Plasmon
2020 წლის 1 სექტემბრიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა 8000 ლარით
2020 წლის 1 სექტემბრიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა 8000 ლარით


თარიღი: 01/09/2020

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 2020 წლის 1 სექტემბრიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა 8000 ლარით. კერძოდ, საბაზისო, მიზნობრივი (სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრების ბენეფიციარები და ა.შ) და ვეტერანის პაკეტის მოსარგებლეებს ნაცვლად 12 000 ლარისა, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ 20 000 ლარის ღირებულების სერვისი. ასაკობრივი (0-5 წლის ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შმ პირები, სტუდენტები) პაკეტის მოსარგებლეებისთვის ნაცვლად 15 000 ლარისა, პროგრამით განსაზღვრული თანხა გახდა 23 000 ლარი.ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიას ემატება სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სამი ჯგუფი: მონოკლონალურ ანტისხეულები, პროტეინ-კინაზას ინჰიბიტორები და ბისფოსფონატები. მედიკამენტების ნუსხა დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით. ეს მედიკამენტები დღემდე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული არ ყოფილა. ანაზღაურებული თანხის ოდენობის გაზრდასთან ერთად, სახელმწიფო დაფარავს პაციენტის თანაგადახდის წილს, ამდენად პაციენტისთვის ონკოლოგიური დაავადების ქიმიო, ჰორმონი და სხივური თერაპია, ასევე სიმსივნის საწინააღდგემო მედიკამენტები იქნება სრულიად უფასო.