2018 წლის 1 მაისიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა
თარიღი: 01/05/2018
1 მაისიდან დახურული ტიპის შენობები თავისუფლდება ნებისმიერი სახის თამბაქოს კვამლისგან, მათ შორის ელექტრონული სიგარეტისა და ჩილიმისგან გამოფრქვეული კვამლისგან.
მოწევა იზღუდება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი თავშეყრის შენობება- ნაგებობებში, არ აქვს მნიშვნელობა ეს არის კერძო თუ საჯარო დაწესებულება. მოწევა იზღუდება აგრეთვე რესტორნების, კაფეების, ბარების, სასტუმროების, კვების სხვა ობიექტების, გასართობი კლუბების, ცენტრების, კომერციული-სავაჭრო ობიექტებისა და მაღაზიების ინტერიერში, ანუ უშუალოდ შენობებში. კანონი თამბაქოს მოწევას კრძალავს სილამაზის სალონებში, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებებში, პოლიკლინიკებში, ესთეტიკური მედიცინის ცენტრების, სამედიცინო-სპორტულ-გამაჯანსაღებელი სპა ცენტრების ინტერიერში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. შეზღუდვა ასევე შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, უნივერსიტეტებს, სკოლებს, ბაგა-ბაღებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებს. ამდენად ამ დაწესებულებების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ მწეველთათვის სპეციალური ადგილების გამოყოფა შენობის გარეთ ღია სივრცეში. მოწევა ასევე იკრძალება სადარბაზში რადგან ის არის მრავალბინიანი სახლის საერთო ქონება, ისევე როგორც ვესტიბიული, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი, სახურავი, ლიფტი.
მოწევა დასაშვებია: ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი; წინასწარი დაკავების იზოლატორში; კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში; სამორინეში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში; სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით. 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე მოწევა. 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში( 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20 პროცენტში. დაუშვებელია სასტუმროს მოსაწევ და არამოსაწევ ნომრებში თამბაქოს მოწევის რეჟიმის შეცვლა. სასტუმროს მოსაწევი ნომრები უნდა გამოიყოს სასტუმროს ადმინისტრაციის სპეციალური ბრძანებით, რომელიც სასტუმროში თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს.) კანონის მიხედვით ტაქსიში მოწევა დასაშვებია, ასევე თუკი საზღვაო ქალაქში იმყოფებით, კატერშიც ნებისმიერ მწეველს შეუძლია მოწევა. თუმცა რაც შეეხება ავტობუსს, ტრამვაის, სამარშუტო ტაქსის - ცხადია აქ ვერავინ მოწევს და ეს იქნება კანონის დარღვევა.
1 მაისიდან აიკრძალა თამბაქოს და მისი ნაწარმის ნებისმიერი სახის რეკლამირება და სპონსორობა. სავაჭრო ობიექტების გარე ვიტრინებზე იკრძალება თამბაქოს კოლოფის ჩვენება. ასევე, შეზღუდვა დაწესდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით თამბაქოს მოწევის ამსახველი კადრების ჩვენებაზე. თუ ვიდეო-მასალა შეიცავს მსგავსი ხასიათის კადრებს, სავალდებულოა ჩვენების წინ ეკრანზე გამოტანილი იყოს სპეციალური გაფრთხილება და ინფორმაცია მოწევის მავნებლობის შესახებ. აღნიშნული გაფრთხილება დამტკიცებულია ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
რამდენი იქნება ჯარიმა კანონის დარღვევისთვის ?
►წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით.
►ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში 100 ლარით.
►სახმელეთო საზოგადოებრივი ტრანსპორტში მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას 1000 ლარით.
►რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით.
►ფიზიკური პირის მიერ სახმელეთო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევის აკრძალვის წესების დარღვევა გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას.
►ფიზიკური პირის მიერ საზღვაო , სარკინიგზო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, განმეორებისას 100 ლარით.პირველი მაისიდან მარტივდება დაჯარიმების წესი და უფლებამოსილი პირი (საზოგადოებრივ შენობებში პოლიციას, ტრანსპორტის შემთხვევებში შესაბამისი ადმინისტრაციებს, სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს) ადგილზე შეუფარდებს ჯარიმას შესაბამის იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს. დაჯარიმებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო სანქციას.
თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება. კანონის მიზანია ჩვენს ქვეყანაში თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირება. თამბაქოს კვამლი უდიდეს ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, იგი ქრონიკულ დაავადებების ერთ-ერთი უპირველესი გამომწვევიცაა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
http://www.ncdc.ge/Pages/User/Content.aspx?ID=007b9706-1a3d-45c7-9428-5bb9969bf501