2019 წლის 22 აპრილს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ორგანიზებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად გაიმართა პრესკონფერენცია სლოგანით
აცერი და დაიცავი!
ვაქცინა მუშაობს!
პრესკონფერენციას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქალაქ თბილისის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, პარტნიორი ორგანიზაციების, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის ექსპერტთა კომიტეტების წევრები.
პრესკონფერენციაზე გაკეთდა პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია, რომლის საშუალებით მშობელს შესაძლებლობა მიეცემა, მიიღოს ინფორმაცია როგორც საკუთარი, ასევე შვილის/შვილების აცრის სტატუსის, აცრების ჩატარების რეკომენდებული ასაკისა და ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესახებ. მობილური აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა მომავალი აცრების თარიღის შეხსენება და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება/ბეჭდვა მობილური ტელეფონის საშუალებით.
პრესკონფერენციის დასრულებისას გაიმართა დისკუსია და ახალი საინფორმაციო ვიდეო მიმართვების ჩვენება.
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ. კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის, მედიის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტების, პოლიტიკოსების და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2019 წლის 24 - 30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.
ძალზე მნიშვნელოვანია იმუნიზაციის მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის შენარჩუნება, რათა თავიდან ავიცილოთ ვაქცინით მართვადი გადამდები დაავადებების აღმოცენების და გავრცელების რისკი.
მსოფლიოში იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანი განხორციელების შედეგად მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა
მიუხედავად ამ წარმატებებისა, საჭიროა უფრო მეტის გაკეთება, რადგან მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება ვაქცინებით მართვადი ინფექციებისაგან, აქედან 1,5 მილიონი 5 წლამდე ასაკის ბავშვია;
წითელა ჯერ კიდევ რჩება ადრეული ასაკის ბავშვთა გარდაცვალების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.
ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა! შეაჩერე წითელას გავრცელება საქართველოში - არ გადადო, აიცერი!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წლის პირველ სამ თვეში, 170 ქვეყანაში დაფიქსირდა წითელას 112 163 შემთხვევა, მაშინ როდესაც 2018 წლის იგივე პერიოდში დარეგისტრირებული იყო 28 124 შემთხვევა 163 ქვეყანაში, რაც ნიშნავს რომ მსოფლიოში დაახლოებით 300%-ით გაიზარდა წითელას შემთხვევები.
ჯანმო-ს ევროპის რეგიონში დაფიქსირდა წითელას შემთხვევების 300%-იანი ზრდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში - 100%, სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონებში - 40%, ამერიკის რეგიონში - 60% და აფრიკის რეგიონში - 700%.
საქართველოში 2018 წელს დაფიქსირდა წითელას 2200-მდე შემთხვევა. შემთხვევების 10% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 62% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. 2019 წელს დღემდე დარეგისტრირებულია 3000-ზე მეტი შემთხვევა. შემთხვევების 12% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 63% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე.
წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა!
ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა!
ვაქცინა მუშაობს! აცერი და დაიცავი!