Plasmon
ჯანდაცვის სისტემის ტრანსფორმაცია უკეთესი ანტენატალური მოვლისთვის საქართველოში
ჯანდაცვის სისტემის ტრანსფორმაცია უკეთესი ანტენატალური მოვლისთვის საქართველოში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს სტატია მიუძღვნა
თარიღი: 23/08/2018

ჯანდაცვის სისტემის ტრანსფორმაცია უკეთესი ანტენატალური მოვლისთვის საქართველოში

 

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს სტატია მიუძღვნა. ჯანმოს შეფასებით საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, როგორც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც აღასრულებს ანტენატალური მოვლის მიმართულებით ჯანმოს მიერ 15 წლის განმავლობაში მტკიცებულებებზე დაყრდნობით შემუშავებულ რეკომენდაციებს.

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას საქართველოში განხორციელებული რეფორმის შესახებ ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო ბერძული, რომელიც ამჟამად ჯანმოს ევროპის რეგიონის სქესობრივი და რეპროდუქციული, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელია.  მიცემულ ინტერვიუში ნინო ბერძული განმარტავს, თუ როგორ შეძლო საქართველომ ისეთი პოლიტიკის შექმნა, რომელიც  მომავალ დედებს ხარისხიანი და პაციენტზე ორიენტირებული სერვისებით უზრუნველყოფს.

  საქართველომ გადადგა ეს ნაბიჯი და ანტენატალური მეთვალყურეობის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებადი ვიზიტების რაოდენობა 4-დან 8-მდე გაიზარდა, რამაც ორსულსა და ნაყოფზე სისტემატური მონიტორინგის შესაძლებლობა შექმნა. პოლიტიკის ამ ცვლილების შედეგად ჩვენი მოლოდინია, რომ შემცირდება ორსულთათვის ფინანსური ბარიერი, რადგან ცვლილებამდე მათ უწევდათ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 4 ვიზიტის გარდა არსებული  სხვა ვიზიტების საკუთარი ხარჯებით დაფარვა.“- განაცხადა ნინო ბერძულმა.

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ განმარტა,  რომ   გატარებული რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო  დაბადებათა ეროვნული სამედიცინო რეესტრის შექმნა, რომელშიც  აღირიცხება  ღირებული ინფორმაცია დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული მონაცემები  იძლევა სამედიცინო მომსახურების ხარისხის პროგრესისა და გამოწვევების ანალიზის შესაძლებლობას.

დედათა და ბავშვთა მიმართულებით გატარებული ამ პოლიტიკის შედეგად, საქართველომ მიიღო  მნიშვნელოვანი და მაღალი რისკის ინტერვენციების ახალი პაკეტი, რომელიც, ასევე შემოთავაზებულია ჯანმოს მიერ. ეს გულისხმობს, რომ  საქართველოში ორსულები უკვე სარგებლობენ გაუმჯობესებული ანტენატალური სერვისებით. უფრო მეტიც, პროგრამიდან ამოღებულია ის ინტერვენციები, რომლებიც არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით. ასევე საქართველომ აქცენტი გააკეთა პრევენციულ  საშუალებებზე, როგორიცაა ორსულთა უზრუნველყოფა ფოლიუმის  მჟავისა და რკინის პრეპარატებით.

ნინო ბერძულმა  ამ მიმართულებით განხორციელებული,  რეფორმების წარმატების რამდენიმე მიზეზი გამოყო: „პირველი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური ნება რომ  პრიორიტეტად დასახელებულიყო დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა და არსებული პოლიტიკის ცვლილება.  ჯანდაცვაზე მიწვდომადობის გაზრდა, ფინანსური რისკებისგან მოსახლეობის დაცვა წარმოადგენდა ძირითად ამოცანას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის,  რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წელს ამოქმედდა. საბედნიეროდ, ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობა და მათთვის საყოველთაო წვდომა ჯანდაცვის ძირითად სერვისებზე,ასევე პრიორიტეტი აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებისთვის.“- განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.

 სტატიაში ნათქვამია, რომ  ჩატარდა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის  გამომწვევი მიზეზების   ღრმა ანალიზი, რაც მნიშვნელოვანი არგუმენტი გახდა რეფორმის განხორციელების საჭიროებისათვის. კვლევამ ასევე გამოავლინა ანტენატალური სერვისებით ორსულების არათანაბარი მოცვის მიზეზები. რეფორმა ვერ განხორციელდებოდა, რომ არა მჭიდრო კომუნიკაცია და კონსულტაციები ამ დარგის პროფესიონალებთან, როგორებიც  არიან ამ დარგის ეროვნული ექსპერტები და პროფესიული ასოციაციები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე დაინტერესდა განხორციელებულ რეფორმასთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტების შეფასებით, რომელიც ცალსახად დადებითი აღმოჩნდა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ექიმი კონსტანტინე ბოჭორიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც ჰქონდა შეხება ახალ პოლიტიკასთან.

„ჩვენი ძირითადი მიზანი არის დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება და გართულებების დროული გამოვლენა. ცვლილებებამდე  სოფლად მცხოვრები პაციენტების უმრავლესობას არ ჰქონდათ სერვისის სრულად მიღების შესაძლებლობა, რამდენადაც მათ თავად უწევდათ თანხის გადახდა. ახლა მათ უკვე შეუძლიათ ხშირად განახორციელონ ვიზიტი ექიმთან და ამისთვის თანხა არ გადაიხადონ.

ეს დიდებულია! პაციენტებს შეუძლიათ თავიანთ პრობლემაზე ისაუბრონ და ექიმსაც ეძლევა შესაძლებლობა, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს მათზე რეაგირება.“ ამბობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ექიმი კონსტანტინე ბოჭორიშვილი.

 

სტატიის ორიგინალი ვერსია განთავსებულია ამ მბულზე:

http://www.euro.who.int/en/countries/georgia/news/news/2018/8/q-and-a-transforming-the-health-system-for-better-antenatal-care-in-georgia/_recache