენჯი, “რაქიტული სამაჯურები”, თითის ფალანგებზე “მარგალიტის მძივები”, X-ის ან O-სებური ფეხები, სახსრების ჰიპერმობილურობა;

* კუნთოვანი სისტემის მხრივ – მოსალოდნელია კუნთთა ტონუსის შესამჩნევი დაქვეითება, ბაყაყისებრი მუცელი, დიაფრაგმის მაღლა დგომა და ყაბზობა;

* სისხლის ბიოქიმიური მახასიათებლებიც იცვლება: კალციუმისა და ფოსფორის დონე დაბლა იწევს, ტუტე ფოსფატაზისა კი იმატებს;

* რენტგენოლოგიურად გამოხატულია ოსტეოპოროზი, პირველადი გაძვალების წერტილების ნაკლებად მკვეთრი სურათი;

* დენსიტომეტრიით ვლინდება ოსტეოპოროზი და ოსტეოპენია. 

 

მძიმე ფორმები

საბედნიეროდ, რაქიტის მძიმე ფორმა იშვიათია. ამ შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილ კლინიკურ ნიშნებს ემატება ცვლილებები შინაგანი ორგანოების მხრივ. სასუნთქი მუსკულატურის ტონუსის დაქვეითებამ და გულმკერდის დეფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ვენტილაციის დაქვეითება, ობსტრუქცია და სასუნთქი გზების ინფქციებით ხშირი ავადმყოფობა; ჰიპოტონიის გამო განვითარდეს საზარდულის, ჭიპის, თეთრი ხაზის თიაქარი; ჰიპოკალციემიამ გამოიწვიოს ტეტანია (კარპოპედალური სპაზმი, ლარინგოსპაზმი და გენერალიზებული კრუნჩხვა), გულის პრობლემები, იშვიათად – სიკვდილი. გამოხატულია ეგზოფთალმი, იმუნიტეტის დარღვევის გამო ხშირად ვითარდება მწვავე რესპირაციული ინფექციები. აშკარაა განვითარების შეფეხება – ბავშვი ვერ ჯდება, ვერ დგება, ვერ დადის. ლაბორატორიული და რენტგენოლოგიური ცვლილებები თითქმის ისეთივეა, როგორიც საშუალო სიმძიმის რაქიტის შემთხვევაში.

 

გახსოვდეთ: რაქიტის შედეგად ჩამოყალიბებული დეფორმაციები სამუდამოდ რჩება.

 

რას ვიკვლევთ

რაქიტის დიაგნოსტიკა უმთავრესად დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს და ანამნეზურ მონაცემებს ეფუძნება. დიაგნოზის დადასტურება შესაძლებელია რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული კვლევებით, თუმცა რუტინულად მათი ჩატარება არ არის რეკომენდებული. იგივე კვლევები შესაძლოა საჭირო გახდეს დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის, უეფექტო მკურნალობის შემთხვევაში.

სისხლის შრატში განისაზღვრება იონიზებული კალციუმი, ფოსფორი, ტუტე ფოსფატაზა, პარათჰორმონი. რენტგენოლოგიური კვლევა, უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას აქცევს მუხლის სახსრის რენტგენოგრამას, რომელზეც ჩანს წვივისა და ბარძაყის ძვლების მეტაფიზები და ეპიფიზები. შეიძლება ჩატარდეს მაჯის ძვლების რენტგენოლოგიური კვლევაც.

 

მკურნალობის გეგმა

რაქიტის სამკურნალოდ იყენებენ D ვიტამინის ორივე ფორმას – D2-სა და D3-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული და, ჩვეულებრივ, 1-3 თვეს უდრის.

 

რაქიტის მსუბუქი ფორმის დროს მკურნალობა საშუალოდ 1 თვეს გრძელდება. შემდეგ D ვიტამინის დოზა მცირდება – რჩება მხოლოდ საპროფილაქტიკო. სამთვიანი კურსი შესაძლოა საჭირო გახდეს ძვლოვანი სისტემის მკვეთრად გამოხატული ცვლილებების დროს. დოზის შემცირების მაჩვენებლად, კლინიკურ სიმპტომებთან ერთად, მიიჩნევა შრატში ტუტე ფოსფატაზის დონის ნორმალიზება. რენტგენოლოგიური მონაცემები უმჯობესდება 2-4 კვირის შემდეგ.

 

თუ არც კლინიკური, არც ლაბორატორიული გაუმჯობესება არ შეინიშნება, სავარაუდოა რაქიტის D- ვიტამინრეზისტენტული ფორმის არსებობა.

 

თუ ბავშვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვს (შეწოვისა და მონელების დარღვევა), შეგვიძლია, D ვიტამინის წყალხსნარი მივცეთ. ძლიერი ინსოლაციის პერიოდში D ვიტამინის დიდმა დოზამ კალციუმის პრეპარატების გარეშე შესაძლოა ჰიპოკალციემიური ტეტანია გამოიწვიოს. რაქიტის დროს აუცილებელია კალციუმით მდიდარი საკვების (რძისა და მისი ნაწარმის, ლობიოს, თევზეულის, კვერცხის და სხვ.) მიღება.

 

რაქიტის საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმები, თუ ბავშვის რაციონი დაუბალანსებელია – მსუბუქიც, კალციუმის პრეპარატების გამოყენებას მოითხოვს. სხვა დამხმარე თერაპიის შესახებ საერთაშორისო რეკომენდაციები არ არსებობს, თუმცა მომატებული აგზნებადობის დროს შეიძლება წიწვოვანი აბაზანების გამოყენება, მკვეთრი ჰიპოტონიის დროს – ზღვის მარილისა. კარგია კურორტოთერაპიაც.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან

ცნობილია, რომ დედის რძეში D ვიტამინის შემცველობა მცირეა, ამიტომ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილებს არასაკმარისი ინსოლაციის პირობებში D ვიტამინის დეფიციტი ემუქრებათ და მისი დამატებითი მიღება სჭირდებათ. 6 თვემდე რაქიტის პრევენციისთვის მიზანშეწონილია D ვიტამინის მედიკამენტური ფორმის პროფილაქტიკური დოზის გამოყენება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს რაქიტის მძიმე ფორმები არ უვითარდებათ.

D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ეძლევა:

* ბუნებრივ კვებაზე მყოფ ყველა ჩვილს არასაკმარისი ინსოლაციის პირობებში;

* ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებს, თუ ისინი იღებენ არაადაპტირებულ საკვებს ან დღეში 500 მლ-ზე ნაკლებ D ვიტამინით გამდიდრებულ ფორმულას.

D ვიტამინით რაქიტის პროფილაქტიკა რეკომენდებულია სიცოცხლის პირველი 2 წლის განმავლობაში შემოდგომისა და ზამთრის თვეებში.

არსებობს მდგომარეობები, როდესაც D ვიტამინი არ შეიძლება, ამიტომ პროფილაქტიკის მიზნით მიცემამდე აუცილებლად დააეკითხეთ პედიატრს და მისი რეკომენდაციისამებრ იმოქმედეთ.

რაქიტის არასპეციფიკური პროფილაქტიკა გულისხმობს ბალანსირებულ კვებას, დამატებითი კვების დროულ დაწყებას, მოვლის პრინციპების დაცვას, ჰაერზე სეირნობას და სხვა. დიეტის შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ ბურღულის უჯრედისი, ფიტინის მჟავა და საკვებში სტეარინისა და პალმიტინის მჟავების სიჭარბე ამცირებს კალციუმის ათვისებას, ფოსფატების შეწოვას კი ხელს უშლის საკვები დანამატის სახით რკინის მიწოდება.

 

 რაქიტი და მზე

მზის სხივების ზემოქმედების ადეკვატური ხანგრძლივობა და უსაფრთხო ზღვარი არ არის დადგენილი. ჩვილებზე მათი ხანგრძლივი და ძლიერი ხანმოკლე ზემოქმედება მაღლა სწევს ზრდასრულ ასაკში კანის კიბოს განვითარების რისკს. 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის მზის პირდაპირი სხივების მოხვედრა არ არის რეკომენდებული, ხოლო 6 თვიდან ნებადართულია დღეში მხოლოდ 17 წუთის (კვირაში 2 საათის) განმავლობაში. რაც შეეხება მზის აბაზანებს, შიშველი ბავშვისთვის დღეში 4 წუთი (კვირაში 30 წუთი) საკმაოზე მეტია.

 

რაქიტი არ არის ფატალური დაავადება, დროული და ადეკვატური მკურნალობის პირობებში პროგნოზი კეთილსაიმედოა – ავადმყოფი სავსებით გამოჯანმრთელდება, მაგრამ თუ მკურნალობამ დაიგვიანა, შესაძლოა, დარჩეს ძვალსახსროვანი სისტემის დეფორმაციები. იშვიათად თანმხლები ინფექციები რაქიტის ფონზე სიკვდილსაც კი იწვევს.

 

რა უნდა იცოდეს დედამ

დედასთან კონსულტაციის დროს პედიატრებმა უნდა გაწიონ ჯანსაღი, რაციონალური კვების პროპაგანდა, გაამახვილონ ყურადღება ექსკლუზიური ძუძუთი კვების დადებით და უარყოფით მხარეებზე, ესაუბრონ ქალებს დამატებითი კვების დროული დაწყების, კალციუმით და D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღების, მზის არაპირდაპირი სხივების ექსპოზიციის აუცილებლობაზე. მშობლებს უნდა ვურჩიოთ, არ ასვან ბავშვებს სოდიანი სასმელები, რადგან ისინი შეიცავენ კოფეინს, რომელიც ძვლებიდან კალციუმის დაკარგვას იწვევს.

 

თამარ არქანია