ამბულატორია ბათუმში
ბათუმის ბულვარში, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით განთავსებული, პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი გაიხსნა
თარიღი: 16/07/2017
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად ბათუმის ბულვარში, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით განთავსებული, პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი დაათვალიერა და მოძრავ ამბულატორიაში C ჰეპატიტზე მიმდინარე სკრინინგის პროცესს დაესწრო.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ეკიპაჟი და მოძრავი ამბულატორია, შესაბამისი აღჭურვილობით, დღეიდან ბათუმის ბულვარში განთავსდება. ადგილზე მედპერსონალი დამსვენებელს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს, საჭიროების შემთხვევაში კი, პაციენტის ჰოსპიტალიზაციას იქვე განთავსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი უზრუნველყოფს. მოძრავ ამბულატორიაში C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩატარდება. სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთებას ყველა მსურველი უფასოდ შეძლებს.
მოძრავი ამბულატორია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ბათუმის ბულვარში საკურორტო სეზონის დასრულებამდე განთავსდება. გადაუდებელი დახმარებისა და სკრინინგის პუნქტი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მეორე წელია სეზონურად ფუნქციონირებს.