Plasmon
ზრდის შეფერხება ბავშვთა ასაკში

თარიღი: 19 თებერვალი, 2024

ალბათ ერთხელ მაინც გაგჩენიათ კითხვა, ასაკის შესაბამისად მიმდინარეობს თუ არა თქვენი შვილის ზრდა-განვითარება. ბავშვის ფიზიკური განვითარების დარღვევებზე ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე კვარაცხელია გვესაუბრა.

რა პარამეტრებით ფასდება ბავშვის ფიზიკური განვითარება?
სიმაღლეში ზრდის ნორმალური ტემპი ბავშვის ფიზიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. თუ სიმაღლეში ზრდა შეფერხდა ან, პირიქით, ბავშვმა თანატოლებზე სწრაფად აიყარა ტანი, მშობელთან ერთად ამას პედიატრიც აქცევს ყურადღებას და პაციენტს ენდოკრინოლოგთან საკონსულტაციოდ გზავნის, რათა მოხდეს ნორმის ვარიანტის, ე.წ. კონსტიტუციური ფორმის, პათოლოგიური მდგომარეობისგან დიფერენცირება, დროულად დადგინდეს მიზეზი და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.

სიმაღლის შესაფასებლად სპეციალურ ცხრილებს – ე.წ. (პერ)ცენტილურ მრუდებს ვიყენებთ. მათში კონკრეტული პოპულაციისთვის ასაკისა და სქესის მიხედვით ნებისმიერი სამედიცინო პარამეტრის (სხეულის მასის, სხეულის მასის ინდექსის, თავის გარშემოწერილობის) ნორმის ფარგლები და საშუალო მონაცემებია მოყვანილი. ამ პარამეტრებზე დაკვირვება მუცლადყოფნის პერიოდში იწყება, დაბადებისას ახალშობილის სიგრძე და მასა ორსულობის შესაბამის ვადას ედარება და შემდგომ გრძელდება დაკვირვება ფიზიკური განვითარების პარამეტრებზე: წლამდე – 1-3 თვეში ერთხელ, 3 წლამდე – წელიწადში 2-4-ჯერ, მერე კი – წელიწადში 1-2-ჯერ.

დაახლოებით 4 წლიდან ბავშვის სიმაღლეში ზრდის ბაზალური სიჩქარე ყოველწლიურად 4-5 სანტიმეტრია. თუ მაჩვენებელი უფრო დაბალია, ყურადღება ექცევა სხვა ფენოტიპურ და ზოგად ნიშნებს, პედიატრი გეგმავს პაციენტის ენდოკრინოლოგთან კონსულტაციას.

რა ახდენს გავლენას ბავშვის ნორმალურ ზრდაზე?
როგორც იცით, სიმაღლის მატება გენეტიკურად დაპროგრამებული პროცესია, უფრო მეტიც, ბავშვის საბოლოო სიმაღლე სწორედ მშობლების პარამეტრების მიხედვით შეიძლება გამოითვალოს: დედისა და მამის საშუალო სიმაღლეს (ანუ მათი სიმაღლეების ჯამს, გაყოფილს ორზე) ვაჟისთვის ვუმატებთ 6.5 სანტიმეტრს, გოგონასთვის კი ამდენივეს ვაკლებთ. ეს ე.წ სამიზნე სიმაღლის საშუალო მაჩვენებელია, რომელიც დაახლოებით 17-18 სმ-ის ფარგლებში მერყეობს. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის სიმაღლეზე მხოლოდ გენეტიკაა პასუხისმგებელი. დადგენილია, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს კვებას, დღის რეჟიმს, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, გუნება-განწყობასაც კი. თქვენ წარმოიდგინეთ, სიმაღლეში ზრდას სეზონურობა და დღეღამური რიტმიც კი ახასიათებს. ბავშვები ტანს ყველაზე ინტენსიურად გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იყრიან, გვიან ზაფხულში და შემოდგომაზე ზრდის ტემპი ყველაზე ნაკლებია, ზამთრის თვეებში კი შედარებით იმატებს.

რა იწვევს სიმაღლეში ზრდის შეფერხებას?
შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა ქრონიკულმა არანამკურნალებმა ან არასწორად ნამკურნალებმა დაავადებამ. ენდოკრინული მიზეზებიდან ყველაზე ხშირად აღირიცხება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, კერძოდ, მისი ფუნქციური უკმარისობა, ასევე – ჰიპოფიზის ჰორმონების, კერძოდ, ზრდის ჰორმონის უკმარისობა, თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე..

ყველაზე ხშირია ტანდაბლობის კონსტიტუციური და ოჯახური ფორმები, მარტივად რომ ვთქვათ, ტანდაბალი მშობლების ტანდაბალი შვილი, რაც თითქოსდა არ არის დარღვევა, თუმცა ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად ხდება ისეთი გენების იდენტიფიცირება, რომლებიც ტანდაბლობის ასეთ ფორმებზეა პასუხისმგებელი. ცალკე უნდა გამოვყოთ ზრდისა და სქესობრივი განვითარების კონსტიტუციური შეფერხება. ამ ფორმას ტანმაღალი მშობლების ტანდაბალი შვილიც შეიძლება ეწოდოს, თუმცა გამოკითხვისას ირკვევა, რომ ერთ-ერთი, ან ორივე მშობელი ბავშვობაში თავადაც შედარებით ტანდაბალი იყო, ტანი კი მოგვიანებით აიყარა, როდესაც მის თანაკლასელებს ზრდის პროცესი უკვე დასრულებული ჰქონდათ.

აღნიშნული მდგომარეეობა ნორმის ვარიანტს წარმოადგენს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მოითხოვს ხანმოკლე მკურნალობას. მშობლებს ხშირად მოჰყავთ 13-16 წლის ვაჟები, რომლებიც თანატოლებთან შეადრებით ჩამორჩენას ძალიან განიცდიან. როდესაც მშობლებს ვეკითხებით, თავად რა სიმაღლის იყვნენ ამ ასაკში, ირკვევა, რომ მე-10 კლასამდე სპორტის გაკვეთილებზე მწკრივის ბოლოს ან ბოლოსწინა ადგილებზე იდგნენ. ასეთი ოჯახური ანამნეზი ამ მდგომარეობის სასარგებლოდ მეტყველებს. თუმცა ის ფაქტი, რომ მშობელმაც გვიან აიყარა ტანი, ყოველთვის არ გამორიცხავს პათოლოგიურ მდგომარეობას ბავშთან და ზრდის ტემპსა და ზოგად მდგომარეობაზე დინამიკაში დაკვირვებას მოითხოვს.

ენდოკრინული ჯაჭვი
ზრდის გენეტიკური პროგრამა სისრულეში მოჰყავს ენდოკრინულ სისტემას და ამ პროცესში თითქმის ყველა ჰორმონი (ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, სასქესო ჰორმონები, ინსულინი, კალციუმის მარეგულირებელი პარათჰორმონი, D ვიტამინი) მონაწილეობს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზრდის ჰორმონს – სომატოტროპინს, რომელსაც თავის ტვინის ფუძეზე არსებული პატარა ჯირკვალი – ჰიპოფიზი გამოიმუშავებს.

ენდოკრინული მიზეზებით გამოწვეული ტანდაბლობა შედარებით იშვიათია – მისი წილი სულ 3-4%-ს შეადგენს. ზრდაში ყველაზე აშკარა ჩამორჩენას იწვევს ზრდის ჰორმონის, სომატოტროპინის, თანდაყოლილი უკმარისობა. ასეთი ბავშვები ნორმალური წონისა და სიგრძისა იბადებიან, ზრდის შეფერხება 2-3 წლისთვის იწყება, თუმცა მანამდე შესაძლოა გამოვლინდეს მეტაბოლური დარღვევები, მაგალითად, გლუკოზის დონის დაქვეითება, რაც უდდეს გავლენას ახდენს ბავშვის სწორ განვითარებაზე.

რაზეა დამოკიდებული სომატოტროპინის სეკრეცია?
გენეტიკასთან ერთად ამაზე ძირითადად სამი გარეგანი ფაქტორია პასუხისმგებელი: კვება, ფიზიკური დატვირთვა და ძილი. კვლევებით დადასტურებულია, რომ სისხლში გლუკოზის მაღალი დონე თრგუნავს ზრდის ჰორმონის გამოყოფას, ხოლო გლუკოზის დონის დაქვეითება, პირიქით, ასტიმულირებს მის სეკრეციას. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი უნდა შიმშილობდეს, სრულფასოვანი კვება ნებისმიერ ასაკში აუცილებელია ფიზიკური განვითარებისთვის. დაბალანსებული რაციონი გულისხმობს ხილს, ბოსტნეულს, ცილებით მდიდარ საკვებს (ხორცს და თევზს) და რძის ნაწარმს.

ზომიერი ფიზიკური აქტივობა, ასაკის შესაბამისი სწორი ფიზიკური დატვირთვა ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის წარმოქმნას და ძვალსახსროვანი სისტემის სწორ განვითარებას.

ალბათ გაგიგონიათ გამოთქმა, ბავშვი ძილში იზრდებაო. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს სიმართლეა, სომატოტროპული ჰორმონის წარმოქმნა ჩაძინებიდან 1-2 საათში, ღრმა ძილის ფაზაში იმატებს.

ზრდის დარღვევის ორგანული მიზეზები
ზრდის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილმა მიზეზებმა: საშვილოსნოსშიგა განვითარების შეფერხებამ, ძვლოვანი სისტემის დაავადებებმა, ქრომოსომულმა ანომალიებმა. საშვილოსნოსშიგა განვითარების შეფერხებას, თავის მხრივ, შესაძლოა საფუძვლად ედოს ინფექცია, ორსულობისას თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარება. ქრომოსომული ცვლილებებიდან ტანდაბლობას გოგონებში ყველაზე ხშირად ტერნერის სინდრომი იწვევს. ამ დროს გოგონებს ერთი სასქესო ქრომოსომა ან მისი ნაწილი აკლიათ, სიმაღლესთან ერთად ფერხდება პირველადი და მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებაც, კისრის გვერდით ზედაპირზე კი სიმეტრიული ფრთისებრი ნაოჭი შეინიშნება. შესაძლოა, განვითარების სხვა ანომალიებიც გამოვლინდეს.

ზრდის პროცესს ხელს უშლის ქრონიკული დაავადებებიც: გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმლის. ამ დროს ძირითადი დაავადების მკურნალობა და მისი ეფექტური მართვაა მთავარი. სწორი მკურნალობის შემთხვევაში ე.წ. სიმაღლეში დაწევის ფენომენიც შეიძლება მივიღოთ.

ცალკე გამოყოფენ ე.წ. ფსიქოემოციურ ტანდაბლობას, რომელსაც ბავშვებსა და მოზარდებში ხანგრძლივი ფსიქოემოციური სტრესი იწვევს და სიმაღლის მატებისა და სქესობრივი განვითარების შეფერხებით ვლინდება. ზრდის ჰორმონის დეფიციტი ამ დროს ლაბორატორიულად დასტურდება. გარემოს შეცვლის შემდეგ მდგომარეობაც იცვლება, ჰორმონის დონე იმატებს. გახსოვდეთ, სითბოთი და სიყვარულით სავსე ოჯახი ნორმალური ზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

რას ნიშნავს ძვლოვანი ასაკი და როგორ ვსაზღვრავთ მას?
ძვლოვანი ანუ ბიოლოგიური ასაკის დადგენის ყველაზე გავრცელებული მეთოდი მარცხენა ხელის მტევნის რანტგენოგრაფიაა. რენტგენოგრამაზე უნდა ჩანდეს სხივ-მაჯის სახსრები და ზედა კიდურის ფალანგები. მოგეხსენებათ, მტევანი ბევრ მცირე ზომის ძვალს შეიცავს, რომლებიც თავდაპირველად ხრტილის სახითაა წარმოდგენილი. ხრტილი რენტგენის სხივებს ატარებს, ამიტომ რენტგენოგრამაზე არ ჩანს. როგორც კი ხრტილი გაძვალდება, რენტგენზე გამოჩნდება. თითოეული ხრტილი კონკრეტულ ასაკში განიცდის გაძვალებას. იმის მიხედვით, რამდენი ხრტილია გაძვალებული და რამდენი გამოჩნდა უკვე რენტგენის სურათზე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად მომწიფებულია ბავშვი ბიოლოგიურად. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბიოლოგიური მომწიფების ტემპი ყველა ადამიანს სხვადასხვა აქვს. შესაძლოა, ბიოლოგიური ასაკი დაახლოებით ერთი წლით ჩამორჩებოდეს ან უსწრებდეს საპასპორტო ასაკს.

წყარო: ჟურნალი "ავერსი"